თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტი მორიგი საინტერესო
ღონისძიების მომზადების იდეით გამოვიდა. მარტში გაიმართება საქართველოში
პირველი შემოქმედ მოსწავლეთა ფესტივალი – 2007, სადაც აქტიურ მონაწილეობას
მიიღებენ თბილისის საშუალო სკოლების მოსწავლეთა თვითმმართველობები.
პირველად საქართველოში - "შემოქმედ მოსწავლეთა ფესტივალი 2007"
გაგრძელდება 6 დღის განმავლობაში და ფესტივალის ფარგლებში
გათვალისწინებულია: მოსწავლეთა ნამუშევრების, ხელნაკეთი ნივთების
საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა
დასახმარებლად, ანტინარკოტიკული აქცია-გამოფენა, სადაც წარმოდგენილი
იქნება მოსწავლეების ნახატები აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, პატრიოტულ
თემაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა, გაიმართება მუსიკალური კონცერტი
მოსწავლეების მონაწილეობით. გაიმართება დაჯილდოების ცერემონიალი. როგორც
ჩვენთან საუბარში თსუ-ის თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის
ხელმძღვანელმა თეონა ჭალიძემ განაცხადა: "ფესტივალის მონაწილეებს
შეაფასებს კომპეტენტური ჟიური. სამახსოვრო სიგელებს, დიპლომებსა და
საჩუქრებს კი გამარჯვებულებს გადასცემს სტუდენტური თვითმმართველობის,
კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროსა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის
წარმომადგენლები. მეექვსე დღე ფესტივალის ფინალური ფაზაა საქველმოქმედო
აქცია აფრიკის მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლის დასახმარებლად,
სახელწოდებით "მოსწავლეები ბავშვებისთვის". რაც სიმბოლურად ნიშნავს -
",თაობა მომავალი თაობისთვის". თეონა ჭალიძის თქმით, ღონისძიება ხელს
შეუწყობს სკოლების მოსწავლეთა თვითმმართველობების წარმომადგენლების
გაცნობას, რაც თავისთავად განაპირობებს მათ შორის საქმიანი ურთიერთობის
ჩამოყალიბებას და აქტიურ ჩართვას სხვადასხვა პროექტებში. ასევე ჯანსაღი
კონკურენციის ჩამოყალიბებას, რაც ხშირ შემთხვევაში ხელს უწყობს
საქმიანობის ხარისხის ამაღლებას. აღსანიშნავია, რომ ფესტივალი პირველ
ეტაპზე ჩატარდება თბილისის მასშტაბით, ხოლო შემდეგ სამომავლო
პერსპექტივაშია საქართველოს რეგიონებში ანალოგიური პროექტის განხორციელება.
|