ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-09, 9:40 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 17 » სტუდენტების ატაცებული ფრაზა: ,,მინდა ვიყო სტუდენტების რექტორი”
სტუდენტების ატაცებული ფრაზა: ,,მინდა ვიყო სტუდენტების რექტორი”
2:25 PM

უნივერსიტეტში რექტორის არჩევნებმა საახალწლო მზადებაც კი დაჩრდილა. ამ დღეს ყველა თავისებური მოლოდინით შეხვდა. მღელვარება ყველას გადაედო _ რა იქნება მომავალში? დაპირებები და სურვილები კარგია, მაგრამ შეძლებს კი ახლადარჩეული რექტორი დანაპირების შესრულებას? რა თქმა უნდა, პროფესორ-მასწავლებლებშიც და სტუდენტებშიც იყვნენ როგორც პესიმისტები, ასევე, ოპტიმისტები. ,,უნივერსიტეტში ძალიან ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი” _ მხრებს იჩეჩდნენ პესიმისტები. ,,მაგრამ მან მოკლე დროში შეძლო მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა” _ პასუხობდნენ ახალი რექტორის მხარდამჭერები და კონკრეტული მაგალითებით ასაბუთებდნენ თავიანთ პოზიციას. მაგალითები კი მრავლად ახსოვთ სტუდენტებს. სტუდენტური თვითმმართველობა აქტიურად იყო არჩევნების ორომტრიალში ჩართული. მათი თქმით, ბატონმა გიორგი ხუბუამ ჯერ კიდევ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე ყოფნის დროს აგრძნობინა სტუდენტებს თავისი თანადგომა. რას მოელიან სტუდენტები არჩეული რექტორისგან? _ ამ კითხვაზე პასუხისთვის სტუდენტები სიამოვნებით დაგვთანხმდნენ.

არჩილ კაიკაციშვილი, იურიდიული ფაკულტეტი, IV კურსი:

– უნივერსიტეტის რექტორად გიორგი ხუბუას არჩევას უაღრესად მნიშვნელოვანს ვუწოდებ. მნიშვნელოვანია ამ არჩევანის ისტორიული როლიც, ვინაიდან სწორედ გიორგი ხუბუა ხდება ახალი ქართული უნივერსიტეტის სულისჩამდგმელი. მან უკვე შეძლო მორალურ ღირებულებებზე მდგარი საუნივერსიტეტო აკადემიური გარემოს ჩამოყალიბება და ეს უკვე დიდი წარმატებაა. გიორგი ხუბუას დაპირება _ სტუდენტზე ორიენტირებული საუნივერსიტეტო გარემოც რეალურია. რასაც ამ ადამიანში ყველაზე მეტად ვაფასებ არის ის, რომ გიორგი ხუბუა უნივერსიტეტელია და ყველაზე კარგად ესმის საუნივერსიტეტო პრობლემები. მას შეუძლია აზრთა გაცვლისა და თანამშრომლობის საშუალებით უნივერსიტეტი აქციოსდ ეროვნული ფასეულობების მთავარ ნიშანსვეტად, ქართული მეცნიერების განვითარების საფუძვლად და გადაწყვეტილებების ავანგარდში მუდამ მოიაზროს სტუდენტური საზოგადოება. როცა რექტორისთვის ერთი სტუდენტის საფიქრალი უნივერსიტეტის საფიქრალი ხდება, ასეთი ურთიერთობა ძალიან ბევრისმთქმელია. მე ყოველთვის სურვილი მქონდა მესწავლა ასეთ უნივერსიტეტში და არა ისეთ სასწავლებელში, სადაც საკუთარი შესაძლებლობები და ცოდნა მიზანს რთულად მიმაღწევინებდა. სწორედ ამ ურთიერთობის შედეგს წარმოადგენს ჩემი დღევანდელი მდგომარეობა: _ მე ფასიანი განყოფილების სტუდენტი ვარ, (რაც ძალიან მაწუხებს) მაგრამ ოჯახის ტრადიციას მაინც ვაგრძელებ _ უნივერსიტეტის კურსდამთავრებული მერქმევა. მჯერა, რომ გიორგი ხუბუა იქნება ის რექტორი, რომელიც მანკიერი წარსულის გადახაზვით უნივერსიტეტის ისტორიაში თავისი მოღვაწეობის ახალ თავფურცელს შექმნის. მე ვისურვებდი, რაც შეიძლება მალე მოხდეს იმ დეკლარაციის რეალიზება, რომელიც ბატონ გიორგის სტუდენტებმა მისი რექტორად დანიშვნის დროს წარვუდგინეთ. მასში სტუდენტის სოციალური დაცვის აუცილებლობიდან დაწყებული უნივერსიტეტის რეალური ავტონომიის შექმნით დამთავრებული ყველაფერზეა საუბარი. ვფიქრობ, არჩეული რექტორი მას უფრო აქტიურად განახორციელებს. ვუსურვებ მას უაღრესად წარმატებულ მოღვაწეობას, წარმატებულ 2007 წელს. უნივერსიტეტში გიორგობაა. დაე კეთილი იყოს...

 

თინათინ ნიბლოშვილი, ,,ახალგაზრდა იურისტის” საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელძღვანელი:

– პირადად მე მხარს ვუჭერ ბატონ გიორგი ხუბუას, ვინაიდან მასში ვხედავ ისეთ თვისებებს, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის რექტორს უნდა ახასიათებდეს.
უპირველესად, იგი დადებით განწყობას იწვევს ჩვენში, სტუდენტებში, ვინაიდან ურთიერთობს ჩვენთან და მზადაა მოისმინოს ჩვენი მოთხოვნები. იგი იცავს ჩვენს უფლებებს.

რუსუდან ჯიქია, იურიდიული ფაკულტეტი, III კურსი:

– გიორგი ხუბუამ თავის გუნდთან ერთად ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო მუშაობა და თავისი გეგმის განხორციელება, როდესაც რექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო. დარწმუნებული ვარ, ბატონი გიორგი ეცდება, რეფორმები ბოლომდე განახორციელოს. ველოდებით, რომ შეიქმნება სტუდენტზე ორიენტირებული გარემო, რასაც გვპირდება კიდეც. გასაკეთებელი მართლაც ბევრია: სასწავლო პროგრამებთან დაკავშირებით სტუდენტები ჯერ კიდევ გაურკვევლობაში არიან. ამ პიროვნების მიმართ ყველაზე დადებითად მაშინ განვეწყვე, როდესაც მან განაცხადა: მე მინდა ვიყო სტუდენტების რექტორიო _ ჩვენც ამის იმედი გვაქვს.

 

თეონა ჭალიძე, ჰუმანიტარული ფაკულტეტი, II კურსი:

– ჩვენ უკვე დავინახეთ, რომ ამ რეფორმებმა შედეგები უკვე მოიტანა. ის ფაქტი, რომ ბატონი გია ერთსულოვნად აირჩიეს რექტორად, ეს უკვე იმის მანიშნებელია, რომ მას სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებლების მხრიდან სრული ნდობა აქვს. მინდა მივულოცო და ვუსურვო წარმატებები, მინდა გადასცეთ, რომ მისი იმედი გვაქვს.

 

თამარ შენგელია, ჰუმანიტარული ფაკულტეტი. III კურსი, სპეციალობა ანგლისტიკა.

– ვფიქრობ, რომ სასწავლო პროცესი დაიხვეწება. ველოდები, რომ აღდგება ძველი სპეციალობები. მე ვარ ამერიკანისტიკის სპეციალობაზე და გადავედი ანგლისტიკაზე. ეს ორი სპეციალობა განსხვავდება ერთმანეთისგან.

 

დავით ჩოფლიანი, იურიდიული ფაკულტეტი, V კურსი:

– მოლოდინი დიდია. მე ჯერ ვერ გავრკვეულვარ ამ პროცესებში, რაც ამჟამად უნივერსიტეტში მიმდინარეობს. ვიცი, რომ რექტორს ბევრი გეგმა აქვს. ვისურვებდი, მან ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული საქმე და დაპირებები ფურცელზე არ დარჩეს. ახლა უნივერსიტეტში გარდამავალი პერიოდია და ყველაფერი არ არის დალაგებული.

 

თამარ ბოქვაძე, ჰუმანიტარული ფაკულტეტი, I კურსი, ანგლისტიკა:

– ვფიქრობ, რომ ახალი რექტორის ძალისხმევით უნივერსიტეტი დაიბრუნებს ძველ პრესტიჟს და სახელს. აქ სწავლა ისევ საამაყო იქნება ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის. ყველაფერს კი დრო გვიჩვენებს. ბატონ გიორგის ბევრი პრობლემა დახვდა და ჩვენ იმედი გვაქვს, იგი ღირსეულად გაართმევს თავს მათ მოგვარებას.

 

თამარ ცერცვაძე, ჰუმანიტარული ფაკულტეტი, I კურსი:
– ახალი რექტორი მომწონს, ან რატომ არ უნდა მომწონდეს: ვხედავ, რომ ჩვენი შრომა დაფასებულია. კონკრეტულად რას ველოდები? _ იმედი მაქვს, რომ მისი დანაპირები ფუჭი არ აღმოჩნდება და კიდევ ბევრი რამ სასიკეთოდO შეიცვლება.

 

ირაკლი ქებურია, გეოლოგიის ფაკულტეტი, II კურსი:
– მე იმედი მაქვს, რომ შეიცვლება ბევრი რამ. კონკრეტული თხოვნა ან პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ აქ სწავლით აღფრთოვანებულიც არ ვარ. რექტორზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ვნახოთ, ვნახოთ. . .

 

მარიამ ბეჟიტაშვილი, ჰუმანიტარული ფაკულტეტი, II კურსი:

– მე ისე არ ვიცნობ ბატონი გია ხუბუას საქმიანობას, რომ მასზე ჩემი აზრი გამოვთქვა. ჩემს წარმოდგენაში უნივერსიტეტის რექტორი იდეალური პიროვნება უნდა იყოს. მას განსაკუთრებული თვისებები უნდა ჰქონდეს. სტუდენტებს განსაკუთრებული კრძალვა უნდა გაუჩნდეთ მისი გამოჩენისას. მე და ჩემი მეგობრები ვხედავთ, რომ უნივერსიტეტში ცვლილებებია. იმედი მაქვს, რომ რეფორმები იქნება წარმატებული.

ნოდარი კავთელაძე, საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი, II კურსი:
– ვფიქრობ, რომ რექტორის არჩევნები ჩატარდა ობიექტურად. მე და ჩემი მეგობრები მხარს ვუჭერთ ბატონ გიორგი ხუბუას, რადგან ვხედავთ, რომ მისი მოსვლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. რას ველოდები? _ ჩემი ცოდნის დაფასებას.

 

სტუდენტი (გვარი და სახელი არ დაასახელა):

– არანაირი აზრი არა მაქვს ახალ რექტორთან დაკავშირებით. ხანდახან თუ შემოვივლი უნივერსიტეტში მეგობრების სანახავად. სწავლით თავს არ ვიკლავ, ამიტომ ვთხოვ, არ გამრიცხოს და ყოველთვის მის გვერდით ვიქნები.

 

მარიკა არევაძე, იურიდიული ფაკულტეტი, II კურსი:

– 2007 წლის 5 იანვარი დადებით მოვლენად შეიძლება შეფასდეს სახელმწიფო უნვერსიტეტისთვის. ჩემი აზრით, ბატონი გიორგი ხუბუა იმიტომ უნდა იყოს უნივერსიტეტის რექტორი, რომ მას გააჩნია კონკრეტული სამოქმედო გეგმა და აქვს შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება. რა თქმა უნდა, არ ვიზიარებ ბატონ ტარიელ ფუტკარაძის და არასამთავრობოების განცხადებებს. თუმცა მათი პოზიციების დაფიქსირება დემოკრატიულობის მაჩვენებელია. მახარებს ის ფაქტი, რომ უნივერსიტეტს ბოლოს და ბოლოს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელიც სტუდენტებისთვის და სტუდენტებთანაა.

 

გიორგი საღინაძე, სტუდენტური თვითმმართველობის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, IV კურსი:

– ჩვენ თავიდანვე მხარს ვუჭერდით ბატონი გიორგი ხუბუას კურსს. ხარვეზები და წინაღმდეგობები არის, მაგრამ ამის გარეშე საქმე არ კეთდება. მინდა, ჩემს მეგობრებთან ერთად მივულოცო მას არჩევნებში გამარჯვება. ველოდებით მისი მხრიდან უფრო გაბედულ ნაბიჯებს.

 

თამუნა პაპავაძე, საერთაშორისო ურთიერთობები, I კურსი:

– პირველ რიგში, ველოდებით რეფორმის გაგრძელებას. ბატონი გია არის ძალიან კონსტრუქციული. ჩვენ დავინახეთ, რომ ყველა პრობლემის გადაჭრა მხოლოდ ერთობლივად, სტუდენტებთან ერთად არის შესაძლებელი.

 

გაგა ხაბულიანი, სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე პრეზიდენტი:
– ჩვენთვის რექტორი არც ისე „ახალია“. მასთან თანამშრომლობის საშუალება უკვე გვქონდა და დავრწმუნდი, რომ ის მართლაც ღირსეული კანდიდატი იყო და ამ არჩევნებში ღირსეულადაც გაიმარჯვა. მან უდიდესი საქმე წამოიწყო, რომლის ბოლომდე მიყვანა დიდ ძალისხმევას მოითხოვს. მიხარია, რომ საშუალება მომეცა ჩვენი გაზეთის საშუალებით მივულოცო ეს გამარჯვება.

 

სალომე ლალიაშვილი, იურიდიული ფაკულტეტი, I კურსი:
_ ვფიქრობ, რომ არჩევნები ობიექტურად ჩატარდა. ბატონმა გიამ რეფორმების განხორციელება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც რექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო. ყოველშემთხვევაში, ჩემს ფაკულტეტზე ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. დარწმუნებული ვარ, ახლა უფრო მეტს გააკეთებს. ჩემი მეგობრების სახელით ვულოცავ მას ამ გამარჯვებას.

 

ვახტანგ ლომჯარია, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაგისტრი, სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის თავმჯდომარე:
– ჩვენი მოთხონაა _ უნივერსიტეტმა დღევანდელ კონკურენტიან გარემოს გაუძლოს, როდესაც ისეთი სასწავლებლებიც არსებობს, როგორიც არის კავკასიის ბიზნეს სკოლა და იესემი, რომელიც მაღალი კვალიფიკაციურ კადრებს ამზადებს. რექტორისგან ეფექტურ ცვლილებებს ველით. ამის რესურსები უნივერისტეტს გააჩნია. მთავარია, მისი გამოყენება. მიმაჩნია, რომ კიდევ ერთი პრობლემა აქვს უნივერსიტეტს გადასაჭრელი. მთავარი არ უნდა იყოს სტუდენტთა რაოდენობაზე ორიენტირება. დღეს ათასობით სტუდენტი ამთავრებს სასწავლებელს, მაგრამ იშვიათად შეხვდებით მაღალკვალიფიციურ კადრს. სასწავლო პროცესში თეორიასთან ერთად პრიორიტეტი უნდა იყოს პრაქტიკა, საქმიან თამაშებში ჩართვა, რაც შეეძლება მეტი პროფესიონალი ლექტორის მოზიდვა, ცნობილი ბანკების მენეჯერების მოწვევა. ძალიან მნიშვნელოვანია გაცვლითი პროგრამების წარმატებით განხორციელება.


პუბლიკაციას ვსარგებლობთ გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტიდან”
სავტორო უფლებები დაცულია
ნანახია: 1406 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz