ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-04-25, 5:42 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 14 » ვინ გახდნენ 2007 წლის ოსკაროსნები?!
ვინ გახდნენ 2007 წლის ოსკაროსნები?!
5:05 PM
2007 წლის 25 თებერვალს ლოს-ანჯელესში, კოდაკის კინოთეატრის დარბაზში ოსკარის რიგით 79-ე დაჯილდოება გაიმართა. ცერემონია ტრადიციულად კინო-ვარსკვლავების წითელ ხალიჩაზე მსვლელობით დაიწყო. მსახიობების ჩაცმულობას განსაკუთრებულობას მხოლოდ კაბების მარკა სძენდა. მიუხედავად მოდაში გამეფებული ერთფეროვნებისა, ხალიჩაზე აშკარად გამოირჩეოდნენ ჰელენ მირენი ბრიტანული დახვეწილობით, პენელოპა კრუსი ელეგანტურობით და ნიკოლ კიდმანი წითელი კაბით, რომელსაც წითელ ხალიჩაზე ფაქტიურად არავინ იცვამს.
2007 წლის კინოაკადემიის დაჯილდოება ერთხმად ისტორიის მანძილზე ყველაზე ინტერნაციონალურად აღიარეს. კოდაკის თეატრში მთავარ ნომინანციებში ერთდროულად სამი მექსიკური ფილმი იყო წარმოდგენილი, მათ შორის ისეთი უდაო ლიდერი ფილმები, როგორებიცაა “ბაბილონი” და “ფანუსის ლაბირინთი”. კინოკრიტიკოსები ლათინო-ამერიკულ ფილმებს დიდ წარმატებებს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ოსკარის გადაცემის ცერემონიალზე მათი ვარაუდები გაქარწყლდა. სურათს “ბაბილონი”, რომელიც ეკრანებზე გამოსვლისთანავე 2006 წლის კინომოვლენად იქცა, ჯილდო მხოლოდ საუკეთესო საუნდტრეკისთვის ერგო. “ფანუსის ლაბირინთს” კი წლის საუკეთესო უცხოური ფილმის წოდება გერმანულმა სურათმა “სხვების ცხოვრება” წაართვა. 2007 წლის ოსკარის გადაცემის ცერემონიალზე ლეგენდარული ამერიკელი რეჟისორის კლინტ ისტვუდის ორი ფილმი იყო წარდგენილი. “წერილები იუ ჯიმადან” იაპონიასა და შეერთებულ შტატებს შორის მომხდარი ომის იაპონური ვერსიაა, ხოლო ფილმის ამერიკულ ინტერპრეტაციას “მამების დროშები” ჰქვია. აღსანიშნავია, რომ რეჟისორი ორივე ფილმზე ერთდროულად მუშაობდა, მაგრამ მისმა ღვაწლმა ავტორს შედეგად ვერცერთ ნომინაციაში მოუტანა ჯილდო. დაჯილდოების ცერემონიალი ასევე იმედგაცრუებით დასრულდა “საოცნებო გოგონების” შემქმნელთათვის. მიუზიკლმა ოსკარი მხოლოდ ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის დაიმსახურა.
2007 წლის საპატიო ჯილდო წილად ხვდა ლეგენდარულ კომპოზიტორს – ენიო მორიკონეს. მან ასამდე ფილმისთვის დაწერა კომპოზიცია, რომელთა უმრავლესობა კინომოყვარულთათვის კარგად არის ცნობილი. სანდენსის ფესტივალზე მოპოვებული წარმატების შედეგად კინოკრიტიკოსებმა ფილმი “პატარა მის სიხარული” წლის აღმოჩენად ერთხმად აღიარეს.
უნდა აღინიშნოს, რომ წლევანდელი ოსკარი პოლიტიზირებული იყო, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ წლის საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად სენატორის და პრეზიდენტობის კანდიდატის, ალ გორის ფილმი აღიარიეს.
ოსკარის დაჯილდოების ცერემონიას წინ არაერთი უმნიშვნელოვანესი კინოფესტივალი უძღოდა, შესაბამისად საუკეთესო ქალი და მამაკაცი მსახიობების ვინაობა პროგნოზირებადი იყო. ქალის მთავარი როლის შესრულებისათვის ოსკარი ბრიტანელ მსახიობს, ჰელენ მირენს გადაეცა. მან განასახიერა დედოფალი ელისაბედი, ამავე სახელწოდების ფილმში. დაჯილდოებისას ჰელენი თვითდაჯერებული ჩანდა, რადგან დედოფლის განსახიერებისთვის მან თითქმის ყველა ჯილდო მოიპოვა. არც ფორესტ უიტეკერის საუკეთესო მამაკაც მსაიობად დასახელებას გაუკვირვებია ვინმე. ფორესტ უიტეკერის მიერ განსახიერებული უგანდელი დიქტატორი, ფილმში “შოტლანდიის უკანასკნელი მეფე”, იმდენად შთამბეჟდავი აღმოჩნდა, რომ მან ოსკარის გარეშე დატოვა ლეონარდო დი კაპრიო და ლეგენდარული პიტერ ო’ტული.
საღამოს დასასრული მარტინ სკორსეზეს ერთგვარ ბენეფისად იქცა. მისმა სურათმა “ორმაგი თამაში” (მიცვალებული) ზედიზედ ორ ნომინაციაში გაიმარჯვა საუკეთესო სცენარისთვის და წლის საუკეთესო ფილმადაც დასახელდა, თვით მარტინ სკორსეზე კი მრავალწლიანი იმედგაცრუების შემდეგ წლის საუკეთესო რეჟისორად აღიარეს. რეჟისორს ოსკარი მისმა კოლეგებმა ფრენსის ფორდ კოპოლამ, ჯორჯ ლუკასმა და სტივენ სპილბერგმა გადასცეს. ნანატრმა ჯილდომ სკორსეზე იმდენად დააბნია, რომ მეგობრებს კონვერტის კიდევ ერთხელ შემოწმება სთხოვა. კრიტიკოსები თვლიან, რომ ეს ჯილდო სკორსეზეს შემოქმედებისთვის გადაეცა და არა რომელიმე კონკრეტული ფილმისთვის.
კინოსამყაროს უმნიშვნელოვანესი მოვლენა დასრულდა მოულოდნელობებით, მაყურებლებს კი რიგით მე-80 დაჯილდოების მოლოდინი დაგვიტოვა.
ნანახია: 1227 | დაამატა: admin | რეიტინგი: 4.5/2 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz