ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-09, 7:33 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 20 » გიორგი ხუბუა საქართველოს პატრიარქს შეხვდა. პრეზიდენტის ბრძანებულებაში ცვლილებები შედის?!
გიორგი ხუბუა საქართველოს პატრიარქს შეხვდა. პრეზიდენტის ბრძანებულებაში ცვლილებები შედის?!
3:48 PM
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიურ თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსისათვის განაცხადების შეტანის ვადა ამოიწურა, საკონკურსო კომისიაც უკვე ოფიციალურად გამოქვეყნებული და ცნობილია, მაგრამ ის ვნებათაღელვა, რომელიც საუნივერსიტეტო საზოგადოებაში დაისადგურა, კვლავ გრძელდება. ვნებათაღელვის ჩაცხრომას ვერც საკანონმდებლო ორგანოში გამართულმა შეხვედრებმა უშველა. უნივერსიტეტის თემა საუნივერსიტეტო აუდიტორიას ცდება და ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ საკითხად იკვეთება. ქართული პრესის ფურცლებიდან, ტელეეთერით არ წყდება საუნივერსიტეტო რეფორმის ირგვლივ მეცნერ-თანამშრომელთა მიერ გამოთქმული მოსაზრებები და შეხედულებები. უმწვავესი შეფასება მიეცა პროფესურის დარბევის ფაქტს, დემოკრატიულ საზოგადოებაში სამეცნიერო ელიტის მიმართ გამოხატული ასეთი დამოკიდებლება აღიქვა, როგორც უპატივცემულობისა და შეურაცხყოფის ნათელი მაგალითი. მსგავსი პრეცედენტი უნივერსიტეტის ისტორიაში მართლაც არ ყოფილა.
უნივერსიტეტში შექმნილი დაძაბული მდგომარეობა და პროფესურის მიმართ გამოხატული ძალადობრივი ქმედებები გახდა მიზეზი იმისა, რომ საგანგებო განცხადება გაეკეთებინა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ, მის უწმიდესობა ილია II-ს. "ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ინტელიგენციის მიმართ ასეთი აგრესიული დამოკიდებულება დაუშვებელია. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ადამიანებს ერის წინაშე დიდი დამსახურება აქვთ. ტოტალიტარული რეჟიმის დროს ისინი იცავდნენ ქართულ კულტურას, ენას და ეროვნულ ცნობიერებას. გარდა ამისა, მათი სამეცნიერო ნაშრომები მსოფლიოშია აღიარებული. ამის დავიწყება არ შეიძლება." – ამბობს თავის მიმართვაში საქართველოს პატრიარქი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრობლემის გადაჭრას კონსტრუქციული გზით მოუწოდებს.
არ აყოვნებს განათლებისა და მენიერების სამინისტროს პასუხი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც პროტესტს გამოთქვამენ საუნივერსიტეტო რეფორმის ამგვარ მიმართულებებსა და პრინციპებზე. განათლების მინისტრი საზოგადოებას შეახსენებს იმ აბიტურიენტს, ვისაც გამოცდის ჩაბარება არ უნდა. ამით პარალელი კეთდება იმ პროფესურის მისამართით, რომლებსაც კონკურსის გავლა ეძნელებათ. უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა დებს პირობას, რომ უნივერსიტეტში კონკურსები ღიად, გამჭვირვალედ და დემოკრატიულად ჩაივლის. მისი თქმით, საკონკურსო კომისიაც საზოგადოებისათვის ისეთი ცნობილი ადამიანებით დაკომპლექტდება, რომელთა მიმართაც ნდობის ფაქტორი იარსებებს. საკონკურსო კომისიის სავარაუდო შემადგენლობაზე აქცენტს აკეთებს აღდგენილად გამოცხადებული დიდი სამეცნიერო საბჭოს ის წევრები, რომლთა თქმითაც, უნივერსიტეტში კონკურსები პოლიტიკური გადაწყვეტილებით ჩაივლის.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრის შემდეგ მრჩეველთა საბჭოს წევრი, აკადემიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ "ჩვენ რექტორს ვესაუბეთ იმის შესახებ, რომ უნდა დაიხვეწოს კონკურსის ფორმები, რაც შეიძლება უკეთესად ჩატარდეს კონკურსი და გაკეთდეს ყველაფერი იმისათვის, რომ უნივერსიტეტი თავის სიმაღლეზე ავიდეს... დამთავრდება საბუთების მიღება და კონკურსი ჩატარდება ისე, როგორც გამოცხადებულია, შეიძლება სადღაც პატარა კორექტივები შევიდეს." – თვლის ქალბატონი მარიკა ლორთქიფანიძე. ის, რომ კონკურსი არ არის ბარიერი, დამაბრკოლებელი გარემოება და მითითება იმისკენ, რომ რეფორმის მიმართ კრიტიკულად განწყობილ პროფესორებს თითქოსდა ეშინიათ მათი ცოდნის სამზეოზე გამოვლენა, თავად პროფესორები მათი მოღვაწეობისა და ცოდნის რეალურ დისკრედიტაციის მცდელობად აფასებენ.
უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი გიორგი ხუბუა გაზეთ "24 საათისათვის" (22.06.2006, #137, გვ.5) მიცემულ ინტერვიუში უნივერსიტეტში ბოლო დროს შექმნილ კრიტიკულ ვითარებაზე აცხადებს, რომ "მე პირადად მეცნიერი ვარ და ვიცი, რომ ელემენტარული დიალექტიკაა – სადაც არ არის წინააღმდეგობა, არ არის განვითარება. აქედან გამომდირე, განსხვავებული აზრის მიმართ შეურიგებლობა ან მიუღებლობა არ გვაქვს. სასურველია, რომ მოვისმინოთ რაციონალური არგუმენტები, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ფაკულტეტებთან შეხვედრის დროს, დიალოგი გადადიოდა ემოციურ სიბრტყეში... აშკარად იგრძნობა არგუმენტების დეფიციტი. მესმის, რომ აკადემიურ პერსონალს კონკურსების სახით არსებითად პირველად ექმნება დისკომფორტი. ვგულისხმობ იმას, რომ მათ პრველად უწევთ საკუთარი პროფესიული კვალიფიკაცია გამჭვირვალე კონკურენტუნარიან გარემოში ღიად დაადასტურონ... ჩვენი მიზანია უნივერსიტეტი ქართული ინტელექტუალური ელიტის ცენტრად ვაქციოთ. ის მაგნიტივით უნდა იზიდავდეს ინტელექტუალურ ელიტას, რომელიც გაბნეულია სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორში, უნიერსიტეტის გარეთ არსებულ სხვადასხვა აკადემიურ წრეებში." – ამბობს გიორგი ხუბუა.
საზოგადოებამ უმნიშვნელოვანესად აღიქვა უნივერსიტეტის რექტორის შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში. ეს უნივერსიტეტის მხრიდან წარმოადგენდა ერთგვარ ხაზგასმას იმისა, რომ პატრიარქის მოწოდება უნივერსიტეტშიც მთავარ საფიქრებლად იქცა. გიორგი ხუბუა მის უწმიდესობასთან გამართულ დიალოგს უაღრესად საინტერესოდ და დადებითი იმპულსის მქონედ თვლის. რექტორის მოვალეობის შემსრულებელი თვლის, რომ გათვალისწინებული და გაზიარებული იქნება ყველა ის რჩევა თუ შენიშვნა, რომელიც აუცილებელ პირობად დააყენა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა. ილია II თქმით, ცვლილება უნდა განხორციელდეს პრეზიდენტის ბრძანებულებაში, რითაც უნივერსიტეტის დიდ სამეცნიერო საბჭოს საშუალება მიეცემა უნივერსიტეტში "გარდამავალ პერიოდში" მიმდინარე პროცესებს კონტროლი და ზედამხედველობა გაუწიოს. დიდი სამეცნიერო საბჭო აგერ უკვე მერამდენე დღეა კატეგორიულად მოითხოვს საქართველოს კანონის "უმაღლესი განათლების შესახებ" რეფორმის პროცესში სამართლიანად აღსრულებას, აკადემიურ თანამდებობებზე პროფესორ-მასწავლებელთა და საკონკურსო კომისიების დაკომპლექტების სამართლიანობას. 30 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე "ალტერნატიული საბჭოს" წევრებიც უნივერსიტეტში განვითრებულ მოვლენებს ეხმიანებიან და დიდი სამეცნიერო საბჭოს გადამწყვეტი ბრძოლისაკენ მოუწოდებენ. "ალტერნატიული საბჭო" ახმოვანებს თავისი ინიციატივის დასრულებას კანონპროექტზე “თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ” მათი თქმით, პირველ ქართულ სასწავლებელს განსაკუთრებული სამართლებრივი საფუძველი სჭირდება, კანონპროექტზე მუშაობის აუცილებლობა კი უნივერსიტეტის ავტონომიურობის მეტი ხარისხით გახდა გამოწვეული.
უკვე უნივერსიტეტში კეთდება მინიშნებები იმასთან დაკავშირებით, რომ მიმდინაებს არა აკადემიურ თანამდებობებზე გადაყვანის პროცესი, არამედ ერთგვარი იდეოლოგიური კონკურსი, რაც უნივერსიტეტს სრულ განადგურებამდე მიიყვანს. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, რა თქმა უნდა, ამ შეხედულებასაც არასერიოზულად ეკიდება და ყველას კონკურსში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. რეალურად. უნივერსიტეტში კონსესუსის და თანხმობის მიღწევა ისევ აქილევსის ქუსლად რჩება. რექტორი გადადგომას არ აპირებს, აღდგენილად გამოცხადებული დიდი სამეცნიერო საბჭო კი უკან დახევას, არადა საქართველოს კანონით "უმაღლესი განათლების შესახებ" უნივერსიტეტში შექმნილი "გარდამავალი პერიოდი" თავის ლოგიკური დასასრულისკენ მიიწევს - კონკურსების ჩატარების აუცილებლობა გარდაუვალობას წარმოადგენს.
ნანახია: 1073 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz