ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-09, 8:22 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 17 » ინფორმაციის თავისუფლება, როგორც ბალანსირების მექანიზმი
ინფორმაციის თავისუფლება, როგორც ბალანსირების მექანიზმი
3:22 PM

0.1. ტერმინთა განმარტება:

1) საჯარო ინფორმაცია: საჯარო დაწესებულებაში დაცული ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს ნებისმიერი დაინტერესებული მხარისაგან გაცნობის შესაძლებლობას.

2) საზოგადოებრივი ინფორმაცია: მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც ექვემდებარება საქართველოს კონსტიტუციის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონით (მუხლი 24) მოწესრიგებას, აგრეთვე შემოქმედებით-ინტელექტუალური ხასიათის მოღვაწეობა, რომელიც მოწესრიგებულია საქართველოს კონსტიტუციის ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლების შესახებ კანონით (მუხლი 23).

0.2. ცნებათა განმარტება: უფლებისა და თავისუფლების ცნებები.

 

უფლება არის მოქმედების დაკანონებული, კანონით დაცული ალტერნატივა, რაც მდგომარეობს მის არჩევის შესაძლებლობაში, ანუ მოქმედებასა ან უმოქმედობაში. უფლება შეიძლება ორი სიტყვითაც გამოიხატოს: "კი/არა", საიდანაც ან "კი" უნდა აირჩიო, ან "არა", ხოლო არჩევანზე უარის თქმის უფლება არ გაქვს, რადგან ასეთი უარი უარყოფად - "არად" ჩაითვლება.
უფლება სუბიექტის ობიექტისადმი დამოკიდებულებაში გამოიხატება, ხოლო უფლების განხორციელება ამ დამოკიდებულების გამომჟღავნებაა.
თავისუფლება უფლების წინარე სტადიასაც მოიცავს, ანუ უფლებისმიღმური კატეგორიაა. თავისუფლება აღნიშნავს არა დამოკიდებულების ხასიათს (პოზიტიური/ნეგატიური) და ამით ქმედების ალტერნატივას (მოქმედება/უმოქმედობა), არამედ – ობიექტის ალტერნატივას, ანუ ობიექტის არჩევის თავისუფლებას (ამასთანავე, მიმართება ობიექტისადმი, ამ ობიექტის არსებობაზეა (არჩევაზე) დამოკიდებული, რადგან ობიექტის უარყოფის შემთხვევაში, დამოკიდებულებაც უარყოფილი იქნება, ვინაიდან ობიექტის გარეშე მიმართება ვერ იარსებებს). თუკი უფლების სფეროში ობიექტი განსაზღვრულია და დასადგენია მხოლოდ მიმართება სუბიექტისა, თავისუფლების სფეროში ობიექტიც განუსაზღვრელია, ანუ მიმართება შესაძლებელია განისაზღვროს არსებულთაგან ნებისმიერ ობიექტზე, ასეთის არჩევის შემთხვევაში. უფრო ნათლად კი, თავისუფლება მოიცავს ნებას უფლების განხორციელების შესახებ; თუკი უფლება უნდა განხორციელდეს აუცილებელი ნების გამოვლენით და გულგრილობაც ნებად მიიჩნევა, თავისუფლება ნებაყოფლობით მოთხოვნას (შესრულებას) ეფუძნება და ამ შემთხვევაში საკვანძო საკითხს წარმოადგენს უფლების მიმართ მიმართების გამოვლენა, რომელიც (მიმართება) ითვალისწინებს ინდიფერენტულობასაც, ამ დროსაც თავისუფლების სფეროში ხდება მოქმედება.
ამდენად, ინფორმაციის განსაზღვრისას, უფლებისა და თავისუფლების მიმართება სხვადასხვა შემთხვევებს მოიცავს. კერძოდ, უფლებრივი დამოკიდებულება გვექნება საჯარო ინფორმაციის სფეროში, სადაც ობიექტი განსაზღვრულია (საჯარო დაწესებულებებში დაცული ინფორმაცის სახით, გარდა საიდუმლო (პირადი/კომერციული/სახელმწიფო) ინფორმაციისა) და უნდა დადგინდეს მიმართება უფლებრივი ქმედების ობიექტისადმი (შეუძლია პირს მოითხოვოს ეს ინფორმაცია, ან არ მოითხოვოს), ხოლო თავისუფლება განხორციელებადია საზოგადოებრივი ინფორმაციის სფეროში, სადაც ობიექტი არ არის განსაზღვრული კონკრეტული ობიექტის სახით (ნებისმიერი ინფორმაცია: დაწერილი, დაუწერელი, პრესა, ტელევიზია, რადიო, ინტერნეტი, რაც კი რამ აზრისა და შეხედულების სახით არსებობს, ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ, ა.შ.), ხოლო მიმართება დაუდგენელია, რადგან ობიექტია განუსაზღვრელი.
უფლების განხორციელება გულისხმობს მოთხოვნას ამ უფლების დაცვის შესახებ (მაგალითად, სიცოცხლის უფლება გულისხმობს მოთხოვნას სიცოცხლის დაცვის შესახებ. ამ შემთხვევაში მიმართება არის მოთხოვნა, - დაცვა, ობიექტი კი – სიცოცხლე), თავისუფლება ასეთ მოთხოვნას არ შეიცავს პირდაპირი ფორმით, არამედ პირის შესაძლებლობებს ემყარება (მაგალითად შრომის თავისუფლება არ შეიცავს სახელმწიფოსთვის დასაქმების მოთხოვნას, არამედ საკუთარი შესაძლებლობებით, თუ ამის სურვილი იარსებებს, სამუშაოს შოვნას. ამ შემთხვევაში, დასაქმების სურვილი იქნება თავისუფლების განხორციელება, სამუშაოს შოვნა კი – შრომის უფლებისა; უფლების სფეროში ჩარევას წარმოადგენს შრომის აკრძალვა, რასაც ხშირად ადგილი აქვს პროვინციული აზროვნების ოჯახებში)
უფლების სფეროში ჩარევა არსებობს, როდესაც მიმართებას ზღუდავენ ნების საწინააღმდეგო განსაზღვრით (მაგალითად, პირს მუქარის ძალით აიძულებენ უარი თქვას საზღვარგარეთ გამგზავრებაზე, რომელიც მას პიროვნული დამსახურებით ჰქონდა მიღწეული) ანდა ნების გამოვლენის აუცილებელი იძულებით.
თავისუფლების სფერო, - უფლებისაზე უფრო ფართოა და არსობრივად უფლებასაც შეიცავს. კონკრეტული თავისუფლების სფეროში ჩარევა ხდება ნების გამოვლენის გარე სტადიაზეც, როდესაც სუბიექტს უზღუდავენ ობიექტს (არსებული მრავალიდან განუსაზღვრავენ ერთ-ერთს, ანუ ნების უგულვებელყოფით ქმნიან კონკრეტულ ობიექტს აბსტრაქრული ობიექტიდან), რითაც თავისუფლება დაჰყავთ უფლების დონეზე. საბჭოთა რეჟიმის დროს ზღუდავდნენ არა მარტო ინფორმაციის უფლებას (აიძულებდნენ ეწერათ საბჭოთა სისტემისთვის ოდები), არამედ ინფორმაციის თავისუფლებასაც (კრძალავდნენ უცხოური და ადგილობრივი ანტისაბჭოური ინფორმაციის გავრცელებას).
ამდენად, ინფორმაციის უფლებით სარგებლობენ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დროს, ხოლო ინფორმაციის თავისუფლებით – საზოგადოებრივი ინფორმაციის არჩევისას, მაგრამ ასეთი დაყოფა მაინც პირობითი ხასიათისაა და თეორიულ ხასიათს ატარებს.

1. ინფორმაციის არსი და მნიშვნელობა დემოკრატიულ სახელმწიფოში.
თანამედროვე დემოკრატია (მისი ეფექტიანობა და პროდუქტიულობა) ინფორმაციულ ღიაობაზეა დამოკიდებული. უახლესი პროგრესული მიღწევები ეფექტური კომუნიკაციის საშუალებების შექმნით, ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე უზრუნველყოფს. მეცნიერება ცდილობს შეზღუდოს ადამიანის ხისტი ქმედების როლი და მისი მიზნები (მოთხოვნილებანი) მანიპულირებადი ტექნიკური საშუალებებით მიღწევადი (დაკმაყოფილებადი) გახადოს. თანამედროვეობაში გაგება საგნის ბუნებასაც კი განსაზღვრავს, თვითმყოფადობას ინფორმაციული ნათესაობა იპყრობს და ვაკუუმში მყოფი პიროვნება, პიროვნება არ არის, არამედ უფრო - წარსულის მუზეუმისთვის გადსაცემი ექსპონატი.
მსოფლიო გლობალიზაციის პროცესი უფროდაუფრო უახლოვდება სასცენო თამაშს, სადაც თითოეულს საკუთარი როლი აქვს და სცენარის მიხედვით თამაშობს. იქმნება ბიუროკრატიული ორგანიზაციები და შესაბამისი პროფესიული მუშაკები, რომლებიც ქმნიან და ნერგავენ ტექნოლოგიებს ინფორმაციის საფუძველზე. გენიოსი, რომელმაც კომპიუტერი და ინგლისური არ იცის, არავის სჭირდება; გამოდის, რომ ღირებულებას იძენს არა აზრი, არამედ სტატისტიკა.
მსოფლიო ხალხები ერთმანეთს ცნობენ სტატისტიკით და არავის აინტერესებს რამდენიმე ადამიანი, რომელის სტატისტიკაში ვერ ჯდება. როლური ინფორმაციის გათავისება უდრის თვითმყფადობას, ხოლო ადამიანი პროფესიის გარეშე, არის თანამედროვეობაში დაკარგული პიროვნება, რომელმაც არ იცის, რომელსაც არ სმენია...
ორი რამ სჭირდება დამიანს არსებობისათვის: ჰაერი, წყალი, საკვები და ინფორმაცია.
დემოკრატიული სახელმწიფოების კურსორები აშკარად გლობალიზაციისაკენ არის მიმართული, რაც საერთო კეთილდღეობის არაპირდაპირ მიზანს ემსახურება: დემოკრატიები ცდილობენ ნების მრავალფეროვნებას და მის შეფარდებას ცივილური პოლარიზაციის პროცესთან. ევროპა საერთო თაღით იხურება; ჩნდება ტენდენციები გამოცდილების გაზიარებისა, წარსულის "გაერთიანებისა" და "საერთო ბედნიერი" მომავლისა. ჩვენ ვსწავლობთ, აშშ-ს ისტორიას, როგორ გამოიყნება კომპიუტერი, ვიგებთ, თუ რატომ მოძრაობს დედაბიწა "ირიბად-ალმაცერად", რატომ ვიხდით დენის/გაზის საფასურს, რატომ უკვეთავს სუპერმარკეტის ადმინისტრატორი ამ ჯერზე მეტ ძეხვეულს, და არასოდეს გვიფიქრია იმაზე, როგორ მოქმედებენ ჩვენი რეფლექსები, რომ ჩვენ ინფორმაციის მონები ვართ!
დემოკრატიული სახელმწიფო მოქალაქეთა აქტიურ ნებას მოითხოვს, რაც ინფორმირებულს ხდის მას და ხალხში ნდობისუნარიანობის ხარისხზე მიუთითებს. საზოგადოება თუ მდუმარეა, - დემოკრატიას საფრთხე ემუქრება. ხალხის ნება მოქალაქეობრივ უძილობას მოითხოვს; სახელმწიფო იცავს მოქალაქის ცხოვრების უსაფრთხოებას და სტაბილურობას, მაგრამ მისგან მოითხოვს ხმას და ნებას.
სახელმწიფო კარნახობს საზოგადოებას, თუ რა უნდა მოსთხოვონ მას. მთავრობის ღიაობა და გამჭვირვალეობა ქმნის რეალურ საფუძველს, ამომწურავი ინფორმაციული მონაცემების საშუალებით, კორუფციული მოხელეების სტერეოტიპის ნგრევისა და საზოგადოების პათოლოგიური ეჭვების გაფანტვისა. სახელმწიფო ყოველთვის ცდილობს საზოგადოების თვალში გამჭვირვალე მინის სასახლის აგებას, საზოგადოება კი ყოველთვის უნდა ცდილობდეს ამ სასახლის საკუთარი ხელით გადახურვას. დემოკრატია თანამშრომლობაა: ხელისუფლება – ხალხის მიერ და ხალხისთვის. მოქმედება არის ყველაზე დასაფასებელი ღვაწლი ასეთ სახელმწიფოში, ხოლო დუმილი – ყველაზე დასაძრახი ქმედება. ხელისუფლების მიერ ყველაფერი უნდა იქნეს გაკეთებული იმისთვის, რომ საზოგადოებამ შეაფასოს, რისთვისაც დიდი შრომა იხარჯება სამთავრობო საქმიანობის აღწერისა და საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების სახით. სახელმწიფო საერთო ხმოვანებას სძენს საზოგადოებას, ეს უკანასკნელი კი მოქალაქეთა საერთო ძახილის შედეგია. საზოგადოებრივი აქტივობა არის ის "კრიმანჭული", რომელიც დასავლეთიდან მოისმის და აღმოსავლეთში ბუნდობნად ესმით. ჩვენ კი, ჩვენი "კრიმანჭულიც" გვაქვს და "ჩაკრულოც", მხოლოდ ჩაკვრა და მანჭვას სჭირია მეტი შნო და ლაზათი. საზოგადოება ჯერ კიდევ "სლავა ტრუდუს" ყვირის და პროლეტარული სახელმწიფოს ორცხობილებს აცხობს.
კარგი იქნებოდა, რომ თავისუფლებასთან ერთად დიდებაც მოდიოდეს!...

2. ინფორმაცია როგორც თვითგამორკვევის, თვითგამოხატვისა და თვითდამკვიდრების საშუალება.
თანამედროვე კულტურა იმდენად თანამედროვეა, რომ მსოფლიო საერთოობას ესწრაფვის და უფრო გლობალურ სახეს იძენს, ვიდრე უნივერსალურისას. ჩვენ უნდა მივსდიოთ დასავლეთს, აღმოსავლეთის მზეს
ამოყოლილები დასავლეთის მზის ჩასვლას ჩავყვეთ, - მართლა ამას იძახიან პოლიტიკოსები, თუ ხალხი იგებს ასე, - შედეგი მაინც სახეზეა.
საერთო თვითმყოფადობა, - მეც ევროპელი ვარ და შენც, იძლევა ჩვენს გაგებას (კულტურას), მაგრამ იმის ცოდნა, რომ სხვები არსებობენ, რომლებიც ევროპელები არ არიან და არც ჩემობენ ამას, არამედ ჭრელი ფარდაგების ქსოვით ირთობენ თავს, - მე სხვანაირად დამაფიქრებს, ვიდრე შენ. შენ, ევროპელო, ამაზე დღეს თავს არიწუხებ, რადგან გუშინ მამაშენმა სწორედ ამის გამო იმტვრია თავი, მაგრამ მე რომ მამა ადრე გარდამეცვალა, ყველაფერი, - ჩემიც და მამაჩემისაც, ჩემი განსასჯელი და გადასაწყვეტია!
საყოველთაო ინფორმაცია, ანუ ცნობები მეზობელი და არამეზობელი ცივილიზაციების შესახებ, უზრუნველყოფს საზოგადოების (უპირველეს ყოვლისა კი – პიროვნების) თვითგამორკვევას. ინფორმაციის თავისუფლება წყლით სავსე ავზს გავს, სადაც ყველა უნდა განიბანოს და განთავისუფლდეს სტერეოტიპებისაგან, თუმცა განბანილის თვალით ყველაფერი ერთგვარად გაურკვევლადაც კი ჩანს: ყოველივე სველია და ჭუჭყიანი... – ეს არის ინფორმაციული ქაოსი, სადაც უნდა მიხვდე ვინა ხარ, ვინ ან/და რანი არიან (თვითგამორკვევა) და რა გსურს (თვითგამოხატვა), როგორ უნდა მიაღწიო საწადელს (თვითდამკვიდრება).
პიროვნების დონეზე ეს ასე ხდება: ადამიანს ასაკის მატებასთან ართად უყალიბდება სრულფასოვანი აზროვნება და ის უკვე იწყებს ღირებულებების გადაფასებას ცხოველი (ვგულისხმობ მთავარ მეთოდს და გზას ცხოვრებისას) პრინციპების ჩამოყალიბების სახით: შეიძლება პირი გაჰყვეს ყაჩაღისა და ავაზაკის ცხოვრების გზას, ანდა შეგნებული და კეთილშობილი ადამიანის ცხოვრებით იცხოვროს. აღნიშნული ეტაპი თვითგამრკვევის სტადიას წარმოადგენს, რის საფუძველზეც ხდება საზოგადოებისთვის მიკუთვნებადობა მსოფლმხედველობითი ნათესაური ერთობის შეგრძნების გამო (ავაზაკი "უახლოვდება" ავაზაკების, შეგნებული ადამიანი – საღადმოაზროვნეთა ჯგუფს. მიკუთვნებადობა აქტუალური გახდა ტოტალური ბიუროკრატიზაციის პირობებში: ადამიანს განსაზღვრავენ იმის მიხედვით, თუ რომელ წრეს ეკუთვნის იგი, რას საქმიანობს; სინამდვილიდან გამომდინარე, თუ ახალგაზრდა შესაბამის ასაკში არ გაივლის პროფესიული მომზადების ეტაპს და რომელიმე ბიუროკრატიულ ორგანიზაციაში არ ჰპოვებს "თავშესაფარს", იგი საზოგადოებისაგან უგულვებელყოფილის როლში აღმოჩნდება და გაუჭირდება ურთიერთობა). დღევანდელობისთვის ისეთი "ავტორიტეტით" სარგებლობს პროფესია, როგორც რელიგია ფასობდა შუა საუკუნეებში, და პირი, რომელიც არ მუშაობს, ყველას მიერ საზოგადოებრივ ხორცმეტად აღიქმება. ადამიანი ემსგავსება მცენარეს, რომელიც რამდენს ჯანგბადსაც ხარჯავს, იმდენი უნდა გამოიმუშაოს. ეს არის ცხოვრების მტაცებლური წესი, - კულტურით მოწესრიგებული, ჩვენ კი რაზე ვოცნებობთ: მზეზე, სითბოზე და გარუჯვაზე. მთავარი ღირებულება არის სიამოვნება; კეთილშობილება ჰქვია იმას, როდესაც ერთი კარგად გრძნობს თავს და პარაზიტულად ერთობა მეორის შრომის ხარჯზე. ერთი ისვენებს, მეორე შრომობს, - ეს არის შეუქცევადი პროცესი და აქედან გამომდინარე რას ვასკვნით ჩვენ: ვეცადოთ, რაც შეიძლება მეტი სიამოვნება მივიღოთ, სხვებმა კი იმუშაონ, რადგან სხვანაირად არ შეიძლება, მთავარია, ჩვენ არ აღმოვჩნდეთ მათ გვერდით.
თვითგამოხატვა ხდება როგორც თვითდამკვიდრებამდე, ისე მას შემდეგაც: თვითდამკვიდრებამდე პირი წარმოაჩენს დადებით თვისებებს და ამით საზოგადოებას უმტკიცებს, რომ იგი ღირსია მათ თანამოაზრედ ითვლებოდეს; ხოლო საზოგადოებისთვის მიკუთვნების შემდეგ პირის თვითგამოხატვა ღებულობს ამ საზოგადოებისათვის მიღებული ტრადიციული საქმიანობის ფორმას.
საზოგადოების ინფორმაციული განვითარების პროცესი პიროვნების ანალოგიურია: საზოგადოება აფასებს საკუთარ წარსულს, ისტორიას, სჯის აწმყოს და ჭვრეტს მომავალს; აფასებს სამყაროს, ცივილიზაციებს და გადაწყვეტს საკუთარი ადგილს მსოფლიო კულტურის სივრცეში.
საზოგადოების თვითგამოხატვის კლასიკური მაგალითია უშუალო დემოკრატიის ფორმები, განსაკუთრებით კი – რეფერენდუმი (როდესაც ქართველმა ხალხმა 1992 წლის რეფერენდუმით საქართველოს დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი, ამით აღიარა საკუთარი წარსული და გადაწყვიტა ღირსეული მომავალი. თვითგამოხატვას წარმოადგენს აგრეთვე საქართველოს პოლიტიკური და კულტურული ორიენტაცია დასავლეთისაკენ, სხვა საკითხია რამდენად მივაღწევთ მიზანს, რადგან ჩვენს მუხის ნავს დიდი ხანია უზარმაზარი ვეშაპი მოსდევს და ჩაყლაპვას უპირებს; მაგრამ თუკი ვეშაპს გავექეცით, გვერდით უამრავი თოლიები აგვედევნებიან, ნაშიმშილარი თოლიები).
საზოგადოების თვითდამკვიდრება მიზნის მიღწევას უდრის. ეს პრობლემა დღეს უდგათ მესამე მსოფლიოს ქვეყნებს, რომლებიც თავისებურად წყვეტენ ამ სირთულეს. თვითდამკვიდრების განხორციელება მიღწევებზეა დამოკიდებული, თუმცა თვითგამოხატვაც წინასწარგანწყობის მხრივ მნიშვნელოვან როლს თამაშობს (საქართველო აღიარებს დემოკრატიას და დასავლეთს, ამდენად, საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ, დემოკრატიისაკენ ორიეტირებულ სახელმწიფოს, დასავლური დემოკრატიებიც აღიარებენ, მაგრამ თუ რამდენად იცავს საქართველო დემოკრატიულ ღირებულებებს, იმდენად იცავენ სხვებიც).
თვითდამკვიდრება კულტურულ ინტეგრაციაში მდგომარეობს; საქართველოს წარსული ცივილიზაცია ევროპამ აღიარა, მაგრამ რამდენად ცნობს იგი ჩვენს დღევანდელ კულტურას?... ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გავცილებულვართ თვითშეგნების ზღვარს, როდესაც მოქმედება ადრეა და სჯობს ისევ ჩვენ თავს დავუფიქრდეთ.
ამდენად, ინფორმაციის საყოველთაო ხელმისაწვდომობა საშუალებას აძლევს თითოეულს, შეაფასოს, გადაწყვიტოს და მიზნის შესაბამისად იმოქმედოს.

3. ინფორმაციის რაობა: საჯარო (სახელმწიფო) და საზოგადოებრივი (სოციალური, კერძო) ინფორმაცია.
ინფორმაცია, შინაარსობრივი და ფორმალური მახასიათებლების გათვალისწინებით, შეიძლება დაიყოს საჯარო და კერძო ინფორმაციად.
სახელმწიფო ინფორმაცია მმართველობის სფეროში იქმნება და აღწერილობითი ხასიათისაა (აღწერს მმართველობის საკითხებთან მიმდინარე პროცესებს და აუცილებელ ცნობებს შეიცავს), ეყრდნობა რეალურ ფაქტებს და მტკიცებულებითი ხასიათისაა, როგორც სახელომწიფო ორგანოში – საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ინფორმაცია; ეს არის სისტემატურად შეგროვებული, დამუშავებული და შენახული მონაცემები (სზაკ, მუხლი 27/ზ – საჯარო მონაცემთა ბაზა).
საზოგადოებრივი (კერძო) ინფორმაცია სახელმწიფოს გარე პროდუქტია, უმეტესად შეფასებითი ხასიათის (კრიტიკა/კომენტარი/ვარაუდი) და მტკიცებულების სახით არ გამოიყენება. ასეთ ინფორმაციას ავრცელებენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები (პრესა, ტელევიზია, რადიო, ინტერნეტი, და ა.შ.). საზოგადოებრტივ ინფორმაციას მიეკუთვნება აგრეთვე მწერალთა და სხვა საზოგადო მოღვაწეთა შემოქმედება, მაგრამ ძირითადად ინფორმაციული აღქმა ხდება პრესა/ტელევიზიიდან (მცირე მასშტაბით რადიოდანაც). ჟურნალისტები "ამზადებენ" (ამ სიტყვის პირდაპირი და ირიბი გაგებით) ყოველდღიურ "ნიუსებს", რომელსაც ხალხი იჯერებს და შთაბეჭდილება ექმნება.
სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინფორმაცია ერთმანეთისაგან განსხვავდება მომდინარეობასა და მიზნებში (სახელმწიფო ინფორმაცია მომდინარეობს ხელისუფლებისაგან და ხელისუფლებას არა აქვს უფლება, მოატყუოს ხალხი, საზოგადოებრივი ინფორმაცია კი საზოგადოებისაგან მომდინარეა და ამ შემთხვევაში საზოგადოებას აქვს უფლება, თავი მოიტყუოს).
სახელმწიფო საინფორმაციო ინსტიტუტები კანონით მოწესრიგებული დაწესებულებებია და კანონის შესაბამისად მოქმედებენ, საზოგადოებრივი საინფორმაციო ინსტიტუტები კი კონსტიტუციას ემორჩილებიან, ხოლო თვით კონსტიტუცია ხელს იღებს მათი კონტროლისაგან; კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნულია: "მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია". საზოგადოება თავისუფალია ცენზურისა და ზეწოლისაგან, ასევე სინდისისა და რწმენის სფეროში (საქ-ს კონსტიტუცია, მუხლი 19), ასე რომ, უფლება აქვს რაც მოუნდება ის დაიჯეროს, ანუ ვერაფერი ირწმუნოს, თუკი რწმენა შემოეძალა, იმიტომ რომ ყოველი ინფორმაცია ხომ სარწმუნოობის უდიდეს კითხვის ნიშანს არის გამობმული. ხომ არ არის ეს გარემოება საზოგადოების ინერტულობის მიზეზი? რატომ უგულვებელყოფს იგი თავის გარშემო მოვლენებს და ყველაფერს ერთნაირი გულგრილობით ეკიდება?
ინფორმაციული ქაოსი, რომელიც საზოგადოებაში მუდამ არსებობს, არის საფუძველი თავისუფლებიდან გაქცევისა: ყველა ყველაფერს კითხულობს და არაფერს უკვირდება, ანდა იმას ეძებს, რაც მისთვის მისაღები და სარწმუნოა; ე.ი. ინფორმაციის შინაარსზე გავლენას ახდენს საზოგადოების წინასწარ განწყობა და არც არის გასაკვირი, რომ დემოკრატიული სიშიშვლის ათვისების პროცესში მყოფი სახელმწიფოს საზოგადოებრივ ინფრმაციებში, პოპულარული ადამიანების ბიკინის მარკები და საძინებელი ოთახების დიზაინის ფორმები სჭარბობდეს. ასეთ საზოგადოებაში, როგორც წესი, გამძაფრებულია საიდუმლოებისადმი ინტერესი, რადგან ყველა ყველაფერს აფიშირებას უკეთებს და ყველასთვის უცნობი და რაც მთავარია, წარმოუდგენელი, დამაინტრიგებელი ამბები უფრო ხალისით წასაკითხი იქნება, ვიდრე პარლამენტის რომელიღაცა პლენარული სხდომის განხილვა, რომელის ყოველთვის წინასწარ გათვლილი ვადის ფარგლებში ტარდება. ასეთ სიტუაციებში ხშირად ჟღერს ხოლმე რომელიმე ცნობილი ადამიანის ოჯახური თუ პირადი (შიძლება პროფესიულიც) საიდუმლოებები (მაშინ როდესაც ასეთი ინფორმაციის საჯარო სფეროში ოფიციალურად გაჟღერებისათვის კანონისმიერი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული), ჩივილს კი წინასწარვე აზრი არ აქვს, რადგან ბოლოს გამოდის, რომ ეს ინფომაცია თურმე საზოგადოებრივ ინტერესს აკმაყოფილებდა, ხოლო პიროვნება, რომლის ღირსებაც შეილახა, საჯარო ანდა საზოგადოებრივი ინტერესის ქვეშ მყოფი პირია და "მომეტებული ყურადღება" საზოგადოების მიერ, მისი მხრიდან ასატანია.
მაგრამ, ყველაფერი ზემოთთქმულის მიუხედავად, ინფორმაცია სასიცოცხლო მნიშვნელობის მატარებელია. უცენზურო ინფორმაცია, რამდენადაც უცენზურო (პირდაპირი და ირიბი გაგებით) არ უნდა იყოს, უნდა გაჟღერდეს, რადგან არა მარტო საზოგადოების სახეს ასახავს (ამ შემთხვევაში საზოგადოებაც უცენზურო გამოდის), არამედ საზოგადოების მხრიდან ხელისუფლებაზე კონტროლის მექანიზმია. საჯარო რეესტრისაგან განსხვავებით, სადაც უსაშველო დასტებს მტვერი ედება და არავინ კითხულობს (გარდა კერძო ინტერესების შელახვით შეწუხებული ადამიანისა), ყვითელ ფურცლებს მზესუმზირის მარცვლებივით ეტანებიან და იწოვენ, როგორც ქოქოსის წვენს. პრესა და ტელევიზია აერთიანებს საზოგადოებას მკითხველებისა და მსმენელების სახით: ჩნდება საკვანძო საკითხები, - სამსახურში სალაპარაკო, უბანში გადასაწყვეტი, ოჯახში გასარჩევი, რის შედეგადაც მყარდება ინტერესი, ფორმირდება აზრი, - განსხვავებული (კონკრეტული პირისა) და საერთო (ჯგუფებისა); ეს არის პლურალისტური საზოგადოება, რომელიც არსოდეს მართავს მიტინგებს საერთო მოთხოვნით (გარდა გამონაკლისებისა), არმედ სხვადასხვა ადგილას, განსხვავებული მიზნებით. კითხვები მრავალია, პასუხი კი – ერთი: ეს არის დემოკრატიული ქაოსი, რომელიც არ დაუშვებს საერთოობის დესპოტიზმს. ამ დროს ვერც პოლიციური აპარატი და ვერც კანონები ვერ ერევა ხალხს, არამედ ხალხი საკუთარ თავს პატრონობს და ამით კანონებს იცავს, ვინაიდან იგი სტრუქტურირებულია, უფრო სწორად კი – დესტრუქტურირებული და აზრთა ჭიდილში ჩამოყალიბებული. ინფორმაციული ატმოსფერო არის ის ერთადერთი საბურველი, რომელიც საზოგადოებისთვის აუცილებელ ჟანგბადს შეიცავს, ხოლო სახელმწიფო-საჯარო ცნობები ჟანგბადზე "გადაყვანილი" "ავადმყოფისთვის" საჭირო ნივთიერების ტოლფასია.

4. ზღვარი საჯარო და საზოგადოებრივ ინფორმაციას შორის.
მიუხედავად განსხვავებისა საზოგადოებრივ და სახელმწიფო-საჯარო ინფორმაციებს შორის, მათი ზღვრული გამიჯვნა შეუძლებელია, რადგან გარკვეული თვალსაზრისით, რიგ შემთხვევაში, საზოგადოებრივი ინფორმაცია მოიცავს და "გადადის" საჯარო სფეროში, ხდება საზღვრების მოშლა: მასობრივი საინფორმაციო მაუწყებლები მკვიდრდებიან მმართველობითი საქმიანობის პროცესში "წარმომადგენლობითი" სუბიექტის სახით (მაგალითად, პარლამენტის პლენარული სხდომების პერიოდული გაშუქება ტელევიზიით ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენაა, როგორც ყოველკვირეული პოლიტიკური დებატები (ასეთი გადაცემებიც ხელისუფლების ხალხთან დაახლოებას ისახავს მიზნად, რომ არ შეიქმნას პოლიტიკური ელიტისა და განცალკევებული ფენის ასოციაციები საზოგადოებაში). ყოველდღიური ახალი ამბების უმეტესი ნაწილი მმართველობითი საქმიანობის სიახლეებზე მოგვითხრობს, აქცენტი კეთდება პოლიტიკური მოღვაწის საქმიანობაზე; საზოგადოება თავისთავად პროპაგანდას უწევს მმართველობით წრეს და აკვირდება მაუწყებლების სახით. ყალიბდება აღმზრდელობით-დიდაქტიკური დამოკიდებულება ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის, საზოგადოება უფრო მეტს მოითხოვს, ვიდრე ხელისუფლებას რეალურად ევალება, ასეთი დამოკიდებულების გზით კი ვითარდება პროგრესი, - ნაკლები კორუფცია და ძლიერი ეკონომიკა. ინფორმაციის გაპოლიტიზირების შედეგია იმ დისტანციური სივრცის ამოვსება ორ მხარეს შორის ურთიერთმიმართებით, რასაც "ხელისუფლება და ხალხი" ჰქვია, ამდენად, ინფორმაცია ადვილად ხელწამოსაკრაობის თვისებას კარგავს და მმართველი კლანის ინტერესებშიც "ერევა", როდესაც მათი მხრიდან ადგილი აქვს სამართალდარღვევებს და მათი მიჩქმალვის მცდელობას, მაუწყებლები კი ამაზე ხმას იმაღლებენ და მართლზომიერად ამხელენ უსამართლობას (ზოგადპრევენციული ძალების შესაქმნელად კი კანონმდებლები რას არ იგონებენ, ჟურნალისტთა ქცევის კოდექსის ჩათვლით). ინფორმაცია (ობიექტური და მიუკერძოებელი) არის ის ერთადერთი მექანიზმი, რომელიც სახელმწიფოს ცნების ქვეშ აერთიანებს ხელისუფლებასაც და საზოგადოებასაც, და გვევლინება როგორც ბალანსირების მექანიზმი ძალაუფლების კონტროლის სფეროში.

5. ინფორმაციის მომხმარებლები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი განსაზღვრავს ინფორმაციას, რომლის გასაიდუმლოებაც არ შეიძლება (მუხლი 42), რომელიც შესაძლებელია გასაიდუმლოვდეს (მუხლი 28), ინფორმაციის მოთხოვნის წესს (მუხლი 37), ვადებს (მუხლები: 40 – 41, 46), პასუხისმგებელ პირს ზიანის არსებობის შემთხვევაში (მუხლი 36). კანონი უზრუნველყოფს საჯარო დაწესებულებების სხდომების საჯაროობას (მუხლი 32) და მისი დროებით დახურული სამუშაო წესით წარმართვის პროცედურას (მუხლი 34). სახელმწიფო არ ადგენს საჯარო ინფორმაციის მოწოდებისათვის მომსახურებისათვის ღირებულების გადახდას, არამედ მხოლოდ ინფორმაციულ მატარებლებზე ინფორმაციის გადატანისათვის საჭირო მინიმალურ გადასახადს აწესებს (A4 და A5 ქსეროასლისთვის, ერთ გვერდზე – 0.05 ლარს; ლაზერულ პრინტერზე ამობეჭდვისათვის, ერთ გვერდზე – 0.1 ლარს; კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერისათვის, ერთ დისკზე – 2.65 ლარს; დისკეტაზე ინფორმაციის ჩაწერისათვის, ერთ დისკეტაზე – 1.3 ლარს; ინფორმაციის ჩაწერისათვის ინფორმაციის მომთხოვნის ვიდეოკასეტაზე, ერთი საათისათვის – 2.75 ლარს; ინფორმაციის ჩაწერისათვის ინფორმაციის მომთხოვნის აუდიოკასეტაზე, ერთი საათისათვის – 0.5 ლარს. /საქართველოს კანონი საჯარო ინფორმაციის გადაღების მოსაკრებლის შესახებ).
როგორც ვხედავთ კანონმდებელი "სტიმულს" აძლევს მომხმარებელს, რომ საჯარო "კულუარებში" შეჭყეტვით დაინტერესდეს. ასეთი მომხმარებლები კი ვინ არიან? – პირი ან პირთა ცალკეული ჯგუფები, რომელთა კანონიერი ინტერესებიც შეილახა სახელმწიფო-ადმინისტრაციული ორგანოს/თანამდებობის პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით ან გადაწყვეტილებით, ხოლო ამით შეწუხებული ადამიანები არკვევენ მათი სიმშვიდის დამრღვევის საქმიანობის წარსულს და სჯიან აწმყოს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოსათვის საჩივრით მიმართვით, ან სასამართლოსთვის – სარჩელის საფუძველზე.
ამ დროს საზოგადოება თავისი ცხოვრებით ცხოვრობს და საზოგადოებრივ ინფორმაციას საჭიროების მიხედვით მოიხმარს. დაქუცმაცებულ, ბიუროკრატიულ ორგანიზაციებად დანაწილებულ საზოგადოებას გამოქცეული პროფესიული სუბიექტები კი ისევე ბიუროკრატიებში ეფლობიან: იურისტი სასამართლოს გადაწყვეტილებებს არკვევს, ეკონომისტი საფონდო ბირჟის აქციებით არის გატაცებული, ინჟინერი მშენებლობას წარმართავს ჭავჭავაძის ქუჩაზე, სამივეს ერთად კი, პროფესიის მიღმა არაფერი აინტერესებს. პრესა ამ დროს კეთილი ნების ელჩის როლს ასრულებს მათ შორის: (სიტყვაზე) "24 საათი" აერთიანებს თითოეულ მათგანს, მიუხედავად პროფესიისა და საზოგადოებრივი ინფორმაციის მომხმარებლის იარლიყს აკრავს, ამშემთხვევაში იურისტი, ეკონომისტი და ინჟინერი, საერთო საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები არიან, ჩვეული ღირებულებებით და გადაუწყვეტელი პრობლემებით; ისინი ფიქრობენ საერთო სიკეთეებზე, რომლებიც ცალ-ცალკე, პროფესიულ კულუარებში არასოდეს მოუვიდოდათ თავში.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საჯარო ინფორმაციის მომხმარებლები არიან კერძო პირები, მათივე ინტერესის ფარგლებში, ხოლო საზოგადოებრივ ინფორმაციას ყველა თანაბრად ეტანება, როგორც ყველასთვის თანაბრად აუცილებელ ინფორმაციის წყაროს. მაგრამ როგორც ინფორმაციული აღრევა ხდება საჯარო და კერძო (საზოგადოებრივ) სფეროში, ისევე შეიძლება თითოეული (კერძო პირი და საზოგადოება) მოგვევლინოს კონკრეტული სახის ინფორმაციის მომხმარებლებად; ამას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც პიროვნული პრობლემით სრულიად საზოგადოება ინტერესდება, ანუ როდესაც ხდება კერძო ინტერესის განსაზოგადოებრიობა (მაგალითად, როდესაც პიროვნული კონფლიქტი ეხება საზოგადოებისათვის ღირებულ ფასეულობებს და ამ შემთხვევაში საზოგადოება სოლიდარობას უცხადებს და გულშემატკივრობს თავის წევრს. ას

ნანახია: 1887 | დაამატა: admin | რეიტინგი: 4.8/5 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz