ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
შაბათი, 2024-05-04, 3:10 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » ივლისი » 24 » ბათუმმა ორდღიან სტუდენტურ სემინარს უმასპინძლა
ბათუმმა ორდღიან სტუდენტურ სემინარს უმასპინძლა
2:45 PM
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2008 წლის 26-27 ივნისს, ორი დღის განმავლობაში, ახალგაზრდულ სემინარს: `სამართლებრივი პრობლემების კვალდაკვალ” მასპინძლობდა, რომელიც ორი უმაღლესი საწავლებლის – თბილისისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით გაიმართა. სემინარი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური თვითმმართველობების მხარდაჭერითა და თსუ-ის სტუდენტური გაზეთ `თსუ თაიმსის” ინიციატივით მომზადდა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იუბილისადმი მიძღვნილ გაზეთის რედაქციის მხრიდან მორიგ ღონისძიებას წარმოადგენდა. სემინარი გაიხსნა თსუ-ის მიერ წარმოდგენილი თემით: `სიტყვის თავისუფლება და საზოგადოების სამართლებრივი განათლების დონე,” სადაც საკითხებზე პრეზენტაცია წარმოადგინეს: ირაკლი სამხარაძემ, ლევან მჭედელაძემ, თამარ მამფორიამ და არჩილ კაიკაციშვილმა, ხოლო მომდევნო დღეს თემაზე: `ეკლესია, სახელმწიფო, საზოგადოება” მსჯელობა გამართა მასპინძელმა მხარემ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან თემა წარმოადგინეს სტუდენტებმა: თეკლა მჭედლიძემ, რუსუდან კუკავამ და გიორგი მემარნიშვილმა. სემინარი დიალოგის და აზრთა გაცვლის ფორმატში გაიმართა. თსუ-მ თავისი პრეზენტაციის შემდგომ თანატოლებს მოცემულ თემაზე მომზადებული კაზუსიც შესთავაზა, რაზეც მხარეებმა დისკუსია გამართეს. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან პრეზენტაციას სპიკერობა გაუწია გიორგი გრიგორევმა, ხოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან: არჩილ კაიკაციშვილმა. ორდღიან ღონისძიებებს მონაწილეებმა და ორგანიზატორებმა უაღრესად საინტერესო უწოდეს.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუმრობა დაიწყო ამავე სასწავლებლის სტუდენტების მიერ მომზადებული ექსპერიმენტალური სასწავლო ფოტოგამოფენის დათვალიერებით, სადაც აჭარის წარსული და თანამედროვეობა წარმოდგენილი იყო კომპოზიციით: `ძველი ბათუმის არქიტექტურა,” სადაც ერთ დღეში გადაღებული 40 ქალაქის საუკეთესო კადრი იყო ნაჩვენები. გამოფენის დათვალიერების შემდეგ, ბსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მოხდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დათვალიერება. გაცნობილ იქნა უნივერსიტეტის სასწავლო აუდიტორიები, იურიდიული კლინიკა, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, წიგნადი ფონდით მდიდარი ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზები, უცხო ენების (ინგლისური, თურქული) შემსავლელი თანამედროვე ცენტრები, უნივერსიტეტის წარსულისა და დღევანდელობის ამსახველი ფოტო-ქრონიკა. შემდგომ, თბილისიდან დელეგაცია მიიღო ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ბატონმა ალიოშა ბაკურიძემ. რექტორმა ვრცლად ისაუბრა უნივერსიტეტის დღევანდელობაზე, პრობლემებსა და პრესპექტივებზე. საუბრისას სურვილად გამოიკვეთა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სწრაფვა ევროპული საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირებისათვის, ბოლონიის პროცესის აუცილებლობა, სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა მობილობა და ჩართულობა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, სამეცნიერო დარგების განვითარება და კვალიფიციური კადრების მომზიდვა-გადამზადება, სხვა ქართულ თუ უცხოურ უმაღლეს სასწავლებლებთან მჭიდრო თანამშრომლობა და გაცვლითი პროგრამების ამოქმედება. ბსუ-ის რექტორმა დადებითად შეაფასა თბილისისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის მომზადებული სემინარი და სამომავლოდ მსგავსი შეხვედრების სურვილი გამოთქვა. სემინარის პირველივე დღეს, მასპინძელმა მხარემ კულტურულ ღონისძიებად ქალაქგარეთ გასეირნება და მწვანე კონცხის გაცნობა შემოგვთავაზა.
სემინარის ფარგლებში, მოხდა ბათუმის ღირშესანიშნაობების ნახვა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმრთველობის მიერ ზღვისპირა ზოლის დასუფთავების პროექტში მონაწილეობის მიღებაც. მეორე დღე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტური მედიის რედაქტორებთან და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრით გაგრძელდა. გაზეთ `თსუ თაიმსის” რედაქტორმა საზოგადოებას თსუ-ის პერიოდული გამოცემების ისტორია გააცნო და გამოცდილება გაუზიარა. უნდა აღინიშნოს, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტურ ცხოვრებას მნიშვნელოვან დატვირთვას აძლევს ორი პოპულარული გამოცემები – ჟურნალი `ლაბირინთი” და გაზეთი `სტუდნეწს.” ისევე, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პრესა მთლიანად სტუდენტების ხელმძღვანელობით მზადდება და გამოიცემა. ხშირ შემთხვევაში, ეს ორი გამოცემა, ერთმანეთის მიმართ კონკურენციულ გარემოს ქმნის, რასაც გაზეთ `სტუდნეწს”-ის რედაქტორი ტარიელ ცეცხლაძე აუცილებელ პირობად თვლის. შეხვედრაზე საინტერესო მოსაზრებები გამოთქვა ჟურნალ `ლაბირინთის” თანარედაქტორმა თამილა ქამადაძემ. კოლეგებს აინტერესებდათ, თუ რა კრიტერიუმის მიხედვით ხდებოდა საგაზეთო თემატიკის არჩევა და რამდენად ითვალისწინებდა რედაქცია და ავტორები სტუდენტებისა და ლექტორების ინტერესს, რაზეც აუდიტორია გაზეთ `თბილისის უნივერსიტეტის” `ახალგაზრდა იურისტისა” და `თსუ თაიმსის” შინაარსობრივ მხარეს გაეცნო. ამავე დღეს, გაზეთ `თსუ თაიმსმა” მონაწილეობა მიიღო ბათუმის უნივერსიტეტში კიდევ ერთი ახალი სტუდენტური ჟურნალ `ფოკუს+”-ის პრეზენტაციაშიც, რომლის სარედაქციო შემადგენლობაც პოპულარული სახეებით ჩამოყალიბდა: თამუნა დიასამიძე, ანინა დევაძე, ია გოლიაძე, ნათია მსხალაძე, ნათია თავდგირიძე და სხვები. ახლადგამოცემულ ჟურნალში ერთი გვერდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაეთმო, სადაც საავტორო უფლება გაზეთ `თსუ თაიმსმა” იკისრა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სემინარის მეორე დღე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაზეთ `ახალგაზრდა იურისტის” ჰიმნის მოსმენით დაიწყო.
სემინარის მიმდინარეობისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტმა ირაკლი სამხარაძემ სამომავლო ურთიერთობის თაობაზე, შეხვედრები გამართა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობასთან, ხოლო გაზეთ `თსუ თაიმსის” რედაქტორმა არჩილ კაიკაციშვილმა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარემ თამაზ დარჩიძემ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ ცხოვრებას აქტიურად გააშუქებას პირველი ქართული სასწავლებლის პერიოდული სტუდენტური გამოცემები. ორდღიანი სემინარი ბათუმში ერთობლივი პრესკონფერენციით შეჯამდა. მეგობრობისა და ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბების სიმბოლურ ჟესტად თბილისელი სტუდენტებისთვის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაისურებისგადაცემა გახდა, ხოლო `თსუ თაიმსის” რედაქციამ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე თამაზ დარჩიძეს და ამავე სასწავლებლის პოპულარული სტუდენტური გაზეთ `სტუდNწეს”-ის რედაქტორ ტარიელ ცეცხლაძეს სპეციალური სიგელები გადასცა თავიანთ საქმიანობაში აქტიური და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის.
ვეთხოვებოდით ბათუმსს და თან მოგვყვებოდა საოცრად ამაღლებული განწყობა სტუმართმოყვარე მხარეში კარგი მასპინძლებისა, საქართველოს ერთიანობის განცდა, იქ, სადღაც შორიახლოს, მატარებლის სარკმლიდან თითქოს მოსჩანდა კიდეც სოხუმიც და სამაჩაბლოც... ძახილი ჩვენი თანატოლების...




ნანახია: 1002 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz