ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
სამშაბათი, 2024-04-23, 9:17 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 15 » სწავლა ძნელია, როცა გშია!
სწავლა ძნელია, როცა გშია!
2:55 PM
მთელ უნივერსიტეტში, განსაკუთრებით X კორპუსში (მაღლივი), ერთ-ერთ მნიშვნელოვან და მოუგვარებელ პრობლემად რჩება სასადილოს (ბუფეტის) არარსებობა. უკვე ერთი წელია, რაც ამ კორპუსს სასადილო გააუქმეს. მიზეზი კი ორ იურიდიულ პირს შორის დავაა. საქმე სასამართლომდეცაა მისული. პრობლემა კი პრობლემად რჩება. როგორც იცით, თსუ X კორპუსი ტერიტორიულად საკმაოდ მოუხერხებელ ადგილასაა. მის მიმდებარე ტერიტორიაზე არაა საკვები ობიექტი. სასადილოს უქონლობის გამო, სტუდენტების ორ ცვლას, დაუნაყრებლად ყოფნა უწევთ, რაც ასე თუ ისე სწავლის ხარისხზეც მოქმედებს. შესვენების, 15 წუთის, განმავლობაში პრაქტიკულად შეუძლებელია ქავთარაძის ან ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე გადასვლა, რის გამოც, სტუდენტი ხშირად იძულებული ხდება გააცდინოს ლექცია. ნიშანდობლივი და გასათვალისწინებელია სტუდენტთა აზრი, სასადილოს არარსებობის პრობლემასთან დაკავშირებით.

ნია ოძელაშვილი, II კურსი:
- დილით სწავლა ძალიან ადრე მეწყება, ხშირად საუზმობას ვერ ვასწრებ. ჩვენი კორპუსის ტერიტორიაზე არაა ადგილი, სადაც კვებას შევძლებ. ჩემი აზრით, აუცილებელი და საჭიროა არსებობდეს სასადილო, სადაც სწრაფი კვების ობიექტი და სასიამოვნო გარემო იქნება.
თაია ცისკარაული, II კურსი:
- ექვსი საათის განმავლობაში, მიწევს ლექციებზე მშიერი ყოფნა. ჩემი აზრით, ეს ხელს უშლის სტუდენტის საღ აზროვნებას.
გიორგი გაბრიჩიძე, III კურსი:
- ძალიან დიდი პრობლემაა სასადილოს არარსებობა. ცხადია, რომ ყველას გვჭირდება. გვიშველეთ მაღლივს!
საბინა ალიკიზი, IV კურსი:
- ზოგჯერ ხდება ისეც, რომ ცდება ლექცია. კიბეებზე დოგმას ჯობია, სადმე სასიამოვნო გარემოში დაჯდე მეგობრებთან ერთად. ამისთვის სასადილო ყველაზე კარგი ადგილი იყო. დღეს, საქართველოში შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ყველა სკოლას აქვს სასადილო, სახელმწიფო უნივერსიტეტში კი მისი არარსებობა სამარცხვინოა. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო.
გვანცა შარიფაშვილი, II კურსი:
- სასადილოს პრობლემა საკმაოდ აქტუალურია, ვინაიდან დილის რვის ნახევრიდან პირველ საათამდე გვიწევს მაღლივში ყოფნა და დამეთანხმები, რომ ამ დროის განმავლობაში აუცილებელია, მივიღოთ საკვები.
რუსო ლომსაძე, III კურსი:
- მივიჩნევ, რომ აუცილებელია სასწავლო დაწესებულებაში, მითუმეტეს უნივერსიტეტში, არსებობდეს საკვები ობიექტი, სადაც გათვალისწინებული იქნება სამარხვო მენიუ.
სოფო ხოზრევანიძე, II კურსი:
- უკვე ერთი წელია აღშფოთებული ვარ იმ ფაქტით, რომ დაგვიხურეს ბუფეტი. დამეთანხმებით, რომ აუცილებლობაა მისი არსებობა. მე, პირადად, ახალი დეკანის იმედი მაქვს. ვნახოთ?!
ანა ათუაშვილი, III კურსი:
- ვთვლი, რომ აუცილებელია მაღლივში გვქონდეს სასადილო. მე და ჩემი ჯგუფი ვაპირებთ, პროექტი წარვადგინოთ კონფერენციაზე, სადაც მოწვეული იქნება `ყაზბეგისა” და `კოკა-კოლას” წარმომადგენლები. იმედი გვაქვს, ჩვენს პროექტს ერთ-ერთი მათგანი დააფინანსებს. ელემენტალურად, სტუდენტს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ლექციის შემდეგ წაიხემსოს.

ამ პრობლემასთან დაკავშირებით, გაზეთმა კომენტარი სთხოვა ეკონომიკისა და ბიზნესის დეკანის მოვალეობის შემსრულებელ ბატონ ჯამლეტ ჯანჯღავას: ,,უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის სასადილოს პრობლემა სასწრაფოდ გადასაწყვეტია, რამეთუ პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ძალიან განიცდიან ამ საკითხის მოუგვარებლობას. მქონდა შეხვედრა ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასთან. მოსაგვარებელია იურიდიული პრობლემები, რის შემდეგაც უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გამოაცხადებს ტენდერს მაღლივი კორპუსის სასადილოს იჯარით გაცემის შესახებ. მიუხედავად უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მცდელობისა, ჯერჯერობით ვერ გადაიჭრა სამართლებრივი დავა სხვადასხვა იურიდიულ პირებს შორის ამ ფართის იჯარის აღების შესახებ. ფაკულტეტის დეკანატი უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანხმობის შემთხვევაში, მზადაა თავის თავზე აიღოს კვების ბლოკის მართვის სადავეები და მასში დაასაქმოს წარჩინებული და ხელმოკლე ოჯახებიდან გამოსული სტუდენტები. ამასთან ერთად, წარჩინებული სტუდენტები 1-2 კვირის განმავლობაში იქნებიან კვების ბლოკის დირექტორები, მარკეტოლოგები, ბუღალტრები და ა.შ., რაც დიდად შეუწყობს ხელს მათ პროფესიულ დაოსტატებას.”
პრობლემის გადაჭრის სურვილი დიდია, მთავარია, რეალურად რა გაკეთდება. იმედი მაქვს, ორ სხვადასხვა იურიდიულ პირს შორის კონფლიქტი არ დააზარალებს სტუდენტთა ინტერესებს და უახლოეს მომავალში ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება პრობლემა. ნეტავ, ეს საუნივერსიტეტო რეფორმა და სტუდენტებზე ორიენტირებული საუნივერსიტეტო გარემო ამ საკითხის დარეგულირებას არ ითვალისწინებდა?! თუ თვალსაწიერიდან გამორჩათ?!
როგორც ერთი რიგითი სტუდენტი, თხოვნით მივმართავ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, პირადად უნივერსიტეტის რექტორ ბატონ გიორგი ხუბუას, რათა უშუალოდ მოხდეს ამ საკითხში გარკვევა და პრობლემის უმოკლეს დროში გადაწყვეტა, სტუდენტთა სასარგებლოდ.
მაღლივს შია!!! მაღლივს დედა არა ჰყავს?!
ნანახია: 1249 | დაამატა: admin | რეიტინგი: 3.0/2 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz