ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ოთხშაბათი, 2024-04-24, 4:07 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 21 » კვლავ ეროვნული გამოცდების შესახებ
კვლავ ეროვნული გამოცდების შესახებ
6:25 PM
საქართველოში, უკვე რამოდენიმე წელია, რადიკალური რეფორმების ხანა დაიწყო. ცვლილება თითქმის ყველა სფეროს შეეხო, გამონაკლისი არც განათლების სისტემაა, რომლის მოდერნიზაცია დღემდე ხმაურიანად მიმდინარეობს. ამ რეფორმების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი, სწორედ ერთიანი ეროვნული გამოცდებია. ბევრი ითქვა და დაიწერა მის ნაკლოვანებებზეც. რა თქმა უნდა, მსგავს სკეპტიკურ დამოკიდებულებას თავისი საფუძველიც ჰქონდა. ამ თემის გარშემო დღემდე გრძელდება მწვავე დისკუსია ... მე კი მინდა, უშუალოდ დავაფიქსირო ჩემი დამოკიდებულება, რაოდენ სუბიექტურიც არ უნდა იყოს ის!
დიდი აჟიოტაჟი გამოწვია უნარების ტესტების შემოღებამ. უამრავი განსხვავებული მოსაზრება გაჩნდა. განსაკუთრებით მრავალრიცხოვანი იყო მოწინააღმდეგეთა არმია. ალბათ, ასეთი დამოკიდებულება სიახლის მიმართ არსებული გაურკვევლობისა და შიშის მაჩვენებელი უფრო იყო, რადგან სხვაგვარი ახსნის მოძებნა, მართლაც ძნელია.
უნარების ტესტების ორ ნაწილად დაყოფა, რომლებიც მათემატიკური და ლოგიკური ამოცანებისაგან შედგება, ამ გამოცდის მთავარ არსს წარმოაჩენს. ის მოითხოვს ადამიანისაგან აზროვნებას, ფიქრს, მსჯელობას და ამ ყველაფრის შემდეგ – გადაწყვეტილების მიღებას. ჭეშმარიტება ერთადერთია და ის სწორედ ანალიტიკური მეცნიერებების (მათემატიკა, ლოგიკა ...) მეშვეობით მიიღწევა. აქედან გამომდინარე, უნარების ტესტების უმთავრესი მიზანია, ადამიანმა შეძლოს დამოუკიდებლად, საკუთარ გონებაზე დაყრდნობით, განსაზღვრულ დროში, ჭეშმარიტების აღმოჩენა.
ძალზე ხმაურიანი პროტესტი მოჰყვა ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტების ახლებური ვარიანტის გამოსვლასაც. საზოგადოებისათვის მიუღებელი აღმოჩნდა ათწლეულების მანძილზე დამკვიდრებული მოთხოვნების უარყოფა. რეფორმა აღარ ავალდებულებს უნივერსიტეტში ჩაბარების მსურველთ ე.წ. "საზეპიროების" ცოდნას, არამედ მოითხოვს მათ გააზრებას. ქართულის ტესტებიც კი მათემატიკური სიზუსტითა და ლოგიკური აუცილებლობითაა შედგენილი. ის ორიენტირებულია აზროვნებისაკენ. უპირატესობა ენიჭება არა ზედაპირულად დასწავლილ მასალას, "დაზეპირებულს", არამედ მის სიღრმისეულ გაგებას, ანუ მთავარია არა ფაქტების, არამედ არსის გადმოცემა. ეს ცვლილებები გახდა მიზეზი იმ პროტესტისა, რომელიც საზოგადოებისაგან წამოვიდა, მაგრამ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ხალხს ავიწყდება, რომ ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია ...
ყველას გვაქვს წაკითხული აკაკი წერეთლის "ჩემი თავგადასავალი", მაგრამ მასში მოცემულ ფაქტებს რეალობასთან ვერ ვაკავშირებთ, ამიტომ მინდა პარალელი გავავლო ამ ნაწარმოებში მოცემულ სწავლების სისტემასა და ერთიანი ეროვნული გამოცდების მთავარ მოთხოვნებს შორის. აკაკი აღწერს, რომ როდესაც "პოპეჩიტელის" თანაშემწე მაქსიმოვიჩი ჩამოვიდა, რათა მოსწავლები გამოეცადა, აღმოჩნდა, რომ "საზეპირო როცა ჰკითხეს, იმათაც ჩააბულბუღეს, მაგრამ ბოლოს, როცა აზრით გაგებაზე მიდგა საქმე, მაშინ კი აიბნენ", შესაბამისად, გამომცდელისაგან შეფასებაც ვერ მიიღეს. მისი მეთოდი დაუმკვიდრება აკაკის მასწავლებელ ტროეს. წერეთელიც წერს, რომ "საზეპიროს ცოტას გვაძლევდა, სულ რამოდენიმე ბწკარს, მაგრამ სამაგიეროდ, არა თუ აზრი, ყოველ სიტყვის მნიშვნელობა უნდა გვცოდნოდა და აგვეხსნა". მსგავს პრინციპს ეფუძნება ეროვნული გამოცდებისათვის შედგენილი ტესტებიც, საზეპირო თავად კითხვაშია მოცემული, მოსწავლეს მარტო მისი გააზრება და ამის საფუძველზე მსჯელობა ევალება.
უამრავი ფაქტის ანალიზისას ვიმოწმებთ ხოლმე აკაკის, ისევე როგორც სხვა მწერლებს, პოეტებსა თუ საზოგადო მოღვაწეებს. ასე რომ, როდესაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ძვირის თქმას გადავწყვეტთ, არ დაგვავიწყდეს, რომ მსგავს მეთოდს თავად აკაკი წერეთელი უჭერდა მხარს!
ნანახია: 959 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz