ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-09, 12:13 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 21 » უნივერსიტეტი დაუმორჩილებლობის კერად ცხადდება – რა იქნება ხვალ?!
უნივერსიტეტი დაუმორჩილებლობის კერად ცხადდება – რა იქნება ხვალ?!
5:00 PM

სახელმწიფო უნივერსიტეტში საპროტესტო ტალღა ახალი მიმართულებებით იკრებს ძალას. “მეამბოხე პროფესორებად” წოდებულმა დიდი სამეცნიერო საბჭოს წევრებმა გადაწყვიტეს, რომ წინააღმდეგობა უფრო აქტიური და ქმედითი გახადონ. ამის შესახებ განცხადებები უნივერსიტეტის I კორპუსის ეზოში გამართულ პრესკონფერენციაზე 17 ივლისს ღიად დაფიქსირდა. პროფესორები კიდევ ერთხელ აფიქსირებდნენ მიმდინარე საუნივერსიტეტო რეფორმის ყველაზე ცუდ პერსპექტივას და ამბობდნენ, რომ არასოდეს შეეგუებოდნენ უნივერსიტეტის რექტორ გიორგი ხუბუასა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ კახა ლომაიას ჩანაფიქრს, "გაანადგურონ და მიწასთან გაასწორონ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი." დიდი სამეცნიერო საბჭოს წევრები დამორჩილებას არ აპირებენ და მათ ისიც განაცხადეს, რომ უკვე დაიწყეს რადიკალურ მოქმედებებზე გადასვლა. სწორედ ამის ხაზგასმას წარმოადგენდა უნივერსიტეტის ეზოში გამართული პრესკონფერენცია, სადაც დიდი სამეცნიერო საბჭოს წევრებთან ერთად, შეიკრიბნენ "ალტერანატიული საბჭოსა" და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოძრაობის წარმომადგენლები. ისინი ერთობლივი ძალებით გეგმავენ ახალი საპროტესტო ტალღის აგორებას, რომელიც დღეიდან მუდმივ ხასიათს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ პრესკონფერენციამდე პროფესორები უნივერსიტეტის II კორპუსის ერთ-ერთ აუდიტორიაში შეიკრიბნენ და სამომავლო გეგმები დასახეს. "მემბოხე პროფესორების" "საიდუმლო სერობის" დეტალები საზოგადოებისათვის, მართალია, უცნობი დარჩა, მაგრამ ისინი ირწმუნებიან, რომ მათ სამოქმედო გეგმას და მიმართულებებს ფართო საზოგადოება მალე დაინახავს.

პრესკონფერენციაზე გაცხადდა, რომ "უნივერსიტეტში დღეიდან იარსებებს დაუმორჩილებლობისა და წინააღმდეგობის მუდმივი კერა.” დიდი სამეცნიერო საბჭოს მიერ არჩეული რექტორი ჯემალ მებონია ამბობს, რომ "ჩვენ უნივერსიტეტის გადარჩენა არა საკუთარი თანამდებობების გამო, არამედ მომავალი თაობების გადასარჩენად გვინდა." ისინი საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებენ გააუქმოს იმ ბრძანებულების მთავარი მუხლები, რომლებიც დიდი სამეცნიერო საბჭოს უფლებამოსილებას ძალას უკარგავს.

როგორც ვხედავთ, წინააღმდეგობა გრძელდება. პროცესები ისევ აქციებით აპირებს გაგრძელებას. მართალია, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია არ გამოხმაურებია იმ განცხადებებს, რომლებსაც "მეამბოხე პროფესურად" წოდებული მეცნიერები აკეთებდნენ ღია ცის ქვეშ, მაგრამ ფაქტი ერთია – უნივერსიტეტი კონკურსებისთვის ემზადება.

და კიდევ ერთი გარემოება, რომელიც აუცილებლად მინდა აღვნიშნო, განცდა, რომელიც მე, როგორც ერთ რიგით სტუდენტს ამ შეხვედრიდან გამომყვა.

ვფიქრობ, რომ ჩვენ საერთოდ დაგვავიწყდა ელემენტარული ურთიერთანამშრომლობის პრინციპი, არ გვაქვს დიალოგის წარმოების სურვილი და განწყობა. იმის თქმა, რომ დიალოგი აუცილებელია, იმის გაცხადება, რომ მზად ვარ დიალოგისთვის, ეს არ ცვლის არაფერს. ეს რჩება ცარიელ ფრაზად და "ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა."

პროფესორების მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიტიკური პარტიის წევრებიც იყვნენ. მიმაჩნია, რომ ისინი იქ არ უნდა ყოფილიყვნენ. მათ დაარღვიეს უნივერსიტეტის აპოლიტიკურობის პრინციპი. პოლიტიკოსები და პოლიტიკა არ უნდა ჩაერიოს საუნივერსიტეტო ცხოვრების საქმეში.

როცა პრესკონფერენცია მიმდინარეობდა, უნივერსიტეტის ეზო სავსე იყო საპატრულო პოლიციის თანამშრომლებით. ჩემთვის გაუგებარია, ვის ან რას იცავდნენ ისინი ამ თაკარა მზის ქვეშ? თქმა იმისა, რომ საზოგადოებრივ წესრიგს, ეს გაცვეთილი ფრაზაა, საქმე უფრო მარტივად როდია. ამდენად არც პატრულის დანიშნულებას ვხედავ მე ჩემს უნივერსიტეტში.

ამ შემთხვევაში ცოდავს ორივე მხარე – პოზიციაც და ოპოზიციაც, უნივერსიტეტის ადმინტრაციაც და დიდი სამეცნიერო საბჭოს მებრძოლი წევრებიც.

... და ზიანდება სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჩაკლული სულის ეპოქაში გადარჩენილი და დღეს გადარჩენისთვის გამზადებული...

ნანახია: 892 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz