თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი დინამიკას უბრუნდება. სტუდენტთა
რეგისტრაცია სტუდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით, ხოლო შემდგომ
სასურველი საგნების არჩევა, უნივერსიტეტში დამღლელ პროცესად გადაიქცა.
მიუხედავად ამისა, ყველაფერი მაინც ლოგიკურ კალაპოტს უბრუნდება.
ადმინისტრაციის მთავარი შენობის შესასვლელებთან აღარ იქნება სტუდენტთა
გრძელი რიგები, არც საყოველთაოდ გამოთქმული უკმაყოფილება რეგისტრაციის
შემოთავაზებულ წესთან დაკავშირებით, რადგან ყველაფერს ახალი სასწავლო წლის
ძალაში შესვლა გადაფარავს და სწავლის ფერხული თავისას მოითხოვს. შემდეგ,
საუნივერსიტეტო საზოგადოება მთელი ყურადღებით გაადევნებს თვალს, როგორი
იქნება უნივერსიტეტის ყოველდღიურობა.
სახელმწიფო
უნივერსიტეტში რეფორმით მოტანილი “გარდამავალი პერიოდი” სრულდება.
“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად,
უნივერსიტეტში აკადემიური საბჭო აირჩიეს. უმაღლესი დაწესებულების
აკადემიური საბჭო, რომელიც შეიმუშავებს და ამტკიცებს უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების სტრატეგიულ გეგმას,
ფაკულტეტების წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით
პროგრამებს, მონაწილეობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
წესდების, სტრუქტურული დებულებების, ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის
ხელმძღვანელის წლიური ანგარიშის წარმომადგენლობით საბჭოში განხილვაში თუ
ამტკიცებს სადისერტაციო საბჭოების დებულებებს, წარმომადგენლობით საბჭოს
დასამტკიცებლად წარუდგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატურას და ადგენს
აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, ამავდროულად
ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ირჩევს უმაღლესი
დაწესებულების რექტორს. აკადემიური საბჭოს უფლებამოსილებაში კანონმდებლის
მიერ რექტორის არჩევის კომპეტენცია სამომავლო საუნივერსიტეტო ცხოვრებაში
მალე ხელშესახები იქნება.
სახელმწიფო
უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს არჩევამ ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე
ჩაიარა. აკადემიური საბჭო ასე ჩამოყალიბდა: მარიამ ჩხარტიშვილი, ირმა
რატიანი (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან), ზურაბ დავითაშვილი,
გუგული მაღრაძე (სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან),
ფრიდონ თოდუა, მერაბ კილაძე (მედიცინის ფაკულტეტიდან), ალექსანდრე
შენგელია, ელიზბარ ნადარაია (ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა
ფაკულტეტიდან) კონსტანტინე კორკელია, გიორგი დავითაშვილი (იურიდიული
ფაკულტეტიდან) და ირაკლი კოვზანაძე, რევაზ გველესიანი ეკონომიკისა და
ბიზნესის ფაკულტეტიდან. აკადემიური საბჭო სულ 12 წევრით განისაზღვრა.
სახელმწიფო
უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს არჩევას რექტორის მოვალეობის
შემსრულებლის, გიორგი ხუბუას მხრიდან მრჩეველთა საბჭოს შექმნაც მოჰყვა.
აქამდე არსებული მოარული ხმები რექტორის მრჩეველთა საბჭოს უფუნქციობასთან
დაკავშირებით ამოიწურა. დღეს რექტორის მრჩევრელთა საბჭო ფაქტია და
რამდენად ქმედითუნარიანი იქნება, უახლოესი პერიოდი გვიჩვენებს. გიორგი
ხუბუას ბრძანებით, საბჭოში 9 პროფესორი გაერთიანდა. „ახალგაზრდა იურისტმა”
შეძლო მათი ვინაობების გარკვევა. ესენი არიან: ისტორიის მენიერებათა
დოქტორი მარიამ ლორთქიფანიძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ვაჟა
ოკუჯავა, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორები ნუგზარ ალექსიძე, თეიმურაზ
იოსელიანი და გიორგი თუმანიშვილი, ფილოლოგიის მენიერებათა დოქტორები
მზექალა შანიძე და ჯუმბერ ჭუმბურიძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ოთარ
ჯაფარიძე და იურიდიული მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ტყეშელიაძე.
რექტორის
მრჩეველთა საბჭოს წევრები ხელფასის სახით 700 ლარს მიიღებენ. როგორც
ვხედავთ, წარმოდგენილ ადამიანთა სახელები საზოგადოებისათვის კარგად
ცნობილია, საუნივერსიტეტო საზოგადოებას მათ დამოუკიდდებლობასა და
კომპეტენტურობაში დაფიქრებაც არ უნდა დასჭირდეთ, თუმცა არც უნივერსიტეტის
რექტორის მოვალეობის შემსრულებელია ადამიანი, რომელიც უპატივცემულოდ
მოეკიდოს უფროსი თაობის შეთავაზებულ აზრს.
გახდება
თუ არა გიორგი ხუბუა სახელმწიფო უნივერსიტეტის არჩეული რექტორი, ამას
უახლოესი თვეები გვიჩვენებს, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის
თანამდებობაზე მისი სამომავლო პოზიციები ძალიან საიმედოდ გამოიყურება.
როგორც სტუდენტურ საზოგადოებაში ამბობენ, წმინდა აპოლიტიკური არჩევნების
პირობებში, პროფესორი გიორგი ხუბუა არჩეული რექტორი უნდა გახდეს. ვნახოთ.
2007 წლის 5 იანვარს უნივერსიტეტში რექტორის არჩევნებია. უნივერსიტეტში
რაღაც დასრულდება და უფრო მნიშვნელოვანიც დაიწყებს ათვლას.
|