ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-09, 5:31 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 17 » კიდევ ერთხელ საქართველოს ტერიტორიული მოწყობის თემის შესახებ
კიდევ ერთხელ საქართველოს ტერიტორიული მოწყობის თემის შესახებ
3:10 PM
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემა, რაც დრო გადის, სულ უფრო მნიშვნელოვანი და მტკივნეული ხდება ქართულ სინამდვილეში. ფაქტობრივად, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა ის საწყისი, რაზეც დაფუძნებულია საქართველოს კონსტიტუციის რიგი ნორმების ამოქმედების საკითხი.
როგორც ცნობილია, სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობა კონსტიტუციონალიზმის ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ და ამავდროულად, აქტუალურ საკითხს წარმოადგენს. სახელმწიფოს თეორიაში – სახელმწიფოს ფორმის ცნებაში – სწორედ სახელმწიფო ხელისუფლების ტერიტორიული ორგანიზაციის სქემას გულისხმობენ, რომელიც, აღიარებული საერთაშორისო ნორმების მიხედვით, შეიძლება ეყრდნობოდეს, როგორც ტერიტორიულ, ისე ეთნიკურ და თუნდაც ლინგვისტურ საფუძვლებს. თანამედროვე სამართლის თეორიაში გამოიყოფა ტერიტორიულ-სახელმწიფოებრივი ორგანიზაციის სამი ძირითადი ფორმა, ესენია: უნიტარული, რეგიონალისტური და ფედერაციული. ამ სამ ფორმას შორის ძირითადი განსხვავება კი დეცენტრალიზაციის ხარისხსა და ტერიტორიული ერთეულების ავტონომიურობაში მდგომარეობს.
უნიტარული სახელმწიფო ერთიანი, განუყოფელი სახელმწიფოა, სადაც ერთიანი პოლიტიკური ხელისუფლება ხორციელდება და რომელიც ერთადერთი უმაღლესი ხელისუფლებაა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ასეთ ქვეყნებში მოქმედებს საერთო კონსტიტუცია და კანონმდებლობა, პოლიტიკური ხელისუფლების ერთიანი ცენტრალიზებული სისტემა, ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ ერთეულებს არ გააჩნიათ რაიმე პოლიტიკური დამოუკიდებლობა, ისინი ერთიანი სამართლებრივი სტატუსით სარგებლობენ და გააჩნიათ თანასწორი დამოკიდებულება ცენტრალური ორგანოებისადმი.
რაც შეეხება რეგიონალისტურ სახელმწიფოს, აქ შესაძლოა, რომ ცალკეულ ტერიტორიულ ერთეულებს, სხვებთან შედარებით, განსხვავებული კონსტიუციურ – სამართლებრივი სტატუსი ჰქონდეთ, ანუ ზოგიერთ ერთეულს, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, შეიძლება უფრო ფართო თვითმმართველობის უფლება მიეცეს. მათი სპეციფიკა კი ხშირ შემთხვევაში გამოხატულია ეროვნულ, ეთნიკურ, ისტორიულ და სხვა ფაქტორებში.
Fფედერაციული სახელმწიფო რთული საკავშირო სახელმწიფოა, რომელშიც გაერთიანებულია რიგი ყოფილი სახელმწიფოები ან სახელმწიფოს მსგავსი წარმონაქმნები, რომლებიც ფედერაციის სუბიექტების სახელწოდებითაა ცნობილი. საერთო ფედერალურ დონეზე სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ორპალატიანი საკავშირო წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ, რომლის ზედა პალატაც სწორედ ფედერაციის სუბიექტების ინტერესებს გამოხატავს. ასეთ ქვეყნებში სახელმწიფოს ტერიტორიულ ერთეულებს სახელმწიფოებრიობის ძირითადი ელემენტები გააჩნიათ: საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება, სახელმწიფო აპარატი, ფინანსური დამოუკიდებლობა და სხვა. ფედერაცია შეიძლება იყოს სიმეტრიული და ასიმეტრიული. სიმეტრიული ფედერაციის ქვეყნებში ფედერაციის სუბიექტები თანაბარი უფლებამოსილებებით არიან აღჭურვილნი, ასიმეტრიული ფედერაციის დროს კი სახელმწიფოს შემადგენელ ნაწილებს განსხვავებული კონსტიტუციურ – სამართლებრივი სტატუსი აქვთ, ამასთანავე, ასეთ ქვეყნებში თანაბარი უფლებების მქონე სუბიექტთა გარდა არსებობენ ფედერაციის სხვა ტერიტორიული ერთეულებიც. ფედერაცია, ტერიტორიული ორგანიზაციის სხვა ფორმებისგან განსხვავებით, უფრო პროგრესულ და დემოკრატიულ ფორმადაა მიჩნეული.
ტერიტორიული ორგანიზაციის საკითხი საკმაოდ პრებლემურად გამოიყურება საქართველოს მაგალითზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტში ნათქვამია, რომ “საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა განისაზღვრება კონსტიტუციური კანონით უფლებამოსილებათა გამიჯნვის პრინციპის საფუძველზე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ.” აქ გარკვეულია, თუ რა პრინციპს დაეყრდნობა მომავალი კონსტიტუციური კანონი ქვეყნის ამა თუ იმ მოდელის დამკვიდრებისას, მაგრამ გაურკვეველია, თუ რა პრინციპით მოხდება ტერიტორიული ორგანიზება, რაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო მეტად ართულებს საკითხს.
საქართველოს უახლესი ისტორიული წარსული და დღევანდელი საზოგადოებრივ – პოლიტიკური ვითარება, სამწუხაროდ, არ აღმოჩნდა ის რეალობა, როცა შესაძლებელი იქნებოდა მოგვარებულიყო ქვეყნის ტერიტორიული ორგანიზაციის საკითხი და იგი ასახულიყო მოქმედ კანონმდებლობაში. მართალია, საქართველოს კონსტიტუცია ვერ გვაწვდის სულ პატარა მინიშნებასაც კი, რათა დავახასიათოთ საქართველო ამა თუ იმ ფორმისათვის დამახასიათებელი ელემენტების შესაბამისად, მაგრამ ცალკეულ დებულებათა მიხედვით შესაძლებელია განვიხილოთ მისი მდგომარეობა ამ ფორმათა მიხედვით და შევარჩიოთ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი.
საქართველოსათვის კლასიკური უნიტარული ფორმის განსაზღვრა, ვფიქრობ, არ იქნება მართებული. უნიტარიზმი ისწრაფვის გაერთიანებისკენ, ამოდის მთლიანობისა და ერთიანობის პრინციპებიდან და აყალიბებს ისეთ პოლიტიკურ ერთობას, რომლის წევრიც არც სახელმწიფო ხელისუფლების პარტნოირია და არც სახელმწიფო ხელისუფლების სუბიექტი. თავისთავად ის ფაქტი, რომ საქართველოს შემადგენლობაში ორი ავტონომიური რესპუბლიკაა – აჭარის და აფხაზეთის, ასევე სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, ვერ იქნება გარანტი იმისა, რომ საქართველო შეძლებს წლობით გადაუჭრელი პრობლემების მოგვარებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან და ტერიტორიული მოწყობის ფორმად უნიტარიზმს დაამკვიდრებს.
რეგიონალიზმის პრინციპი, ერთი შეხედვით, თითქოსდა მისაღები უნდა იყოს საქართველოსათვის, მაგრამ ავტონომიებისთვის განსხვავებული სტატუსისა და უფლებამოსილებების მინიჭებამ შესაძლებელია უფრო მეტად გაართულოს სიტუაცია როგორც თვით ავტონომიებს შორის, ასევე ცენტრსა და ავტონომიებს შორის. Aასევე არ არის გამორიცხული, რომ ასეთმა დაპირისპირებამ უფრო მეტად დაძაბოს სიტუაცია და კიდევ ერთი სამოქალაქო ომის დაწყების საშიშროების წინაშე დაგვაყენოს. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, საქართველოს ტერიტორიული მოწყობა ფედერალიზმისკენ უნდა გადაიხაროს.
როგორც უკვე აღინიშნა, ფედერაციის არსებობას უზრუნველყოფს ფედერაციული სისტემის ერთიან პრინციპზე აგება. ფედერაციის სუბიექტებს არ გააჩნიათ სრული სუვერენიტეტი, თუმცა ზოგიერთ საკითხებს ცენტრალური ხელისუფლების ჩაურევლად წყვეტენ: სამეურნეო და სოციალურ – კულტურული საკითხები და სხვ. ამასთანავე, ფედერალიზმი გულისხმობს ტერიტორიული ერთეულების გაერთიანებს იმ პრინციპით, რომ აუცილებლად იქნება დაცული მათი დამოუკიდებლობა. ფედერაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნიშანს წარმოადგენს ასევე ორმაგი მოქალაქეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი მოქალაქე ითვლება ფედერაციის და ფედერაციის შესაბამისი სუბიექტის მოქალაქედ.
ფედერაციული მოდელის სახელმწიფოში გამოიყენება გადასახადების ორარხიანი სისტემა: ფედერალური და ფედერაციის სუბიექტთა გადასახადები. აკრეფილი გადასახადები საერთო ფედერალურ ხაზინაში შედის და შემდეგ მათი ნაწილი გადაეცემა ფედერაციის სუბიექტს. ფინანსური დამოკიდებულება კი კიდევ ერთი ერთგვარი ბერკეტია ცენტრალური ხელისუფლებისათვის, რომლის მეშვეობითაც იგი აკონტროლებს ფედერაციის სუბიექტს.
ფედერაციულ სახელმწიფოში მოქმედებს სამართლის სისტემა, რომელიც აგებულია ცენტრალიზაციის, ერთიანობის პრინციპზე, მაგრამ ამავდროულად ფედერაციის სუბიექტებსაც შეუძლიათ შექმნან თავიანთი სამართლებრივი სისტემა. ხშირ შემთხვევაში მათ აქვთ უფლება მიიღონ საკუთარი კონსტიტუცია (რომელიც, თავის მხრივ, უნდა შეესაბამაბოდეს საკავშირო კონსტიტუციას).
ფედერაციის უმთავრესი საკითხია, ასევე კომპეტენციათა (ხელისუფლებათა) გამიჯნვა ცენტრალურ (საკავშირო) ხელისუფლებასა და ფედერაციის სუბიექტთა შორის, რაც ამ სუბიექტთა იურიდიულ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
საზოგადოდ აღიარებულია, რომ ფედერაციის არსებობა შესაძლებელია იქ, სადაც ხალხში გამომუშავებულია მოვალეობის გრძნობა, ვალდებულებების შესრულების და ხელშეკრულებებისადმი ერთგულება, შეთანხმების ხელოვნება და პოლიტიკური კომპრომისები. დანამდვილებით იმის თქმა, ქართველ ხალხში რამდენად არის გამომუშავებული აქ ჩამოთვლილი თვისებები, ძნელია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს ასეთი მოდელი საქართველოში არსებული რეალობისა გათვალისწინებით ჩემთვის ყველაზე მისაღებია, იმდენად, რამდენადაც აფხაზეთი და ოსეთი დღესდღეობით საქართველოს იურისდიქციას არ ექვემდებარებიან; და თუ ისინი თუნდაც ავტონომიური რესპუბლიკების სტატუსით შემოვლენ ჩვენი ქვეყნის შემადგენლობაში, ალბათ გაცილებით კარგი და მისაღები იქნება ყველასათვის, ვიდრე დღევანდელი გაურკვეველი მდგომარეობა.
ჩემს მიერ წარმოდგენილ ტერიტორიული მოწყობის პროექტში გარდა იმისა, რომ აფხაზეთისა და ოსეთის ავტონომიურ რესპუბლიკებს ექნებოდათ ფედერაციის სუბიექტთათვის დამახასიათებელი უფლებამოსილებები (სოციალური უზრუნველყოფა, განათლება, მეცნიერება, სპორტი, შიდარესპუბლიკური ტელე და რადიო კავშირი, ტრანსპორტი და ა.შ.), მათ შეიძლება მისცემოდათ ასევე საგარეო ურთიერთობებში მონაწილეობის, უცხო ქვეყნებთან კულტურულ-სამეცნიერო, სავაჭრო-ეკონომიკური, საგანმანათლებლო, ტურიზმის სფეროებში შეთანხმების დადების უფლება, ასევე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, საკუთარი ოფიციალური პოლიტიკური ფორმირების შექმნის უფლება. საჭიროების შემთხვევაში ასევე ამ ავტონომიებს შესაძლოა მივანიჭოთ უფლება – ისარგებლონ ფინანსური ავტონომიით.
აფხაზეთის და ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები პირები, რა თქმა უნდა, არიან ამ რესპუბლიკების მოქალაქეები და ფედერაციის შექმნის შედეგად ისინი ავტომატურად გახდებიან საქართველოს მოქალაქეებიც, შესაბამისად იქნებიან თანასწორუფლებიანნიც.
აქ ჩამოთვლილი პირობების განხორციელების შემთხვევაში, ვფიქრობ, სრულიად შესაძლებელი იქნება ერთიანი სახელმწიფოს სამართლებრივი საფუძვლების შექმნა.
ნანახია: 3989 | დაამატა: admin | რეიტინგი: 3.6/9 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz