ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-09, 9:55 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 20 » თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – გამოსავალი არ ჩანს?!
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – გამოსავალი არ ჩანს?!
3:49 PM

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენები ყოველგვარ აკადემიურ ნორმებს სცილდება და ვერანაირ კრიტიკას ვეღარ უძლებს. აღდგენილად გამოცხადებულ დიდ სამეცნიერო საბჭოსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას შორის დაწყებული შეურიგებელი ურთიერთობა უკვე აშკარა დაპირისპირებაში გადაიზარდა. მიმდინარე მოვლენებმა, რეალურად ჩრდილი მიაყენა უნივერსიტეტის ტრადიციულ სახელსა და იმ განახლების პროცესს, რომელსაც საქართველოს კანონმა "უმაღლესი განათლების შესახებ" – შემოგვთავაზა. ორხელისუფლებიანობის წინაშე მდგარი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დარღვეულია სასწავლო პროცესის მიმდინარეობა, აკადემიური გარემო, აპოლიტიკურობისა და კოლეგიალობის ყველა პრინციპი. დღევანდელ სახელმწიფო უნივერსიტეტს კანონიერად პრეზიდენტის მიერ დანიშნული პროფესორი გიორგი ხუბუა და აღდგენილად გამოცხადებული დიდი სამეცნიერო საბჭოს მიერ არჩეული პროფესორი ჯემალ მებონია რექტორობენ. მდგომარეობა, რომელიც ამჯერად საუნივერსიტეტო ცხოვრებაშია, დაშოშმინების არავითარ საფუძველს არ ტოვებს. ცხადია, საუნივერისტეტო რეფორმა გაგრძელდება, მაგრამ აუცილებელი კონსესუსის ფორმაზე ისევ არავინ მსჯელობს.

სახელმწიფო უნივერსიტეტში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, როცა დიდი სამეცნიერო საბჭო საგანგებოდ შეიკრიბა და უნივერსიტეტის გადარჩენის ლოზუნგით გადამწყვეტი ბრძოლის პრინციპებზე იმსჯელა. დიდმა სამეცნიერო საბჭომ უნივერსიტეტის რექტორად ერთხმად აირჩია პროფესორი ჯემალ მებონია, რომელსაც უნივერსიტეტში ჩასატარებელი კონკურსების მომზადება და უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის ჩვეული დინამიკა დააკისრა. ყოველივე ამას წინ უძღოდა უნივერსიტეტის ფაქტობრივი რექტორის, პროფესორ გიორგი ხუბუას ოფიციალური ბრძანებები, რითაც სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის და მედიცინის ფაკულტეტებზე თანამშრომელთა დათხოვნას მოეწერა ხელი. სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე დასრულდა აკადემიურ თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსში განცხადებების შეტანის ვადები, ჩამოყალიბდა კიდეც რამდენიმე ფაკულტეტის საკონკურსო კომისიაც, მაგრამ დიდი სამეცნიერო საბჭო არასამართლიანსა და უკანონოს უწოდებს ყველა იმ ქმედებას, რომელსაც რეფორმის "გარდამავალ პერიოდში" სახელმწიფო უნივერსიტეტის დღევანდელი ხელმძღვანელობა ახორციელებს.

სახელმწიფო უნივერსიტეტში ხმაური და დაძაბულობა 3 ივლისის საღამოს დაიწყო. დიდი სამეცნიერო საბჭოს წევრები უნივერსიტეტის რექტორის კაბინეტთან შეიკრიბნენ და რექტორ გიორგი ხუბუას კვლავ მოსთხოვეს გადამდგარიყო დაკავებული თანამდებობიდან. მათი თქმით, შექმნილი დაძაბული ვითარებიდან გამოსავალი, სწორედ პროფესორ გიორგი ხუბუას რექტორობიდან წასვლის შემდეგ იქნებოდა განხორციელებადი. დიდი სამეცნიერო საბჭოს წევრები კვლავ აფიქსირებდნენ იმ მოთხოვნას, რომ რეფორმის პროცესში უგულვებელყოფილია საქართველოს კანონი "უმაღლესი განათლების შესახებ," რომელიც ითვალისწინებს აკადემიურ თანამდებობებზე გადაყვანის გამჭვირვალე კონკურსის წესს, რომელიც ჯერ არჩეულმა წარმომადგენლობითმა და აკადემიურმა საბჭოებმა უნდა განახორციელონ. დიდი სამეცნიერო საბჭოს წევრები რექტორ გიორგი ხუბუას კაბინეტში შევიდნენ და მას თანამდებობიდან წასვლა დაუყონებლივ მოსთხოვეს. ამასთანავე, გააცნეს გადაწყვეტილება, რომ ამიერიდან უნივერსიტეტს მათ მიერ არჩეული რექტორი, ჯემალ მებონია უხელმძღვანელებდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში შექმნილ ვითარებას უაღრესად მწვავე შეფასება მიეცა და ძალადობად დაკვალიფიცირდა. მომხდარით აღშფოთებას ვერ ფარავდა უნივერსიტეტის რექტორი ბატონი გიორგი ხუბუაც. უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი გაოგნებული შეჰყურებდა თავის სამუშაო ოთახში შექმნილ ვითარებას და მომჩივან პროფესორებს თავის შეკავებისკენ მოუწოდებდა. მოგვიანებით, “დაუმორჩილებელი პროფესორები” პროტესტის ნიშნად უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში შეიკრიბნენ. უნივერსიტეტში წესრიგის დაცვის მიზნით შემოყვანილი იქნა საპატრულო პოლიცია და ადმინისტრაციულ შენობაში შესვლაზე სპეციალური საშვები დაიშვა. დიდი სამეცნიერო საბჭოს წევრებმა 3 ივლისის ღამე უნივერსიტეტში გაატარეს. სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა და კრიტიკული გახდა. მათ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სააქტო დარბაზის ყველა გასასვლელის ჩაკეტვასა და სრული იზოლაციის მოწყობაში დაადანაშაულეს. პროფესორ გიორგი გოგოლაშვილის განცხადებით, მათ არ მიეცათ საშუალება ესარგებლათ ადმინისტრაციულ შენობაში არსებული წყლითა და საპირფარეშოთი, რითაც დაირღვა თვით საერთაშორისო კანონმდებლობით აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები.

ამ ბრალდებებზე კომენტარი არ გაუკეთებია უნივერსიტეტის ადმინისტრაციას. უნივერსიტეტზე მიმდინარე მოვლენებზე შეფასებები მხოლოდ მეორე დღეს გაკეთდა, რომელსაც უნივერსიტეტის აკადემიური შემადგელობა ესწრებოდა. შეხვედრას დაესწრო უნივერსიტეტის რექტორი ბატონი გიორგი ხუბუაც. უნივერსიტეტის თანამშრომლებს, სტუდენტებს საშუალება მიეცათ მიმდინარე პროცესებზე დაეფიქსირებინათ თავიანთი აზრი. ისინი სრულ მხარდაჭერას გამოხატავდნენ უნივერსიტეტის რექტორ გიორგი ხუბუას მიმართ და იმ კურსზე, რომელსაც უნივერსიტეტის ადმინისტრაცია რეფორმის მიმდინარეობისას ახორციელებს. მხოლოდ პროფესორ ლევან ალექსიძის გამოსვლაში იგრძნობოდა უკმაყოფილება და საპროტესტო განწყობა, რომელმაც უმაღლეს სასწავლებელში პოლიციის შემოყვანას გაუმართლებელი უწოდა. აღსანიშნავია, რომ რეფორმის ამგვარად განხორციელების მოწინააღმდეგებს მხარდაჭერა გამოუცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა ოპოზიციამ.

სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტრო. განათლების მინისტრ კახა ლომაიას განცხადებით, ის, რაც სახელმწიფო უნივერსიტეტში მოხდა, სცილდება ყოველგვარ კოლეგიალობას, წარმოადგენს დანაშაულებრივ ქმედებას და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას. განათლების მინისტრის თქმით, მსგავსი შემთხვევები აღკვეთილი იქნება, როგორც სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე დანარჩენ სხვა უმაღლეს სასწავლებელში. მინისტრი დაპირისპირებულ მხარეს კიდევ ერთხელ უწოდებს რეფორმის მოწინააღმდეგე პროფესურას და ყველას კანონის მორჩილებისკენ მოუწოდებს. მოგვიანებით, ცნობილი ხდება, რომ უნივერსიტეტში მომხდარ ფაქტზე აღიძრა კიდეც სისხლის სამართლის საქმეც სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით, ხულიგნობის ბრალდებით. გამოძიებამ უკვე დაკითხა დიდი სამეცნიერო საბჭოს ის წევრები, რომლებსაც რექტორის კაბინეტში შეჭრა ბრალდებათ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნილ ვითარებაზე თავისი შეფასებები აქვთ უნივერსიტეტის იმ თანამშრომლებს, რომლებიც მოქმედ აკადრემიურ პერსონალს წარმოადგენს, სტუდენტობას, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს. როგორც ლექტორებს, ასევე სტუდენტების შეფასებები ურთიერთგანსხვავებულია. საუნივერსიტეტო საზოგადოებაში არავინ კამათობს საკითხზე, საჭიროა თუ არა საუნივერსიტეტო ცხოვრების განახლება და რეფორმა, მაგრამ საუნივერსიტეტო, სტუდენტური საზოგადოების განწყობა და მიმდინარე პროცესების მიმართ დამოკიდებულება შეიძლება მხოლოდ ორი მიმართულებით ამოვიკითხოთ: ნაწილი თვლის, რომ უნივერსიტეტში დიდი სამეცნიერო საბჭოს წევრების მხრიდან ხდება სრული ძალადობა და დაწყებული ცვლილებების ხელოვნურად ხელშეშლა, მათ არ გააჩნიათ უნივერსიტეტის განვითარების არავითარი საქმიანი წინადადება თუ მორალური უფლება, რეფორმა ხორციელდება სრული სამართლიანობის პრინციპით და მისი მოწინააღმდეგეების უკან მხოლოდ პოლიტიკური პარტიების მიზნები და ამოცანები დგას. სხვა შეფასება ისმის ჩვენი საზოგადოების მეორე მხრიდანაც. ისინი მეამბოხეებად წოდებას კარგად მომზადებულ პიარს მიაწერენ და "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი საუნივერსიტეტო ცვლილებების განხორციელებას სრულად ემხრობიან, მაგრამ მიაჩნიათ, რომ განათლების სამინისტროს მხრიდან უნივერსიტეტის განახლების ამგვარი კონცეფცია წინააღმდეგობაში მოდის რეფორმის მართლაც კეთილშობილ მიზანთან, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ცდილობს დაარღვიოს მოცემული კანონი, პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე გადაყვანა განახორციელოს ჯერ კიდევ აურჩეველი წარმომადგენლობითი აკადემიური საბჭოების გვერდის ავლით, მოახდინოს უნივერსიტეტის ავტონომიის ხელყოფა. ისინი იზიარებენ მოსაზრებას, რომ ფაქტობრივად ხდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოლეჯიზაცია, სამართლებრივი თვალსაზრისით ახალი სასწავლებლის ჩამოყალიბება და რომ უნივერსიტეტში კონკურსები იდეოლოგიურ ხასიათს ატარებს. მათი თქმით, უნივერსიტეტი კარგავს ეროვნულ ცნობიერებას და თავის ტრადიციულ როლს, რითაც ქართული მეცნიერება საბოლოოდ დასამარდება.

გუშინდელი დღით უნივერსიტეტის პრობლემატიკა და თემა კიდევ ერთხელ გაერთიანდა ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების მთავარ საკითხებს შორის. პირველი კორპუსში გამართულ აქციაზე, სადაც საზოგადოების ცნობილი სახეები მრავლობდნენ, ითქვა, რომ საქართველოში ძალადობრივი გზით არც განათლების რეფორმა განხორციელდება და არც დემოკრატია.

 

ნანახია: 1091 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz