თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პარლამენტის თავმჯდომარე თორნიკე ხუციშვილი პირველი სტუდენტური თვითმმართველობის შეცდომად სტუდენტების არაინფორმირებულობას ასახელებს. `მიმაჩნია, რომ თვითმმართველობის ყველაზე დიდი პრობლემა გახლდათ სტუდენტების ინფორმირება ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობაზე. ჩვენ ვერ მოვახერხეთ აგვეხსნა თითოეულისათვის, რას ვემსახურებოდით, რა იყო ჩვენთვის პრიორიტეტი, რა ღონისძიებებს ვატარებდით ანუ ყველა სტუდენტამდე ვერ შევძელით ბოლომდე მისვლა.” მისი თქმით, თსუ სტუდენტური თვითმმართველობას არასოდეს გამოუხატავს პოლიტიკური სიმპათია, ხოლო რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში `ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერა არ ყოფილა მთელი თვითმმართველობის გამოხატულება და მიხეილ სააკაშვილს მხარი მხოლოდ თვითმმართველობის ცალკეულმა ლიდეერებმა დაუჭირეს. `ჩვენ მიხეილ სააკაშვილისთვის მხარი თვითმმართველობის სახელით არ დაგვიჭერია. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, როგორც პიროვნებებმა. უნივერსიტეტის შიგნით პოლიტიკური აგიტაცია არ გვიწარმოებია.” – აღნიშნავს ხუციშვილი. ამასთანავე, თორნიკე ხუციშვილი უარყოფს მოსაზრებას, თითქოსდა ქალაქ თბილისის მერიის ახალგაზრდულ დეპარტამენტში მუშაობის დაწყება წარსულში თავისი პოლიტიკური შეხედულების ერთგვარ დამსახურებას წარმოადგენდეს. `თითოეუყლი ჩვენგანის დასაქმება არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი დაკომპლექტება პოლიტიკური ნიშნით მოხდა. ეს არის ჩვენი საქმიანობის შედეგი” – აცხადებს საგაზეთო ინტერვიუში თორნიკე ხუციშვილი.
|