ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
პარასკევი, 2024-03-29, 6:42 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » მაისი » 18 » თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ხმაურით ჩათავდა
თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ხმაურით ჩათავდა
2:43 PM
ანი ედიშერაშვილი

8 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. არჩევნების ორგანიზება არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალი თაობა, ახალი ინიციატივამ" უზრუნველყო. არჩევნების ჩასატარებლად მოწვეულები იყვნენ ასევე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და სახალხო დამცველის აპარატის წევრები, მაგრამ როგორც ამბობენ, მოწვევას გამოხმაურება არ მოჰყოლია. სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე სტუდენტური ორგანიზაცია და დამოუკიდებელი კანდიდატები მონაწილეობდნენ, მათ შორის უპირობო გამარჯვება სტუდენტურმა ორგანიზაციამ ,,ერთიანი სტუდენტური მოძრაობა" მოიპოვა - სტუდენტური თვითმმართველობის ასათკაციანი შემადგენლობა ამ ორგანიზაციის 96 დელეგატით დაკომპლექტდა. პრინციპში, ამაში გასაკვირი არავისთვის არაფერი ყოფილა, რადგან სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში ,,ერთიანი სტუდენტური მოძრაობის" კონკურენტები, როგორც ჩანს, მხოლოდ საკუთარი კანდიდატების რეგისტრაციით შემოიფარგლნენ-არავითარი წინასაარჩევნო კამპანია, არავითარი პოპულარიზაცია საკუთარი ორგანიზაციისა თუ საკუთარი კანდიდატებისა. ისე, ,,ერთიანი სტუდენტური მოძრაობის" წარმატების საიდუმლო, გარკვეულწილად, ალბათ, ორგანიზაციის სახელწოდებაშიც დევს!
 არჩევნების დღემ მშვიდად ჩაიარა, თუ არ ჩავთვლით ,,ეროვნული საბჭოსა" და ,,თანასწორობის ინსტიტუტის" მიერ უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში გამართულ პრესკონფერენციას, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით გამყრელიძემ გამართა. მისგან წამოსული ბრალდებები, რომ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები სიყალბეა და სტუდენტები ,,ერთიანი  ნაციონალური მოძრაობის"  მიერ იმართებიან, სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს უპასუხოდ არ დაუტოვებიათ.
  როგორც ამბობენ, შემთხვევას მხარეებს შორის შელაპარაკება და შეხლა-შემოხლა მოჰყვა, რის შემდეგაც ხალხიც დაიშალა-რაც მთავარია თავიანთი მისია შეასრულეს-ტელეკამერების წინ ყველა სათანადოდ დაფიქსირდა, რეალურ შედეგებს კი, პრინციპში რა მნიშვნელობა აქვს!
 ხმის დათვლის პროცედურა გვიან ღამემდე გაგრძელდა, თუმცა ლოდინად ღირდა, გამარჯვებული კანდიდატები სახლში დამშვიდებული და კმაყოფილები წავიდნენ. პრინციპში, სანერვიულო არც არაფერი ჰქონდათ. იმისდა მიხედვით, ვინ ვის ზურგს უკან იდგა, ყველამ იცოდა, რა შანსები ჰქონდა ამ არჩევნებში.
  როგორც ამბობენ, ხმების დათვლის დროს ,,ერთიანი სტუდენტური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი შამათავა ცოტას ნერვიულობდა კიდეც, განსაკუთრებით იურიდიული ფაკულტეტის პირველ კურსზე მოსალოდნელი შესაძლო დამარცხების გამო. ამ უბანზე ხმების დათვლისას გარკვეულ ექსცესებს ჰქონდა ადგილი. თავდაპირველი შედეგებით ხუთივე გამარჯვებული კანდიდატი ,,ერთიანი სტუდენტური მოზრაობის" წარმომადგენელი იყო, მას შემდეგ კი, რაც სხვა კანდიდატებმა პრეტენზიები გამოთქვეს და ხელახალი დათვლა მოითხოვეს, აღმოჩნდა, რომ არჩევნებში იურიდიული ფაკულტეტის პირველ კურსზე ,,ერთიანი სტუდენტური მოძრაობის" სამ კანდიდატს გაუმარჯვია. ისე, ყველა უბანზე, რომ ასე ორ-ორჯერ დაეთვალათ ხმები, საინტერესოა, რა შედეგებს მივიღებდით!
 დამარცხებული სტუდენტური მოძრაობის წარმომადგენლებმა  და ქართული სინამდვილის სამართლიანობის სადარაჯოზე მდგომმა პირებმა თავიანთი კონსტიტუციური უფლება გამოიყენეს და  არჩევნების შედეგებით გამოწვეული უკმაყოფილება ,,ახალი თაობა - ახალი ინიციატივა"-ს ოფისთან დააფიქსირეს, თუმცა არა მხოლოდ ოფისთან, ტელეკამერების გამოჩენის შემდეგ, ოფისშიც შეიჭრნენ და ორგანიზაციის ხელმძღვანელი კოკი იონათამიშვილი არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულეს. შედეგი აქაც არავითარი - მხოლოდ ლანძღვა, შეურაცხყოფის მიყენება და საქმეც გაკეთებულია.
 დროა, მომდევნო აქცია დავგეგმოთ!
 ,,ახალი თაობა, ახალი ინიციატივა"-ს ხელმძღვანელმა კი მოგვიანებით აღნიშნა პრესის წარმომადგენლებთან, რომ ამგვარი აქციები ქართულ სინამდვილეში, სამწუხაროდ, უკვე ჩვეულებად იქცა, ასეთი ქმედებები პროვოკაციულია და მასზე წამოგებას არ აპირებს.

ნანახია: 1342 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz