ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-09, 4:06 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 20 » ირაკლი მეგრელიშვილი: არჩევნებში იმან გაიმარჯვა, ვინც მეტი ამომრჩევლის მობილიზება შეძლო...
ირაკლი მეგრელიშვილი: არჩევნებში იმან გაიმარჯვა, ვინც მეტი ამომრჩევლის მობილიზება შეძლო...
3:47 PM


ჯერ კიდევ ერთი თვის წინ უნივერსიტეტში თვითმმართველობის არჩევნების ციებ-ცხელება იყო, რასაც თან ახლდა ბევრი მითქმა-მოთქმა, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა არჩევნები მაინც შედგა და პირველი თვითმმართველობაც შეიკრიბა. სწორედ თვითმმართველობის სამომავლო გეგმებზე და ამჟამინდელ მდგომარეობაზე გვესაუბრება არჩევნებში მეორე ადგილზე გასული "სტუდენტური კლუბის" თავმჯდომარე ირაკლი მეგრელიშვილი:
როგორ შეაფასებდით თვითმმართველობის არჩევნებს და როგორი იყო თქვენი მოლოდინი და განცდები?
– თვითმმართველობის არჩევნებს შევაფასებდი ნამდვილად დადებითად, იმიტომ რომ ჩაიარა ისე, როგორც არ ველოდით. ყველა მოელოდა, რომ იქნებოდა რაღაც დაპირისპირებები, იქნებოდა გაყალბებები, იქნებოდა ისეთი ფაქტორები, რაც შედეგზე იქონიებდა გავლენას, მაგრამ მინდა ავღნიშნო, რომ ყველაფერმა ჩაიარა მშვიდ ვითარებაში, ასე რომ, ყველაფერმა ჩაიარა მშვიდ ვითარებაში. სერიოზულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, თუმცა იყო ბევრი ხარვეზი, მაგრამ არცერთ ხარვეზს, რომელიც დაფიქსირებული იყო ცეესკოს ან ჩვენს მიერ, სერიოზული გავლენა არ ჰქონია არჩევნებზე. არჩევნები ჩატარდა და რაც ყველაზე მთავარია, თვითმმართველობა, როგორც სტუდენტთა არჩევითი წარმომადგენლობითი ორგანო, ერთხელ და სამუდამოდ შეიკრიბა ანუ ეს არის დასაწყისი. ყველა სტრუქტურა, ყველა წარმომადგენლობითი ორგანო გადადის უკვე არჩევითობაზე და არა დანიშვნის პრინციპზე. რაც შეეხება ჩემს მოლოდინს, ჩემი მოლოდინი, მინდა აღვნიშნო, რომ მთლიანად გაცრუვდა პირადად ჩემი ორგანიზაციის შემთხვევაში, რადგან მოველოდი წარმატებას (პირველ ადგილზე გასვლას ვგულისხმობ), თუმცა ღმერთმა ასე არ ინება და მეორე ადგილზე გავიდა ის ორგანიზაცია, რომელმაც ნაკლებად შეძლო ამომრჩევლების მობილიზება. ყველაზე მეტი "სტუდენტურმა კლუბმა" გააკეთა სტუდენტებისათვის, თუმცა არანაკლები გააკეთა "ერთიანმა სტუდენტურმა მოძრაობამ", თუმცა გადამწყვეტ მომენტში, გადამწყვეტ ბრძოლაში გამარჯვება სწორედ მათ ხელში გადავიდა. ჩემი მხრიდან უსამართლობა იქნება არ ვაღიარო მათი წარმატება.
რამდენი კაცი გაიყვანეთ თვითმმართველობაში?
– გავიყვანეთ ზუსტად 69 კაცი, მაგრამ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად უკვე საკმაოდ დიდ კოალიციას ვქმნით სტუდენტურ თვითმმართველობაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ვცდილობთ, "ერთიან სტუდენტურ მოძრაობასთან" ერთად ვიყოთ ერთიანი შეკრული გუნდი და სტუდენტური, თუ საქვეყნო საქმეები გავაკეთოთ ერთად, ყოველგვარი დაპირისპირების, ყოველგვარი ქიშპობის თუ ყოველგვარი ორგანიზაციული კონკურენციის გარეშე. ვფიქრობ, ის დაპირისპირება რაც მანამდე იყო "სტუდენტურ კლუბსა" და "ერთიან სტუდენტურ მოძრაობას" შორის აღარ იქნება.
არჩევნების შედეგი რამდენად შეესაბამება უნივერსიტეტში არსებულ რეალურ მდგომარეობას?
– აბსოლიტურად შეესაბამება.
სამომავლოდ "სტუდენტური კლუბი" როგორ აპირებს მუშაობის გაგრძელებას_დამოუკიდებლად, როგორც ეს მანამდე იყო, თუ გაერთიანდება "ერთიან სტუდენტურ მოძრაობასთან"?
– მართალია, შეიძლებოდა, რომ შექმნილიყო კოალიციები თვითმმართველობაში და ყოფილიყო დაპირისპირებები, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, ჩვენი პირადი ურთიერთობების, პირადი მეგობრობის წყალბით, ის განსხვავება, რაც იყო "ერთიან სტუდენტურ მოძრაობასა" და "სტუდენტურ კლუბსა" თუ სხვა ორგანიზაციებს შორის იყოს აღმოფხვრილი და იყოს ერთიანი სტუდენტური თვითმმართველობა, რომელიც ორიენტირებული იქნება არა თავის ორგანიზაციაზე, არამედ სტუდენტებზე და უნივერსიტეტზე. ასე რომ, ჩვენ უკვე აღარა ვართ "სტუდენტური კლუბის" წევრები, აღარც ისინი არ არიან "ერთიანი სტუდენტური მოძრაობის" წევრები. ჩვენ ვართ თვითმმართველობის წევრები, თვითმმართველობის, რომელიც ზრუნავს უნივერსიტეტზე და სტუდენტებზე.
იყო თუ არა არჩევნები გაყალბებული და აღინიშნებოდა თუ არა დარღვევები?
– დარღვევები, როგორც აღვნიშნე, იყო. ეს იყო ტექნიკური ხარვეზები, სიებთან დაკავშირებული პრობლემები, მაგრამ ესენი, ძირითადად, დეკანატებიდან მოდიოდა. მათ არ ჰქონდათ სიები ისე მოწესრიგებული, როგორც საჭირო იყო. იყო ასევე ისეთი საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემები, რამაც, მე ვფიქრობ, გავლენა ვერ მოახდინა არჩევნებზე, თუმცა აღვნიშნავ, რომ რაღაც შეფერხებები იყო.
უმცირესობაში მოხვედრილმა ზოგიერთმა ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბებულია... თქვენ რა კომენტარს გააკეთებდით აღნიშნულთან დაკავშირებით?
– ასეთი იყო სამი ორგანიზაცია, ვინც ბოიკოტი გამოუცხადა არჩევნებს და უნივერსიტეტში მათი არსებობა არარსებობა მიმაჩნია არასერიოზულად, რადგან მათი გამოჩენა ტელევიზიებით ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სურთ, რომ რაღაც გააკრიტიკონ, ანუ კონკრეტული წინადადებები, კონკრეტული კრიტიკა, რაც მათგან მომდინარეობს, ყოველგვარ საღ აზრს არის მოკლებული. ისინი არანაირ სტუდენტურ ღონისძიებებში არ იღებენ მონაწილეობას, გარდა იმისა, რომ მართავენ პრენსკომფერენციებს, მასინ როდესაც ოპოზიცია დაიწყებს ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლებს. ასე რომ, მათი ბოიკოტი თუ მონაწილეობის მიღება არჩევნებში მიმაჩნია არასერიოზულად, ხოლო რაც შეეხება იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც არჩევნებმა იმედები გაუცრუა, ისინი სერიოზულ წინააღმდეგობას თვითმმართველობის არჩევნებსა და მის შედეგებს არ უწევენ და არ თვლიან, რომ რომ ეს ყველაფერი ჩატარდა რაღაც კატასტროფულ მდგომარეობაში, იმიტომ, რომ ისინი, როგორც ჩვენ, ვიყავით თანაბარ პირობებში. თანაბარ პირობებში ვიყავით ხმების გადათვლისას, არჩევნების დროსაც და ა.შ. ასე რომ, ვინც მეტი შეძლო, ვისაც მეტი სტუდენტის მხარდაჭერა ჰქონდა, ვისაც მეტი სტუდენტთა აქტიური ნაწილი უჭერდა მხარს გამარჯვებაც იმას დარჩა. რაც შეეხება უმცირესობაში მოხვედრილი ორგანიზაციების განცხადებას, მთავარია ყურადღება მივაქციოთ რა კეთდება ამა თუ იმ ადამიანის მიერ და შედეგი რას გვიჩვენებს. მე ჩემი შედეგით ვამტკიცებდი, რომ პოლიტიკისაგან შორს ვიყავი. ვიყავი უნივერსიტეტისა და სტუდენტებისათვის და ანალოგიურად გავაგრძელებ ყველაფერს. როგორც კი მე საპირისპიროს გავაკეთებ, იმ სიყვარულისა და ნდობისაგან, რაც მე სტუდენტებში მაქვს, ნამდვილად არაფერი დარჩება და ეს არაფრად არ მიღირს. არანაირი პოლიტიკური ქულები არანაირად არ მჭირდება და სხვებსაც თვითმმართველობაში ანალოგიურს მოვუწოდებ.
თუ შეიძლება, მკითხველს განუმარტეთ თვითმმართველობის ამოცანა და დანიშნულება.
– თვითმმართველობა ეს არის სტუდენტთა წარმომადგენლობითი ორგანო უნივერსიტეტში, ანუ, თუ აქამდე იყო სტუდენტური ორგანიზაციები, სადაც ხდებოდა მხოლოდ გაწევრიანება ნებისმიერი სტუდენტისა, მისივე სურვილით და ეს იყო ნებაყოფლობითი. ეხლა ეს არის სტუდენტთა წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც სტუდენტურ ცხოვრებას გაუწევს კოორდინირებას და იქნება ხელმძღვანელი ყოველივე იმ საქმიანობისა, რაც კი უნივერსიტეტში იქნება სტუდენტებთან დაკავშირებით. სტუდენტური თვითმმართველობის წევრები მონაწილეობას იღებენ ფაკულტეტის საბჭოსა და სენატის მუშაობაში. ისინი უნივერსიტეტის მართვა-გამგეობაში ღებულობენ მონაწილეობას. ასე რომ, თუ აქამდე იყო ბარიერები სტუდენტებსა და ადმინისტრაციას შორის, ეს ბარიერები აბსოლიტურად აღმოფხვრილი იქნება. თვითმმართველობის წევრები არ არიან რაღაც ელიტარული ჯგუფის წევრები. ესენი არიან ისეთივე რიგითი სტუდენტები, როგორც თითოეული იმ 19000 სტუდენტთაგანი, ვინც უნივერსიტეტში სწავლობს. მეც ისევე დავდივარ ლექციებზე, როგორც თითოეული მათგანი. ისევე ვიცი რა პრობლემები აქვთ სტუდენტებს, იმიტომ რომ თავად მეც სტუდენტი ვარ და ვიცი რა მჭირდება გასართობად თუ ცოდნის კარგად მისაღებად. მეც ჩვეულებრივი რიგითი სტუდენტი ვარ, უბრალოდ მე ხმას მივაწვდენ ადმინისტრაციას და იმის ბერკეტი მექნება ეს ყველაფერი რეალობაში განვახორციელო.
წარადგენ თუ არა საკუთარ კანდიდატურას სპიკერის თანამდებობაზე?
– არავითარ შემთხვევაში.
რატომ?
– იმიტომ რომ უსამართლობა იქნება ჩემი მხრიდან.
ასეთ შემთხვევაში, ვინ მოიაზრება სპიკერის თანამდებობაზე?
– გიორგი ავალიანი.
როგორ წარმოგიდგენია თვითმმართველობის ურთიერთობა პროფესურასთან?
– როგორც უკვე აღვნიშნე, პროფესურასთან, რა თქმა უნდა, იქნება ისეთი დამოკიდებულება, როგორც ამას სტუდენტები მოითხოვენ. თვითმმართველობას ექნება იმის სურვილი და ბერკეტი, რომ იყოს ურთიერთკონტროლი პროფესურასა და სტუდენტებს შორის. ასე რომ, თუ პროფესორებს შეუძლიათ ნებისმიერ პერიოდში სტუდენტების კონტროლი, ასევე სტუდენტებს შეუძლიათ შეაფასონ პროფესორ-მასწავლებლები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. პირიქით, ეს არის ჩვეულებრივი, აპრობირებული მეთოდი დასავლეთში, სადაც სტუდენტებს აქვთ უფლება გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება პროფესორების მიმართ. მე დარწმუნებული ვარ, ისეთი გეგმები აქვთ დეკანატებსა და თვითმმართველობას, ერთ წელიწადში სრულიად სხვა უნივერსიტეტი იქნება.
როგორც ამბობენ, უნივერსიტეტში "ცხელი ზაფხული" გველის. თქვენ რა აზრის ხართ კადრების ახალ გადანაწილებაზე?
– ხო, ეს ნამდვილად რთული პროცესია, რაშიც ჩვენ არ ვართ ჩართულები და გარკვეულები, იმიტომ, რომ ჩვენი ყურადღება მთლიანად მიმართული იყო სტუდენტებზე. ვიცი, რომ ტარდება კონკურსი და კონკურსის მიხედვით ხდება ლექტორების შერჩევა. კონკურსი, მე მგონი, ივნისის თვეში უნდა დასრულდეს. ნამდვილად ვიცი, რომ ეს არის ძალიან რთული პერიოდი, იმიტომ, რომ ბევრი კადრი შემცირდა, მაგრამ, მე მგონია, რომ ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი უნივერსიტეტისათვის, იმიტომ, რომ გვინდა-არ გვინდა, ყველამ საკუთარ გულებში ჩავიხედოთ და ვთქვათ, რომ ბევრი ლექტორი მართლაც არ იმსახურებს ლექტორობას. მომავალ წელს ისევ ჩატარდება კონკურსი და ისევ მიეცემათ საშუალება გაიარონ კონკურსი და დახვეწონ თავიანთი შესაძლებლობები, იმიტომ, რომ ობიექტური გარემოებების გამო ბევრი პროფესორ-მასწავლებელი ვერ აჰყვა იმ დინებას, რაც განავითარებს მსოფლიოს, იმიტომ, რომ ყოველდღიურად ხდება ცვლილებები, ყოველდღიურად ხდება კვლევები და ყოველდღიურად ხდება ახალი ფაქტების წინ წამოწევა, ზოგიერთი ჩვენი ლექტორი კი ობიექტური მიზეზების გამო, იმის გამო რომ მათ მართლაც არ ჰქონდათ ამის შესაძლებლობა, ვერ აჰყვნენ ცხოვრების ფეხის ხმას, მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში შეექმნებათ ყოველგვარი პირობები, რათა ლექტორებმა თავიანთი ცოდნა გააღრმავონ.
გაზეთმა "ახალგაზრდა იურისტმა" არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ჩაატარა სოციოლოგიური გამოკითხვა. რამდენად რეალური იყო ამ კვლევის შედეგები ცსკო–ს შედეგებთან მიმართებაში?
– შედეგი, რა თქმა უნდა, იყო განსხვავებული. სოციოლოგიურ გამოკითხვაში დაფიქსირდა "სტუდენტური კლუბი" რეიტინგით პირველ, ხოლო "ერთიანი სტუდენტური მოძრაობა" მეორე ადგილზე. აქ საუბარი იყო რეიტინგებზე, ანუ, მე ვფიქრობ, აქ სტუდენტებმა შეაფასეს ნდობა ორგანიზაციების მიმართ. მე როგორც აღვნიშნე, არჩევნები მოიგო იმან, ვინც მეტად შეძლო ამომრჩევლის მობილიზება. საქმე ამაშია და არა იმაში, რომელიმე ორგანიზაციამ ნაკლები გააკეთა. ვინც შეძლო მეტად ორგანიზებულად და მეტი ამომრჩევლის მობილიზება ის გავიდა პირველ ადგილზე.
როგორც მოგეხსენებათ, გაზეთი "ახალგაზრდა იურისტი" თვითდაფინანსებაზეა გადასული. უნდა ველოდოთ თუ არა თვითმმართველობისა და პირადად თქვენი მოძრაობისაგან მხარდაჭერას?
– საქმე იმაშია, რომ ჯერჯერობით, დაკონკრეტებით ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ, მაგრამ ნებისმიერი აქტივობა, ნებისმიერი წინ გადადგმული ნაბიჯი სტუდენტური თვითმმართველობისაგან იქნება აბსოლიტურად მიღებული და განხილული. თუ უფრო დაიხვეწება და გაძლიერდება ეს გაზეთი, პირადად ჩემი მხრიდან ექნება მხარდაჭერა, ოღონდ პირადად მსურს უფრო ღრმად ვიყო ჩახედული გაზეთის პრობლემებში, უფრო მეტად ვიცოდე რა გჭირდებათ და რა არ გჭირდებათ. მე პირადად, რაც მაქვს ნაცნობობა "ახალგაზრდა იურისტთან" ვარ დადებითად განწყობილი, ამიტომ მე მათთან და ისინი ჩემთან მოელიან უფრო და უფრო ღრმა თანამშრომლობას.
დაბოლოს, რას უსურვებდით ჩვენს გაზეთს?
– უსურვებდი იმას, რომ ნდობა ყოფილიყოს უფრო მაღალი, გაზეთი ყოფილიყოს უფრო ხარისხიანი, ფართოტირაჟიანი და გაყიდვადი. მე ვფიქრობ, ამას სჭირდება სწორი დაგეგმარება. ის რაც ამ გაზეთმა შეძლო ამ წლების განმავლობაში მართლაც არის დასაფასებელი. ამდენი წლის განმავლობაში არათუ გაზეთი, არამედ ზოგიერთი ტელევიზიაც კი იხურება ხოლმე. ეს არის სწორედ იმ სტუდენტების დამსახურება, რომლებიც იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობენ. მიუხედავად ბევრი კრიტიკისა სტუდენტების მიმართ, არიან ისეთი სტუდენტები, ვისაც სურთ, რომ რაიმე გააკეთონ უნივერსიტეტისათვის, ვისაც სურთ, რომ თავიანთი იდეების რეალიზება მოახდინონ და გაზეთი ამის საშუალებას აძლევს მათ. მე ვფიქრობ, რომ გაზეთს წარმატება და მომავალში უკეთესი და უკეთესი უნდა ვუსურვოთ.
გმადლობთ საინტერესო საუბრისათვის.

ნანახია: 1358 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz