2007 წლის 8 თებერვალს თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტს დაარსებიდან 89 წელი შეუსრულდა. იუბილესთან დაკავშირებით
უნივერსიტეტში მრავალი ღონისძიება გაიმართა, მათ შორის იყო პოეზიის საღამო
და სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა, რომლებიც იურიდიულ ფაკულტეტზე
მოეწყო. ღონისძიების ავტორი და ორგანიზატორი იურიდიული ფაკულტეტის
ლექტორი, ქ-ნი ქეთევან ქოჩაშვილი გახლდათ, რომელმაც ძალა არ დაიშურა
ღონისძიების უმაღლეს დონეზე ჩასატარებლად. სტუდენტთა ნამუშევრების
გამოფენა თსუ მეორე კორპუსის ფოიეში, იურიდიული ფაკულტეტის დეკანატთან
მოეწყო, წარმოდგენილი იყო როგორც ნახატები, ასევე ფოტო-მასალა და ხელით
ნაკეთები ნივთები, რამაც დამთვალიერებლების ყველაზე დიდი ინტერესი
გამოიწვია. პოეზიის საღამო ქ-ნმა ქეთიმ გახსნა უნივერსიტეტის
იუბილისადმი მიძღვნილი სიტყვით, სადაც მოხსენიებულნი იყვნენ უნივერსიტეტის
დამფუძნებლები, მათი წვლილი და დამსახურება, დედა-უნივერსიტეტის წარსული
და დღევანდელობა, მომავალი – გაჯერებული ნიჭიერი თაობების შრომითა და
მონდომებით, შეუნარჩუნონ უნივერსიტეტს მისი ტრადიციები და დიდება.
პოეზიის საღამოზე მონაწილეობას იღებდნენ როგორც სტუდენტები, ასევე
იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები: ბ-ნი გურამ ნაჭყებია, ქ-ნი
რუსუდან ნათენაძე, ბ-ნი ვახტანგ ხუციშვილი, ქ-ნი ლია კობალაძე, რომელთა
შემოქმედებითი კუთხით დანახვაც ერთგვარი სიურპრიზი გახლდათ დამსწრე
საზოგადოებისათვის.
სტუდენტთა მხრიდან კი წარმოდგენილ იქნა მათი ლექსები, ჩანახატები, თარგმანები, სიმღერა და ცეკვა.
პოეზიის საღამო საკმაოდ ხალისიან ნოტაზე მიმდინარეობდა და დამსწრე
საზოგადოების დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ღონისძიებიდან უსაზღვროდ
კმაყოფილი ვბრუნდებოდი და ვფიქრობდი, რომ იქ, სადაც ასეთი შემოქმედებითი
სული ტრიალებს, შეუძლებელია დროზე საუბარი, უნივერსიტეტი იყო, არის და
იქნება, მან თითქმის საუკუნე ზიდა, აღზარდა ღირსეული მეცნიერ-მუშაკები თუ
საზოგადო მოღვაწეები, გახლავთ ნოვატორი ყველა ეროვნულ საქმეში და
ყოველთვის გააგრძელებს დაკისრებული მოვალეობების კეთილსინდისიერად
შესრულებას. მართლაც, რომ “სულ სხვაა უნივერსიტეტი…”
|