თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა
`რესპუბლიკური პარტიის” წევრის პაატა ზაქარეიშვილის წინააღმდეგ გამოვიდა.
გუშინ თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა ხმაურიანი აქციებით შეხვდა
პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის იმ განცხადებებს, რომელიც მან დავით
კიკალიშვილის საავტორი გადაცემა `პოსტსკრიპტუმში” კვირას გააკეთა.
პაატა ზაქარეიშვილის მოსაზრებით, აფხაზური მხარის მიერ დაკავებული სამი
ქართველი სტუდენტის უკან საქართველოს კონსტიტუციური უსაფრთხოების
დეპარტამენტის ზუგდიდის განყოფილება დგას. ამ განცხადებას გაუმართლებელსა
და დანაშაულებრივ პოზიციად აფასებს თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის
წევრები.
სტუდენტური მოძრაობა `ახალი თაობა ერთიანი საქართვლოსათვის” - წევრებმა
პრესკომფერენცია გამართეს, რომელზედაც განაცხადეს, რომ თუ `რესპუბლიკური
პარტიის” წევრი პაატა ზაქარეიშვილი საჯაროდ ბოდიშს არ მოიხდის, ზუგდიდში
მას არასოდეს შეუშვებდნენ. მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც თსუ-ის
სტუდენტური თვითმმართველობის წევრები `რესპუბლიკური პარტიის” ოფისში
მივიდნენ, რა დროსაც პაატა ზაქარეიშვილი პრესკომფერენციას მართავდა.
სტუდენტებს სურდათ პაატა ზაქარეიშვილისათის რუსეთის დროშა გადაეცათ იმის
ხაზგასასმელად, რომ `პაატა ზაქარეიშვილი რუსეთის აგენტია, რომელიც აფხაზი
სეპარატისტებისა და რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.” შეხლა-შემოხლა
მხარეებს შორის ტელე ეთერიდანაც კარგად იხილა ჩვენმა საზოგადოებამ.
თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა გიორგი ავალიანმა
განაცხადა, რომ პარტიის წევრები სტუდენტების მიმართ განსაკუთრებული
შეუწყნარებლობითა და უპატივცემულობით გამოირჩეოდნენ. მისი თქმით,
რამდენიმე სტუდენტი ფიზიკურადაც დაშავდა.
მომხდართან დაკავშირებით, თავიანთი შეხედულებები გამოთქვეს საქართველოს
საკანონმდებლო ორგანოში. ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ
`რესპუბლიკური პარტიის” მხრიდან პაატა ზაქარეიშვილის განცხადების დაგმობა
მოითხოვა.
მოგვიანებით გამართულ ბრიფინგზე, ლევან ბერძენიშვილმა, `რესპუბლიკური
პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თანაპარტიელს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
პაატა ზაქარეიშვილმა ხელისუფლებას მოუწოდა: `აფხაზების ტყვეობაში მყოფი
ქართველები ენგურის ხიდზე გაცვალოს და აფხაზებთან გარიგებაზე არ წავიდეს.”
`რესპუბლიკურმა პარტიამ” გუშინდელ “თავდასხმას” შეფასება უკვე მისცა.
როგორც პარტიის წევრებმა განაცხადეს, ეს იყო სტუდენტების გამოყენებით
ხელისუფლების მიერ მათ მიმართ მოწყობილი პროვოკაცია.
სხვა შეფასება აქვთ თსუ-ის სტუდენტურ თვითმმართველობას. უკანასკნელი ინფორმაციით, ისინი სასამართლოში ჩივილს აპირებენ.