ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-09, 2:59 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 21 » სტუდენტობის პირველი დღე
სტუდენტობის პირველი დღე
6:21 PM

- ხომ არ იცით, 87-ე აუდიტორია სად არის?
- ლექციების ცხრილი სად წერია?
- ლექტორებს მართლა ჩვენი სურვილით ვირჩევთ?...
ალბათ მიხვდით, რომ პირველკურსელი ვარ და ამ კითხვებსაც პირველ დღეს, დაბნეული და გაურკვეველ მდგომარეობაში მყოფი, სწორედ მე ვსვამდი. მაგრამ იმისათვის, რომ 87-ე აუდიტორიის ძებნის უფლება მომეპოვებინა, ერთი წელი განუწყვეტლივ ვხსნიდი ანალოგიებსა და ლოგიკურ ამოცანებს, ვცდილობდი გამეაზრებინა ნესტანის სახე (მისი სასიყვარულო წერილების მიხედვით), გამერკვია, “ვისი გორისა” იყო ონისე და რატომ განდევნეს ალუდა ქეთელაური თემიდან. კარგად მახსოვს, ერთი წლის წინათ როგორი თეთრი შურით შევცქეროდი უნივერსიტეტთან შეკრებილ ჩემს თანატოლებს, რომლებსაც, ჩემგან განსხვავებით, საკმაოდ მხიარული სახეები ჰქონდათ და სტუდენტობით ტკბებოდნენ, მე კი სახლში მეჩქარებოდა, რადგან ნაწარმოების განხილვა მქონდა დასაწერი.
როგორც იქნა, დადგა ივლისი და ჩემი სიჭკვიანის დასამტკიცებლად, სამჯერ მომიხდა წასვლა უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში. ზოგადი უნარ-ჩვევების კოშმარული გამოცდიდან თავდაღწეული მივხვდი, რომ სულიც არაა ადვილი იმის გარკვევა, არის თუ არა ნინი ჟირაფი ან რატომაა ყველა თეთრი ყვავი მჩხავანა...…
ეს ყველაფერი უკან დარჩა (რაც დღესაც ძალიან მახარებს) და დადგა 2 ოქტომბერი... ჩემი თავაუღებელი შრომისა და ობიექტურად ჩატარებული ერთიანი ეროვნული გამოცდების წყალობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტობას შევუერთდი. თავის დროზე, ამ “არმიაში” ჩემი ოჯახის ყველა უფროსი წარმომადგენელი “მსახურობდა”. იმედი მაქვს, სამი წლის შემდეგ ამ ლაშქარს ჩემი მეცხრეკლასელი ძმაც შემოუერთდება..
მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტში ჩემი მისვლის პირველი დღე მზიანი და თბილი წარმომედგინა, ამინდის “პროგნოზში” შევცდი, - მოღრუბლული იყო და წვიმდა. პირველი კორპუსის ეზოში სტუდენტებს უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა გიორგი ხუბუამ მოგვმართა და ახალი საწავლო წლის დაწყება მოგვილოცა. წვიმამ სწორედ მაშინ იმძლავრა, როდესაც რექტორი სიტყვით გამოდიოდა. მისი მოსმენისა და ახლოდან დანახვის სურვილი ძვირად დამიჯდა და მეორე კორპუსში გვარიანად გალუმპული მივედი. როგორც იქ გავარკვიე, პირველკურსელებთან ჩვენი ფაკულტეტის დეკანის შეხვედრა იყო დაგეგმილი. ვინაიდან ცოტა დრო კიდევ მქონდა, საქმის წინ წაწევა და ცხრილის გადაწერა გადავწყვიტე, მაგრამ მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ უზარმაზარ რიგში ტანჯვით გადმოწერილი ლექციების განრიგი მეორეკურსელებისთვის ყოფილა განკუთვნილი. უბედურება არასოდეს მოდის მარტო, - ამას ისიც დაემატა, რომ იურიდიული ფაკულტეტის დეკანთან შეხვედრაზე მიმავალს, აუდიტორია შემეშალა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანთან შეხვედრაზე ამოვყავი თავი.
ბოლოს, როგორც იქნა, მივაგენი იმ აუდიტორიას, სადაც ბატონ დავით კერესელიძეს ვხვდებოდით. უნდა გამოვტყდე, რომ დეკანი ჭაღარა, მოხუცი და ბრაზიანი წარმომედგინა. მაგრამ ჩემი სტერეოტიპი ბატონ დავითთან შეხვედრისთანავე დაიმსხვრა: იგი ჩემი ფანტაზიის ნაყოფის ანტონიმი აღმოჩნდა...
პირველი ლექციების შემდეგ წყალში ჩაყრილად აღარ მიმაჩნია ის შრომა, რომელიც თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტის სახელის მოსაპოვებლად გავწიე, აღარც ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს გადატანილი ნერვიულობა მახსენდება ცუდად და საერთოდ, ვთვლი, რომ ზოგადი უნარების ლაბირინთებისგან თავის დაღწევა დღევანდელ დღედ ნამდვილად ღირდა...…
დეკანთან გამართული შეხვედრის დროს სრულიად გადამავიწყდა, რომ გარეთ ცუდი ამინდი იყო და ვარცხნილობაც დაშლილი მქონდა. აუდიტორიაში საკმაოდ მეგობრული ატმოსფერო სუფევდა. ბატონი დავითის თბილმა და მეგობრულმა ტონმა პირველი დღით გამოწვეული დაძაბულობა ყველას დაგვავიწყა, მისმა ხუმრობებმა ყველა გაგვამხიარულა. დეკანმა გაგვიმხილა, რომ ჩურჩხელა ძალიან უყვარს და ერთი სასაცილი ისტორიაც მოგვიყვა, რომელიც გერმანიაში შეემთხვა: თურმე, გერმანელებს ჩვენი ჩურჩხელა ყუმბარა ეგონათ.
როდესაც დეკანმა კრედიტები ახსენა, მეგონა, რომ ეს ერთ-ერთი ბანკის მორიგი საჩუქარი იყო პირველკურსელთათვის... ამ პრობლემაში ჩემი და ჩემი ახლადშეძენილი მეგობრების გარკვევას საკმაო დრო დასჭირდა და და საერთოდ, პირველ კვირას ეს საკითხი პირველკურსელთა შორის ყველაზე აქტუალური თემა იყო.
ჩვენთან შეხვედრისას ბატონმა დავით კერესელიძემ საგანგებოდ აღნიშნა, რომ იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლა საკმაოდ დიდ შრომას მოითხოვდა. მისი სიტყვების სიმართლეში მალევე დავრწმუნდით, - ლექციები მეორე დღიდანვე მთელი სერიოზულობით დაგვეწყო... მას შემდეგ, როდესაც სწავლის სისტემა გაგვაცნო, და თან გვაცნობა, დეკანი უკვე გიდად მოგვევლინა, - პარლამენტის თავჯდომარესთან პირველკურსელების ტრადიციულ შეხვედრაზე გაგვიძღვა.
დაახლოებით ერთ საათში უკვე ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომათა დარბაზში ვიყავი და დეპუტატნიკოლოზ სააკაშვილის წითელ სავარძელში კომფორტულად მოვკალათდი. ტრიბუნიდან სიტყვით ნინო ბურჯანაძემ მოგვმართა და ლამის დაგვარწმუნა, რომ ძალიან სასიამოვნო იყო სხდომათა დარბაზში ჩვენი ხილვა. სხვა უამრავ საკითხთან ერთად, პარლამენტის სპიკერი იმაზეც გვესაუბრა, თუ რამდენად სჭირდება დღეს საქართველოს კვალიფიციური იურისტები. ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ, ქალბატონმა ნინომ თავისი სტუდენტობა გაიხსენა და შეხვედრის დასასრულს, პროფესიული წარმატებები გვისურვა.
პარლამენტის შენობიდან ყველა სხვადასხვა სურვილით გამოვედით: ზოგმა პოლიტიკაში წასვლა და საკანონმდებლო ორგანოს სპიკერობა გადაწყვიტა, ზოგს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობა სურდა, დიდ უმრავლესობას კი -იურიდიული ფაკულტეტის დეკანობა. ვის როგორ აუსრულდება სურვილი და ვინ ვის ჩავანაცვლებთ, მომავალი გვიჩვენებს...
მეორე დღეს პარლამენტის დარბაზიდან ისევ აუდიტორიაში აღმოვჩნდით. დავით კერესელიძემ პირველივე დღიდან “დედად” ქალბატონი ნანა ჭიღლაძე მოგვიჩინა და გვაცნობა, რომ სწავლასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე შეგვეძლო მისთვის მიგვემართა. “დედამაც” წარმატებით გაართვა თავი დეკანის მიერ დაკისრებულ ფუნქციას: იგი თითოეული პირვილკურსელისთვის ნამდვილ მეურვედ იქცა და ყველა სტუდენტს არა მარტო კონსტიტუცია, არამედ საკუთარი თავიც შეგვაყვარა. არადა, მართლაც ძალიან სასიამოვნოა იმის შეგრძნება, რომ ვიღაც ყოველთვის მზადაა, შენს ნებისმიერ შეკითხვას უპასუხოს და დაგეხმაროს. ჩვენც გამუდმებით ვაწამებთ (კითხვებით) ქალბატონ ნანას და საშუალებას არ ვაძლევთ, დეკანის მიერ მინიჭებული სტატუსი დაივიწყოს...…
დავით კერესელიძეს ერთი კვირა (შეიძლება უფრო მეტიც) დასჭირდა იმის ასახსნელად, თუ სად მოვხვდით და ბოლოს და ბოლოს, რა არის ეს კრედიტები. ერთიან ეროვნულ გამოცდებ ჩაბარებულ სტუდენტებს ლოგიკაში განსწავლულობა სულაც არ გვეტყობოდა და პირველ დღეებში სრულიად ალოგიკურ შეკითხვებს ვსვამდით.
განახლებულ ფაკულტეტზე დაფუძნებულ შეფასების სისტემაში გასარკვევად, ბატონმა დავითმა ორჯერ დაგვინიშნა დამატებითი შეხვედრა, რომლის დროსაც დიდი ძალისხმევა გასწია იმისთვის, რომ კიდევ ერთი “ლოგიკური ამოცანა” ამოგვეხსნა. მას არაერთხელ მოუწია იმის გამეორება, რომ სასწავლო საგნებს ინტერნეტის საშუალებით ვირჩევთ და ერთ სემესტრში 35 კრედიტზე მეტის აღება არ შეილება.
დეკანის ძალისხმევა დაფასდა და როგორც იქნა, სწავლის პროცესის ტექნოლოგიაში გავერკვიეთ. მაგრამ პრობლემებს რა დალევს? ახლა უკვე ახალი დილემის წინაშე ვდგევართ: არის თუ არა შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის ნების გამოვლენა ნამდვილი? როგორია მოტყუებით დადებული გარიგება: ბათილი თუ საცილო?
იმედია, დილემასაც გადავჭრით. მთავარია, რა იქნება შემდეგი?!

ნანახია: 2348 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/4 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz