ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-09, 12:52 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 21 » საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აკრედიტაციისათვის მოემზადება – ფიქრობენ უნივერსიტეტის თვითმმართველობაში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აკრედიტაციისათვის მოემზადება – ფიქრობენ უნივერსიტეტის თვითმმართველობაში
5:36 PM
“ვარდების რევოლუციის” შემდგომმა საქართველოს განათლების სამინისტრომ სწავლებისა და განათლების ახალი სისტემა შემოგვთავაზა. სტუდენტებთან ერთად კურსის შეცვლა უმაღლეს სასწავლებლებსაც მოუწიათ. ერთიანი ეროვნული გამოცდებიდან დაწყებული, განათლების სამინისტრომ უამრავ საინტერესო პროექტთან ერთად, შემოთავაზებულ სიახლეებს შორის უმაღლეს სასწავლებლების აკრედიტაციაც აუცილებელ პირობად დასახა. ის უნივერსიტეტების უკეთესს საგანმანათლებლო პირობას ითვალისწინიებს. ამდენად, უკვე მეორე წელია, რაც აკრედიტაცია ხორციელდება და უნივერსიტეტებს გარკვეული სტანდარტული მოთხოვნების დაკმაყოფილებისკენ მოუწოდებს. 2006 წლის 6 ნოემბერს განათლების სამინისტრომ გამოაქვეყნა იმ უნივერსიტეტების სია, რომლებმაც გაიარეს რეგისტრაცია და რომლებიც 2007 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ სტუდენტებს მიიღებენ. ცნობილი გახდა, რომ აკრედიტაცია 64 უმაღლესი სასწავლებლიდან მხოლოდ 32 გაიარა. ზოგიერთმა უნივერსიტეტმა პირობითი აკრედიტაცია მიიღეს, ხოლო უმეტესობამ ვერ გაიარა ეს პროცესი და მათ შორის, საზოგადოებისათვის მოულოდნელად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიც აღმოჩნდა.
როგორც გაცხადდა, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ვერ დააკმაყოფილა ის პირობები, რომელსაც აკრედიტაციის სამსახური აწესებდა. მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია გავრცელდა, უნივერსიტეტის პერსონალს, ადმინისტრაციას არანაირი განცხადება არ გაუკეთებია. კომენტარის გაკეთებაზე თავი შეიკავა რექტორმა, რამაზ ხუროძემაც. რაც შეეხება სტუდენტებს, ისინი გაურკვეველ მდგომარეობაში არიან. უმეტესობა აცხადებს, რომ მათთვის გაუგებარია, თუ რატომ ვერ მოახერხა უნივერსიტეტმა აკრედიტაციის მიღება. სტუდენტების უმრავლესობას აინტერესებს, რა კუთხით იმოქმედებს ეს სიტუაცია მათ დიპლომებზე, მაგრამ ერთი ნათელია, ნებისმიერ უნივერსიტეტს, რომლებმაც ვერ გაიარეს აკრედიტაცია, 2 წლის განმავლობაში, კიდევ ერთხელ მიეცემათ შანსი ხელმეორედ გაიარონ რეგისტრაცია და კვლავ მიეცემათ სტუდენტების მიღების უფლება. სავარაუდოდ, 2007 წლის გაზაფხულზე, კიდევ ერთხელ ჩატარდება აკრედიტაციის პროცესი. ტექნიკური უნივერსიტეტის პერსონალი ღრმად არის დარწმუნებული, რომ უნივერსიტეტი აუცილებლად შეძლებს აკრედიტაციის მიღებას. მსგავს განცხადებას აკეთებს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური კავშირის ვიცე-პრეზიდენტი და სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების სააკრედაციო საბჭოს წევრი ბორის გითოლენდია. "ახალგაზრდა იურისტთან” საუბრისას, ბორის გითოლენდიამ აღნიშნა ის პრობლემები რომლის გამოც ტექნიკურმა უნივერსიიტეტმა აკრედიტაცია ვერ გაიარა.

- ბორის, დაახლოებით რამდენი სტუდენტი სწავლობს დღეს ტექნიკურ უნივერსიტეტში?

- ზუსტ მონაცემს ამასთან დაკავშირებით მე ვერ გეტყვით, მაგრამ აკრედიტაციის სამსახურმა ტექნიკურ უნივერსიტეტს განუსაზღვრა, რომ 2007-2008 წლისათვის უნივერსიტეტს ეყოლება დაახლოებით 20443 სტუდენტი.

- როგორც მოგეხსენებათ განათლების სამინისტრომ უმაღლეს სასწავლებლებში განახორციელა რეფორმები. რამდენად შეეხო ეს რეფორმა ტექნიკურ უნივერსიტეტს?

- კანონის მიხედვით, რეფორმების გატარება დაიწყო. პირველ რიგში, რაც გაკეთდა, ეს იყო ფაკულტეტების შერწყმა. დაახლოებით არის 10 ფაკულტეტი. მათ შორის, არის მარნეულის ფილიალის ნავთობ გაზსადენის ექსპლუატაციის ფაკულტეტი. შემდეგ, დაუსწრებელი სწავლება, ისევე, როგორც სხვა ფაკულტეტები, როგორიც იყო სოხუმის, გორის, ჭიათურის და სხვა - მილევადი გახდა. გორის ფაკულტეტზე კეთდება პროფესიული სწავლების სკოლა და იგივე სახის სკოლა უნდა გაკეთდეს ჭიათურაშიც. გარდა ამისა, რეფორმებმა მოიტანა ისე, რომ პრორექტორები აღარ არიან, მაგრამ მოხდა აკადემიური პერსონალის კონკურსი და ხელშეკრულებით აყვანილი იქნენ პროფესორები, ასოცირებული პროფესორები და ასისტენტ პროფესორები ანუ კონკურსის შედეგად, ტექნიკური უნივერსიტეტი დაკომპლექტდა ახალი პროფესორებით. აგრეთვე ჩატარდა სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები, სადაც აირჩა ფაკულტეტის საბჭოები და არჩეული საბჭოები მთლიანად სტუდენტებით იქნა დაკომპლექტებული. გარდა ამისა, 30 ოქტომბერს აირჩა აკადემიური საბჭოს წარმომადგენლებიც. ამ არჩევნებში ჩვენი სტუდენტური კავშირი დამკვირებლის სტატუსით იღებდა მონაწილეობას. მოკლედ, რომ ითქვას გეგმის მიხედვით, რასაც ითვალისწინებს კანონი, ჯერჯერობით ყველაფერი თანმიმდევრულად ხორციელდება.

- პირადად თქვენ რას ფიქრობთ მიმდინარე რეფორმებზე?

- განათლების კანონი ვინც დაწერა და განათლების ეს კურსი ვინც აირჩია, რომ უნდა მოხდეს ბოლონიის პროცესთან შეერთება, ჩემი აზრით და სხვებიც დამეთანხმებიან, რომ ძალიან კარგია. უნივერსიტეტში, რა თქმა უნდა, უნდა ჩატარდეს კანონით გათვალისწიინებული რეფორმები, რაც შეიძლება მაღალ დონეზე და ეს ითვალისწინებს იმასაც, რომ 2010 წლისთვის საქართველოც აუცილებლად უნდა შეუერთდეს ბოლონიის პროცესს. დარწმუნებული ვარ, რომ ამისთვის ყველაფერი გაკეთდება.

- როგორ ფიქრობთ, რისთვის ტარდება აკრედიტაციის პროცესი და რა იყო ის პირობები, რომელსაც განათლების სამინისტრო აკრედიტაციისათვის აყენებდა?

- აკრედიტაცია ძირითადად ითვალისწინებს იმას, რომ უნივერსიტეტმა სტანდარტული მოთხოვნები დააკმაყოფილოს. ეს მოთხოვნებია, რომ ერთ სტუდენტზე უნდა გამოიყოს სათანადო ფართი, გაკეთდეს ბიბლიოთეკა, შეიქმნას წიგნადი ფონდი. აგრეთვე, უნივერსიტეტები ტექნიკურად მაღალ დონეზე უნდა იყოს უზრუნველყოფილი და აუცილებელია, რომ 35 სტუდენტს ხელმძღვანელობდეს ერთი პროფესორი.
მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ აკრედიტაციის მიზანი უნივერსიტეტების პერსონალიის კვალიფიკაციის ამაღლებას ემსახურება მაქსიმალურად უნდა დაკმაყოფილდეს სტუდენტის მოთხოვნები და სწავლა უფრო გაუმჯობესდეს. აკრედიტაციის პროცესი საკმაოდ კარგია, რადგან მან გამოიწვია, რომ ლიკვიდირებული იქნა სადღაც ორღობეებში გახსნილი სამაუდიტორიანი უნივერსიტეტები, რომლებიც სახელმწიფო დიპლომებს იძლეოდნენ. ასეთი უხარიახო სასწავლებლები ვერ გაუძლებენ აკრედიტაციის პირობებს და შეწყვეტენ ფუნქციონირებას, რაც გამოიწვევს იმას, რომ არსებულ აკრედირებულ უნივერსიტეტებში სწავლა უფროდაუფრო გაძლიერდება.

- რას გეგმავს უნივერსიტეტი სამომავლოდ და როგორ აპირებს პრობლემის გადაჭრას?

- სამომავლოდ, ტექნიკური უნივერსიტეტი გააგრძელებს ინტენსიურ მუშაობას და პრობლემის გადაჭრას ყველა იმ ძირითადი და დამატებითი კრიტერიუმების დაკმაყოფილებით აპირებს, რომელსაც განათლების სამინისტრო აწესებს. ჩვენი მხრიდან, რაც სტუდკავშირს ევალება, ჩვენ ჩავერთვებით ყველა მნიშვნელოვან პროცესში და გავაკეთებთ ისე, რომ ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უახლოეს მომავალში მიიღოს აკრედიტაცია.

ამდენად, როგორც ვხედავთ, ტექნიკურ უნივერსიტეტში სერიოზულად მიმდინარეობს ხელახალი აკრედიტაცისათვის ფიქრი. იმედია ტექნიკური უნივერსიტეტი მოახდენს შიდა ცვლილებებს და მოახერხებს აკრედიტაციის გავლას, რადგან ამაზეა დამოკიდებული უამრავი სტუდენტის ბედი.

ნანახია: 1688 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz