ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
პარასკევი, 2024-04-26, 8:43 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 21 » გაუქმდება თუ არა სტიპენდიები? – კითხვა, რომელიც ყველა სტუდენტს აწუხებს
გაუქმდება თუ არა სტიპენდიები? – კითხვა, რომელიც ყველა სტუდენტს აწუხებს
6:27 PM

უკვე დიდი ხანია, რაც უნივერსიტეტს "ცვლილების ტალღამ" გადაუარა. ასე ვთქვათ, იცვლება ყველა და ყველაფერი, რაც მოძველდა და წარსულს ჩაბარდა. რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს, ამ ცვლილებებს გაჰყვა სტუდენტების სტიპენდიებიც. დღეს თითქმის ყველა სტუდენტს უჩნდება კითხვა იმის შესახებ, თუ რატომ გააუქმეს ან რატომ შეჩერდა სტიპენდიების გაცემა. ნუთუ უნივერსიტეტს ძალიან ძვირი უჯდებოდა წარჩინებული სტუდენტების წეხალისება და მათი შრომისთვის საფასურის გადახდა. თუ უნივერსიტეტი ცოდნის მიღების წყაროა, სადაც ახალგაზრდა ყალიბდება და სტუდენტის სტატუსს იძენს, შესაბამისად, სასწავლებელი სწორედ სტუდენტს ეკუთვნის, ამიტომ ყველა საჭირბოროტო საქმის გადაწყვეტა, სწორედ თითოეული მათგანის მოსაზრების გათვალისწინებით უნდა მომხდარიყო. მაგრამ ის ფაქტი, რომ სტუდენტთა უმრავლესობა გაურკვეველ მდგომარეობაშია, ცხადყოფს, რომ საკითხის გადაჭრა ერთპიროვნულად მოხდა. სტიპენდიების გაცემის შეჩერება, მართლაც, რომ საჭირბოროტო საკითხია და შესაბამისად, პირველ რიგში, სწორედ სტუდენტების აზრი უნდა იყოს ჩვენთვის მისაღები და საინტერესო. უნივერსიტეტის მაშტაბით, მართალია, მცირე რაოდენობის სტუდენტი გამოიკითხა, თუმცა თითოეული მათგანის მოსაზრება ცხადყოფს, რომ ყველა ერთ აზრზეა: ყველა ეწინააღმდეგება სტიპენდიების გაუქმებას.
გიორგი თავიშვილი, ეკონომიკის ფაკულტეტი:
- პირადად მე გული მწყდება, რომ სტიპენდიები მოიხსნა. მოგეხსენებათ, რომ შრომას და სწავლას უნივერსიტეტის მხრიდანაც მცირეოდენი დაფასებაც სჭირდება. დაფასება შეიძლება მაღალი ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ კარგია, როდესაც ხედავ, რომ ღამეებს ათევ, სწავლობ, შრომობ და ამისთვის შესაბამის საზღაურსაც იღებ. მე ძალია დიდი იმედი მაქვს, რომ უნივერსიტეტი მის ხელთ არსებულ ფინანსებს სტუდენტებისთვისაც გაანაწილებს.
ლიკა ბაქანიძე, სოციალურ-პოლიტიკური ფაკულტეტი:
- ჩემი აზრით, სტიპენდიები არ უნდა გაუქმდეს. მართალია, პირველი წელია, რაც უნივერსიტეტში ვარ და ზუსტად ვერ გეტყვით, რა რაოდენობის თანხების გაცემა ხდებოდა თითოეულ სტუდენტზე, მაგრამ რამდენიც არ უნდა ყოფილიყო, ეს ერთგვარი სტიმულია სწავლის გაგრძელებისთვის.
ანა დემენტევი, სოციალურ-პოლიტიკური ფაკულტეტი:
- მე არ ვიცი, სხვას ამასთან დაკავშირებით რა მოსაზრება გააჩნია, მაგრამ ერთი კი ნათელია, სტიპენდია სტუდენტისთვის ყოველთვის იყო სტიმულის და წახალისების წყარო და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს უბრალო გაუგებრობაა და უნივერსიტეტი შეძლებს მთლიანად თუ არა, სანახევროდ მაინც გასცემს წარჩინებულ სტუდენტებზე სტიპენდიებს.

კახაბერ ლორთქიფანიძე, იურიდიული ფაკულტეტი.
- ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრით, ის არის, რომ ნამდვილად დიდი უსამართლობა იქნება, თუ სტიპენდიები საერთოდ გაუქმდება. თუ ძალიან გვინდა, რომ ჩვენი სწავლის პროგრამა ევროპის დონეზე მივიყვანოთ, მაშინ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ საზღვარგარეთის სასწავლებლებში არსებობს ე.წ წამახალისებელი სტიპენდიები. Aასე, რომ თუ ჩვენთანაც იგივე იქნება, არამგონია ვინმემ პრეტენზია გამოთქვას.

სანათა ჩარგაზია, სოციალურ-პოლიტიკური ფაკულტეტი:
- ჩემი აზრით, ყველა ნორმალურ უნივერსიტეტში უნდა არსებობდეს სტიპენდია. ზოგისთვის, ეს შეიძლება ძალია მნიშვნელოვინიც იყოს. ამბობენ სტიპენდიები გაუქმდაო, მაგრამ არავინ იძახის სად წავიდა და რაში დაიხარჯა ეს თანხა ანუ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გვითხრეს, რომ სტიპენდიები არ იქნებოდა, რაც უსამართლობაა. თუ გვეცოდინება, რომ სტიპენდიებისთვის განკუთვნილი თანხა ჩემი უნივერსიტეტის გაუბედურებული აუდიტორიების შეკეთებას მოხმარდება, პირადად მე ვიქნები პირველი, ვინც მხარს დაუჭერს ამ წამოწყებას. მე შემიძლია ვთქვა, რომ ძალია ბევრი ლექცია "სოროებში"’ გვიტარდება და არა აუდიტორიებში.

ნათია აბრამიშვილი, დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორია:
- ერთადერთი, ის შემიძლია გითხრათ, რომ მე ყოველთვის ვსწავლობდი და ვისწავლი კიდეც და სტიპენდიების არსებობა და არარსებობა ხელს არ შეუშლის ჩემს შესაძლებლობებს, მაგრამ უფრო მეტად სასიამოვნო იქნება, როდესაც ჩემი ცოდნის საფასურს სტიპენდიის სახით თუ მივიღებ. მე ნამდვილად არ მესმის, რატომ გააუქმეს სტიპენდიები, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ახლო მომავალში უნივერსიტეტი შეძლებს ამ პრობლემის სტუდენტების სასარგებლოდ მოგვარებას.

იმისთვის, რომ ჩვენთვის უფრო ნათელი გამხდარიყო სტიპენდიებთან დაკავშირებული ზოგიერთი ბუნდოვანი საკითხი, გადავწყვიტეთ, რომ რამდენიმე კითხვით მიგვემართა ბატონ ბადრი გიორგიძესთვის. ბატონი ბადრი უნივერსიტეტისთვის ახალი კადრია. ის სულ ახლახანს საფინანსო დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა, თუმცა მან ინტერვიუზე უარი განაცხადა, რადგანაც მოტივად ის დაასახელა, რომ მხოლოდ ოთხი-ხუთი დღის დანიშნულია ახალ თანამდებობაზე. შესაბამისად, ის ყველაზე ნაკლებად იყო ჩახედული სტიპენდიების საკითხში, თუმცა თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ქალბატონ გულნაზ გალდავასთან საუბრისას, კითხვაზე: თუ რა არის ის ძირითადი მიზეზი, რის გამოც სტიპენდიები გაუქმდა, პასუხი დამაიმედებელი იყო, რადგან ქალბატონმა გულნაზმა განაცხადა, რომ `სტიპენდიები კი არ გაუქმდა, არამედ უნივერსიტეტში იხვეწება ახალი მიდგომა სტიპენდიების მიმართ, რომელიც გარკვეული კრიტერიუმების გათვალისწინებით, ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ შეირჩეს ახალგაზრდა, ნიჭიერი სტუდენტები, რომელთათვის უნივერსიტეტი გასცემს არა 17 ან 19 ლარს, არამედ მოახერხებს მათ მთლიან დაფინანსებას, წარჩინებული სტუდენტების გაცვლით პროგრამაში მონაწილეობას და ამას ყველაფერს უნივერსიტეტი უზრუნველყოფს.” თსუ-ის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა, რომ სტუდენტის წახალისება და მისთვის სტიპენდიების მიცემა არ მოხდება მხოლოდ ერთი კრიტერიუმის, ამ შემთხვევაში, როგორც ეს აკადემიური მოსწრების პირობით ხორციელდებოდა. მისი აზრით, ეს არ იყო წარმატებული პროექტი, ხოლო გაცილებით უფრო წარმატებული აღმოჩნდება ის გეგმა და ჩანაფიქრი, რომელსაც უნივერსიტეტი ახლო მომავალში განახორციელებს და შესთავაზებს სტუდენტურ სზოგადოებას.
"ახალგაზრდა იურისტი" დააინტერესდა იმ ფაქტმაც, რომ მაშინ როდესაც სხვა უმაღლეს სასწავლებლებში მოხდა სწავლის საფასურის გაზრდა, იგივე ხომ არ ემუქრებოდა ჩვენს უნივერსიტეტს და სწორედ ამ გაზრდილი ბიუჯეტით ხომ არ განხორციელდებოდა სტიპენდიენთან დაკავშირებული პროექტი? ამ კითხვაზეც თსუ ადმინისტრაციის ოფიციალური პოზიცია ამ დროისათვის ის აღმოჩნდა, რომ მსგავსი ფაქტი მოსალოდნელი არ იყო და, რომ ყველაფრის განხორციელება მოხდება არსებული ფინანსებით. ასე რომ სტუდენტებს ორი რამ დაგვჩენია, პირველი, გამოვავლინოთ საკუთარი ცოდნა და პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ სწავლას, ხოლო მეორე, დაველოდოთ, თუ როდის დადგება ის ახლო მომავალი, როდესაც უნივერსიტეტი შეასრულებს თავის პირობას. იმედია შეასრულებს და ეს თემა აღარ იქნება გაუთავებელი მსჯელობისა და მითქმა-მოთქმის მიზეზი. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის გარემო, რომ უნივერსიტეტში სტუდენტზე ორიენტირებული გარემოს შექმნაა დეკლარირებული, მაგრამ ეს ნებისმიერმა სტუდენტმა უნდა იგრძნოს. სხვანაირად, მხოლოდ ცარიელ ფრაზად დარჩება. ამასთანავე, მიმაჩნია, რომ პრობლემა დაჩქარებული წესით უნდა მოგვარდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მართლაც რჩება შთაბეჭდილება და მართლდება ის შეხედულება, რომელსაც ერთი ფაკულტეტის დეკანი შეუნიღბავად ამჟღავნებდა სტუდენტებით გადაჭედილ აუდიტორიაში, აქაოდა, სტიბენდიები საბჭოური გადმონაშთია და მისი აუცილებლობა სადღეისოდ აღარ დგასო. ეს რომ მართლაც ასე არ იყოს, საჭიროა ადმინიტრაციამ დანაპირებიდან რეალურ მოქმედებამდე გადავიდეს. ყოველივე ამ პროცესში, მნიშვნელოვნად მესახება ჩვენს მიერ არჩეული სტუდენტური თვითმმართველობის როლიც. სწორედ თვითმმართველობა უნდა იყოს პირველი, ვინც მოითხოვს ამ საკითხის სწრაფი წესით გადაწყვეტას. სხვა შემთხვევაში, გვექნება სხვა შემთხვევა, სადაც ისევ დაგვაფიქრებს ის გარემოება, რომ თვითმმართველობა თავისთვისაა, თსუ-ის ადმინიტრაცია კი თავისთვის, სტუდენტობის აზრი, როგორც ყოველთვის, ისევ საინტერესოა და ამავდროულად – მავანისთვის არაფრისმთქმელი. ღირს ფიქრად.
ნანახია: 1154 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz