ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
შაბათი, 2024-05-04, 10:19 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » ივლისი » 24 » ქართული მაუწყებლები პროფესიული სტანდარტის მოლოდინში
ქართული მაუწყებლები პროფესიული სტანდარტის მოლოდინში
2:34 PM



საქართველოში მაუწყებელთა ქცევის კოდექსი საზოგადოებრივი განხილვის ფაზაშია. მსგავსი სამართლებრივი დებულება უკვე აპრობირებულია ევროპის ბევრ ქვეყნაში. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ტელეკომპანია BBჩ, რომელიც მიჩნეულია, რომ მაქსიმალურად იცავს მედია-სტანდარტის მოთხოვნებს. ასეთი კოდექსების მიზანია, ყველა სახის მაუწყებელი, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებელი, თანაბარი პასუხისმგებლობით მოეკიდოს პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვას და საზოგადოებრივ ანგარიშვალდებულებას.
ქართულ მაუწყებელთა ქცევის კოდექსში, რომელიც ჯერჯერობით პროექტის სახითაა წარმოდგენილი, მაუწყებლის პრინციპები, წესები და სახელმძღვანელო რეკომენდანციებია ჩამოყალიბებული. კოდექსი მაუწყებელთა ქცევის შემდეგ პრინციპებს ეყრდნობა: მიუკერძოებელი და ზუსტი ინფორმაციის უზრუნველყოფის ვალდებულება, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ჟურნალისტთა პოფესიული თავისუფლება, სარედაქციო დამოუკიდებლობა, საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულება, საინფორმაციო და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა განურჩევლად მათი პოლიტიკური, კულტურული, ეთნიკური, რელიგიური, რეგიონული, ენობრივი, ასაკობრივი თუ გენდერული კუთვნილებისა; პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პატივისცემის უზრუნველყოფა, გამოხატვის თავისუფლების მიმართ საზოგადოებრივ ინტერესსა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპს შორის ბალანსის დაცვის საფუძველზე; ჟურნალისტების, რედაქციებისა და მაუწყებლების დახმარებას სამაუწყებლო საქმიანობის პროცესში წარმოშობილი ეთიკური საკითხების გადაწყვეტისას საყოველთაოდ აღიარებული პროფესიული სტანდარტების შესაბამისად და ყველა ლეგიტიმური ინტერესის გათვალისწინებით; თვითრეგულირების ფარგლებში საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტის პროცედურების განსაზღვრა, ხოლო თავად ამ ნორმების მიზანია ქართულ მედია-სივრცეში განისაზღვროს პროფესიული სტანდარტები, რომელიც აუცილებლობითაა მიჩნეული თავისუფალი, ლიბერალური და დემოკრატიული სახელმწიფოს სამოქალაქო საზოგადოებისათვის. ამ ნორმების შესრულება სავალდებულოა. გარდა ამისა, ამ კოდექსის ინტერპრეტირება უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა და თავისფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესაბამისად ისე, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება მაქსიმალურად ხელშეუხებელი იყოს.
მაუწყებელთა ქცევის კოდექსის პროექტის ახალმა ვარიანტმა საზოგადოების განხილვის შედეგად, რამდენიმე ცვლილება განიცადა, ბევრი ნორმა შეიცვალა და დაზუსტდა. მის განხილვაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტი. ომბუდსმენის აპარატი მიესალმება და იწონებს იმ ცვლილებებს, რაც მაუწყებელთა ქცევის კოდექსის პროექტმა განიცადა. თუმცა, რამდენიმე პრინციპული შენიშვნა ისევ აქვს, რომელთა გათვალისწინებასაც კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან ითხოვს.
მაუწყებელთა ქცევის კოდექსის პროექტის თანახმად, მედია საშუალებას მოქმედების დიდი თავისუფლება ენიჭება. თავის მხრივ, ერთადერთი უფლებამოსილება, რაც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას აქვს, მედია-საშუალების ანგარიშგებაა შიდარეგულირების მექანიზმის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. კერძოდ, პროექტის თანახმად, წელიწადში ერთხელ მაუწყებელი კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას წარუდგენს ანგარიშს მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დარღვევის, განხილული საჩივრების რაოდენობის, მაუწყებლის თანამშრომლების მიმართ გამოყენებული დისციპლინური ზომებისა და მათი კვალიფიკაციის ასამაღლებლად. აღნიშნული, ასევე უნდა გამორიცხავდეს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ისეთი საჩივრების განხილვას, რომლებიც ეხება მედიის მიერ ძალადობის მოწოდებას. (`მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტი კრძალავს ძალადობისაკენ წაქეზებას) ამასთან, კოდექსის ახალი ვერსია ვერ გაექცა გარკვეული სახის ნაკლოვანებებს. პროექტი შეიცავს ორაზროვან და ბუნდოვან დებულებებს, რაც მოითხოვს დაზუსტებას. კოდექსის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად: `პოლიტიკური, ნებისმიერი სახის დაპირისპირების ამსახველი ან მიმდინარე საჯარო პოლიტიკის საკითხები, რომლებზეც მიმდინარეობს დებატები, არ უნდა შუქდებოდეს მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი პოზიციის გამოხატვა.“
მსგავსი მოთხოვნა სრულიად ადეკვატურია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ, თუმცა ეს უკანასკნელი ხელს უშლის კერძო მედიას, განსაზღვროს საკუთარი პოლიტიკური პლატფორმა. პოლიტიკური პოზიციის გამოხატვა და რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ ღია მხარდაჭერა წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლებით დაცულ უფლებას და მისი შეზღუდვა მწვავე სოციალური აუცილებლობის არსებობის გარეშე, არ შეიძლება დასაბუთებულად მივიჩნიოთ. უფრო მეტიც, მაუწყებლის მიერ რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა წარმოადგენს გავრცელებულ პრაქტიკას, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში. კონკრეტულ შემთხვევაში, შესაძლოა ვისაუბროთ არა იმაზე, რომ მაუწყებელს რომელიმე სოციალური ჯგუფის მიმართ ღია მხარდაჭერა კი არ გამოხატოს, არამედ შეიქმნას სათანადო პირობები მაყურებლისათვის ალტერნატიული მოსაზრებების მისაწოდებლად. ასევე გაუგებარია მე-15 მუხლის მე-8 პუნქტით საავტორო პროგრამის მიმართ წაყენებული მოთხოვნა: `საავტორო პროგრამის წამყვანმა არ უნდა გამოიყენოს საკუთარი მდგომარეობა საკუთარი პოზიციის იმ ფორმით გავრცელებისათვის, რომელმაც შეიძლება დაარღვიოს პროგრამის მიუკერძოებლობა.“ საავტორო პროგრამა გამოხატავს მოვლენებთან დაკავშირებით ავტორის სუბიექტურ ხედვას. ამგვარი პროგრამის ეთერში გაშვების მიზანი სწორედაც, რომ ავტორის მოსაზრების გავრცელებაა. აღნიშნული დებულება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ზღუდავს აზრის გამოხატვის თავისუფლებას და აშკარა შეუსაბამობაშია საავტორო პროგრამების ჟანრთან. ბუნდოვანების პრობლემა ყველაზე დამახასიათებელია მე-17 მუხლის პირველი პუნქტისათვის, რომლის თანახმადაც, მაუწყებელმა მის პროგრამებში თავი უნდა აარიდოს ნებისმიერი პირისა და ორგანიზაციის უსამართლოდ მოპყრობას. რას გულისხმობს `უსამართლობის~ ცნება, აღნიშნული მუხლიდან გაურკვეველი რჩება. სახალხო დამცველის აპარატს მიზანშეწონილად მიაჩნია ამ პუნქტის საერთოდ ამოღებაც. სადაოა კოდექსის პროექტის მე-18 მუხლიც, რომელიც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფისათვის წაყენებულ მოთხოვნებს ითვალისწინებს და საჯარო დაწესებულებაში შესვლის უფლებას ზღუდავს დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე. გაუგებარია 24-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიზანიც, რომლის თანახმადაც, მაუწყებელმა არ უნდა გადასცეს რჩევა ჯანმრთელობის, ფინანსური მდგომარეობის, დასაქმების ან ურთიერთობების შესახებ, რომელმაც შეიძლება ადამიანს ცხოვრების წესის შეცვლისკენ უბიძგოს, როცა მედიაში ფართოდ არის აპრობირებული პროგრამები, რომლებიც შეიცავენ გარკვეული სახის რჩევებს ზემოთ მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით.
საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტი შენიშვნას გამოთქვამს მოცემული კოდექსის პროქტის 31-ე მუხლის მე-8 პუნქტის მიმართაც, რომელიც ავალდებულებს მაუწყებელს შეწყვიტოს ძალადობისა და არეულობის კადრების პირდაპირი ტრანსლირება და ჩაწერილი მასალა დამონტაჟებული სახით გაუშვას ეთერში. ამ ნორმის მიუღებლად, მოტანილია შემდეგი განმარტება, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ განაცხადა, რომ მედია დემოკრატიულ საზოგადოებაში ხელისუფლების მიმართ ასრულებს დარაჯის ფუნქციას. შესაბამისად, მის ამოცანას ხელისუფლებაზე მუდმივი კონტროლის განხორციელება წარმოადგენს. საზოგადოება ხშირად სწორედ მედიის საშუალებით იგებს სახელმწიფო მოხელეთა მიერ უფლებამოსილების გადამეტებისა და სამოხელეო გადაცდომის სხვა ფაქტების თაობაზე. სწორედ პირდაპირ ეთერში, მათ შორის ხელისუფლების მიმართ კეთილგანწყობილი მაუწყებლების მიერ, გადაცემული არაერთი მასალა გამხდარა ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევისა და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის გადამეტებული გამოყენების პირდაპირი მტკიცებულება. ამ მუხლის მოქმედების შემთხვევაში, საზოგადოება ვერასოდეს იხილავდა იმ სისასტიკეს, რაც 2007 წლის 7 ნოემბერს თბილისში, ხოლო 8 ნოემბერს ბათუმში ჩაიდინეს სამართალდამცავმა ორგანოებმა. აქვე, შენიშვნაა გამოთქმული კოდექსის პროექტის 36-ე, 37-ე და 38-ე მუხლების მიმართ, რომელიც კრძალავს 20 საათამდე ტელეეთერით შეურაცხმყოფელი ლექსიკის, ძალადობისა და სახიფათო საქციელის, ასევე ნარკოტიკების, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარების სცენების გადაცემას.
როგორც ცნობილია, ქართული მედიით საბავშვო პროგრამები ძირითადად გადაიცემა 20 საათიდან 21 საათის ჩათვლით. ეს არის სწორედ ის დრო, როდესაც ბავშვების დიდი ნაწილისათვის ხელმისაწვდომია ტელეეთერი. ამ დროს ქცევის კოდექსი ბავშვებს არჩევანს უტოვებს, უყურონ მათთვის შესაფერის პროგრამას ან ყოველგვარი შეზღუდვის, სათანადო რედაქტირების გარეშე, მოისმინონ შეურაცხმყოფელი ლექსიკა, უყურონ ძალადობის, ნარკოტიკის, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარების სცენას. 20 საათი, როგორც წყალგამოყოფი მოცემულ შემთხვევაში ყოვლად არაგონივრული დროა და სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ იგი უნდა შეიცვალოს 22 საათით. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ქცევის კოდექსის თავდაპირველ ვარიანტში სწორედ 22 საათი იყო გათვალისწინებული.
რამდენად მოხდება სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიერ ჩამოყალიბებული შენიშვნების გათვალისწინება, ეს უკვე ხაზგასმა იქნება იმისა, რომ საქართველოში მაუწყებელთა ქცევის კოდექსი იქმნება იმისათვის, რომ რეალურად დაცული იქნეს დემოკრატიის მთავარი ღირებულებები: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, საზოგადოებრივი ინტერესი და მედიის დამოუკიდებლობა. სხვა შემთხვევაში, მოცემული დოკუმენტიც მხოლოდ სამართლებრივ აქტად დარჩება.













ნანახია: 871 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz