ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
შაბათი, 2024-04-20, 9:29 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 22 » 9 აპრილი – ტრაგედიის ცოცხალი გმირების მოგონებანი
9 აპრილი – ტრაგედიის ცოცხალი გმირების მოგონებანი
2:29 PM
ქართველი ხალხი ვერასოდეს დაივიწყებს იმ დღეებს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის დროს გადაიტანა. ბევრს ჯერ კიდევ ცხადად ახსოვს ხეებზე გაკრული ლექსები, დენთის სუნი, ბრმა მომღერლების ნამღერი: ,დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს” პატრიარქის მიწოდება და დაჩოქილი ხალხი, რომელიც ,,მამაო ჩვენოს” ამბობდა და ღვთის განაჩენს ელოდა.
იმ დღის შთაბეჭდილება თითოეულ მათგანს მთელი ცხოვრება გაჰყვება და არასოდეს დაავიწყდება.
რაც იყო, ყველამ კარგად იცის. საინტერესოა, რას გრძნობდნენ ჩვენი თანამემამულეები იმ დღეებსა და იმ წუთებში, როდესაც რუსეთის სპეცდანიშნულების რაზმები ქაშუეთის ეკლესიას მიუახლოვდნენ.
მხატვარი ნატო შენგელია, რომელიც იმ დროს 11 წლის იყო, იხსენებს:, ,ბიძაჩემი მიტინგზე წაყვანას დამპირდა. იქ ხალხი ყოველ დღე იკრიბებოდა, ცეკვავდა, მღეროდა, ლექსებს ამბობდა; საშიში არაფერი იყო. 8 აპრილს, დილის 12 საათზე, ჭავჭავაძის გამზირზე ტანკებმა ჩაიარეს. ასფალტზე ნაკვალევი დარჩა. ბიძაჩემი მეზობელთან ერთად ტანკებს დაედევნა. ბებიამ, გული რომ არ დამწყვეტოდა, ხელი ჩამკიდა და მიტინგზე წამიყვანა. ხალხში მღელვარებამ იმატა. როგორც მერე გაირკვა, ტანკები მომიტინგეთა დასაშინებლად ჩაატარეს; სასტუმრო ,,ივერიასთან” მოუხვიეს და უკან დაბრუნდნენ. უნივერსიტეტსა და სკოლებში სწავლა შეწყდა, ახალგაზრდობა გარეთ გამოეფინა, მოძრაობა შეჩერდა. მიტინგზე მოხუცმა ქალმა შემამჩნია და მითხრა: შვილო, პატრონი არ გყავს? აქ რა გინდა, წადიო. მე და ბებიამ ძლივს გამოვაღწიეთ იქიდან.
დილის 5-ის ნახევარი იქნებოდა. ჭავჭავაძის გამზირზე მანქანის სიგნალის გაბმული ხმა ისმოდა. ოცი წუთის შემდეგ ხმა გაძლიერდა. მანქანის ღია ფანჯრებიდან, ბიჭები მთელი ტანით იყვნენ გადმოწეულები და ყვიროდნენ:, ,გაიღვიძეთ, ხალხს ხოცავენ, გამოდით!”
სახლში ყველას ეძინა, ჩემსა და მამაჩემის გარდა. უცებ კარზე ზარის ხმა გაისმა. მამაჩემმა კარი გააღო; სასტუმრო ოთახში გავედი და დავინახე ბიძაჩემი შოთა _ ფეხშიშველი, დახეული შარვლითა და პერანგით, სახეზე ფერი აღარ ედო. ძლივს ამოილუღლუღა, ხალხი დახოცესო. შევძრწუნდი. ძნელი იყო ასეთი რამის დაჯერება. უცებ საშინელი ყვირილი და სტვენა ატყდა გარეთ. ხალხი, რუსთაველის გამზირის გარდა, ვარაზის ხევიდანაც მორბოდა. ტელევიზიასთანაც დაერბიათ მშვიდობიანი მომიტინგეები.”
მთავრობის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებს ნატოს ბიძა, თავად შოთა ჟვანიაც იხსენებს: ,,რუსი ჯარისკაცები ქალებსა და ბავშვებს ურტყამდნენ ნიჩბებს თავში, კაცებს რომ ვერ მოერივნენ. სისხლის გუბეში ვიდექი და ვერ ვშველოდი მათ იმიტომ, რომ ოთხი რუსი ჯარისკაცი ცემით მიმათრევდა სადღაც. თავის დაღწევა მოვახერხე და ოთხი კილომეტრი ფეხშიშველმა ვირბინე სახლამდე.”
კონსტანტინე შენგელია შემდეგს იხსენებს: ,,როდესაც კარი გავაღე და ფეხშიშველი, ნაცემი შოთა დავინახე, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს რუსი ჯარისკაცების ჩადენილი იქნებოდა. ვიფიქრე, ვიღაცამ ,,ნასკებიანად” ,,აახია” ფეხსაცმელიბი-მეთქი. ძლივს ამოიღო ხმა, ხალხი დახოცესო. გარეთ გავვარდი. ვხედავ, მოდის გოგო, რომელსაც ცალ ფეხზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია, მეორეზე კი ფეხშიშველაა. მორბოდა ტანსაცმელდაგლეჯილი ხალხი, გაზისაგან სახეგაშავებული ბიჭები. ჩვენი სახლის ეზოში დაჭრილი შემოიყვანეს. ხალხი იხვეწებოდა, სადარბაზოს კარები არ ჩაკეტოთ; რამე რომ მოხდეს, შიდა ეზოს შევაფარებთ თავსო!@ვინ დახურავდა. ზოგი ნემსისა და ძაფის ჩამოგდებას ითხოვდა პირდაპირ აივნიდან, რომ დახეული ტანსაცმელი ამოეკერათ. ქვემოთ ვნახე ნაცნობები. თბილისის ერთ-ერთი კოლორიტი - კოკა მუხლუხოებში ჩასწოლია ,,ბე ტე ერ”-ს და გაუჩერებია. გაზის ამპულები წვიმასავით მოდიოდაო; ჯარისკაცები ყვიროდნენ: ,,ვოტ, ვამ ზა სტალინა, ზა ბერია!” თან დუჟი მოსდიოდათ პირიდან. როგორც შემდგომ გაირკვა, მათ მიღებული ჰქონიათ გაზის მოწამლვისაგან თავდასაცავი პრეპარატი _ ანტიგაზი. რბევისას გამოყენებულ გაზებს ეწოდებოდათ ,,სი ე სი| და ,,ჩერიომუხა.” ისინი ავღანეთშიც გამოიყენებოდა.”
გელა არაბული, რბევისას დაზარალებული, იხსენებს: ,,როდესაც ლენინის მოედნიდან (მაშინდელი) ჯავშან-ტრანსპორტიორები წამოვიდნენ, მთავრობის სასახლის მარჯვენა მხარეს, კიბეზე ვიდექი. ჯარისკაცები მოდიოდნენ ფარებით, ნიჩბებით და ხელკეტებით. ხალხი წყნარად იჯდა, არავინ არაფერს აშავებდა, არავინ დგებოდა, ხმას არავის სცემდა. დაახლოებით, ხუთი წუთი იდგნენ ჯარისკაცები. უცბად დაიწყეს ხალხის ცემა. მალე მათ ჩიტაძის ქუჩიდან ჩამოეშველნენ სხვა ჯარისკაცები. მოშიმშილეები ისე იყვნენ დასუსტებულები, ფეხზე ვეღარ დგებოდნენ. ერთი ქალიშვილი დაეცა. წამოვაყენე. ამ დროს ერთმა დამიძახა: ,,ნიჩევო სებე, სვოლოჩ!” და დამარტყა. ბუშლატის ქვეშ ჯავშანჟილეტი მეცვა. კვლავ მომაძახა იგივე სიტყვები და მითხრა: ,,ა, უ ტებია ბრონეჟილეტ?!” და ნიჩაბი ჩამარტყა. დავეცი, ისევ ავდექი. შევეცადე ის ქალიშვილი, როგორმე იქაურობას მომეშორებინა. ის მეხვეწებოდა, წყალი დამალევინეო. მოვახერხე, სასწრაფო დახმარების მანქანამდე მიმეყვანა. არ ვიცი მისი ბედი, გვარიც არ მიკითხავს.”
ჩვენს ქალაქში ჯერ კიდევ მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ 9 აპრილის სისხლიან ღამეს.
ნანახია: 1834 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/3 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz