ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-03-28, 6:52 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 22 » ჩვენი მხნეობა მიიღეთ, პატრიარქო! – ქართველი მრევლი შეურაცხყოფილია
ჩვენი მხნეობა მიიღეთ, პატრიარქო! – ქართველი მრევლი შეურაცხყოფილია
2:32 PM

აჭარაში ვანდალურად დანგრეულ ეკლესიას ქართველი სტუდენტების პროტესტიც მოჰყვა. ის, რაც ხელვაჩაურის რაიონში, ფერიის მთაზე მოხდა, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ფაქტია, რომ მოხდა დანაშაული, მაგრამ პასუხისმგებლობის მტვირთველი არავინაა. ნებისმიერ დემოკრატიულ და ცივილიზებულ სახელმწიფოში მსგავსი თავმოყვარეობის შემლახველ ფაქტს, ხელისუფალის (არ აქვს მნიშვნელობა, რომელი დონის) გადადგომა მოჰყვებოდა, რადგანაც სწორედ ხელისუფლებაა პასუხისმგებელი საკუთარი მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაზე. თუ საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოში რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებას აცხადებს და ამასთან ერთად აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში, ათიათასობით ქართველი მართლმადიდებელი მორწმუნის დარღვეულ უფლებას დღეს ვინ უნდა იცავდეს?

ის, რომ ჯერ ეკლესიის მშენებლობა შეჩერდა, ხოლო შემდეგ აშენებული ამღალება ღამეს სიმბოლოების მოყვარულმა "ერისკაცებმა” ნაცარტუტად აქციეს, ვითომც არაფერი. საკვირველია იმ ადამიანების ყელყელაობა ეკრანზე, რომლებით უტიფრად გვმოძღვრავენ: ეკლესია უკანონოდ შენებოდაო. ვისი უნდა ვირწმუნოთ, ბათუმისა და ქობულეთის ეპარქიის წინამძღოლის, მეუფე დიმიტრის, რომელიც ამბობს, რომ მშენებარე ეკლესიის ადგილის კანონიერი მფლობელი მუდამ საქართველოს საპატრიარქო იყოო თუ იმათი, ვისაც ამ თემით პოლიტიკური ქულების მოპოვება უნდა?

ხელვაჩაურის გამგებელი ქვეყნის სტრატეგიულ პოლიტიკაში უფრო ღრმად ჩახედული აღმოჩნდა და მოგვიგო: ეკლესიის მშენებლობა უნებართვოდ მიმდინარეობდა, თანაც ისეთ სტრატეგიულ ადგილზე, საიდანაც კარგად ჩანს ხელვაჩაურის რაიონის დაბლობი და შეიძლება ოდესმე ქართულ არმიას ეს ადგილი სამხედრო თვალსაზრისით გამოადგესო. რა თქმა უნდა, არავინ კამათობს ქვეყნის სტატეგიულ პოლიტიკაზე, მაგრამ ისევ ნორმალურ და ჩამოყალიბებულ ქვეყანაში, სტრატეგიას ეროვნული ფასეულობების დაცვა და პატივისცემა უდევს საფუძვლად. ეს ვერ გათვალა, მგონი, ბატონმა გამგებელმა...

ახლა ერთი დიდი მითქმა-მოთქმაა, რისთვის სჭირდებოდა ხელისუფლებას ფერიის მთა? იქ მართლაც გასართობი ადგილი უნდა მოემზადებინა თუ "გზააბნეული” კოლხი ქალის – მედეას მონუმენტი დაედგა? სახელმწიფოში ყველაფერი საჭიროა, მაგრამ მართლმადიდებლობა და ღვთის სალოცავი ამათ "მოძრავი ძეგლები” ხომ არ ჰგონიათ?! ნუთუ მართლა უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ტოტალურად მიმდინარეობს ქართველი ერის მიერ ყველა სოციოლოგიური გამოკითხვით მაღალი ნდობის მქონე ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა დასამორჩილებლად და გარდასაქმნელად?! იქნებ რეფორმირებას საჭიროებს ქართული ეკლესია, დიდი სჯულის კანონები შესაცვლელია და `მღდვლის ქარტიებით” არის საჭირო მრევლის გაძღოლა? ან პატრიარქისთვის ხომ არ მოგვეწყო რევოლუცია და იმპიჩმენტი, სამების ტაძარი რატომღაც კარგად ვერ გამოიყურება და ძალიან მიუღებელს ხდის გარემოს? არა, რაღაცაზე უნდა შევთანხმდეთ.
ვაი, საქართველოვ!

მშენებარე ეკლესიას ანგრევენ და თან სად? აჭარაში? იქ, სადაც სამასწლიანმა თურქულმა ბატონობამ ლეჩაქმოხვეულ აჭარელ ქალს საქართველოს სიყვარულით აზრდევინა შვილი და კეცზე ჩაკრული მჭადისთვის არასოდეს დავიწყებია ჯვარის დასმვა. აჭარაში ხომ თოთოეული ადგილი თავისი ტოპონიმიკითა თუ ისტორიული წარსულით ყოველთვის იყო ქრისტიანული: ხინოწმინდა, სხალთა, თეთროსანი, სხვა მრავალი. ამ კუთხემ ყველაზე კარგად იცის ქართველობის, მართლმადიდებლობისა და თავისი ტკივილიანი წარსულის მნიშვნელობა. აქ ქრისტიანი ისევე პატივისცემით ეპყრობა თუნდაც თავის ოჯახის წევრ მუსლიმან დას ან ძმას, როგორც წარმოუდგენლადაც არ უნდა მოეჩვენოს კუთხის თავისებურებებში ჩაუხედავ ადამიანს. ამ ორი რელიგიის მშვიდობიანი თანაცხოვრება, როგორც ჩანს, დღეს ჩვენს ბევრ ავისმსურველს საღერღელს უშლის კიდეც.

ქობულეთის რაიონის სოფელ კვირიკეში დგას ჯამე, მუსლიმანთა მთავარი სალოცავი, რომელიც ეკლესიის საძირკველზეა აგებულია. ამ ჯამისა და მისი საძირკვლის ისტორია ისეთივე ტრაგიკულია, როგორც ამ მხარის წარსული, მაგრამ დღეს ჯამე ამ სოფელში დგას, ჯამეს მახლობლად კი სოფელში ორი მოქმედი ტაძარია. არავის უცდია მისი დანგრევა და ამ ადგილზე ეკლესიის აშენება. არც ქრისტიან ძმას და არც მუსლიმანს. ამას იმიტომ ავღნიშნავ, რომ ერთი არასასიამოვნო ფაქტი ამოვიკითხე გაზეთ `ალიადან” (19-21 მაისი, #57, გვ5) `თბილისს აჭარაში ახლა მუსლიმანების ფაქტორი უფრო აშინებთ...” გთხოვთ, ნუ გავრევთ აქ ბინძურ პოლიტიკას. ვაცადოთ აქ მცხოვრებ ადამიანებს მშვიდობიანი თანაარსებობა. დარწმუნებული ვარ, არც ერთი მუსლიმანი არ მოითხოვს და არც აზრად მიეცემა აჭარაში მართლმადიდებლური ტაძრების ნგრევის სურვილი. აჭარასთან რელიგიური თემით სპეკულირება დამღუპველია. ჩვენ აქ საქმე გვაქვს ისეთივე ქართველებთან, როგორი ქართველებიც, თუნდაც იმერლებია. ყველა ემსახუროს იმ სარწმუნოებას, რომელიც მათი თვითშეგნებით ჭეშმარიტია.

დიახ, შეშფოთებული და შეძრწუნებულია მრევლი, იმით რაც აჭარაში მოხდა... `სამწუხაროა, ეს არ უნდა მომხდარიყო” – დათრგუნული ჩანდა მისი უწმიდესობა ამ განცხადებისას. მრევლს მხოლოდ პატრიარქის მოწოდებისა და მოქმედების იმედიღა შემორჩა. საზოგადოებაში დაისადგურა მოლოდინმა – ასე ცხოვრება აღარ შეიძლება. მართლაც, შეიძლება ცხოვრება და სიცოცხლეც კი არ ღირდეს ისეთ ქვეყანაში, სადაც გიცხადებენ, რომ ჯვრებს ქუჩებიდან იმიტომ ვიღებთ, ტრანსპორტის მოძრაობას უშლიდა ხელს, რადგანაც მძღოლები ჯვრის დანახვაზე პირჯვარს ისახავდნენ და შეიძლება ავარია მოსვლოდათო. მართლაც, კიდევ ერთი ვანდალიზმი ქობულეთში მოხდა. აქ ჩოლოქთან აღმართული ჯვარი `ჩამოხსნეს.” ქობულეთლების რეაქცია ამ ფაქტისადმი ადეკვატური იყო. ჯვარი მთელმა რაიონმა ქართული დროშებით თავის პირვანდელ ადგილს დაუბრუნა. ჯვარი კი დაბრუნდა და იქაურებმა თავიანთ ღირსეულ წარსულს ამ ნაბიჯით კიდევ ერთი მაგალითი შემატეს, მაგრამ როცა რაიონის გამგებელი ასეთ განცხადებას აკეთებს, ის წინამორბედზე უმეცარია. წინამორბედმა, ღმერთს მადლობა, ირწმუნა, რომ რეზოლუცია მაგიდის უჯრაში ინახებოდა, ამჟამინდელს კი არგუმენტაციაში ვეღარ შეედავები. სირცხვილია!

ფერიის მთაზე კი დანგრეული ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობს. ხალხი და ოპოზიციური პარტიები ამ საქმეში გაერთიანდნენ. დუმს პრეზიდენტი. მისი დუმილი ამჟამად ოქროდ ვეღარ ჩაითვლება. მომხდარია დანაშაული და პასუხსაგებია დამნაშავენი, მაგრამ არავინ იცის, ვინ არის ამ საქმეში ყველაზე დიდი ცოდვილი?! ღმერთი განიკითხავდეს.
ჩვენი მხნეობა მიიღეთ, პატრიარქო!
ნანახია: 969 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz