ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-09, 10:38 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 17 » სამართლიანობა, როგორც სამართლის ღირებულებითი მასშტაბი
სამართლიანობა, როგორც სამართლის ღირებულებითი მასშტაბი
3:16 PM

ეს საცოდავი სამართლიანობა! მისი საზღვრები მთებსა და მდინარეებზე გადის,

რაც პირინეის აქეთ სამართლიანია, პირინეის იქით უსამართლობად ითვლება
პასკალი.

სწორედ ასეთია სამართლიანობა - სუბიექტური, ცვალებადი დამოკიდებული, გეოგრაფიულ საზღვრებზეც კი.

სამართლიანობის ცნების ჩამოყალიბება პრაქტიკულად შეუძლებელია. აღნიშნავენ მხოლოდ ერთს, რომ სამართლიანობას არ შეიძლება ჰქონდეს ზოგადი, უნივერსალური ცნების პრეტენზია. და ეს სრული ჭეშმარიტებაა.
მიუხედავად ამისა, გავბედავ და ვიტყვი, რომ სამართლიანობა წარმოადგენს ფასეულობით ღირებულებას, ერთ-ერთს იმ მიზნებიდან, რომელსაც ადამიანი ისახავს უკეთესი ცხოვრების მისაღწევად. “სამართლიანობა შეიძლება განვიხილოთ, როგორც “დიდი, კეთილი საქმე”, რომელსაც ცდილობს, რომ იცნობდეს კაცობრიობა” – აღნიშნავდა დენის ლოიდი. ჩემი აზრით, ეს “დიდი” და “კეთილი საქმე” შეიძლება წარმოადგენდეს, როგორც საშუალებას ისე თვითმიზანსაც. მაგალითად, ჩვეულებრივი ადამიანური ბედნიერება, რომლის მიღწევაც, დამეთანხმებით, ყველა ჩვეულებრივი (და ნორმალური) ადამინის მიზანია, და ჩვეულებრივი ადამიანური თავისუფლება, რომელიც გარკვეულწილად წარმოადგენს მის მიღწევის საშუალებას.
სამართლიანობა, როგორც ღირებულებით ფასეულობათა სისტემა, იცვლება დროისა და მდგომარეობის მიხედვით. მაგრამ ფაქტია, რომ ყოველთვის არსებობდა (და არსებობს) ერთი გლობალური მიზანი, რომელიც უნდა იყოს საწყისი, როგორც საზოგადოებრივი ურთიერთობის, ასევე სამართლისათვის. და ეს გლობალური მიზანი არის სწორედ, სამართლიანობა.
არსებობს მოსაზრება, რომ ნებისმიერ საზოგადოებას გააჩნია ღირებულებათა იერარქია, “თანაც ზოგიერთი მათგანი, ხშირად, საშუალებაა მეორეს – უფრო მაღალი ღირებულების მისაღწევად. მიიჩნევა, რომ საბოლოოდ სწორედ ეს მიიყვანს ადამიანს ე.წ. “აბსოლუტურ სიკეთემდე”. ”აბსოლუტური სიკეთე” იმდენად აბსტრაქტული ცნებაა, რომ მისი მნიშვნელობის არა თუ გაგება, წარმოდგენაც კი სცილდება ადამიანური, ყოველ შემთხვევაში ჩემი, ცნობიერების საზღვრებს. თუმცა შემიძლია ვივარაუდო , რომ “აბსოლუტური სიკეთის” მწვერვალი სამართლიანობაა. თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ თავად არისტოტელე მიიჩნევდა სამართლიანობას ღირებულებათა იერარქიის უმაღლეს საფეხურად. თუმცა არსებობს განსხვავებული მიდგომაც: “ღირებულება ასახავს დიდ და აბსტრაქტულ საბოლოო მიზანს, რომელიც თავის მხრივ არ აყალიბებს საშუალებას”.
სამართლიანობა სამართლის ღირებულებითი მასშტაბია (არისტოტელე).
სამართლიანობის იდეა ხშირად ასოცირდება სამართალთან. მაგრამ სამართლიანობა ბევრად უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე სამართალი და შეიძლება მისი პრინციპების “მოხმობა”, ყოველთვის როცა არსებობს რაიმე წესების ერთობლიობა. სამართალი უნდა “განასახიერებდეს” სამართლიანობას, რადგან ნორმა რომელიც არ არის სამართლიანი თავისივე თავის უარყოფაა, იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებაში მისი რალიზების პროცენტი ძალინ დაბალია (თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უსამართლო ნორმები არ არსებობენ). პირადად მე მიმაჩნია, რომ ზოგადად ნორმა უნდა იყოს კერძო გამოხატვა სამართლიანობის საერთო (და საყოველთაო) მისწრაფებისა.
სამართალსა და სამართლიანობას შორის საკმაოდ კონტრასტული მიჯნაა. მაგალითად, საარჩევნო უფლება, რომლითაც შეიძლება სარგებლობდეს ადამიანი, რელიგიური ეთნიკური და თქვენ წარმოიდგინეთ, ქონებრივი ნიშნის მიხედვითაც (ვგულისხმობ პასიურ საარჩევნო უფლებას), შეიძლება ფორმალურად რეალიზებული იყოს სამართლის მიერ, მაგრამ შეიძლება კი არჩევნებში მონაწილე სუბიექტთა ასეთ კლასიფიკაციას ვუწოდოთ სამართლიანი?!
ხშირად ისმევა კითხვა - სამართლიანია თუ არა თავად მოქმედი ნორმები? აღიარებულია, რომ ნორმაც შეიძლება იყოს უსამართლო. კანონიერი უსამართლობა სამართლის სერიოზული და დღესაც აქტუალური პრობლემაა. არისტოტელეს აზრით, ყველაფერი უსამართლო - უკანონოა. ”იდეა ის არის, რომ უსამართლო კანონი - კანონი არ არის”, - განმიმარტა ერთხელ ერთმა მეგობარმა.
რასაკვირველია, თავისუფალი “გამოყენებით” კანონმაც შეიძლება დაკარგოს თავისი სამართლიანობის არსი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამით ის არ შეწყვეტს კანონად ყოფნას, მისივე მკაცრი გამოყენებითი დანიშნულების გამო. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ კანონს ყველა თავისებურად კითხულობს და აღიქვამს ისე, როგორც მას აწყობს. სწორედ ამაშია ნორმის “ხიბლიც”. ამდენად უსამართლოდ შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი ნორმა და ეს დამოკიდებულია ნორმის ადრესატის მოთხოვნილებაზე, აღიქვას ნორმა მისივე რეალობიდან გამომდინარე ან აღიქვას ის ობიქტურად. ანდრე მორუა აღნიშნავდა – “კანონი მაშინ იქნება უსამართლო, როცა იქნება აბსურდული, და იქნება აბსურდული, როცა მისი აღქმა არ დაეფუძნება საღ აზრს.” ესეც ერთგვარი გადაწყვეტა დიდი პრობლემისა. თუმცა არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ანდრე მორუას ეს გენიალური ფრაზა ყველა კანონზე არ ვრცელდება. მაგალითად, კანონი, რომელიც არღვევს ადანიანის ბუნებით უფლებებსა თავისუფლებებს თავისთავად უსამართლოა და არ შეიძლება მისი უსამართლობის “ხარისხის” განსაზღვრა იმით, თუ რამდენად ეფუძნება მისი აღქმა საღ აზრს.
როგორც უკვე აღვნიშნე, სამართლიანობა იცვლება დროსთან ერთად (ან დროის მიხედვით). მაგალითად, ძველი ბერძნები სამართლიანობად უთანასწორობას მიიჩნევდნენ. დღეს კი თანასწორობა სამართლიანობის არსს შეადგენს. მართალია იურისტები მკაცრი ტონით აღნიშნავენ, რომ სამართლიანობა არ უნდა გავაიგივოთ თანასწორობასთან, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ თანასწორობა სამართლიანობის შინაარსის ერთ-ერთი განმსაზღვრელია. თანასწორობის პრინციპს ქრისტიანულ რელიგიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია.

თანასწორობა თავისთავად სამართლის ცნების შინაარსშიც ფიგურირებს, მაგრამ სამართალი ათანასწორებს ინდივიდებს კანონის წინაშე და არა ერთმანეთთან მიმართებაში. სწორედ ამაშია განსხვავება სამართალსა და სამართლიანობას შორის. სამართლინობა მოითხოვს თანასწორობას ყველგან და ყველაფერში (ამ პრინციპს ეყრდნობოდა კელზენის სამართლიანობის განაწილების 16 ფორმულიდან ერთ-ერთი: “თითოეულს თანაბარი”), რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს კანონზე ხშირად ამ პრინციპს საზოგადოება არღვევს. საზოგადოება განსხვავებულად აღიქვამს, მაგალითად, ინვალიდის შესაძლებლობებს და მას არ უთანასწორებს სხვა, ჩვეულებრივ ადამიანს. ინვალიდისათვის მოთხოვნის მინიმუმი გაცილებით დაბალია. ეს არ არის თანასწორობის პრინციპის მკაცრი დაცვა, მაგრამ ეს იმდენად ბუნებრივია, რომ სხვაგვარად ფიქრი გარკვეულწილად სისასტიკედაც ითვლება. აქედან გამომდინარე, იდეალური (და არა აბსოლუტური) თანასწორობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელსაც რასაკვირველია, საზოგადოება აღიარებს – არის შეფასებითი. ნორმა, რომელიც გამოიყენება რაიმე დისკრიმინაციის გარეშე თამამად შეიძლება ვაღიაროთ სამართლიანობის “განსახიერებად”. კანონის წინაშე იურიდიული თანასწორობა არ ნიშნავს ფაქტობრივ თანასწორობას არსებული ფაქტობრივი უთანასწორობის დაძლევა მოითხოვს განაწილების პროცესში სახელმწიფოს აქტიურ ჩართვას. ამ თვალსაზრისით თანასწორობა შეიძლება განვიხილოთ, როგორც სახელმწიფოს მიზანი. სახელმწოფო ცდილობს გაანეიტრალოს ფაქტობრივი უთანასწორობა. ამავე დროს, კანონის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციური ნორმა არ ავალდებულებს სახელმწიფოს დაამკვიროს ფაქტობრივი, აბსოლუტური თანასწორობა. ასეთი თანასწორობა უტოპიაა, რომელიც არ შეიძლება იყოს სახელმწიფოს გონივრული მიზანი. ამავე დროს კანონების უმეტესობაც ფორმალურად ითვლება სამართლიანად, მაგრამ სრულიად განსხვავებულია მათი რეალური მოქმედება საზოგადოებაში. ამის ნათელი მაგალითია ერთ-ერთი ინგლისელი მოსამართლის სიტყვები – “კანონი, როგორც სასტუმრო “Ritz”-ი ერთნაირად ღიაა, როგორც მდიდრების, ისე ღარიბებისათვის” (ცინიკური, მაგრამ დასაფასებელი სიტყვები, თუნდაც იმის გამო, რომ ასეთი გულწრფელია).
თანასწორობა ადამიანებს შორის იქამდე დარჩება უბრალო ფორმალობად, სანამ არ განისაზღვრება ცხოვრებაში მისი მინიმალური რეალიზების საშუალება. ამის განსახორციელებლად საჭიროა კონკრეტული საზოგადოების მორალური და სოციალური მოთხოვნილებების გათვალისწინება. საზოგადოებრივი თანასწორობის ფორმირებისას ასევე გასათვალისწინებელია, რომ სამართლიანობაზე საზოგადოების ყველა ფენას “მიუწვდებოდეს ხელი”. ამიტომაც თითქმის ყველა თანამედროვე სამართლებრივი სისტემა ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან უფასო ე.წ. საზოგადოებრივი ადვოკატის მომსახურების უზრუნველყოფას.
და ბოლოს “ადამიანი – არის კანონის მონა, და ის თავისუფალია სწორედ ამ მონობის წყალობით” (ციცერონი 77; 231). სამართალი სამართლიანობის გარეშე ვერ უზრუნველყოფს ინდივიდის თავისუფლებას. საზოგადოება, რომელშიც რეალურად არ მოქმედებს სამართლიანიბის პრინციპი ვერ განვითარდება. თუმცაღა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ “სამართლიანი სამართალი ღვთიური წესრიგია” (პლატონი), ზეციურის დედამიწაზე გადმოტანა კი ჯოჯოხეთს აწარმოებს (პოპერი).
ნანახია: 6920 | დაამატა: admin | რეიტინგი: 4.7/21 |
სულ კომენტარები: 1
1 davidtsin  
0
მაგალითად ერთ ნაც. იდეოლოგის ( განონმდებლობასთან და კანონშემოქმედებასთან ახლოს მდგომი) პიროვნების წერილი წავიკითხე სადაც ეწერა რომ - ,,შეუძლებელია სამართლიანობის ზოგადი ცნების ჩამოყალიბება.სამართლიანობის საყოველთაოდ აღიარებული ცნება არ არსებობს. სამართლიანობა განსხვავებულად ესმის ერთი და იმავე საზოგადოების წევრებსაც." - და ეს არის სრულიად მოძველებული მიდგომები და აზროვნება!!!... ეს ფრაზა თავისი შინაარსით, ბუნებით არასწორია და შასიშიც კი! რადგან თანამედროვე საზოგადოებაში (არარელიგიური მიმართებებით მსჯელობისას) ზოგადად სამართლიანობა უნდა ემყარებოდეს როგორც საყოველთაოდ აღიარებულ ადამიანის უფლებებს ასევე სამართლიანი ყველაფერი რაც ხელს უწყობობს ადამიანის, პიროვნების კეთილდღეობას, დაცვას, პიროვნების სოციალურ თუ ბიოლოგიური სახის პროგრესს... სამართლიანად არ შეიძლება ჩაითვალოს ის რაც ამის საწინააღმდეგოა! სამართლიანობის პრიორიტეტი უნდა ხორციელდებოდეს ადამიანზე, პიროვნებაზე... აქედან გამომდინარე შესაძლებელია სამართლიანობის მყარი პრინციპების განსაზღვრა, რომელიც ყოველი საზოგადოებისთვის და მისი წევრისთვის იქნება მისაღები და მოემსახურება მათ პროგრესს

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz