ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-09, 9:47 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 22 » "ჩვენი ვალია თვითმმართველობის იდეები და განხორციელებული ღონისძიებები საზოგადოებამდე მივიტანოთ"
"ჩვენი ვალია თვითმმართველობის იდეები და განხორციელებული ღონისძიებები საზოგადოებამდე მივიტანოთ"
2:51 PM

 

უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება აქტიურ საქმიანობას გეგმავს. ამის საფუძველს სტუდენტური თვითმმართველობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ახალი ხელმძღვანელი სალომე ბენიძე იძლევა. გაზეთი "ახალგაზრდა იურისტი" სალომე ბენიძეს ესაუბრა.

- სალომე, თქვენ ჩაიბარეთ უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სფერო. ამავე საზოგადოებას, იქნებ მოვუთხროთ და მოვუხდინოთ თქვენი პიროვნების გაცნობა...

- პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ, რომ დაინტერესდით და ჩემთან მობრძანდით, ახლა კი შევეცდები გიამბოთ ვინ ვარ და საიდან მოვდივარ. დავიბადე 1986 წელს ქ. ქუთაისში, 2003 წელს დავამთავრე ქუთაისის წმიდა ნინოს სახელობის გიმნაზია, ამავე წელს გავხდი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი. ადრეული ასაკიდან ვწერ და ვთარგმნი. სკოლაში და უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მრავალი კონკურსის გამარჯვებული და ჯილდოს მფლობელი ვარ. 2004 წელს მომენიჭა საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდია. 2006 წელს გავიმარჯვე კონკურსში და ლიტვაში ვილნიუსის უნივერსიტეტში ერთი სემესტრით სწავლის უფლება მოვიპოვე. 2006 წლის პირველი სექტემბრიდან 2007 წლის პირველ თებერვლამდე, თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტსა და ვილნიუსის უნივერსიტეტს შორის არსებული ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, ვილნიუსის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტზე ვსწავლობდი. ერთი თვეც არ არის რაც საქართველოში დავბრუნდი. სწორედ იმ პერიოდში, როცა ვილნიუსში გასამგზავრებელ კონკურსში გავიმარჯვე (2006 წლის გაზაფხულში) მეორე მნიშვნელოვანი მოვლენაც მოხვდა _ ჩატარდა სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები. თვითმმართველობაში უბრალოდ მოვხვდი, პირველი კურსიდანვე ძალიან აქტიური სტუდენტი ვიყავი, თუმცა რომელიმე სტუდენტურ ორგანიზაციაში გაწევრიანებისგან თავს ვიკავებდი. არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გიორგი ავალიანმა და გაგა ხაბულიანმა შემომთავაზეს, რომ ჟურნალისტიკის დეპარტამენტში `ერთიანი სტუდენტური მოძრაობის” ერთ-Eერთი კანდიდატი ვყოფილიყავი. ამ ორგანიზაციის საქმიანობას მისი ჩამოყალიბების პირველივე დღეებიდან ვადეევნებდი თვალყურს. ასე რომ კარგად ვიცნობდი მათ პოტენციალს, მიზნებს და კურსს. ჩემი არჩევანი, რომ `ერთიანი სტუდენტური მოძრაობის” კანდიდატი ვყოფილიყავი, გიორგი ავალიანისა და გაგა ხაბულიანისადმი ჩემმა პირადმა ნდობამ და პატივისცემამაც განაპირობა.

- სალომე, როგორ მოხდა თქვენი სტუდენტური თვითმმართველობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელად წარდგენა?

- როგორც მოგეხსენებათ, პროფესიით ჟურნალისტი ვარ, და ამ სფეროში პრაქტიკული გამოცდილებაც მაქვს. ჯერ კიდევ არჩევნების პერიოდში რამდენიმეჯერ მომიხდა მედიასთან ამა თუ იმ საკითხზე კომენტარის გაკეთება. არჩევნებიდან რამდენიმე დღეში, როცა გიორგი ავალიანი კიევში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა, მის მაგივრად რამდენჯერმე პირდაპირ ეთერში მიმიწვიეს. მოგეხსენებათ, გასული ზაფხული რთული და დატვირთული იყო უნივერსიტეტისთვის. ამ პერიოდში თვითმმართველობის მიერ ჩატარებულ ბრიფინგებს და პრესკონფერენციებს გავუწიე ორგანიზება, როგორც ჩანს, ამ ყველაფრის გამო, თვითმმართველობის ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ საზოგადოებასთა ურთიერთობის სამსახურს კარგად გავუძღვებოდი. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად სულ ცოტახნის წინ დამამტკიცეს, რაც ძალიან სასიხარულო ფაქტი და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაა.

- სალომე, როგორი შეფასება გაქვთ უნივერსიტეტში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით? როგორ ფიქრობთ, რამდენად აქტიური და თანმიმდევრულია საუნივერსიტეტო სინამდვილის მიმართ უნივერსიტეტის სტუდენტობა?

- საერთოდ ბუნებით ნოვატორი ვარ, ამიტომ ჭკვიანურ და კონსტრუქციულ ცვლილებებს ყოველთვის მივესალმები. მითუმეტეს ახლა რაც ევროპიდან დავბრუნდი, ვგრძნობ, რომ ამ რეფორმების საშუალებით ჩვენი უნივერსიტეტი შეძლებს ევროპულ საგანმანათლებლო სტანდარტებს მიუახლოვდეს და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სხვა უმაღლესი სასწაველებლების ბედი უმტკიცესადაა დაკავშირებული უნივერსიტეტთან. სწორედ ამიტომ მგონია, რომ უნივერსიტეტმა უკან არ უნდა დაიხიოს და ფრთხილად, მტკიცედ და თანიმდევრულად გადადგას პროგრესული ნაბიჯები. რაც შეეხება სტუდენტების მონაწილეობას ამ პროცესში, ვისურვებდი, რომ უფრო აქტიურად ყოფილიყვნენ ჩართულები და უფრო მეტად აღელვებდეთ საკუთარი უნივერსიტეტის, საკუთარი განათლების და აქედან გამომდინარე, საკუთარი ქვეყნის მომავალი.

- სალომე, თქვენ შეხება გქონდათ ჩვენსავე თანატოლ უცხოელ სტუდენტებთან. როგორია თქვენი პარარელი – რით განსხვავდება ქართველი სტუდენტი თავისი უცხოელი კოლეგისაგან?

- ვილნიუსში მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად მომიხდა ცხოვრება და სწავლა. როცა საქმე მიდგება წმინდა ახალგაზრდულ ცხოვრებასა და ურთიერთიბებზე, მაშინ ყველა ქვეყნის ახალგაზრდები ევროპელებიც, აზიელებიც და ამერიკელებიც ერთნაირები ვართ. ძირითადი განსხვავება ალბათ ის არის, რომ ევროპელი ახალგაზრდები ნაკლებად პოლიტიზებულები არიან და თვითონაც ხშირად აღნიშნავენ, რომ იმდენად აწყობილ ქვეყანაში ცხოვრობენ, რომ ნაკლებად აინტერესებთ, მაგალითად რა კანონპროექტს განიხილავს დღეს მათი ქვეყნის პარლამენტი. მეუბნებოდნენ კიდეც, რომ ჩემი შურადთ, რადგან თვლიდნენ, რომ ძალიან საინტერესოა ცხოვრება ქვეყანაში, რომელიც აღმშენებლობის გზას ადგას და ახლა ყალიბდება, როგორც სახლემწიფო. და კიდევ ერთი რამ, რითაც განსხვავდებიან ქართველი ახლაგაზრდები უცხოელი თანატოლებისგან, საკუთარი ეროვნებით გამოწვეული სიამაყე და სამშობლოსადმი უდიდესი სიყვარულის გრძნობაა. რაც შეეხება განათლების დონეს, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ქართველი ახალგაზრდები ნამდვილად არავის ჩამოუვარდებიან.

- სალომე, რა პრინციპებზე იქნება დაფუძნებული სტუდენტური თვითმმართველობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სფერო? როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

- ვეცდები, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური საშუალებით, თვითმმართველობის საქმიანობა მაქსიმალურად გამჭირვალე გახდეს ანუ ყველა იმ კითხვას, რომელიც სტუდენტობას, პროფესორ-მასწავლებლებს თუ უბრალო მოქალაქეებს ჩევნს საქმიანობასთან დაკავშირებით უჩნდებათ, პასუხი ამომწურავად და დროულად გაეცეს. რა თქმა უნდა, დიდი ყურადღება მიექცევა მასმედიასთან ურთიერთბას. ჩვენი პირველი ნაბიჯი თვითმმართველობის საიტის შექმნა იქნება. ჩემი აზრით, თვითმმართველობა, როგორც ერთიანი გუნდი-შედგა და ჩვენი სამსახურის ვალია თვითმმართველობის იდეები და განხორციელებული ღონისძიებები საზოგადოებამდე მიიტანოს.

- და ბოლოს, ჩვენ გახლავართ საუნივერსიტეტო სტუდენტური გაზეთი. იცნობდით თუ არა `ახალგაზრდა იურისტს” და როგორია თქვენი შეფასება?

- თქვენს გაზეთს ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, რადგანაც საზღვარგარეთ ყოფნისას თქვენი ვებ-გვერდის საშუალებით, ბევრ საინტერესო ინფორმაციას ვიგებდი. გისურვებთ წარმატებებს, კიდევ უფრო მეტ მკითხველს. იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება.
ნანახია: 984 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz