ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
შაბათი, 2024-05-04, 8:45 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » ივლისი » 24 » იურიდიულ ფაკულტეტს ახალი ადმინისტრაცია ეყოლება, უნივერსიტეტს – ახალი რექტორი?!
იურიდიულ ფაკულტეტს ახალი ადმინისტრაცია ეყოლება, უნივერსიტეტს – ახალი რექტორი?!
2:47 PM

მოულოდნელი აღმოჩნდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ბატონ გია ხუბუას გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც თანამდებობიდან გათავისუფლდა თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი დავით კერესელიძე. სავრაუდოდ, უნდა ვიგულისხმოთ, რომ საქართველოში ყველაზე პრესტიჟულ, ხოლო უნივერსიტეტში გამორჩეულ ფაკულტეტს ახალი ადმინისტრაცია ეყოლება. საუნივერსიტეტო წრეებში ჯერ არ ხმაურდება პიროვნება, ვინც ჩაიბარებს იურისტების პირველკაცობას. მეტიც, ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალური კომენტარი და განმარტებაც კი არ გაკეთებულა, ხოლო მიღებული გადაწყვეტილება რექტორის ბრძანების სახით, უკვე ნორმატიულ დოკუმენტად არსებობს. მომხდარით თსუ-ის II კორპუსში აშკარა დაბნეულობა შეიმჩნევა. გაურკვევლობაშია მოქმედი ხელმძღვანელი პირებიც და პროფესორ-მასწავლებელთა ის ნაწილიც, ვინც ფაკულტეტზე მოსალოდნელ აკადემიური თანამდებობების დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აქტიურად ემზადება. უნივერსიტეტში, სადაც ყველაზე ცხელი თემა სწორედ მოსალოდნელი კონკურსი გახლდათ და არანაკლებ მნიშვნელოვანი – როგორ განახორციელებს `ქართუ ჯგუფი” თვისობრივად ახალი თსუ-ის რეკონსტრუქციას, ამჟამად საკითხები პოპულარული დეკანის გათავისუფლებამ, ერთიანად გადაწონა. გავრცელებული ინფორმაციით, დავით კერესელიძე იურიდიულ ფაკულტეტზე რჩება და სასწავლო კურსს წაიკითხავს, ხოლო მანამადე თავად მოუწევს მონაწილება მიიღოს ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დაკავების მიზნით გამოცხადებული კონკურსში, რომლის კომისიის თავმჯდომარეც თავად თსუ-ის რექტორი ბატონი გიორგი ხუბუაა. როგორც ჩანს, გადაწყვეტილება დეკანისთვის მართლაც მოულოდნელი უნდა ყოფილიყო. დავით კერესელიძის სურვილი, გააგრძელოს იმ ფაკულტეტზე საქმიანობა, რომელსაც წლების მანძილზე ქმნიდა და ელოლიავებოდა, რექტორის გადაწყვეტილების მიმართ თანხვედრ პასუხსაც წარმოადგენს. გია ხუბუას უკვე შეხვდნენ და ესაუბრნენ თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის წარმომადგენლობითი სტუდენტური ჯგუფი, რომლებმაც გადაწყვეტილების შეცვლა სთხოვეს და დეკანის გათავისუფლების მიზეზებს დაუსაბუთებელი უწოდეს. იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური ჯგუფი, რომლებიც დავით კერესელიძის მხარდაჭერას ხელმოწერებითაც გამოხატავდნენ, მიუთითებდნენ იმას, რომ დეკანი ყველაზე მეტად მათი პრობლემების თანაზიარი და ფაკულტეტის მოკეთე იყო. გიორგი ხუბუამ შეხვედრაზე სტუდენტებს განუმარტა, რომ დაწყებული რეფორმები აუცილებლად გაგრძელდება და მის სიკეთეს ყველა სტუდენტი იგრძნობს. რექტორის შეფასებით, მართალია, დეკანთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, მტკივნეული შეიძლება იყოს, მაგრამ ფაკულტეტზე არსებული მიღწევები თვითკმაყოფილების მომტანი ვერ გახდება. გიორგი ხუბუას განცხადებით, დღემდე იურიდიული ფაკულტეტი ვერ ამაყობს საერთაშორისო კავშირებით, ფაკულტეტი არ მონაწილეობს საკანონმდებლო საქმიანობაში, დაბალია მისი საზოგადოებრივი აქტიურობაც, არ არსებობს მაგისტრატურის სწავლების სრულყოფილი დონე, განვითარება არ შეიმჩნევა სამეცნიერო მიმართულებებით და პუბლიცისტიკაში. ამიტომაც, მიღებულ გადაწყვეტილებას უკეთესობის სურვილით ხსნის და სტუდენტებთან საუბრისას აღნიშნავს, რომ თავისი ფაკულტეტის ყველაზე დიდ გულშემატკივარი პირადად იქნება. აქვე, რექტორი მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ გადაწყვეტილება საბოლოოა და სტუდენტური საზოგადოების განწყობის მიუხედავად, შეცვლას არ დაექვემდებარება.
საუნივერსიტეტო სინამდვილეში, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის, თუნდაც მოვალეობის შემსრულებლის, გათავისუფლება არაერთგვაროვანი შეფასებების საფუძველი გახდა. ვინაიდან მოსაზრებები ფაქტებით არ არის გაჯერებული, ჩვენ გადაჭრით ვერც მივუთითებთ რომელიმე მათგანის სანდოობისა თუ ალბათობის შესახებ. ერთი რამ ცხადია და გასაგები, რომ დავით კერესელიძისა და გიორგი ხუბუას საერთო ინტერესი უნივერსიტეტში რეფორმის განხორციელების ამ ეტაპზე, ერთმანეთს არ დაემთხვა. არც წარსულის პრაქტიკიდან გამომდინარე, მთელ რიგ საკითხებში, დავით კერესელიძეს რექტორის შეხედულებები მნიშვნელოვან არგუმენტად არ ესახებოდა. დეკანისთვის ფაკულტეტზე განმტკიცებული პოზიციები მისთვის გავლენის საკითხს წარმოადგენდა, ძალაუფლების თემა კი, როგორც ჩანს, არც უნივერსიტეტის სინამდვილისთვის აღმოჩნდა განკერძოებული და უცხო. კულუარებში ბევრს საუბრობდნენ კერესელიძის ფაქტორებზე, თუმცა რექტორის გადაწყვეტილება სადღეისოდ არ უნდა მივიჩნიოთ, როგორც მათ შორის სავარაუდოდ არსებული თემატური უთანხმოების შესაგებელი. არც ამ გადაწყვეტილების მიღების პერიოდი – საგამოცდო ციებ-ცხელების შემდგომ სტუდენტებისაგან დაცლილი ფაკულტეტი უნდა ვიგულისხმოთ განსაკუთრებულ გარემობად, როცა სხვა შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა დავით კერესელიძის მხარდამჭერი სტუდენტთა ჯგუფის ღია პროტესტი. (?!) საერთოდაც, დეკანის მოღვაწეობას თავისი დადებითი და უარყოფითი შედეგები გამოარჩევდა. იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები არაერთგვაროვნად აფასებდნენ ფაკულტეტის ადმინისტრაციის საქმიანობას. განხორციელებული რეფორმის შედეგად იურიდიული ფაკულტეტი წამყვანმა პროფესორებმა დატოვეს. გაახალგაზრდავებულ ფაკულტეტზე სტუდენტური საზოგადოების მიმართაც წყალგამყოფი შეფასებები ისმოდა. `ერთიანი ეროვნული გამოცდების” შედეგად მოსულ სტუდენტებზე უპირატესობის მინიჭებით, გაუთვალისწინებელი და მიუღებელი გახდა სხვა სტუდენტების შეხედულებები, რამაც სასწავლო პროცესში მათი მდგომარეობა დააზიანა. მიუხედავად ასეთი მიდგომებისა და დამოკიდებულებებისა, საფაკულტეტო რეფორმის მიმართ ერთსულოვნება, არც `ერთიანი ეროვნული გამოცდების” გზით მოსულ სტუდენტებში შენარჩუნებულა. ერთი რამ ცხადია: 2005 წელს, რაც დავით კერესელიძე ფაკულტეტის დეკანად მოვიდა, ახალი ფაკულტეტიც მივიღეთ. შედეგად მხოლოდ განახლებული ბიბლიოთეკები კი არ დარჩა, არამედ გამოკვეთილი გეზი - დამკვიდრდეს ევროპული იურიდიული განათლება, თუმცა პრობლემები სასწავლო პროცესში ისევ არსებობს და უნდა ვივარაუდოდ, რომ იურიდიული ფაკულტეტის ახალი ადმინისტრაცია საერთო სტუდენტური აზრის გათვალისწინებით მას აუცილებლად მოაგვარებს.
`ვიცი, გავაკეთებ, გამომივა” – ეს უკვე ჩვენი საგაზეთო არქივიდან იმ ინტერვიუს მთავარი სათაურია, რომელიც ფაკულტეტზე მოსვლის დღეებში დავით კერესელიძესთან ჩაიწერა. ჩვენ დღეს შეგნებულად არ გავიხსენებთ ბატონი დავითის საყოველთაოდ ცნობილ დამოკიდებულებას გაზეთ `ახალგაზრდა იურისტის” მიმართ. არ არის ეს ღირსეული საქციელი. ეს ნიშნისმოგებით საუბარი იქნება. მკითხველი გონიერია.
რა შეიცვლება ამიერიდან საფაკულტეტო ცხოვრებაში, პროცესის საინტერესო გაგრძელებას წარმოადგენს. ახალი სასწავლო წლიდან ახალ ადმინისტრაციას ელოდებიან. მიიღებს თუ არა მონაწილეობას დავით კერესელიძე დეკანის არჩევნებში მონაწილეობას, ესეც საინტერესო თემაა - გამორიცხული არაფერია. ამბობენ იმასაც, რომ იურიდიული ფაკულტეტის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი სხვა სამსახურეობრივ პოზიციაზე გაგრძელებს მოღვაწეობას. ამის პარარელურად, ქართულ პრესაში ქვეყნდება ინფორმაცია უნივერსიტეტში მოსალოდნელი სხვა სავარაუდო ცვლილების შესახებაც. გაზეთ `ალიას” ცნობით, აქტიურად განიხილება თსუ-ის ახალი რექტორის საკითხიც. იქვე დასახელებულია სავარაუდო კანდიდატების სახელებიც. გაზეთის ცნობით, გიორგი ხუბუა, შესაძლებელია, გერმანიაში დიპლომატიურ სამსახურში გადავიდეს, თუმცა თსუ-ში გამოთქმულ ამ მოსაზრებას, დღეს არავინ ადასტურებს.
დღეს მხოლოდ მთავარი თემა იურიდიული ფაკულტეტია.
სამართლისმცოდნეების ფაკულტეტი.
რექტორის გადაწყვეტილებით, დეკანის გარეშე.

ნანახია: 1394 | დაამატა: admin | რეიტინგი: 4.0/3 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz