ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
შაბათი, 2024-04-20, 11:15 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 17 » ინტერვიუ თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტ ირაკლი მეგრელიშვილთან
ინტერვიუ თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტ ირაკლი მეგრელიშვილთან
5:47 PM

- ბატონო ირაკლი, მოდით, დღეს თქვენს მიმართ ამ მომართვას -  «ბატონოს» ჩამოვაშორებთ და მხოლოდ სახელით მოგმართავთ, რადგანაც არაოფიციალურ გარემოში გვსურს გაგეცნოთ. იმედია, რესპოდენტობაზე თანახმა ხართ...
- პირველი არა ვარ, ვისთან ინტერვიუსაც მსგავსი მიმართვით იწყებთ (იცინის) ჯერ კიდევ სტუდენტი ვარ და «ბატონობა» ჩემთვის ადრეა, არც მე მივმართავ ხოლმე სტუდენტებს ბატონობით და არც არასოდეს მივმართავდი, რა პოზიციაზეც არ უნდა იყოს ის. ვფიქრობ, ასეთი დამოკიდებულებით სტუდენტი თავის უშუალო სახეს დაკარგავს. რესპოდენტობას რაც შეეხება, ვეცდები მაქსიმალურად დავაკმაყოფილო თქვენი ინტერესი. (იცინის)
- ირაკლი, თქვენ უნივერსიტეტში ძალიან მნიშვნელოვან პიროვნებად ხასიათდებით. აქტიური ცხოვრება თქვენს სტიქიად იქცა. როგორ მოხვედით სტუდენტურ თვითმმართველობამდე?
- ოო, ნამდვილად დიდი და დაძაბული გზა მაქვს გამოვლილი. ბავშვობიდან ძალიან ენერგიული და მოუსვენარი ვიყავი. (იცინის) არ მიყვარს, როდესაც პრობლემას შორიდან ვუყურებ. კრიტიკას საქმის კეთება მირჩევნია და პრობლემაზე, ასევე საქმით რეაგირება.
მე საერთაშორისო ურთიერთობებზე ჩავაბარე და ამის ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ არ მომწონდა იმ დროს ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა. მაშინ ვოცნებობდი, რომ სადაც ხელი მიმიწვდებოდა, ყველაფერი უნდა გამეკეთებინა, რათა საკუთარი ქვეყნისთვის სასარგებლო გამოსულიყო. ეს კი, ვთვლიდი, არ მოხდებოდა, სანამ ძველი პრეზიდენტი არ დატოვებდა თანამდებობას და ახალი ცხოვრება არ დაიწყებოდა, სადაც კარგზედაც და ცუდზედაც პასუხიმგებლობა ჩვენც დაგვეკისრებოდა. ასე მოვხვდი 18 წლის სტუდენტი რევოლუციის წინა ხაზზე. მაშინ ხელისუფლებას «სტუდენტურ დაუმორჩილებლობას» ვუწევდით, რამაც ისტორიაში საკუთარი სიტყვა თქვა. შემდეგ ვიფიქრე, დროებით მხოლოდ საკუთარ თავს მივხედავდი, მაგრამ გულმა არ მომითმინა და აჭარის რევოლუციაზე ამოვყავი თავი. (იცინის) ეს გზა არ იყო ვარდებით და ხავერდებით მოფენილი, როგორც ბევრს ჰგონია. არაერთხელ ჩაგვიგდია მე და ჩემს მეგობრებს ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ და მუდმივად დიდ წინააღმდეგობას ვაწყდებოდით, თუმცა რწმენა დიდი მქონდა საკუთარი სიმართლისა და მიხარია პატარა წვლილი მეც, რომ შევიტანე ახალი ეპოქის დაწყებაში.
რაც შეეხება თვითმმართველობას, ვთვლიდი, რომ იმ დროს, ცოტა თუ იყო ისეთი ადამიანი, ვისაც უნივერსიტეტისთვის და სტუდენტებისთვის კარგის კეთება სურდა. ამიტომ შევქმენი საკუთარი ორგანიზაცია «სტუდენტური კლუბი», რომელსაც ნიადაგი უნდა მოემზადებინა თვითმმართველობისათვის და შემდეგ საკუთარი სიტყვა ეთქვა უნივერსიტეტის გარდაქმნაში. როგორც აღმოჩნდა, მსგავსი სურვილი მარტო მე და ჩემს მეგობრებს არ გვქონდა და ორწლიანი დაუღალავი შრომის შემდეგ, დღეს ახალი უნივერსიტეტის თითქმის ყველა სიახლის შექმნაში ვიღებთ მონაწილეობას. შედეგს კი დრო გვაჩვენებს და დარწმუნებული ვარ, უკვალოდ არ ჩაივლის ჩვენი ენთუაზიაზმი.      
- როგორი მოსწავლე იყავით. გაიხსენეთ თქვენი მოსწავლეობიდან რაიმე ღირსახსოვარი...
- ძალიან მიყვარს ბავშვობის გახსენება. ერთი სათვალებიანი ბავშვი ვიყავი. ძალიან მიყვარდა კითხვა და სპორტი. ერთYადგილზე გაჩერებულს ვერ მნახავდით, როგორც ახლა (იცინის) თუ რამე ხდებოდა კლასში, შატალოდან დაწყებული ღონისძიებებით დამთავრებული, ყველაფრის ორგანიზებას ვთაობდი. არ მიყვარდა ერთფეროვნება და მუდამ სიახლეების ძიებაში ვიყავი.
- ყველაზე მეტად რომელი საგანი მოგწონდათ სკოლაში? რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი?
- მომწონდა ისტორია, ქართული, გეოგრაფია. ვწერდი თავისუფალ თემებს და ხანდახან ლექსებსაც. მიყვარდა, როდესაც მასწავლებელი იმის საშუალებას გვაძლევდა, თავისუფლად განგვეხილა ესა თუ ის პერსონაჟი ან ეპიზოდი. მახსოვს, როდესაც დაწყებით კლასებში ლევან სანიკიძის «უქარქაშო ხმლების» წაკითხვა გვირჩია ისტორიის მასწავლებელმა, გულგამსკდარს ცრემლები არაერთხელ წამომსვლია და მიოცნებია, დიდი ვყოფილიყავი და საკადრისი პასუხი გამეცა ჩვენი ქვეყნის მტრებისათვის. ახლა ღიმილით მახსენდება ეს ყველაფერი, მაგრამ ალბათ, გასაკვირი არ უნდა გამხდარიყო ჩემი არჩევანი - საერთასორისო ურთიერთობების სპეციალობაზე.   
- როგორ ფიქრობ, რამდენად იძლევა უნივერსიტეტი თქვენი პროფესიული ჩამოყალიბებისა და განვითარების საშუალებას? გაქვთ თუ არა რაიმე კონკრეტული შენიშვნები ან წინადადებები...
- უნივერსიტეტს ჯერ კიდევ არ შესწევს უნარი მოახდინოს სტუდენტის პროფესიული ჩამოყალიბა, თუ ამას სტუდენტის თავდაუდებელი მონდომება არ ახლავს თან. მაგრამ გეგმები და მონდომება, დღეს უნივერსიტეტის უკეთესობისათვის დიდია და ვიმედოვნებ, წლების შემდეგ, მაგრამ მაინც დადგება ის დრო, როდესაც უნივერსიტეტს ევროპის მაღალი დონის უნივერსიტეტებს შეადარებენ. კონკრეტული შენიშვნებიც და წინადადებებიც ბევრი მაქვს, მაგრამ ამაზე სხდომებზე ვსაუბრობ ხოლმე. 
- გისარგებლიათ თუ არა საუნივერსიტეტო სინამდვილეში გარკვეული ურთიერთობებისას იმ გარემოებით, რომ სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი ხართ?
- მისარგებლია მხოლოდ იმ შემთხევაში, როდესაც ადმინისტრაციის წარმომადგენელი უსამართლოდ ან არაადეკვატურად მოქცევია რიგით სტუდენტს. ეს ძალინ იშვიათად, მაგრამ მაინც. ხოლო სტუდენტებთან მიმართებაში, არავითარ შემთხევაში არ გამოვარჩევ საკუთარ თავს. მეც ისევე ვსწავლობ, დავდივარ ლექციებზე და ისეთივე პრობლემები მაწუხებს, როგორც ნებისმიერ სტუდენტს. 
- როგორ ფიქრობთ, როგორი სტუდენტური თაობა მოვიდა დღევანდელ საქართველოში. რაში ხედავთ ჩვენი თაობის ღირსებას და ნაკლს?
- ალბათ, ჩემი თაობისგან განსხვავებით, ცოტა უფრო სწავლაზე ორიენტირებული თაობა მოვიდა ეროვნული გამოცდების შედეგად. მთავარ ღირსებად ის მიმაჩნია, რომ ჩვენი სტუდენტობა ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა და ასე იყო მთელი საუკუნის განმავლობაში. ნაკლი კი სიზარმაცეა ალბათ. დღეს ბევრია ჩემს თაობაში ის, ვინც მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრობს. ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, თუ რა უნდა მას ამ ცხოვრებაში.
- რა არის თქვენი წარმატებული მოღვაწეობის საწინდარი?
- წარმატებული? ჯერ ასაკით ძალიან პატარა ვარ წარმატებულად, რომ ჩავთვალო თავი. ისე კი, მსმენია, წარმატების მიღწევა დაუღალავი შრომით და მონდომებით შეიძლებაო (იცინის) 
- ვინ არიან თქვენი მეგობრები? ნამდვილ მეგობრებს როგორ ცნობთ?
- ჩემმა აქტიურმა ცხოვრებამ ბევრი მეგობარი შემძინა. რითაც ვამაყობ კიდეც. თუმცა განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს ბავშვობის მეგობრებთან. მთავარი მეგობრობაში გულწრფელობა და ერთგულებაა.
- როგორია თავისუფალი დრო ირაკლი მეგრელიშვილის ცხოვრებაში?
- იშვიათია (იცინის) მაგრამ ძირითადად მეგობრების წრეში. განტვირთვისთვის ბუნებაში ყოფნა მიყვარს.
- წიგნი, რომელიც ბოლოს წაგიკითხავთ ან ამჟამად კითხულობთ?
- ბოლოს წავიკითხე ფრიდრიხ ნიცშეს «ესე იტყოდა ზარატუსტრა», თუმცა დიდად არ აღვფრთოვანდი მისი ფილოსოფიით. ახლა ვკითხულობ ჰომეროსის «ილიადას», ასევე ვცდილობ ყოველი ძილის წინ, ერთი თავი მაინც წავიკითხო სახარებიდან.
- რომელია თქვენი საყვარელი ქართველი მწერალი და უცხოელი მწერალი, პოეტი თუ მსახიობი?
- პოეტებიდან გალაკტიონ ტაბიძე და ლადო ასათიანი. მომწონს თანამედროვე ახალგაზრდა პოეტები და მწერლებიც, თვალს ვადევნებ მათ შემოქმედებას. უცხოელებიდან პაოლო კოელიო და გაბრიელ გარსია მარკესი. ასევე ბავშვობაში დიდი სიამოვნებით ვკითხულობდი ჰიუგოს, დიუმას, ჟიულ ვერნის და სხვა კლასიკოსების ნაწარმოებებს. ქართველი მსახიობებიდან, თქმა არ უნდა, რომელია შესანიშნავი. ისინი ჩვენს ყოველდღიურობაში არიან, უცხოელებიდან მომწონს რობერტ დე ნირო, ალ პაჩინო, ბრედ პიტი, ჯულია რობერტსი და კიდევ ბევრი. საერთოდ მიყვარს კინოხელოვნება.
- რომელი ლიტერატურული გმირის თავგადასავლით იცხოვრებდით და რატომ?
- ასეთ რამეზე არ მიოცნებია. ისე ისტორიული გმირები უფრო მომწონს, ვიდრე გამოგონილი (იცინის)
- გაქვთ თუ არა ატაცებული ფრაზა?
- დიახ, ილიას «მოძრაობა და მოძრაობა». ეს ფრაზა მუდმივ განვითარებასა და სიცოცხლესთან ასოცირდება.
- რა არის თქვენთვის უნივერსიტეტი?
- ბევრად უფრო მეტი რამ, ვიდრე სასწავლო დაწესებულება. ეს ცხოვრების ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დაუვიწყარი პერიოდია. არა მარტო ჩემთვის. 
- ადამიანში რა თვისებას გამოყოფდით ყველაზე მეტად?
გულწრფელობას, პატრიოტიზმს, თავმდაბლობას.
- რომელია თქვენი საყვარელი ლექტორი?
- ის ვინც თავისუფალ აზროვნებას აფასებს, თუმცა მომთხოვნიცაა.
- ღირსახსოვარი ფაქტი, რომელიც უნივერსიტეტის სტუდენტობიდან გაგყვებათ?
- ფიცის დადება ათასობით სტუდენტთან ერთად ბრძოლის ბოლომდე მიყვანის თაობაზე 2003 წლის 22 ნოემბერს. კიდევ ძალიან ბევრი, ერთი წიგნი ძლივს ეყოფა მის გახსენებას. ამაზე მერე (იცინის)  
- ხართ თუ არა გურმანი?
- თუ ჩემი გარეგნობით ვიმსჯელებთ დიდი გურმანი არა (იცინის), თუმცა მიყვარს ქართული კერძები.
- ქართულ პოლიტიკაზე რას ფიქრობთ? როგორ გგონიათ, ისტორიას ხალხი ქმნის თუ პიროვნება?
- ისტორიას ხალხიც ქმნის და პიროვნებაც. ქართული პოლიტიკაც თანამედროვე ქართველი ხალხის და პიროვნებების რეალური სახის ასახვაა.
- პოპულარულ ადამიანებს ყოველთვის ჰყავთ თაყვანისმცემლები. სიყვარულს თქვენს ცხოვრებაში რა ადგილი უჭირავს. შეყვარებული ხართ?
- სიყვარულს ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ არა საქმიანობაში. ჩემზე ამბობენ სულ შეყვარებულიაო (იცინის), მაგრამ ახლა ნამდვილად არავინ მიყვარს.
- რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ თანამედროვე ქალის საქციელში?
- მომწონს თავშეკავებულობა, ზრდილობა და როდესაც ვხედავ მასში ქალურ სისუსტეს. არ მომწონს უტაქტო და გაუნათლებელი ქალები. 
- რაზე ოცნებობთ?
- დიდ თეთრ ვილაზე, ოღონდ გაგრაში. მთავარი ჩემთვის ისეთ საქართველოში ცხოვრებაა, რომელიც იქნება ერთიანი და სადაც ადამიანებს თავიანთი პროფესიით ექნებათ საშუალება, იყვნენ ბედნიერნი. მეც მაშინ მშვიდად დავჯდებოდი და გადავიღებდი ისტორიული ჟანრის ფილმებს. ესაა ჩემი ჯერ-ჯერობით აუხდენელი ოცნება. 
- გმადლობთ საინტერესო საუბრისათვის!

 

ნანახია: 1124 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz