ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ორშაბათი, 2024-04-29, 6:45 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » ნოემბერი » 9 » განსახვავებული ხელწერით...
განსახვავებული ხელწერით...
10:50 PM
`სიმღერის გარეშე სამყარო უინტერესოა,” – ეს რუსული სიმღერა უკვე რამდენიმე დღეა თავში უტრიალებს. სიმღერაც მისნაირია: სწრაფი, ნათელი, თბილი, ოპტიმიზმითა და ფერებით სავსე. თბილია სახელიც: სალომე, გვარად – მახარაშვილი (მგონი, ყველაფერი მისეული სიტყვა “სიხარულთანაა” დაკავშირებული). შეუძლებელია არ მოგეწონოს: მრგვალი, მუდამ მომღიმარი სახე, ოქროსფერი თმები და მოციმციმე მწვანე თვალები, რომლებში ჩახედვისთანავეც უნებურად მხიარულ ტალღაზე “ირთვები”. სწორედ ასეთად გამოყავთ ხოლმე მხატვრებს გაბადრული ცხრათვალა მზე. მზის ხატვა თვითონაც უყვარს. მზე ხომ სითბოს, სინათლის, სიყვარულის სიმბოლოა. ასეც ეძახიან: ჩვენი საკუთარი მზეაო. 
ხშირად იცინის. დაუდეგარი ხასიათისაა. მეგობრები გადარეულს ეძახიან. არ სწყინს. უბრალოდ, ცდილობს მცირედითაც ბედნიერი იყოს. თუკი მაინც განაწყენდა, მალავს. მალე პატიობს, მაგრამ თუ ვერ მოახერხა, ვერც ითამაშებს: არ უყვარს სიყალბე. აი, მოყოლისას კი ხშირად აზვიადებს ამბებს: როგორც თვითონ ამბობს ფერს მატებს. ნათელი ფერები მასში და მის ირგლვივ ყოველთვისაა. 
ხატვის ნიჭი მამისგან გამოყვა. პირველად სამი წლისამ მოკიდა სახატავს ხელი. ხუთი წლისამ ხატვის გაკვეთილებზე ამოყო თავი. მერე იყო აკადემიის ათწლედი: უბედნიერესი ხანა მის ცხოვრებაში. გაიზარდა. დაიხვეწა. საკუთარი ხელწერა შეიძინა. იმპრესიონიზმმა გაიტაცა, მაგრამ ჯერ კიდევ ბავშვობიდან ახასიათებდა საკუთარი, ინდივიდუალური ხედვა. “ჩემზე ბავშვობიდან ამბობდენ, რომ მაქვს ჩემეული, განსხვავებული ხელწერა, თუმცა დღემდე ყველას, ვინც კი ჩემზე უწინ ჩემს ნახატებს ნახულობს, ბიჭი ვგონივარ (იცინის). ამბობენ, თამამი მონასმი აქვსო.”
უყვარს ზეთში ხატვა. ესეც თავისებურ შტრიხად დაყვა: ფერწერისას ფუნჯის მაგივრად ფერების გასაზავებელს, მასტეხინს ხმარობს. ამის გამო მისი მუშაობა ხატვასთან ერთად ძერწვას გავს. ნახატიც უფრო მოცულობითი და მეტად შთამბეჭდავი გამოდის. უხვად ხმარობს მუქ ბორდოსფერსა და სტაფილოსფერს. უყვარს მზიანი პეიზაჟების ხატვა. ხშირად იყენებს თბილ ფერებს. იტაცებს კონტრასტები. 
ვეკითხები, რას განიცდი-მეთქი ხატვის პროცესში და თვალები ენთება. “როგორ გითხრა. . . ეს უდიდესი სიამოვნებაა. როგორც წესი, ვხატავ სწრაფად. ნახატი გონებაში მიტრიალებს. ჩნდება ჟინი, სურვილი – დავასრულო ნახატი, ისე გავაკეთო ყველაფერი, როგორც მე წარმომიდგენია, მივაღწიო მიზანს, მერე კი ნახატს დავშორდე და შედეგით დავტკბე. ამის სიტყვებით სრულყოფილად გადმოცემა შეუძლებელია.” ვეთანხმები. ეს რომ გაიგო, მსგავსი რამ ნაგრძნობი უნდა გქონდეს. ამ დროს ყურადღება მხოლოდ შრომაზეა გადატანილი. მისი თქმისა არ იყოს, იმის ცდაშიც: გონებამ არ გაასწროს ხელს, ან პირიქით, თორემ ყველაფერი წყალში ჩაიყრება. სამაგიეროდ, თუ გული გულობს, გონება და ხელი კი ერთად მუშაობს, საბოლოო შედეგით ტკბობა მართლაც განუზომელია.
ნახატების სხვისთვის ჩვენების სურვილი ბავშვობიდან გაუჩნდა. ამბობს რომ ამ მხრივ ეგოისტია. ერთის მხრივ სიხარულს ანიჭებს იმის შეგრძნება, რომ მისი ნახატები მოსწონთ, მეორეს მხრივ კი უკვე დასრულებული შრომის სხვისთვის მიცემა ეძნელება. “ნახატი ნაწარმოებივითაა. ის ერთადერთია. მისი ხელმეორედ შექმნა არ შეიძლება. ის ემოცია, რომელსაც ხატვის დროს განიცდი, აღარ მეორდება. მხატვარი პირველ რიგში თავისი თავისთვის ხატავს. ჩემი თითოეული ნახატი ჩემი ნაწილია. სწორედ ამიტომაა ძნელი მათთან განშორება.”
თავად ნიჭიერ მხატვარს სხვა მხატვართა ნამუშევრების დათვალიერებაც უყვარს. მისი საყვარელი მხატვრების სია დროსთან ერთად იცვლება. ამჟამად გატაცებულია ვრუბელით, უფრო სწორად: ვრუბელის “დემონით” – თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ამ ტრაგიკული, მაგრამ საოცრად ლამაზი სიმბოლოთი. მოსწონს ძლიერი ადამიანები, რომლებიც თავის ბედს თავად წყვეტენ.
იურიდიულზე ჩაბარებაც მამამ გადააწყვეტინა: “ისე დამისურათა იურისტობა, რომ მომინდა მეცადა.” (ეღიმება) ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ხატვა დაივიწყა. უბრალოდ ამბობს, რომ მუზისთვის ნაკლები დრო რჩება. თუმცა ფერებს მისი ცხოვრებიდან ვერავინ წაშლის. ხატვა მისთვის ყველაფერია.
ნახატს არ ვართმევ. უკვე ვიცი: თუკი დახატავს, მომცემს, მაგრამ გული დასწყდება ნახატთან განშორების გამო. მასზე დაწერილ მოთხრობას კი მისივე სიტყვებით ვამთავრებ: “რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის გახსოვდეთ: ცხოვრება მშვენიერია!”










ნანახია: 899 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz