ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-09, 6:10 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 17 » ლუსტრაციის ქართული მოდელი
ლუსტრაციის ქართული მოდელი
3:19 PM
ლუსტრაციაზე და ძველ კადრებზე საუბრისას, საჭიროა მხედველობაში ვიქონიოთ კომუნისტური იდეოლოგიის მანქანის დამანგრეველი ძალა, რომელიც 1921 წლიდან მოყოლებული საქართველოშიც საკუთარ დავალებებს `შესანიშნავად~ ართმევდა თავს .
ევროპელი ექსპერტი გერჰარდ ლევენტალი მიიჩნევდა, რომ კომუნიზმი არ მომკვდარა, რადგან ძველი კადრები კვლავაც ასრულებენ საკუთარ სამუშაოს, რომ მანიპულაციისა და დეზინფორმაციის სისტემა კვლავაც არსებობს.
უშიშროების სამსახურების შექმნის საჭიროება ჩნდებოდა იმ ქვეყნებში, სადაც საბჭოთა ხელისუფლება მყარდებოდა: პოლონეთში, მაგალითად, 1940 წლიდან, გერმანიაში ცოტა უფრო მოგვიანებით, საქართველოში კი _ 1921 წლიდან. `KGB-ს სამეფოში~ ანადგურებდნენ ყველას, ვისაც ახალი სისტემისთვის შეეძლო საფრთხე შეექმნა.
საბჭოთა სისტემა თავის თავში არ გულისხმობდა რაიმე თვითრეგულირების მექანიზმს, როგორიც შეიძლება ყოფილიყო დასავლეთის ქვეყნებში საბაზრო ეკონომიკა ან დემოკრეტიული ინსტიტუტები, ამიტომ დამყარებული წყობილების მთავარ დასაყდენად უშიშროების სამსახური მოგვევლინა.
საბჭოური იდეოლოგიის დამანგრეველი ძალა ადამიანის აზროვნებაზე და საზოგადოების ნორმალურ ფუნქციონირებაზე ნათლად ჩანს პოლონური ბოლშევიზმის ერთ მცირე მაგალითშიც, რაც კიდევ ერთხელ მიგვახვედრებს, რამდენად რთული წარმოსადგენია ყოფილი კომუნისტის დემოკრატად გარდაქმნა. დამსაქმებელსა და დასაქმებულთა შორის წინააღმდეგობების დაძლევის გზა კომუნისტებისთვის ნამდვილად არ მიდიოდა შეთანხმებასა და მოლაპარაკების მაგიდასთან. უშიშროების სამსახური საკუთარი არაოფიციალურ თანამშრომელთა სისტემით საკმაოდ ეფექტურად შეიძლებოდა ამუშავებულიყო. 1947 წელს ერთ _ ერთი პოლონური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა საწარმოებში აგენტურის ამუშავების გეგმა შეადგინა. დიდ საწარმოებში გაფიცვების თავიდან ასაცილებლად (რომლის თაობაზეც ზემდგომები ყოველთვის გვიან იგებდნენ და მისი სპონტანურობისაც, ცხადია, არავის სჯეროდა), დაახლოებით ხუთიათასკაციანი საწარმოსთვის ორმოცდაათი ინფორმატორის მოძიება მიიჩნიეს საჭიროდ.
კომუნისტური დიქტატურის საფუძველს ქმნიდა პროპაგანდა და დეზინფორმაცია. ნაციზმისა და კომუნიზმიდან უფრო დიდი ბოროტების გამოვლენაც კი შესაძლებელია იმის მიხედვით, თუ დღესაც რომელი აგრძელებს თავის არსებობას და აყალბებს პოლიტიკას _ სამშობლოს ინტერესების დაცვის ხელოვნების თამაშის წესებს. ნაცისტურ დიქტატურასაც ახასიათებდა აგიტაცია და ფსიქოლოგიური ომი, თუმცა ის `მხოლოდ~ თორმეტი წელი გაგრძელდა და შეუქცევადი დასასრულისაკენ მიექანებოდა. რაც შეეხება კომუნისტურ დიქტატურას, მას ჰქონდა ერთი ცენტრი _ მოსკოვი, თუმცა სამოცდაათი წლის მანძილზე ის მოქმედებდა ნახევარ გერმანიაში, აღმოსავლეთ ევროპაში და ნაწილობრივ ცენტრალურ ევროპაშიც. კომუნიზმის მსხვრევისთანავე თანამდებობის პირები ალაპარაკდნენ, რომ კომუნიზმი მკვდარია. თუმცა, როგორც ერთი ექსპერტი ხატოვნად ამბობს, რადგან გვამი არავის უნახავს, მისი `გაცოცხლების~ საკითხს განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ.
აგენტურული ქსელი და, ზოგადად, ყველა ის კადრი რომელიც საბჭოურ იდეოლოგიას ემსახურებოდა ერთი ცენტრიდან იმართებოდა. ამაში მდგომარეებოს საყოველთაოდ ცნობილი კომუნისტური მონოლითური დიქტატურის მარტივი კონცეფცია _ სიმარტივე, რაც პროლეტარიატის დიქტატურას განსაკუთრებით `მიმზიდველს~ ხდიდა. ის გულისხმობს სიძლიერეს და არ მოითხოვს ტვინის დიდ ჭყლეტას. საინტერესოა, ძველი კადრები ახლა თუ ასრულებენ ვინმეს დავალებას. საბჭოეთის მსხვრევის შემდეგ ბრძანების გამცემი ცენტრი, ცხადია, აღარ არსებობს. მდგომარეობა კი ყოფილ საბჭოურ ქვეყნებში, იდეოლოგიის თვალსაზრისით, მართლაც ქაოტური გახდა. სწორედ ამიტომ ამ ქვეყნებში პოლიტიკური ბატალიები გაუთავებელი ურთიერთბრალდებებით მიმდინარეობდა _ თუ ვინ ვის და რას ემსახურება.
საჭირო იყო, პოლიტიკურ წარსულს ამ ქვეყნებში მისცემოდა სწორი შეფასება, მათ შორის სანათლებრივი თვალსაზრისითაც. ეს იქნებოდა ამ ქვეყნების პოლიტიკური სინდისის გამოხატულება, რასაც დაეფუძნებოდა ახალი დემოკრატიის მშენებლობა და პოლიტიკური ელიტის ცნობიერების გარდაქმნა დასავლეთის მიმართულებით სარგებლიანობის პრინციპს არ უნდა დამყარებოდა მხოლოდ. გარდა მოქალაქეობის შესახებ რამდენიმე დებულების (რუსეთი და ბალტიის სახელმწიფოები) და ყოფილი საიდუმლო აგენტების მიმართ შეზღუდვებისა ყოფილ აღმოსავლეთ გერმანიის, ჩეხეთის და ლიტვიის რესპუბლიკაში, არ ყოფილა შემოღებული სერიოზული ღონისძიებები ყოფილი კომუნისტური რეჟიმის მხარდამჭერთა წინააღმდეგ. ჩანდა, თითქოს მოსახლეობის დიდ ნაწილს განუყოფელი ინტერესი ჰქონდა დამხობილ რეჟიმებში. სინამდვილეში ეს, ისევ და ისევ, მართველი ელიტის ძველი მეთოდებით ბრძოლის ბრალი იყო.
ძველ ხელისუფალთა პირობებში ქართული საზოგადოება უძლური აღმოჩნდა შეექმნა აზროვნების ახალი კულტურა, და თვითრეგულირების ნამდვილი მექანიზმი. ერთადერთი იდეოლოგიური სიახლე ის იყო, რომ საკუთარი რწმენის გამო ადამიანებს კომუნისტური პარტიის შიში აღარ ექნებოდათ. სწორედ ამიტომ ხალხს ჰქონდა უნდობლობა ყველაფერ იმის მიმართ, რასაც ძველი კადრები მოიმოქმედებდნენ. მათ შორის, სამართლებრივი თვალსაზრისითაც. როგორც ერთი კონსტიტუციონალისტი აღნიშნავს, ბევრი ადამიანისთვის პოსტსაბჭოური ახალი კონსტიტუციაც შიშისმომგვრელი იყო, რადგან პოსტკომუნისტურ ქვეყნების უმრავლესობაში კონსტიტუციები კომუნისტების ან ყოფილი კომუნისტების მონაწილეობით იწერებოდა. ანუ ამ ძველი კადრების `დამსახურებებს~ საზოგადოების წინაშე კიდევ ის შეემატა, რომ მათი წყალობით კანონის უზენაესობის და დემოკრატიის საყოველთაო ფასეულობებს ღირსებები შეუმცირდა მოქალაქეების წარმოდგენაში.
საქართველოში ლუსტრაციის კანონის მიღების პოლიტიკური მიზანშეწონილობა, ცხადია, არავისთვისაა სადავო. რაც შეეხება იმას, რომ კონკრეტული აგენტების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მექანიზმი ვერ შეიქმნება, რადგან არქივი, რომელიც არის იურიდიული მტკიცება საბჭოთა კავშირის დროს ამა თუ იმ პიროვნების უშიშროების ორგანოებთან თანამშრომლობის შესახებ, გატანილია რუსეთში. სამაგიეროდ, წინა მოწვევის პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარის განცხადებაც ადასტურებს, რომ საქართველოში არის ინფორმაცია ყველა იმ პიროვნებაზე, რომელიც ამ პერიოდში საიდუმლოდ თანამშრომლობდა უშიშროების სამსახურებთან. არქივის სხვა ქვეყანაში არსებობის პრობლემა არ არის მხოლოდ საქართველოში. მაგალითად, გერმანიაში საკითხის გადაწყვეტას პოლიტიკური მოლაპარაკებებით ცდილობდნენ. სახელმწიფო უშიშროების დოკუმენტები გერმანიაში დღემდე პრობლემური საკითხია. დემოკრატიული რესპუბლიკის დანგრევის შემდეგ ეს დოკუმენტები როგორღაც ამერიკული საიდუმლო სამსახურის ხელში აღმოჩნდა. გერმანიის ფედერაციული მთავრობა იმთავითვე ითხოვდა ვაშინგტონისაგან "Rosewood" – ის დოკუმენტების გამოქვეყნებას, რომელიც ათასობით არაოფიციალური თანამშრომლის საქმეს მოფენდა ნათელს. გერმანიის გაერთიანების შემდეგ შეიმჩნეოდა ტენდენცია, რომ დემოკრატიული რესპუბლიკის ყოფილი კომუნისტური ნომენკლატურა საკუთარ პოზიციებს კვლავ იმყარებდა. ამერიკისთვის უშიშროების აგენტურის ბედი თითქოს სულერთი უნდა ყოფილიყო, თუმცა მისმა ორჭოფობამ დოკუმენტების გამოქვეყნების თაობაზე გერმანელ ექსპერტებს გაუჩინა აზრი, რომ ამ ყოფილ აგენტებს ამერიკა გერმანიაში საკუთარი ინტერესებისთვის აამუშავებდა. პარალელურად ისმებოდა საკითხიც, რომ თუ ეს დოკუმენტები მაღალი რანგის პირებსაც გამოავლენდა, როგორ ამოქმედდებოდა მათთვის პოლიტიკური სანქციები. ამ საკითხზე იმართებოდა შეხვედრები შროდერსა და კლინტონს შორის. არაოფიციალური შეხვედრების დროს, როგორც ჩანს, იმის შესაძლებლობასაც არავინ გამორიცხავდა, რომ "Rosewood" – ის დოკუმენტების დუბლიკატები რუსეთის სპეცსამსახურებსაც გააჩნდათ.
ლუსტრაციის კანონის მიღება საქართველოში – ეს იქნება როგორც საზოგადოების, ისე მთელი პოლიტიკური სპექტრის გამოცდა. ეს არ არის ვინმეს მიმართ რაიმე სახის შურისძიება, არამედ საბჭოთა წყობილების გაკიცხვა, მთელი მისი ბოროტების და მახინჯი სურათის უკუგდება საზოგადოების მიერ. ნატოში გაწევრიანების მსურველი ქვეყნისთვის მართლაც, რომ აუცილებელია ყველა იმ იდეოლოგიური სიმახინჯისაგან გათავისუფლება, რაც საბჭოთა რეჟიმმა მოიტანა და დღესაც განაგრძობს არსებობას, როდესაც ძველი კადრები კვლავაც პოსტებს "დარაჯობენ".
კანონპროექტის მიერ შემოთავაზებული თანამდებობრივი შეზღუდვები ოპტიმალურია (მუხლი 1 თანამდებობრივი შეზღუდვები) და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტს: "საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს". კანონპროექტის მიხედვით დაწესებული თანამდებობრივი შეზღუდვები ემსახურება საჯარო ინტერესს და თანაზომიერია, რადგან იგი მიზნად ისახავს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას, სახელმწიფოსა და მოსახლეობი ინტერესების დაცვას, აგრეთვე იმ პირთა უსაფრთხოების დაცვას, რომლებიც თანამშრომლობდნენ ყოფილი სსრკ-ს სპეციალურ სამსახურებთან.
საქართველოს კონსტიტუციის მეხუთე მუხლში გამოხატული პრინციპი – საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი – ნამდვილად არ განეკუთვნება სამართლებრივი რომანტიკის სფეროს. ხალხის წარმომადგენლებს, რომელთა მეშვეობითაც ხალხი ახორციელებს საკუთარ ძალაუფლებას, პასუხისმგებლობის ყველაზე საპატიო ტვირთი აწევთ, ამიტომ სრულიად მართებლია კანონის მიერ სახელმწიფო ხელისუფლების სამივე შტოს თანამდებობებზე შეზღუდვების დაწესება იმ პირებისთვის, რომელთაც საბჭოურ იდეოლოგიასთან ბევრი ჰქონდათ საერთო. ამავე მიზეზითაა გათვალისწინებული კანონით თანამდებობრივი შეზღუდვები საქართველოს სსრ ტელერადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარისათვის. არავისთვისაა დამალული, რაოდენ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საბჭოური იდეოლოგიისათვის ტელერადიომაუწყებლობას.
კანონის პირველსავე მუხლში საბჭოთა აგენტურული ქსელი ფუნქციონალური მრავალფეროვნებითაა წარმოჩენილი, რაც თითქმის ყველა ქვეყანაში, სადაც საბჭოური მექანიზმი მოქმედებდა, მსგავს ხასიათს ატარებდა. მაგალითად, გერმანიის ყოფილ დემოკრატიულ რესპუბლიკაში სახელმწიფო უშიშროების სამსახურის არაოფიციალურ მუშაკებს განსხვავებული დავალებები ჰქონდათ მინდობილი და ამის მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებად იყოფოდნენ: საიდუმლო მუშაკები, რომელთაც შეეძლოთ
_ აგენტურულ ქსელში ჩაერთოთ ცალკეული პირები,
_ კავშირის ქონა პირებთან და მათზე მონაცემების შეგროვება, რომლებიც კომუნისტური წყობის მტრულ ქმედებებში იყვნენ შემჩნეულნი,
_ კონსპირაციული ბინების საჭიროებისამებრ უზრუნველყოფა, ბინაში საიდუმლო შეხვედრების ორგანიზება.
იყვნენ მთავარი ინფორმატორები, რომლებიც თვალყურს ადევნებდნენ ინფორმატორთა საქმიანობას და ევალებოდათ მათი სანდოობის შემოწმება. იყვნენ პირები, რომელთაც უშიშროებისათვის სამსახურის გაწევა საკუთარი თანამდებობით შეეძლოთ. არაოფიციალურ თანამშრომელთა ნაწილი ზრუნავდა კონსპირაციულობის დასაცავად: ისინი თანამშრომლობდნენ საზოგადოებასთან და უნდა წარმოჩენილიყვნენ, როგორც ადამიანის უფლებათა დამცველები და დემოკრატიულ ჯგუფებთან მხარდაჭერის მზადყოფნა დაეფიქსირებინათ. არაოფიციალურ თანამშრომელთა ყველაზე `საპატიო კოლექტივს~ ის კადრები წარმოადგენდნენ, რომელთა სამსახურითაც ხანგრძლივი ვადით სარგებლობდა უშიშროება _ მათ გააჩნდათ ახლო კავშირები წყობილების შიდა და საგარეო მტრებთან.
ლუსტრაციის ქართულ კანონპროექტს არც სიფრთხილი აკლია და სანქციის საჭირო დოზასაც შეიცავს: ის არ ითვალისწინებს აგენტების სიის საჯარო გამოქვეყნებას და მხოლოდ მაღალი თანამდებობის მაძიებლებს ზღუდავს იმუშაონ სახელმწიფო სამსახურში. არჩევითი თანამდებობებისთვის დაწესებულია კანდიდატების შესახებ მონაცემების სავალდებულო გამოქვეყნება, რაც გულისხმობს, რომ არჩევნებზე კანდიდატის რეგისტრაციისას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა გამოითხოვოს ინფორმაცია კანდიტატის შესახებ და თუ ის საბჭოთა სპეცსამსახურების თანამშრომელი აღმოჩნდება, ეს ინფორმაცია საჯაროდ უნდა გამოაქვეყნოს. კანონის მიღების შემთხვევაში, თუკი, მაგალითად, მოქმედი პარლამენტარების წარსულში საბჭოთა უშიშროებასთან თანამშრომლობა დადასტურდება, მათ შესახებ ინფორმაცია ცნობილი უნდა გახდეს საზოგადოებისათვის, ხოლო კანონპროექტში ჩამოთვლილ პირებს თანამდებობის დატოვება მოუწევთ. კონფინდენციალურობის პრინციიპი მხოლოდ მაშინ იქნება დაცული, თუ ლუსტრაციის შესახებ კანონის ამოქმედებიდან ექვსი თვის ვადაში საიდუმლო თანამშრომლები ნებაყოფლობით აღიარებენ სპეცსამსახურებთან მათ კავშირს. კანონის ეს დანაწესის მიუთითებს, რომ კანონი არ არის გათვლილი ხმაურიანი რეზონანსისთვის და საზოგადოების ინტერესებს ემსახურება. ანუ კომისია საჯაროდ აცხადებს ამ პირთა ვინაობას და მონაცემებს თუ: ა) პირი, რომელიც თანამშრომლობდა სპეცსამსახურებთან არ განაცხადებს ამის შესახებ ნაბაყოფლობით ამ კანონის ამოქმედებიდან ექვსი თვის ვადაში ან კომისიას მიაწოდებს ყალბ ინფორმაციას და ბ) თანამდებობის პირი ამ კანონის წინააღმდეგ არჩეულია და დანიშნული ამ კანონით დადგენილ თანამდებობაზე.
სახელმწიფო კომისია, რომელიც, კანონის თანახმად, საიდუმლო თანამშრომლების მონაცემებზეა პასუხისმგებელი, იქმნება პრეზიდენტის მიერ და მოქმედებს გარკვეული თვალსაზრისით პარიტეტულ საწყისებზე, რადგან კომისიაში თითო წევრის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს პარლამენტის ფრაქციებს.
მოცემული კანონი საკმაოდ ფრთხილ რეგულირების მექანიზმს გვთავაზობს, რაც იმის გარანტიაა, რომ ეს საზოგადოებას კი არ გათიშავს, არამედ კიდევ უფრო დაახლოვებს საკუთარი ქვეყნის ინტერესებთან, მაგალითად, კანონპროექტის მიხედვით, `რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულებს და მათი ოჯახის წევრებს უფლება აქვთ მიიღონ ყველა ოპერატიული მონაცემები მათი ბრალდების საქმეზე კონკრეტული პირების ვინაობის გამხელის გარეშე~. შესაბამის პირს აქვს უფლება გაასაჩივროს სასამართლოში კომისიის გადაწყვეტილება. სასამართლოში სარჩელის მიღება აჩერებს კომისიის გადაწყვეტილების მოქმედებას, ანუ სრულადაა შენარჩუნებული უფლების სასამართლო წესით დაცვის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება.
ექსპერტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით უსიამოვნო და ფსიქოლოგიურად დამთრგუნველია მოსახლეობისათვის, როდესაც სამუშაო ადგილზე გამოცხადებულ ადამიანებს კვლავაც ძველი უფროსების ბრძანებების შესრულება უწევთ. ასეთი პრობლემა შეიქმნა ყველა პოსტსაბჭოურ ქვეყანაში. შეიძლება თუ არა, რომ კომუნიზმის ყოფილი მსახურები დემოკრატებათ გარდაქმნილიყვნენ? საბჭოთა სისტემის დაშლის შემდეგ დარჩენილ უშიშროების სამსახურის მუშაკებზე ერთ _ ერთი გერმანელი დოკუმენტალისტი გონებამახვილურად უთითებს: ამ ნიბელუნგებს ახლა აღარ აქვთ `სამშობლო~ და ამის გამო დიდად წუხან. თუმცა მათ საკმაოდ მოქნილი `მოძრაობებით~ თავი ახალ სისტემაშიც დაიმკვიდრეს. სწორედ აქ ისმის კითხვა: ეს ძველი კადრები ახლა რა მიზნებს ემსახურეებიან და რა საშუალებებით.
მეოცე საუკუნეში ბოლშევიზმმა დაამკვიდრა ფსიქოლოგიური ომის ფენომენი. კომუნიზმის იდეოლოგები საერთაშორისო ურთიერთობებშიც სიყალბის მიმდევარნი იყვნენ. მათ მიერ სამშვიდობო პოლიტიკა თეატრალიზებულად იყო წარმართული და კაპიტალისტური ქვეყნებისადმი მგობრული ნაბიჯები მათი დამცავი ღვედების შესუსტებას ცდილობდა, რათა `მტრები ერთი მუშტის დარტყმით მიმოეფანტათ~. საჯაროობისა და გარდაქმნის ეპოქაც იყო ტაქტიკურ _ სტრატეგიული და არა იდეოლოგიური ცვლილება. ეს პრაქტიკა ჩვეულია საბჭოთა სამოცდაათწლიანი ისტორიისთვის. 1936 წლის `დიდი~ სტალინური კონსტიტუცია მსოფლიოს გასაბრიყვებლად დაიწერა მაგრამ მაშინაც და ოთხმოციანი წლების ბოლოსაც მსოფლიოს, ან მის ნაწილს მაინც, სურდა გაბრიყვებული ყოფილიყო და გარკვეული დროით ასე მოტყუებული დარჩა.
პოსტსაბჭოურ ქვეყნებში უნდა აღმოეფხვრათ თავად დეზინფორმაციის შექმნა – გავრცელების მეთოდები (თავად ეს ცნებაც `დეზინფორმაცია~საბჭოთა საიდუმლო სპეციალური სამსახურების სამუშაო ენიდან მომდინარეობს და ყველა აღმოსავლეთ ევროფის ქვეყანაში და დასავლეთშიც საკუთარ საქმეს ეფექტურად ემსახურებოიდა, მათ შორის ჟურნალიზმის დახმარებით).
ევროპაში ხშირად საუბრობენ, თუ როგორ არის გაყალბებული იმ ადამიანების ფსიქიკა რომლებიც ემსახურეობდნენ საბჭოთა უშიშროებას. მაგალითად, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო უშისროების სამსახურის აგენტურის განყოფილების უფროსის – მარკუს ვოლფის შემთხვევა. მის მიერ დაწერილ წიგნზე საუბრისას, ერთი მეცნიერი აღნიშნავდა, რომ ეს დეზინფორმაციის დიდოსტატი წიგნის თითქმის ყველა გვერდზე სიცრუეს და ყალბი წარმოდგენის შექმნას ემსახურებოდა და მხოლოდ იმ პერსონების გამოაშკარავებით იყო დაკავებული, რომლებიც უკვე ცოცხლები აღარ იყვნენ.
გერმანიაში არსებული დოკუმენტებიდან გამოვლინდა გარკვეული ინფორმაცია აგენტების მუშაობასთან დაკავშირებით. მაგალითად, არაოფიციალურ თანამშრომლებს ყავდათ მათზე პასუხისმგებელი ცალკეული ხელმძღვანელი ოფიცრები, რომელთა მუშაობის სისტემა ეფუძნეობდა იმას, რომ პოტენციურად ყველა ადამიანი შეიძლებოდა გამხდარიყო მათი არაოფიციალური თანამშრომელი. უბრალოდ, მათ საქმე ჰქონდათ განსხვავებულ `მატერიასთან~ და თითოეულს ინდივიდუალური დამუშავება ესაჭიროებოდა. პოლონეთის უშიშროების სამსახურის ოფიცერი ინტერვიუში აცხადებდა, რომ არაფერი არსებობდა უშიშროების სამსახურის გარდა, რომელიც საზოგადოების მონოპოლიურ კონტროლს ახორციელებდა. სხვა ოფიცრების მსგავსად, ისიც დარწმუნებულია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მათთვის მუშაობდა: `როდესაც გზაზე მივდიოდი ვფიქრობდი, რომ ნებისმიერი შეიძლებოდა ყოფილიყო ჩვენი თანამშრომელი~. ამ ოფიცერს არც ის დაუმალავს, რომ მათ მიუღწეველ იდეალს წარმოადგენდა _ ხალხს ერთმანეთი დაებეზღებინათ ისე, რომ ამის გააზრებაც ვერ მოესწროთ. ცხადია, ასე თავისუფლად ეს უშიშროების ოფიცრი არ ისაუბრებდა ჩვენების მიცემის დროს სასამართლოში. ასე მოხდა პოლონეთში, როდესაც ლუსტრაციის საფუძველზე მიმდინარე პროცესის დროს, რომელიც გარკვეულწილად ყოფილ პოლიტიკურ ლიდერ ვალესასა და პოსტკომუნისტ პრეზიდენტ კვაშნევკისაც შეეხებოდა, უშიშროების ჩინოსნები ისე იქცეოდნენ, თითქოს არაფერი იყო გასახსენებლად მნიშვნელოვანი მათი ძველი საქმიანობიდან.
ლუსტრაციის თემის აქტუალიზება რომ პოლიტიკურ ნები სფეროს განეკუთვნება, პოლონეთის შემთხვევაც ადასტურებს. აქ საგამოძიებო კომისიის შექმნა ყოველთვის წინააღმდეგობებს აწყდებოდა. მხოლოდ 1997 წწლს პარტია "სოლიდარობის" გამარჯვების შემდეგ გახდა შესაძლებელი შესაბამისი კანონის მიღება. თუმცა მასში ტაქტიკურ _ პოლიტიკური მოსაზრებებით გარკვეული ცვლილებები შეიტანეს. კანონის საფუძველზე დაარსდა ეროვნული ხსოვნის ინსტიტუტი, რომელმაც უნდა გამოიკვლიოს და შესაძლებელი გახადოს იმ ადამიანების სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რომლებიც კომუნიზმის პერიოდში ადამიანის უფლებებს არღვევდნენ. ინსტიტუტი აგროვებს და ინახავს სათანადო დოკუმენტებს, რათა ხელმისაწვდომი გახადოს ამ დანაშაულის სხვერპლთა, საგამოძიებო ორგანოებისა და მეცნიერული კვლევებისათვის. ამ ინსტიტუტს გააჩნია სახელმწიფო ბრალმდებლის ფუნქცია. დანაშაულის ახალი სახე – კომუნისტური დანაშაული კანონის მეორე მუხლში ასეა განმარტებული: "კომუნისტურ დანაშაულად ეს კანონი მიიჩნევს ქმედებებს, რომლებსაც კომუნისტური ხელისუფლების წარმომადგენლები ახორციელებებდნენ ცელკეული პიროვნებებისა და ადამიანთა ჯგუფების წინააღმდეგ რეპრესიების ან ადამიანის უფლებათა დარღვევის სხვა ფორმების მეშვეობით".
გერმანული პროცედურისაგან განსხვავებით, პოლონეთის შემთხვევაში ვიდრე ეს დოკუმენტები გამოავლენენ უშიშროების ყოფილ აგენტებს, მათ თავად უნდა აღიარონ ეს, რადგან იმ შემთვევაში, როდესაც რომელიმე პირის შესახებ დოკუმენტი არ იარსებებს, ამ პირებს არ ჰქონდეთ საშუალება თავიდან აიცილონ ყოფილი აგენტობის ნეგატიური შედეგი.
პოლონეთში ამ პირების გამომჟღავნებას განსაკუთრებულად უდგებიან. უშიშროების საქმიანობის ის მომენტებია წინ წამოწეული, რომელიც ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში იჭრებოდა. მზარდი დემოკრატიის პირობებში, რომლის ცენტრი ცალკეული ინდივიდის უფლებების დაცვაა, პოლონური საზოგადოება დიდი ინტერესით ელოდება ამ დოკუმენტების მეშვეობით პატარა ცხოვრებისეული ისტორიების გაცნობას, რომელიც უშიშროების სამსახურის პირობებში მრავალფეროვან მანიპულაციას ექვემდებარებოდა.
საქართველოში საკითხი იმის თაობაზე, როგორი იქნება ჩვეულებრივ მოქალაქეთა პოზიცია და, საერთოდ, მოსალოდნელი საზოგადოებრივი რეზონანსი გამოვლენილი აგენტების მიმართ იმ კუთხით უნდა დაისვას, რომ საზოგადოებას სჭირდება საკუთარ ისტორიულ წარსულზე დაფიქრება. (საქართველოს ისტორიის უკანასკნელ პერიოდში ძალზე ბევრი ფაქტი დაგროვდა, რომელიც უშედეგოდ ელოდება არათუ სამართლებრივ, პოლოტიკურ შეფასებასაც კი). სწორედ ამ ძველი კადრების ბრალია, რომ ქართული საზოგადოება ვერ გათავისუფლდა ერთი კომპლექსისაგან პოლიტიკის და პოლიტიკოსის შეფასებისას _ რომ პოლიტიკა ბოროტების სფეროა, რომ აქ ვერავინ ვერაფერს მიაღწევს აკრძალული მეთოდების გარეშე, რომ `სუფთა~ ადამიანი დამარცხდება ან მის სინდისს შავი ლაქები დააჩნდება. საჭიროა, საზოგადოებაში არსებობდეს ბუნებრივი დამოკიდებულება ისტორიული რეალობის მიმართ. აღარ უნდა გვესმოდეს მავანთა მხრიდან გაკოტრებული არგუმენტაცია და უაზრო ურთიერთბრალდებები აგენტურული საქმიანობის თაობაზე და ამ თემებზე აპელირებით საზოგადოებას რაღაც ბუნდოვანი ვარაუდები და ეჭვები არ უნდა უჩნდებოდეს ანუ საბოლოოდ უნდა ვთქვათ უარი საბჭოური ბრძოლის ხერხებზე და ვაკმაროთ ყველას, ვინც დემოკრატიის ნიღაბქვეშ სახელმწიფოს ინტერესებს კერძოზე ცვლიდა.
ნანახია: 1119 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz