გუშინ საფრანგეთის ქალაქ ოსერში საქართველოს ნაკრები საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 1:0 დამარცხდა.
საქართველომ 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურში მეექვსე მატჩი
წააგო და ამით ქვეჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსიც საბოლოოდ დაკარგა.
კლაუს ტოპმიოლერი:
“საფრანგეთი ძალიან ძლიერი გუნდია, როგორც ფიზიკურად, ასევე ტაქტიკურად.
ეს თამაში მათ უნდა მოეგოთ და მოიგეს კიდეც. განსაკუთრებული პრობლემები
შეგვექმნა რუსეთსა და უკრაინაში მოთამაშე ფეხბურთელების გამო, რადგან
ისინი ვერ არიან სათანადოდ მომზადებულები, როგორც ტაქტიკურად, ისე
ფიზიკურად. ფეხბურთელებს ვერანაირად ვერ მოვუხსენი შიში, არადა, საამისოდ
ცდა არ დაგვიკლია. მე რომ შემძლებოდა მოედანზე გასვლა, გავიდოდი და
ვითამაშებდი... სამწუხაროდ, არ შემეძლო... კარგი მომენტი ჰქონდა
მარცვალაძეს, მაგრამ გამოჩნდა, რომ მას სათამაშო პრაქტიკა აკლდა და
ამიტომაც ვერ გამოიყენა ეს მომენტი...”
კახა კალაძე:
“მიმაჩნია, რომ საქართველოს ნაკრებში მწვრთნელის პრობლემა არ არის, ეროვნულ გუნდში მოთამაშეების პრობლემაა...”
რაიმონ დომენეკი:
“მეტად მძიმე მატჩი იყო ფიზიკური თვალსაზრისით. ეს ყველამ ნახეთ,
განსაკუთრებით, მეორე ტაიმში. მიუხედავად იმისა, რომ ორი ფორვარდი
გვყავდა, ამანაც არ გვიშველა, ძალიან გაგვიჭირდა. მაგრამ მე ვამაყობ ჩემი
ფეხბურთელებით...”
ინფორმაცია მოტანილია ინტერნეტსაიტ www.internet.ge – დან. სტილი დაცულია.
|