თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო
უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებზე თავის პოზიციას აფიქსირებს და
გამოთქვამს უნივერსიტეტში ახლადარჩეული სტუდენტური თვითმმართველობა და
სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას დიალოგისკენ მოუწოდებს.
სტუდენტური თვითმმართველობა რექტორატს და პროფესორ-მასწავლებლებს
მიმართვას სტუდენტობის სახელით უგზავნის. "თავს უფლებას ვაძლევთ, მოგმართოთ მთელი
უნივერსიტეტის სტუდენტების სახელით. ჩვენთვის შემაშფოთებელია მდგომარეობა,
რომელიც ბოლო დღეებში უნივერსიტეტში შეიქმნა, როგორც ჩვენთვის ცნობილია,
თქვენს შორის აზრთა სხვადასხვაობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
მიმდინარე რეფორმამ გამოიწვია. ვაცნობიერებთ რა რეფორმის სასიცოცხლო
მნიშვნელობას და აუცილებლობას, მივესალმებით და მხარს ვუჭერთ
უნივერსიტეტში განხორციელებულ ყველა პოზიტიურ ცვლილებას, რომელიც ხელს
შეუწყობს ახალი სასწავლო პროგრამების დანერგვას და საშუალებას მისცემს
სტუდენტს მიიღოს განათლება, რომელიც მას კონკურენტუნარიანს გახდის
არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ვთლით, რომ
ხარისხიანი განათლების მიღება სტუდენტის უპირველესი უფლებაა. ჩვენი
სურვილია, ვისწავლოთ უნივერსიტეტში, რომელიც სტუდენტზე, მის ცოდნასა და
განათლებაზე იქნება ორიენტირებული. გვინდა, უდიდესი პატივისცემა გამოვხატოთ ჩვენი
პროფესორ-მასწავლებლების მიმართ, იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც ძალზე
რთულ პირობებში უნივერსიტეტი შეგვინარჩუნეს. გვაქვს თქვენი კეთილგონიერების იმედი და
გთხოვთ, გამოძებნოთ დიალოგის გზები. იმისთვის, რომ დიალოგი შედგეს,
აუცილებლად მიგვაჩნია, უნივერსიტეტი დატოვონ პოლიტიკური პარტიების
წარმომადგენლებმა და პოლიციამ, რადგან მათი ჩარევა კიდევ უფრო ამწვავებს
სიტუაციას. გვჯერა, რომ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები შეთანხმების
მიღწევას შეძლებენ. ვაცნობიერებთ რა სტუდენტების როლსა და
პასუხისმგებლობას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, გთავაზობთ,
შეიქმნას სამუშაო ჯგუფები, რომლებიც შეისწავლიან შექმნილ ვითარებას და
უზრუნველყოფენ მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგის გამართვას.
უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა მზადაა, ჩაერთოს სამუშაო
ჯგუფების საქმიანობაში. – ნათქვამია თბილისის ივანე ჯავახიშვილის
სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მიერ
გავრცელებულ განცხადებაში. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის
სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებზე განცხადებები,
შეფასებები და მოსაზრებანი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საზოგადობის
მხრიდან არაერთხელ გაკეთდა. კონსესუსსა და დიალოგის აცილებლობაზე საუბრობს
უნივერსიტეტის ადმინისტრაციაც, მაგრამ როცა საკითხი რეალურად ხელშესახები
ხდება, უმოქმედობასა და დუმილს ვაწყდებით. იქნებ ამდენ პასიურობაში
უნივერსიტეტის გადარჩენაზე გვეფიქრა და საქართველოს სულიერი მამის, მისი
უწმიდესობის, კათოლიკოს პატრიარქის მოსაზრებები გვექცია ამოსავალ და
სახელმძღვანელო პრინციპად. ვფიქრობთ, ღირს ფიქრად საუნივერსიტეო იდეის
გადარჩენისა და განვითარებისათვის.
|