ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-09, 8:14 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 22 » მთავარი რედაქტორის სათქმელი. ჩვენ და ისინი...
მთავარი რედაქტორის სათქმელი. ჩვენ და ისინი...
2:58 PM

მოგესალმებით ძვირფასო მკითხველო! როგორც შეგპირდით, 21 მარტი – ქართული ჟურნალისტიკის დღე – მნიშვნელოვნად აღინიშნა "ახალგაზრდა იურისტის" მიერ. ღონისძიების შინაარსზე არ ვისაუბრებ, ვინაიდან თქვენ დაწვრილებით ინფორმაციას ამავე ნომრიდან მიიღებთ. მინდა შევეხო ღონისძიების ორგანიზების პერიოდს, დროს, როდესაც "ახალგაზრდა იურისტი" ბევრს შრომობდა და დიდ ენერგიას დებდა მის მომზადებაში. თუნდაც სიუჟეტების მზადების პროცესი და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გათენებული ღამე. ბევრი, ბევრი რამ. ეს იყო, ამ გაზეთში მოღვაწე თითოეული წევრისთვის, ალბათ, მარად გაუხუნარი სტუდენტური ცხოვრების ერთი კვირა. ამ ყველაფერთან ერთად, იყო მხარდაჭერა და იყო კრიტიკაც, თუმცა ვფიქრობ, თუ კრიტიკა არ არის ჯანსაღი, მასზე არც კომენტარის გაკეთება ღირს და არც დროის დახარჯვა, ვინაიდან საქმე თავად იტყვის და დაანახებს საზოგადოებას დადებით და უარყოფით მხარეებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მცირე ხარვეზი ყველგან შეიძლება გაიპაროს, მით უფრო გამოუცდელი სტუდენტის საქმიანობაში. მაგრამ თუ მას რჩევის სახით მიუთითებ, მერწმუნეთ, მას ნამდვილად მივიღებთ გულშემატკივარი უფროსი კოლეგისაგან. ცუდია, თუ საუბარი წაქეზებაზეა ორიენტირებული, ჩვენ კი, სულ ცოტა, ნამდვილად ვიცით ის, რომ მთავარი საუბარი კი არა, მთავარი შედეგია, შედეგი კი დღეს, ათწლიანი `ახალგაზრდა იურისტი” და მისი მკითხველია, გაზეთის გარშემო შემოკრებილი სტუდენტური საზოგადოებაა, რომლის სამართლიანი შეფასების იმედი ყოველთვის გვაქვს. იმედია, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს სხდომებზე, ჩვენს გაზეთს, როგორმე მიეცემა საშუალება, დაესწროს და საფაკულტეტო ცხოვრების მნიშვნელოვანი პროცესები, რომელიც აქ განიხილება, ისევ ჩვენს თანატოლამდე მივიტანოთ. ამით, სხვა პრობლემაც გადაწყდება – თუ ვინმეს კითხვა აქვს გაზეთის საქმიანობასთან დაკავშირებით, მხარის დაუსწრებლად კი არ ისაუბროს, არამედ უშუალოდ იმ სტუდენტებისაგან მიიღოს ინფორმაცია, ვინც დღეს "ახალგაზრდა იურისტს” ვქმნით. უსაფუძვლო კრიტიკის უფლებას არც არავის ვაპატიებთ და ვიდრე სათქმელს იტყოდეთ, ბატონებო, იქნებ ერთხელ მაინც დაფიქრდეთ, რაზე საუბრობთ?! კრიტიკამდე თვითკრიტიკის ინსტიქტი, რომ გამოძრავებდეთ, რაინდული საქციელი იქნებოდა. სხდომაზე ბატონი ავთანდილ კახნიაშვილის რეპლიკებს, მერწმუნეთ, კომენტარს არ გავუკეთებდით, მომდევნო დღეებში, მას კიდევ ერთი გაუგონარი შემთხვევა, რომ არ მოჰყოლოდა. ჩვენი გაზეთის საიუბილეო ბილბორდი და აფიშები, რომელიც ფაკულტეტზე გაიკვრა, “რეფორმამდელმა” `პროფესორმა” ელდერ ახვლედიანმა შუბლის ძარღვის შეურხევად, ნაცარტუტად აქცია, ხოლო ბილბორდი, აქაოდა შენობაში შემოსასვლელ ინტერიორს ამახინჯებსო და... ჩამოგლიჯა. საუბარი მასთან წყლის ნაყვა აღმოჩნდა. ბატონმა ელდარმა ჩვენი უფლებების დარღვევისთვის, სასამართლოსკენ მიგვითითა, არადა ადამიანური ურთიერთობითა და ფაკულტეტზე მასთან ოთხწლიანმა ურთიერთობამ " არ დაათმობინა” და როგორ ფიქრობთ, მკითხველო, ჩვენი სამართლიანი სასამართლოს შეწუხება ღირდა?! ბატონი ელდარი არგუმენტად იშველიებს, მე ფაკულტეტის წარმოამდგენელი ვარ, მე მევალება კონტროლი, არ დაზიანდეს ფაკულტეტის ინვეტარი, ვიზრუნო მის იერ-სახეზეო, ფაკულტეტის ადმინისტრაცია კი მხრებს იჩეჩს, ჩვენ რა შუაში ვართ, ეს კაცი ფაკულტეტზე არანაირი უფლებამოსილებით აღარ სარგებლობსო... მაშ, რა გამოდის, თვითნებობს ელდარი? დასკვნები თქვენ გაკეთეთ, მაგრამ აქ ბატონ ელდარში და მის საქციელში კი არ არის პრობლემა, არამედ ეს არის გაზეთის მისამართით, ბოლო ორი წლის მანძილზე, აშკარად გამოკვეთილი და ჩამოყალიბებული დენდენციის გაგრძელება. ყოველივე ამას, დროის სხვადასხვა მონაკვეთში, ბატონი ელდარი გააკეთებს თუ სხვა " ახალი პროფესორი,” ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. როგორც ჩანს, გაზეთი, ჩვენს ფურცლებზე ზოგიერთი საკითხისადმი ჩვენი პირადი პოზიციაც თუ დაფიქსირებული აზრი, მაინდამაინც არ ეჭაშნიკება მავენს და მავანს. სხვანაირი ახსნა, ამ ტენდენციას, უბრალოდ, არ აქვს. ესაა მედლის ორივე მხარე, სადაც სიმართლე მხოლოდ სიმართლეა. ამიტომაც არის მუდმივი ძიება – საიდან ფინანსდება გაზეთი, მისი სახელწოდება, რომ ბევრს ერთ-ერთი ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციას, რომ ვითომცდა მაშინ შემთხვევით ახსენებს და ამ ორგანიზაციის ცნობის ფურცლი ჰგონია, ბევრს, ამ ბოლო დროს, რომ საღერღელი აშლია და დუჟმორეული, მკითხაობაზე დაწაფული კალმით, ერთი უფერული " ჭკვიანი მკითხველების” გაზეთიდან მორიგ `სენსაციას” გვამცნობს: ნახეთ, წაიკითხეთ, ყველამ იცოდეს " უვიცობითა” და `გაუნათლებლობის” " შედევრებს,” რითაც სავსეა "ახალგაზრდა იურისტის” ყოველი გვერდი, ნახეთ, როგორ შეუძლიათ `სულგაყიდულ” ახალგაზრდებს უნივერსიტეტის სიყვარული და პატივისცემაო. საუნივერსიტეტო სინამდვილეში მომხდარ მნიშვნელოვანი საკითხების საჯარო განხილვებს თუ ღონისძიებებს, რომ თითქოსდა "ყველაზე ბოლოს ვიგებთ,” და მათზე დასწრების `პრივილეგირებულ” ფენას არ განვეკუთნებით, თუნდაც მრავალი მცდელობა იმისა, რომ საერთო მიზნისთვის გაერთიანებულ, ერთსულოვან რედკოლეგიაში, ცალკეული წევრების შანტაჟირების გზით, რომელ მზაკვრულ გეგმაზეც, სარედაქციო კოლეგიის ყველა წევრმა კოლეგიალობისა და გონიერების ყველაზე მაღალი ხარისხი გამოავლინა, მათ კი ამით სურდათ, გაზეთის სახელი შეებღალათ და შემდგომ წარმოეჩინათ, თუ როგორი არამეგობრული და ერთპიროვნული გარემოა ამ გაზეთში, არადა ყველაზე ზნედაცემული ადამიანიც კი არ იკადრებდა ამ სიბინძურეს, გაზეთსაც, რომ ჯერ ფაკულტეტის ბიუჯეტი, ხოლო შემდგომ უნივერსიტეტის ბიუჯეტი აფინანსებს, ფაკულტეტმა, რომ თავის დროზე "ახალგაზრდა იურისტის” დაფინანსებაზე მათთვის "გამართლებული” მოსაზრებებით უარი განაცხადა, ყველასათვის ნათელია. ისიც ცხადია, რომ ეს გაზეთი, არც რომელიმე ორგანიზაციის დანამატია და მასში არც `სულგაყიდული” სტუდენტები მოღვაწეობენ, მით უფრო, გაზეთის დამოუკიდებლობის ხარისხი იმითაც გამოიხატება, რომ სრულადაა დაცული საავტორო უფლებები, სამოქმედო დებულების დაცვით, რედკოლეგიის წევრი არ შეიძლება იყოს არც ერთი სტუდენტური მოძრაობის წარმომადგენელი, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება კი, მართლაც არის ის შესაძლებლობა, რომლითაც ამ გაზეთის წევრებს შეუძლიათ იამაყონ. სხვა მრავალი გარემოებანი, რომელთა სამზეოზე გამოტანასაც, დღეს შეგნებულად არ ვაპირებთ.
ჩვენ სამომავლოდაც ვიქნებით ის გულწრფელი სტუდენტური საზოგადოება, რომელიც უფრო მეტს მოითხოვს უნივერსიტეტისათვის, სტუდენტური ცხოვრებისთვის, ვიდრე დღეს ხდება და თუ ზოგიერთს ჩვენი სადღეისო მოსაზრებები, მათ შორის კრიტიკული შეხედულებები ან მწვავედ დასმული საკითხი არ მოწონს ან მის აღქმაში სხვა უკიდურესობა არსებობს – ვერ ამჩნევს, რა უნდა "ახალგაზრდა იურისტს” და რაში მდგომარეობს ჩვენი შეფასებები, მიბრძანდეს იურიდიული ფაკულტეტის სამკითხველო ბიბლიოთეკაში და გაზეთის ათწლიან არქივს გადახედოს ბოლო ნომრამდე, რედაქციას დაუკავშირდეს, ჩვენი ელექტონული გვერდი ჩაიკითხოს. გვაპატიეთ, მაგრამ ლანძღვა-გინებას ვერ შემოგთავაზებთ, თქვენ არგუმენტირებული კრიტიკა და პოზიციები დაგხვდებათ, ჩვენ არა ვართ ის ჟურნალისტები, რომლებიც ფაქტების ტირაჟირებას სწორედაც ამ გზით ახერხებენ, უფრო მეტიც, ჩვენ იურიდიული საზოგადოება ვართ, რომელსაც ეს გაზეთი თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბებაში გვეხმარება.
ბოლოს და ბოლოს, "ახალგაზრდა იურისტი” დღეს გამოიცემა და არსებობს. ჩვენ გვაკისრია პასუხისმგებლობა წინამორბედი თაობებისა და ჩვენი თანატოლების მიმართ და როცა ზნეობაზე და ღირსებაზე მიდგება საქმე, სტუდენტობიდან კი ნუ დაიწყებთ, არამედ საკუთარ განვლილ ცხოვრებას შეავლეთ თვალი და სამართლიანობა გახასიათებდეთ.
მადლობა "ახალგაზრდა იურისტის" თითოეულ წევრს.
მადლობა ჩვენს ერთგულ გულშემატკივარ მკითხველს.
იუბილის შემდეგ გაზეთი მოდუნებას არ აპირებს და ახლო მომავალში ბევრ საინტერესო ინტელექტუალურ თუ შემოქმედებით საღამოს გპირდებათ.

ნანახია: 947 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz