ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
შაბათი, 2024-05-04, 9:01 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » ივლისი » 24 » თსუ-ის სტუდენტურმა თვითმმართველობამ ახალი დებულება მიიღო
თსუ-ის სტუდენტურმა თვითმმართველობამ ახალი დებულება მიიღო
2:40 PM

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობას ახალი სამოქმედო დებულება აქვს. დებულება 2008 წლის ივლისიდან შევიდა ძალაში და მთლიანად ახლებურად მოაწესრიგა პირველი ქართული სასწავლებლის სტუდენტთა წარმოამდგენლობითი ორგანოს საქმიანობა. ახალი თვითმმართველობა, რომელიც 2 წლის ვადით არჩეული 110 დელეგატისაგან შედგება, 2008-2009 სასწავლო წლიდან, ამ დებულების თანახმად წარმართავს თავის საქმიანობას. დებულებით აღიარებულ იქნა, რომ სტუდენტური თვითმმართველობა უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელია და მის საქმიანობაში ჩარევა ან მასზე რაიმე სახის ზემოქმედების მოხდენა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ან ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან დაუშვებელია. ახალი დებულება თავისი სამართლებრივი ბუნებით უფრო მეტად არის გამართული, ვიდრე აქამდე არსებული. ამასთანავე, დებულებას აქვს სურვილი რეალობაში აქციოს ყველა ის ნორმატი, რომელიც სტუდენტთა ინტერესების დაცვასა და წარმოჩენას ეხება. ახალი თვითმმართველობის ახალი სტრუქტურაც ასე არის შემოთავაზებული: თვითმმართველობის მართვის ორგანოებია: საერთო კრება; თვითმმართველობის პრეზიდენტი; აღმასრულებელი პალატა; დეპარტამენტები და საფაკულტეტო საბჭოები. დებულებამ გააუქმა სტუდენტური პარლამენტი, რომელიც პირველი თვითმმართველობის დროს არსებობდა და ახალი მმართველობითი ორგანოების შექმნით უფრო მეტი დეცენტრალიზაციის სურვილი გამოთქვა. ახალი დებულების მიხედვით, სტუდენტური თვითმმართველობის საერთო კრება და საფაკულტეტო საბჭოები სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოებია, ხოლო თვითმმართველობის პრეზიდენტი, აღმასრულებელი პალატა, დეპარტამენტები სტუდენტური თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოები. რაც შეეხება თვითმმართველობის მონიტორინგის სამსახურს, მას სტუდენტური თვითმმართველობის მართვის ორგანოების მაკონტროლებელი ორგანოს ფუნქცია დაეკისრება. სტუდენტურ თვითმმართველობაში დასახული მიზნების აღსრულებისათვის შექმნილია შემდეგი დეპარტამენტები: განათლებისა და მეცნიერების; კულტურის; სპორტის; სტუდენტთა უფლებების დაცვისა და ტურიზმის. ამასთანავე, თვითმმართველობა ქმნის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და იურიდიულ სამსახურებს. ახალ დებულებაში სიახლეს წარმნოადგენს ის, რომ დეპარტამენტი შედგება თავმჯდომარის, თავმჯდომარის 2 მოადგილისა და 6 დელეგატისაგან, ყოველი ფაკულტეტიდან თითო, რომლებიც ახორციელებენ დეპარტამენტის მართვას და რომელთაც დეპარტამენტში სათათბირო ხმის უფლება გააჩნიათ, აგრეთვე, სხვა სტუდენტებისაგან, რომლებიც არ წარმოადგენენ სტუდენტური თვითმმართველობის დელეგატებს.

თვითმმართველობის მიზნები და უფლება-მოვალეობები

ახალი დებულებაში სტუდენტური თვითმმართველობის მიზნები შემდეგნაირად გამტკიცდა: დაიცვას და წარმოადგინოს სტუდენტების უფლებები და კანონიერი ინტერესები როგორც უნივერსიტეტში, ისე მის ფარგლებს გარეთ; უფლებამოსილების ფარგლებში, ხელი შეუწყოს სტუდენტებს უფლებებისა და თავისუფლებების პრაქტიკულ რეალიზაციაში; დაეხმაროს სტუდენტებს მაღალკვალიფიციური განათლების მიღებაში, თვითრეალიზებასა და დამოუკიდებელი აზროვნების ჩამოყალიბებაში; დახმარება გაუწიოს სტუდენტებს სწავლის პერიოდში, პროფესიული უნარ-ჩვევებისა და კონკურენტუნარიან პროფესიონალად ჩამოყალიბებაში; ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის ინტეგრაციას ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში და მაქსიმალურად უზრუნველჰყოს ამ პროცესში სტუდენტთა მონაწილეობა; ხელი შეუწყოს სტუდენტებში სამართლებრივი თვითშეგნების დონისა და კანონისადმი პატივისცემის ამაღლებას, დახმარება გაუწიოს საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას; შექმნას ოპტიმალური პირობები სტუდენტთა დასვენების, შრომითი მოღვაწეობის ან სხვა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. გაამრავალფეროვნოს სტუდენტური ცხოვრება. ამასთანავე, თვითმმართველობა თავის უფლებამოსილების ფარგლებში: იცავს და წარმოადგენს უნივერსიტეტის სტუდენტთა უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს; უზრუნველჰყოფს უნივერსიტეტის სტუდენტთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების განხორციელებას; უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან თანასწორუფლებიანი თანამშრომლობის საფუძველზე წყვეტს სასწავლო პროცესთან და მატერიალურ მხარესთან დაკავშირებულ საკითხებს; შეიმუშავებს წინადადებებს ფაკულტეტის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს, წარმომადგენლობით საბჭოსა ან/და აკადემიურ საბჭოს; პერიოდულად ახდენს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასებას და შედეგებს წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოსა ან/და წარმომადგენლობით საბჭოს; გეგმავს, ორგანიზებას უწევს და ახორციელებს სტუდენტთა დასვენების, შრომითი მოღვაწეობისა და სხვა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად შეხვედრებს, დებატებს, დისკუსიებს, ტრენინგებს, ინტელექტუალურ თამაშებს, საგანმანათლებლო-სამეცნიერო, კულტურულ, სპორტულ, გასართობ და კანონით ნებადართულ სხვა სახის ღონისძიებებს; უზრუნველყოფს უნივერსიტეტის სტუდენტების აქტიურ მონაწილეობას სახელმწიფოს ინტერესების განხორციელების პროცესში; თანამშრომლობს სხვა საუნივერსიტეტო, სამთავრობო და არასამთავრობო, სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრევე გაერთიანებებთან; გააჩნია კავშირი საქართველოს და უცხოეთის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტურ ორგანიზაციებთან და საერთაშორისო სტუდენტურ გაერთიანებებთან და სტუდენტური თვითმმართველობის მიზნების მისაღწევად, ახორციელებს საქართველოს კანონით `უმაღლესი განათლების შესახებ” და უნივერსიტეტის წესდებითა გაუთვალისწინებელ სხვა უფლებამოსილებებს.

თვითმმართველობის დელეგატი

დელეგატი არის სტუდენტურ თვითმმართველობაში არჩეული სტუდენტი, თავისი ფაკულტეტის წარმომადგენელი, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს პირადად და მისი გაწვევა დაუშვებელია. დელეგატად შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც იმავდროულად არ იკავებს უნივერსიტეტში რაიმე ადმინისტრაციულ თანამდებობას. ორგანიზაციის სიით წარდგენილი დელეგატის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, მის ადგილს იკავებს ამ ორგანიზაციის მიერ წარდგენილი პირი, რომელმაც შესაბამის ფაკულტეტზე ვერ მიიღო არჩევისთვის საკმარისი ხმათა რაოდენობა, ხოლო დამოუკიდებლად გასული დელეგატის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, მის ადგილს იკავებს საერთო კრების მიერ, იმ პირთაგან არჩეული კანდიდატი, როელმაც შესაბამის ფაკულტეტზე ვერ მიიღო არჩევისთვის ხმათა საკმარისი რაოდენობა. დელეგატი თავის საქმიანობას სტუდენტური ინტერესების მიზნით წარმართავს. აგრეთვე, სტუდენტურ თვითმმართველობას შეიძლება ჰყავდეს საპატიო წევრი, მაგრამ მას არ გააჩნია სათათბირო ხმის უფლება. საპატიო წევრის წოდებას სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ანიჭებს.

თვითმმართველობის საერთო კრება

თვითმმართველობის საერთო კრება წარმოადგენს თვითმმართველობის მმართველობის უმაღლეს ორგანოს, რომელიც შედგება სტუდენტურ თვითმმართველობაში არჩეული ყველა დელეგატისაგან. საერთო კრება იკრიბება წელიწადში ორჯერ. კრების მოწვევის თარიღს განსაზღვრავს და შესაბამის დღის წესრიგს ადგენს თვითმმართველობის აღმასრულებელი პალატა. საერთო კრება: სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით იღებს თვითმმართველობის დებულებას, ამავე უმრავლესობით შეაქვს მასში ცვლილებები და დამატებებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს თვითმმართველობის პრეზიდენტს; ამტკიცებს თვითმმართველობის პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ და აღმასრულებელი პალატის მიერ შემუშავებულ სტუდენტური თვითმმართველობის ბიუჯეტს; სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის წარდგინებით, დამსწრეთა შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტებს; სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის წარდგინებით, დამსწრეთა შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს სტუდენტური თვითმმართველობის მონიტორინგის სამსახურის თავმჯდომარეს; გათვალისწინებულ შემთხვევებში წყვეტს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს და ახორციელებს თავისი დებულებით და კანონით ნებადართულ სხვა უფლებამოსილებებს. დებულებაში აისახა, რომ თვითმმართველობის საერთო კრების რიგგარეშე სხდომას მოიწვევს: პრეზიდენტი საკუთარი ინიციატივით; ასევე დელეგატები არანაკლებ 1/4-ის მოთხოვნით და აღმასრულებელი პალატა თვითმმართველობის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის მიმდინარეობისას.

თვითმმართველობის პრეზიდენტი

სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი არის სტუდენტური თვითმმართველობის უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც თავმჯდომარეობს აღმასრულებელ პალატას, უძღვება საერთო კრების სხდომებს და წარმოადგენს სტუდენტურ თვითმმართველობას მესამე პირებთან ურთიერთობებში. იგი აირჩევა საერთო კრების მიერ 2 წლის ვადით სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრის საფუძველზე და კანდიდატურის დაყენების უფლება აქვს სტუდენტური თვითმართველობის დელეგატების არანაკლებ 1/5-ს. იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა არჩევისთვის ხმათა საკმარისი რაოდენობა, იმავე დღეს ინიშნება მეორე ტური, რომელშიც კენჭი ეყრება ორ საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატს. თუ მეორე ტურშიც ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა არჩევისთვის ხმათა საკმარისი რაოდენობა, ხუთი დღის ვადაში ტარდება ხელახალი არჩევნები. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში მონაწილეობს ერთი კანდიდატი, რომელი ვერ დააგროვებს არჩევისთვის ხმათა საკმარის რაოდენობას, 5 დღის ვადაში ტარდება ხელახალი არჩევნები. სტუდენტური თვითმმართველობის უფლებამოსილება იწყება მისი არჩევის მომენტიდან და წყდება ახალი პრეზიდენტის არჩევისთანავე. ახალი პრეზიდენტის არჩევისთანავე წინა მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის ყველა ორგანოსა და თანამდებობის პირს უწყდება უფლებამოსილება. თუ პრეზიდენტის უფლებამოსილება ვადამდე შეწყდა, მის ადგილს პირველი ვიცე-პრეზიდენტი იკავებს. მნიშვნელოვანია ახალ დებულებაში თვითმმართველობის პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხიც. თუ სახეზეა საქართველოს კანონმდებლობის, უნივერსიტეტის წესდების ან/და ამ დებულების უხეში დარღვევა სტუდენტური თვითმმართველობის დელეგატთა არანაკლებ 1/3-ს შეუძლია დაიწყოს თვითმმართველობის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა და დარღვევის ფაქტები გადაუგზავნოს მონიტორინგის საბჭოს. მონიტორინგის საბჭო 10 დღის ვადაში იკვლევს ფაქტებს და თავის დასკვნას უგზავნის აღმასრულებელ პალატას, რომელიც დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, 5 დღის ვადაში მოიწვევს საერთო კრებას, რომელიც კენჭს უყრის პრეზიდენტის გადაყენების საკითხს. პრეზიდენტი გადაყენებულად ჩაითვლება, თუ საკითხს მხარს დაუჭერს საერთო კრების შემადგენლობის არანაკლებ 3/4. ჩვეულებრივ, პრეზიდენტი: ხელმძღვანელობს სტუდენტურ თვითმმართველობას; თვამჯდომარეობს აღმასრულებელ პალატას; იწვევს და უძღვბა საერთო კრებას; კოორდინაციას უწევს სტუდენტური თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობას, საერთო კრებას დასამტკიცებლად წარუდგენს აღმასრულებელი პალატის მიერ შემუშავებულ სტუდენტური თვითმმართველობის ბიუჯეტს; საერთო კრებას დასამტკიცებლად წარუდგენს ვიცე-პრეზიდენტების კანდიდატურებს; აკომპლექტებს დეპარტამენტების შემადგენლობას, სტუდენტური თვითმმართველობის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და იურიდიულ სამსახურებს, ასევე თავის მრჩეველთა საბჭოს, განსაკუთრებულ შემთხვევებში, კონკრეტული საკითხების გადასაჭრელად ქმნის კომისიებს. აგრეთვე, ვალდებულია: 6 თვეში ერთხელ საერთო კრებას წარუდგინოს ანგარიში სტუდენტური თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ და დაიცვას სტუდენტური თვითმმართველობის დელეგატისთვის აუცილებელი მოთხოვნები.
პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭო

თვითმმართველობის პრეზიდენტი თავისი უფლებამოსილებისა და საქმიანობის უკეთ წარმართვის მიზნით ქმნის მრჩეველთა საბჭოს, რომელიც კონსულტაციას უწევს და აცნობს პრეზიდენტს ინფორმაციას უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენების, სტუდენტური ცხოვრებისა და სტუდენტური საზოგადოებისათვის აქტუალური საკითხების შესახებ და სთავაზობს მათი გადაწყვეტის გზებს. მრჩეველთა საბჭო ანგარიშვალდებულია მხოლოდ სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის წინაშე.

თვითმმართველობის პრეზიდენტის ვიცე-პრეზიდენტები

სტუდენტური თვითმმართველობის პრესიდენტს, უფლებამოსილების უკეთ განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, ორი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავს. პირველი ვიცე-პრეზიდენტი ხელს უწყობს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის უფლებამოვალეობების განხორციელებას საფაკულტეტო საბჭოების დონეზე და საფაკულტეტო საბჭოების კოორდინაციას. პრეზიდენტის თანხმობის შემთხვევაში პირველ ვიცე-პრეზიდენტს უფლება აქვს სტუდენტური თვითმმართველობის სახელით ხელი მოაწეროს და გააფორმოს ოფიციალური ფინანსური და იურიდიული დოკუმენტები, ხოლო მეორე ვიცე-პრეზიდენტი ახორციელებს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის უფლებამოვალეობების განხორციელებას დეპარტამენტების დონეზე და უზრუნველყოფს დეპარტამენტების კოორდინაციას.

თვითმმართველობის აღმასრულებელი პალატა

სტუდენტური თვითმმართველობის აღმასრულებელი პალატა სტუდენტური თვითმმართველობის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოა, რომლის შემადგენლობაში შედის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები, საფაკულტეტო საბჭოსა და დეპარტამენტების თავმჯდომარეები. აღმასრულებელი პალატა იკრიბება თვეში ერთხელ. პრეზიდენტს შეუძლია სტუდენტური თვითმმართველობის აღმასრულებელი პალატის რიგგარეშე სხდომის საკუთარი ინიციატივით მოწვევა. პალატა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3 და გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა შემადგენლობის უმრავლესობით. აღმასრულებელი პალატა: შეიმუშავებს სტუდენტური თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოთა საქმიანობის საერთო პოლიტიკას; წარუდგენს წინადადებებს კონკრეტულ დეპარტამენტებს მათი მუშაობის გაუმჯობესების თაობაზე; შეიმუშავებს თვითმმართველობის ბიუჯეტის პროექტს; განიხილავს პროექტებს და მათი დაფინანსების საკითს; განიხილავს ცალკეულ სტუდენტთა წინადადებებს და მათი დაფინანსების საკითხს; წარუდგენს ანგარიშს პრეზიდენტს სტუდენტური თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობის შესახებ და სხვა.

თვითმმართველობის საფაკულტეტო საბჭო

საფაკულტეტო საბჭო სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოა, რომელიც შედგება ამ ფაკულტეტიდან სტუდენტურ თვითმმართველობაში არჩეული ყველა დელეგატისაგან. საფაკულტეტო საბჭოს ხელმძღვანელობს სტუდენტური თვითმმართველობის საფაკულტეტო საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც აირჩევა საფაკულტეტო საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. საფაკულტეტო საბჭო იკრიბება 2 კვირაში ერთხელ და უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა შემადგენლობის უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საფაკულტეტო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. იგი ამტკიცებს თვითმმართველობის საფაკულტეტო საბჭოს თავმჯდომარის მიერ წარდგენილ თავმჯდომარის 2 მოადგილეს; საფაკულტეტო საბჭოს სხდომათა მდივანს; იღებს სტუდენტთა პროექტებსა და წინადადებებს, განიხილავს მათ და მიზანშეწონილობის შემთხვევაში უგზავნის მათ აღმასრულებელ პალატას; ოპერატიულად წყვეტს სტუდენტური თვითმმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს, რომლებიც წამოიჭრება ფაკულტეტზე და რომლებიც ითხოვს სწრაფ რეაგირებას.

თვითმმართველობის მონიტორინგის სამსახური

თვითმმართველობის მონიტორინგის სამსახური სტუდენტური თვითმმართველობის ორგანოთა მაკონტროლებელი ორგანოა, რომელიც შედგება თავმჯდომარისა და ექვსი დელეგატისაგან, ყოველი ფაკულტეტიდან თითო და ანგარიშვალდებულია მხოლოდ პრეზიდენტის წინაშე. მონიტორინგის სამსახური იკრიბება 2 კვირაში ერთხელ და გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა შემადგენლობის უმრავლესობით. ხმათა გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია მონიტორინგის სამსახურის თავმჯდომარის ხმა. მონიტორინგის სამსახური: ახორციელებს ფინანსურ კონტროლს; ამოწმებს წინადადებებისა და პროექტის აღსრულებისათვის გათვალისწინებული ხარჯების აუცილებლობას; ზედამხვედველობს დაფინანსებული წინადადების; ამოწმებს თვითმმართველობის ბიუჯეტის პროექტში არსებული ხარჯების მიზანშეწონილებას; თვითმმართველობის ბიუჯეტიდან სახსრების მიზნობრივ გადინებასა და ხარჯვას; 3 თვეში ერთხელ აწარმოებს სტუდენტური თვითმმართველობის მართვის ორგანოების სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტაციის რევიზიას.

ნანახია: 1088 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz