ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-04-18, 8:23 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 17 » მოუცლელი თვითმმართველობის პრეზიდენტის გზა –ბავშვობიდან “SWEET ELECTIONS”- მდე
მოუცლელი თვითმმართველობის პრეზიდენტის გზა –ბავშვობიდან “SWEET ELECTIONS”- მდე
5:51 PM

 

- ბატონო გიორგი, მოდით, დღეს თქვენს მიმართ ამ მომართვას - "ბატონოს" ჩამოვაშორებთ და მხოლოდ სახელით მოგმართავთ, რადგანაც არაოფიციალურ გარემოში გვსურს გაგეცნოთ. იმედია, რესპოდენტობაზე თანახმა ხართ...

- გმადლობთ, რომ ამ რუბრიკისათვის თქვენი რჩეული გავხვდი (იცინის)

- გიორგი, თქვენ უნივერსიტეტში ძალიან მნიშვნელოვან პიროვნებად ხასიათდებით. აქტიური ცხოვრება თქვენს სტიქიად იქცა. როგორ მოხვედით სტუდენტურ თვითმმართველობამდე?

- ალბათ ბავშვობიდანვე აქტიური ვიყავი. საშინლად მოუსვენარი. სკოლაში ყოველთვის აქტიურად ვიყავი ჩართული სასკოლო ღონისძიებებში. ბევრი საინტერესო ინიციატივაც მქონდა. სამწუხაროდ, მაშინ არ გამაჩნდა მათი განხორციელების საშუალებები. უნივერსიტეტში ახალი შესაძლებლობების სამყარო გადამეშალა. I კურსზე ვერ გეტყვით რაიმეს განსაკუთრებულს ვაკეთებდი. ერთი ჩვეულებრივი, გულანთებული, ბეჯითი I კურსელი ვიყავი, მაგრამ მალე მოხდა `ვარდების რევოლუცია,” რამაც მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. მე და ჩემი მეგობრები აქტიურად ჩავერთეთ რევოლუციურ ციებ-ცხელებაში. მერე მე და ჩემს მეგობარსა და თანამოაზრეს, თორნიკე ხუციშვილს მოგვივიდა იდეა უნივერსიტეტში შეგვექმნა სტუდენტური მოძრაობა, რომელიც იქნებოდა ჯანსაღი სტუდენტური ძალა, რომელიც რეალურად იმუშავებდა სტუდენტურ პრობლემებზე, ისარგებლებდა სტუდენტთა ნდობით, მაღალი რეიტინგით. ეხლაც მახსოვს `ერთიანი სტუდენტური მოძრაობის” დაარსების პირველი დღეები. ყველას არარეალურად და ახირებად მიაჩნდათ ჩვენი წამოწყება, რადგან ძალიან რთული, თითქმის შეუძლებელი ეჩვენებოდათ იმ დროინდელი როინ მეტრეველთან დაახლოვებული სტუდენტური ჯგუფების არჩევნებში დამარცხება, მაგრამ ნელ-ნელა ისევე, როგრც ყველა მითი, ესეც დაიმსხვრა. თავდაპირველად საინიციატივო ჯგუფში, მხოლოდ 2 სტუდენტი - მე და თორნიკე ვიყავით. მერე სხვები შემოგვემატნენ და ასე აეწყო ყვლელაფერი ერთმანეთს. საუკეთესო დრო იყო ჩემს ცხოვრებაში. მერე დადგა ნანატრი დღე, დღე რომლისთვისაც ორ წელზე მეტი ვემზადებოდით _ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები.

- როგორი მოსწავლე იყავით. გაიხსენეთ თქვენი მოსწავლეობიდან რაიმე ღირსახსოვარი...

- დავამთავრე თბილისის 87-ე საშუალო სკოლა. კარგად ვსწავლობდი. სხვათაშორის, ჩემი სურათი წარჩინებული მოსწავლების დაფას ამშვენებდა წლების განმავლობაში. (იცინის) ერთხელ მახსოვს, მთელი კლასი “შატალოზე” გავიპარეთ, კარგად ვიხალისეთ. დირექტორმა სასჯელად დამატებითი გამოცდები დაგვინიშნა. თავ-ბედს ვიწყევლიდით. ის სემესტრი დაუვიწყარი იყო ჩვენთვის.

- ყველაზე მეტად რომელი საგანი მოგწონდათ სკოლაში? რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი?

- ქართული ლიტერატურა. ისტორია. ბავშვობიდანვე საშინლად მაინტერესებდა გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიების კითხვა. მათი ცხოვრების სირთულეების და წარმატებების გაცნობა.

- როგორ ფიქრობ, რამდენად იძლევა უნივერსიტეტი თქვენი პროფესიული ჩამოყალიბებისა და განვითარების საშუალებას? გაქვთ თუ არა რაიმე კონკრეტული შენიშვნები ან წინადადებები...

- უნივერსიტეტი, ცხადია უნდა იძლეოდეს პიროვნების პროფესიული ჩამოყალიბებისა და განვითარების საშუალებას. ამ მხრივ ყველაფერი რიგზე, რომ ყოფილიყო, არც რეფორმები იქნებოდა საჭირო. აუცილებელია კარგი ტრადიციების შენარჩუნებაც და თანამედროვე, მსოფლიო მიღწევების ათვისებაც. ეს რთული პროცესია და გარკვეული შეცდომების დაშვებაც ბუნებრივია. მაგრამ ასევე ბუნებრივია, რომ შეცდომების გამოსწორება და თავიდან აცილება შეიძლება გულშემატკივრული დამოკიდებულებით და არა ჩასაფრებითა და არაადექვატური შეფასებებით. მხედველობაში მაქვს ასეთი გამონათქვამები _ “უნივერსიტეტი თავზე გვენგრევა”, ვიღუპებით და ა. შ. რეფორმების ოპოზიციონერთა მისამართით ჩემი მთავარი შენიშვნა ესაა.

- გისარგებლიათ თუ არა საუნივერსიტეტო სინამდვილეში გარკვეული ურთიერთობებისას იმ გარემოებით, რომ სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ხართ?

- ძირითადად არა, თუმცა ჩემდა შეუგნებლად შეიძლება მისარგებლია. (იცინის) სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტობა, ცხადია, გულისხმობს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობასაც. ეს ურთიერთობა, რა თქმა უნდა, საუნივერსიტეტო პრობლემების მოგვარების მიზნით უნდა ხდებოდეს და ეს ასეცაა.

- როგორ ფიქრობთ, როგორი სტუდენტური თაობა მოვიდა დღევანდელ საქართველოში. რაში ხედავთ ჩვენი თაობის ღირსებას და ნაკლს?

- დღევანდელი სტუდენტური თაობა ძალიან კარგი და იმედის მომცემია. ეს ლიტონი განცხადება არაა. საერთოდ, ახალი თაობის სიავკარგეს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საერთო სიტუაცია ქვეყანაში. ამ თვალსაზრისით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და მსოფლიო თანამეგობრობაში ინტეგრირება, ძალიან დიდი სტიმულია. დღევანდელი სტუდენტური საზოგადოების მთავარ ღირსებას წარმოადგენს ის, რომ იგი თავისუფალია აზროვნებაში და კარგად ხედავს პროფესიონალიზმის მნიშვნელობას ცხოვრებაში. თანამედროვე კონკურენტუნარიან გარემოში ახალგაზრდები მოტივირებულნი არიან მიიღონ ხარისხიანი განათლება. რაც შეეხება ნაკლს, დღევანდელი ახალგაზრდობის ნაკლი მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული, ამას მსოფლიო ცივილიზაციის განვითარების პრობლემები განაპირობებს - ნარკომანია, მასობრივი კულტურა, გლობალიზაცია და ა.შ.

- რა არის თქვენი წარმატებული მოღვაწეობის საწინდარი?

- წარმატების მიღწევის საუკეთესო რეცეპტი, ალბათ დაუღალავი შრომა, ნებისყოფა და ადამიანებთან ნორმალური ურთიერთობების დამყარების უნარი. მიმაჩნია, რომ ეს თვისებები გარკვეული დოზით ჩემშიცაა.

- ვინ არიან თქვენი მეგობრები? ნამდვილ მეგობრებს როგორ ცნობთ?

- საერთოდ, მეგობრების შერჩევისას, ძალიან პრეტენზიული და ფრთხილი ვარ. ჩემთვის აუცილებელი კრიტერიუმებია: ინტელექტი, ინდივიდუალურობა, პატიოსნება, გულწრფელობა და რაც მთავარია ერთგულება. საერთოდ, ქართველებში ყოველთვის არსებობდა ერთგულების დეფიციტი. ნამდვილი მეგობრობის ერთადერთი ინდიკატორი ალბათ მაინც დროა.

- როგორია თავისუფალი დრო გიორგი ავალიანის ცხოვრებაში?

- თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს. ძალიან მიჭირს თავისუფალი დროს გამონახვა. ჩემი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ყოველთვის სადღაც მეჩქარება. მაგრამ მე ეს ყველაფერი მომწონს და მიჩვეული ვარ კიდეც.

- წიგნი, რომელიც ბოლოს წაგიკითხავთ ან ამჟამად კითხულობთ?

- ბოლოს წავიკითხე ბერნარდ ვერბერის “ანგელოზების იმპერია”, ამჟამად ვკითხულობ ენდრიუ ჰეივუდის “პოლიტოლოგიას.”

- რომელია თქვენი საყვარელი ქართველი მწერალი, ნაწარმოები და უცხოელი მწერალი, პოეტი თუ მსახიობი?

- საყვარელი ქართველი მწერალია ილია ჭავჭავაძე, როგორც ქართული სული და აზრი არსებობისა. კონსტანტინე გამსახურდიას ნაწარმოები ~დავით აღმაშენებელი~ “დიდოსტატის მარჯვენა”. ნიკოლოლოზ ბარათაშვილი, უცხოელი _ პაულო კოელიო, მსახიობი - ზურა ყიფშიძე, უცხოელი _ რობერტ დე ნირო.

- გაქვთ თუ არა ატაცებული ფრაზა?

- `ყოველი ადამიანი თავადაა საკუთარი ბედის მჭედელი” _ ემანუელ კანტი. ჩემი ფრაზა “სტუდენტობა უნდა იყოს ერთიანი” ხშირად მიწევს ამ სიტყვების გამოყენება (იცინის)

- რა არის თქვენთვის უნივერსიტეტი?

- ადგილი, სადაც სტუდენტი ყალიბდება პიროვნებად.

- ადამიანში რა თვისებას გამოყოფდით ყველაზე მეტად?

- თქვენ ალბათ კარგ თვისებებზე მეკითხებით. პატიოსნებას, ერთგულებას, გულწრფელობას.

- რომელია თქვენი საყვარელი ლექტორი?

- ემზარ ჯგერენაია.

- ღირსახსოვარი ფაქტი, რომელიც უნივერსიტეტის სტუდენტობიდან გაგყვებათ?

- სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები - “SWEET ELECTIONS”. ამ პერიოდში განცდილი ემოციები ცხოვრებაში არასოდეს დამავიწყდება. ამ არჩევნებმა ძალიან ბევრი რამ შეცვალა.

- ხართ თუ არა გურმანი?

- დიახ, ვგიჟდები გემრიელ საჭმელებზე (იცინის)

- ქართულ პოლიტიკაზე რას ფიქრობთ? როგორ გგონიათ, ისტორიას ხალხი ქმნის თუ პიროვნება?

- "ვარდების რევოლუციის" შემდეგ საქართველოში პოლიტიკური პროცესები დინამიურად და კანონზომიერად ვითარდება. ქართული საზოგადოების პოლიტიკური კულტურა დღითიდღე იზრდება, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ ჭეშმარიტი, ჯანსაღი დემოკრატიული ურთიერთობების დამკვიდრებისაგან. ვფიქრობ დღევანდელი ხელისუფლება, ძირითადად სწორ პოლიტიკას ატარებს. რა თქმა უნდა, არის შეცდომებიც, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ შეცდომები მიღწევებთან შედარებით გაცილებით ნაკლებია. სამწუხაროდ, ასეთ შეცდომებზე, ჩემი აზრით, მეტისმეტად დიდ აქცენტს აკეთებს ოპოზიცია. დღევანდელი ოპოზიცია სამწუხაროდ თავის ფუნქციას ვერ ასრულებს. იგი ხელისუფლებას კი არ აკრიტიკებს, რაც ძალიან ბუნებრივი და ადვილი იქნებოდა, არამედ მხოლოდ ლანძღავს. ასეთ ოპოზიციას ხალხის ნდობა ბუნებრივია არასოდეს ექნება. კარგი იქნებოდა ოპოზიცია ობიექტურ აზროვნებას ისწავლიდეს, რადგან ჭეშმარიტი ოპოზიცია ქვეყნის წინსვლის უცილობელ გარანტს წარმოადგენს. ხოლო რაც შეეხება კითხვას, ვინ ქმნის ისტორიას, ვფიქრობ, რომ ერთიც და მეორეც. გააჩნია კონკრეტულ შემთხვევას. უფრო მგონი ხალხი.

- სიყვარულს თქვენს ცხოვრებაში რა ადგილი უჭირავს. შეყვარებული ხართ?

- დიახ შეყვარებული ვარ და საერთოდ უსიყვარულოდ ყოველგვარი საქმიანობა განწირულია.

- რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ თანამედროვე ქალის საქციელში?

- მომწონს დამოუკიდებლობა, ინდივიდუალურობა, არ მომწონს _ არატრადიციულობა, უტაქტობა, ინტელექტის დაბალი დონე.

- გმადლობთ საინტერესო საუბრისათვის

ნანახია: 1119 | დაამატა: admin | რეიტინგი: 3.7/3 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz