ამნისტიას ოპოზიცია მხარს უჭერს, მაგრამ ხელისუფლების მიმართ პრეტენზიები აქვს - 24 ნოემბერში 2008 - TSU TIMES
ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
სამშაბათი, 2016-12-06, 8:55 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 629
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » ნოემბერი » 24 » ამნისტიას ოპოზიცია მხარს უჭერს, მაგრამ ხელისუფლების მიმართ პრეტენზიები აქვს
ამნისტიას ოპოზიცია მხარს უჭერს, მაგრამ ხელისუფლების მიმართ პრეტენზიები აქვს
12:52 PM
გია თორთლაძე, პარლამენტის ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარე: ამნისტია, რომლის ინიციატორებიც ჩვენ ვართ, ხელისუფლების მხრიდან განსასჯელებისადმი გამოვლენილ კეთილ ნებად უნდა მივიჩნიოთ და ვფიქრობ, რომ წლევანდელი ამნისტია, ამით ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა. ამასთან, შესაძლებელი იყო, რომ ამნისტიის პროექტს რამდენიმე მუხლი დამატებოდა, მაგრამ ამასთან დაკავშირებით, ხელისუფლებასთან შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. მიუხედავად ამისა, ანტიკრიზისული საბჭოს მიერ განსახილველად დაყენებული 28 მუხლიდან 23 მხედველბაში იქნა მიღებული. წლევანდელი ამნისტია 12 ათასს ადამიანს შეეხება, აქედან 2200 ადამიანი უპირობოდ თავისუფლდება, ხოლო ნაწილ მათგანს სასჯელი უნახევრდება. რა თქმა უნდა, გვინდოდა მეტი ადამიანი გათავისუფლებულიყო, მაგრამ რა შედეგიც გვაქვს, ამითაც კმაყოფილები უნდა ვიყოთ. 12 ათასი ადამიანი, არ არის მცირედი რიცხვი და არც ის არის უმნიშვნელო, რომ 2200 პირი დაუბრუნდება თავის ოჯახებს. ამდენად, ხუთ ადამიანსაც, რომ შეხებოდა ამნისტია, მე მაინც კმაყოფილი ვიქნებოდი. აქვე ვიტყვი, რომ შესაძლებელია წარმოდგენილ პროექტში მოხდეს მცირედი ცვლილებებიც, მაგრამ რამდენად გაითვალისწინებს მას ხელისუფლება, მათზეა დამოკიდებული. დღეს აქტუალურია საკითხი არასრულწლოვნებთან დაკავშირებით. ჩვენ აქ გავითვალისწინეთ კოდექსის 177 მუხლის I და II ნაწილი და 178-ე მუხლის I ნაწილი, რომელიც ქურდობასა და ძარცვას ეხება. დანარჩენი მუხლები, არასრულწლოვნებს, უბრალოდ ვერ შეეხებოდათ. ჩვენ დავაყენეთ საკითხი პოლიტპატიმრებთან დაკავშირებითაც, თუმცა ორი ადამიანის გათვალისწინებას მივაღწიეთ. თქვენ იცით, რომ 7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით, დაკავებული 47 ადამიანიდან 14 ისევ რჩება ციხეში. დღეს ხელისუფლება მათ არ ეძახის პოლიპატიმრებს და დამნაშავეებად მოიხსენიებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ადამიანების გათავისუფლება შეიძლება შეწყალების გზითაც. აგრეთვე, საუბარია ნარკოტიკული დანაშაულების შესახებაც. კოდექსის 273 და 260 მუხლის სამივე ნაწილში მომხმარებელსა და რეალიზატორზეა საუბარი. საერთოდაც ვთვლი, რომ კოდექსის ეს მუხლები შესაცვლელია. კანონმა მკვეთრად უნდა მოახდინოს გამიჯნვა მომხმარებელსა და გამსაღებელს შორის. ვფიქრობ, ეს მოწვევის პარლამენტი შეძლებს ნარკომანიასთან დაკავშირებული იმ კანონპროექტის დამტკიცებას, რაც ასეთი დეფინიცია ახალი მიდგომების საშუალებას მოგვცემს. მე ვემხრობი, რომ ქვეყანაში შემუშავდეს სპეციალური პროგრამები, სადაც რაც შეიძლება მეტი ნარკო-მომხმარებლის ცართულობა და რეაბილიტაცია მოხდება. ანტიკრიზისული საბჭო, ამ კუთხით, თემის აქტუალიზაციას აპირებს. 

გია არსენიშვილი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე: მიაჩნია, რომ ამნისტია ძალიან მნიშვნელოვანი აქტია იმ ადამიანებისათვის, ვინც თავისუფლდება და საკუთარ ოჯახებს უბრუნდება. თავად ამნისტია და ის პროცესი, რომელიც ახლა ჩვენში მიმდინარეობს, არ ასრულებს ლიბერალიზაციის მიმდინარეობას და ქვეყანაში გამოცხადებული დემოკრატიის ახალი ტალღის მიმართ, განსაკუთრებით ყურადღებით ვარ. მინდა შეგახსენოთ, რომ 2008 წლის პირველ ნახევარში, ჩვენ 550 ადამიანი გავათავისუფლეთ ციხიდან. ბევრ მათგანს პირობითი სასჯელი დაედო. შემდგომ განხორციელდა შეწყალების პროცესიც, რომელიც 300 ადამიანს შეეხო. ყოველივე ეს პროცესია და დღევანდელი ამნისტიაც ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს. შეიძლება, ეს ვიღაცას მოეჩვენოს მცირედად, მაგრამ მინდა მერწმუნოთ, რომ ეს ასე არ არის. მაგალიტად, ჩვენს მეზობელ რუსეთში, 2007-2008 წლებში, არც ერთი ადამიანი არ შეუწყალიათ. მინდა, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ამას მიაქციოს ყურადღება. ამას მათქმევინებს ისიც, რომ თქვენ იცით, თუ რა ვნებატაღელვით გამორჩეუილი იყო კანონპროექტის განხივის პერიოდი, ყველა მხარეს უნდოდა, რაც შეიძლება ვრცელი ყოფილიყო ამნისტია და ოპოზიციისა და უმრავლესობის პოზიცია ერთმანეთს დაემთხვა. ანტიკრიზისული საბჭოს მუშაობაც, ვფიქრობ, რომ ჩვენი ლიბერალიზმის ნიშანია. მინდა ვისურვო, რომ ამნისტიის ავტორებს ეს შრომა დაუფასდეთ. მადლობელი უნდა ვიყოთ პრეზიდენტის, იურიდიული კომიტეტის, დეპუტატების. ვფიქრობ, რომ კანონპროექტის მეორე მოსმენამდე უფრო მეტად უნდა ვიყოთ დაფიქრებულები, რათა საგულისხმო მუხლი არ გამოგვრჩეს და ეს სანანებელი გაგვიხდეს. ჩემი კომიტეტის წინადადება იქნება ის, რომ შეიცვალოს ვადები – ამნისტია გარცელდეს არა 15 ოქტომბრამდე ჩადენილ დანაშაულებებზე, არამედ 1 ნოემბრამდე იქნეს გადაწეული. ამასთან, მიმაჩნია, რომ ძალიან დიდია 2-თვიანი ვადა ამნისტირებულთა საქმეების განსახილველად. ამისთვის სავსებით საკმარისი იქნებოდა 1-თვიანი ვადა, მაგრამ ერთია ჩვენი კომიტეტის სურვილი, მაგრამ მეორე სასამართლოების შესაძლებლობა – გადახედონ საქმეებს. რაც შეეხება პოლიტპატიმრების თემას. მინდა გითხრათ, რომ ეს არის ძალიან სპეციფიკური საკითხი. ვფიქრობ, რომ როცა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროშო პოლიტიკა ჩაერევა, იქ ამ უფლების დაცვა დამთავრებულია. ამიტომაც, ამ თემასთან დაკავშირებით, ჩვენ პიროვნებებიდან ამოვდივართ, მათ კი ყოველთვის დავეხმარები, რათა შეწყალების პროცესში შევუწყოთ ხელი.  

ელენე თევდორაძე, შეწყალების კომისიის თავმჯდომარე: ჩემთვის ცოტათი გაუგებარი იყო ის აჟიოტაჟი, რომელიც შეწყალების კომისიას დაუკავშირდა. მხედველობაში მაქვს პოლიტიზირების საკითხი და თავად ის გარემოება, რომ საერთოდაც შეწყალება მოხდებოდა. შეწყალების კომისია პრეზიდენტის სათათბირო ორგანოა და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი პრეროგატივაა პრეზიდენტის სახელზე შემოსული განცხადებების განხილვა. შეწყალების კომისიამ უკვე მიმდინარე წელს ექვსი სხდომა გამართა, სექტემბერში, როცა ჩვენ შევიკრიბეთ, მორიგი შეწყალების აქტი მივიღეთ. მაშინ შეწყალება სულ 316 ადამიანს შეეხო, საიდანაც პრეზიდენტმა 200 ადამიანი გამოუშვა ციხიდან. ეს გახლდათ ჩვენი კომისიისა და საქართველოს საპატრიარქოს ერთობლივი მუშაობის შედეგი. ჩვენ ვემზადებოდით დეკემბერში მორიგი სხდომისათვის, ამისთვის ვმუშაობდით ინტენსიურად, მაგრამ რაკიღა ამნისტასთან ერთად შეწყალებაც გადაწყდა, ამ მხრივ, მუშაობა უფრო გავაორმაგეთ. ამჟამად, დაახლოებით, 160-მდე პატიმრის საქმეა მომზადებული. შეწყალების კომისია არ არის შეზღუდული მუხლებში. მხედველობაში მივიღეთ ნებისმიერი განცხადება. ჩვენ არ გვაქვს უფლება იგნორირების გარეშე დავტოვოთ რომელიმე განაცხადი. კომისიისთვის განხილვის დროს მძიმე და ნაკლებად მძიმე მუხლის არსებობა შემაფერხებელი არ არის, მაგრამ გადაწყვეტილებისას ჩვენ აუცილებლად ყურადღებას ვაქცევთ დანაშაულის სიმძიმეს. სისხლის სამართლის კოდექსში არის მუხლების კატეგორია, მაგალითად, გაუპატიურება, ადამიანის გატაცება, ნარკოტიკული დანაშაულობები, ყაჩაღობა თუ რეციდივი, რომელთა მიმართაც ვერ გამოვდგებით რეკომენდატორებად. როცა ამას ვამბობ, ყოველთვის ვითვალისწინებ მეორე მხარეს, თუ რა შედეგი მოიტანეს ამ დანაშაულებებმა დაზარალებული ოჯახებისთვის. არ შეიძლება ადამიანის ბედით სპეკულირება. ამასთან, შეწყალების კომისიისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ პოლიტპატიმარია და ვინ ჩვეულებრივი დამნაშავე. შეწყალება არის პრეზიდენტის კეთილი ნება და პატიება დამნაშავეებისადმი, ეს არ არის პოლიტიკური აქტი და ძალიან სამწუხაროა, რომ ამის ასეთად წარმოჩენა არავის უნდა. დღეს ამბობენ პოლიტიკური პატიმრების სიაზეც. მათ ისიც კი არ იციან, რომ ჩვენ სიას კი არ განვიხილავთ, არამედ საქმეებს. აქვე გეტყვით, რომ სახელდება შალვა რამიშვილისა და თამაზ ბაკურიძის გვარები. ჩვენ ამ ადმიანების საქმეები უკვე განვიხილეთ დიდი ხანია და კომისიამ მათზე დადებითი რეკომენდაცია მიაწოდა პრეზიდენტს, თუმცაღა პრეზიდენტმა არ შეიწყალა. კომისიას უფლება არ აქვს ორჯერ განიხილოს თავისი გადაწყვეტილება, მაგრამ ამჟამად ჩვენ მცდელობას არ დავაკლებთ – ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ და მხოლოდ შეწყალების ოქმში განმეორებითი რეკომენდაციის სახით, ამ ადამიანების შესახებ, ხელმეორედ შევახსენოთ პრეზიდენტს. 

ეკა ბესელია, გაერთიანებული ოპოზიციის წევრი, პარტია `ერთიანი საქართველოსთვის” გენერალური მდივანი: მიმაჩნია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი `ამნისტიის შესახებ” ცინიკურ ხასიათს ატარებს. ასეთი დასკვნის საფუძველი კანონპროექტში შეტანილი იმ მუხლების მიხედვით შეიძლება გაკეთდეს, რითაც ხელისუფლება საზოგადოებას ისევ დასცინის, როცა ეუბნება, რომ 3000-მდე ადამიანი დატოვებს სასჯელაღსრულებით დაწესებულებებს. შემოთავაზებულ პროექტში არის ისეთი მუხლები, რომლის მიხედვითაც გასამართლებული ადამიანები, ჩვენ, პრაქტიკულად, არ გვყავს. მაგალითად, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, სახელმწიფო ჯილდოს შეძენა და უკანონოდ გასაღება, კონკურენციის, როგორც აკრძალვა, ასევე მისი პირობების დარღვევა. ამ მუხლის აღნიშვნისას, საერთოდაც კურიოზულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რადგანაც ქვეყანაში, ვინც კონკურენციის პირობები უნდა დაარეგულიროს – ანტიმონოპოლიული სამსახური, საერთოდ არ გვაქვს, გაუქმებულია. ამასთანავე, პროექტში საუბარია სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის წესების დარღვევაზე, ხე-ბუჩქის გაჩეხვაზე, ბიზნეს ბარათის ან ჩეკის უკანონოდ გამოყენებაზე, სპორტული შეჯიბრის მონაწილის მოსყიდვაზე და სხვა. მიჩნდება განცდა, რომ ვინც ამ საკითხებზე იმუშავა და კომენტარს გვიკეთებს, უბრალოდ, არაკომპეტენტურია. მათ წარმოდგენა არ აქვთ მომზადებული ცვლილებების შინაარსზე. ჩვენს საზოგადოებაში ძალიან ბევრი კვალიფიციური იურისტია, ვინც ობიქტურად უყურებს და შეფასებას აძლევს წარმოდგენილი მუხლების დეფინიციას. რაც მთავარია, ჩვენ ვერ ვნახეთ ვერც ერთი მუხლი, რომელითაც გასამართლებულია პოლიტიკური პატიმრები. ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ არც ერთი პოლიტიკური პატიმარი არ გათავისუფლდება. მაგალითად, არ არის შემოთავაზებული ხულიგნობის მეორე ნაწილი, იარაღის უკანონოდ ტარება, მასობრივი არეულობების დროს დაპატიმრებულები, სამოხელეო დანაშაული. ცალკე უნდა შევეხოთ ნარკოტიკულ დანაშაულებებსაც. მომხმარებელზე გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული იმასთან დაკავშირებით, რომ განთავისუფლდეს სასჯელისაგან და არა გაუნახევრდეთ. მაგალითისთვის ავღნიშნავ კოდექსის 273-ე მუხლს, რომელიც ეხება პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების დამზადება, შეძენა, შენახვა-მოხმარებას. აქ პასუხსიმგებლობა დგება 1 წლამდე. ამდენად, ამას რა სასჯელის განახევრება სჭირდება? ასევე, საუბარია 260-ე მუხლის შესახებაც, რომლიც ასევე ნარკოტიკულ დანაშაულს წარმოადგენს, ხოლო პასუხსიმგებლობა დგება მუხლის ყველა ნაწილით. ამიტომაც, თუკი ამნისტიის მიდგომა არის სისტემური, ის უნდა ეხებოდეს მის ყველა ნაწილსაც. ამიტომაც, ჩვენ ხელისუფლებას მოვუწოდებთ, საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით, ამნისტიის პროექტში შეტანილ იქნეს არსებითი ცვლილებები, რათა ამნისტიის საბოლოოდ სახე იყოს არადისკრიმინაციული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 23 ნოემბრამდე, ამნისტიის პროექტში აუცილებელი კორექტივების შეტანის მიზნით, უნდა ჩატარდეს კონსულტაციები რეალურ ოპოზციურ პარტიებთან. მიგვაჩნია, რომ ამნისტია უნდა განხორციელდეს შემდეგი მუხლებით გასამართლებული პირების მიმართაც: მასობრივი არეულობა, იარაღის ტარება, ხულიგნობა, მასობრივი არეულობა, შეთქმულება ან ამბოხება კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელათ, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ, კანონიერი სამეწარმეო საქმიანობისათვის ხელის შეშლა, ცრუ მეწარმეობა, გადასახადებისათვის თავის არიდება, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება ან ბოროტად გამოყენება, სამხედრო სამსახურის თვითნებურად მიტოვება თუ სხვა. თუკი ჩვენ არ მივიღებთ რეალურ ამნისტიას, კვლავ იმ დემოკრატიის ფასადთან დავრჩებით, რითაც ხელისუფლება დიდი ხანია სპეკულირებს. 

ნანა კაკაბაძე, ა/ო `ყოფილი პოლიტპატიმრები-ადამიანის უფლებებისათვის” თავმჯდომარე: ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი, რაც უკავშირდება ადამიანის უფლებების დაცვას, ხდება ფასადურ დონეზე, რადგანაც ამით ხელისუფლება უცხოელ მეგობრებს აჩვენებს, რომ დემოკრატიას უჭერს მხარს. სამწუხაროდ, გარკვეული დროის მანძილზე ამ ფასადმა იმუშავა, მაგრამ როცა ნოემბრის და აგვისტოს მოვლენები მოხდა, ხელისუფლება დემოკრატიის ახალ ტალღაზე ალაპარაკდა, დასავლეთი კი – დააფიქრა. სამწუხაროდ, ხელისუფლება დღესაც ამ ამნისტიით ფასადურ დემოკრატიას გვთავაზობს. ჩვენთვის ცნობილია ის მუხლები, რომლის მიხედვითაც, ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში, საქართველოში ადამიანი არ არის გასამართლებული. დღეს ქალთა კოლონიაში, დაახლოებით 1300-ზე მეტიც ქალი იხდის სასჯელს. იცით თუ არა, რომ ამნისტიის მუხლებით, მხოლოდ 2 ქალბატონს ეხება თავისუფლება, მათაც თვეებიღა ჰქონდათ დარჩენილი, ხოლო 4 მათგანს სასჯელი უნახევრდებათ. ამით, ეს ამნისტია ხომ ფორმალურ სახეს იღებს?! ამასთან, გვაქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლება განზრახ აპატიმრებს ნარკომანიაში შემჩნეულ ადამიანებს, რათა შემდგომ ისინი გამოაცხადონ განთავისუფლებულებად, ხოლო საზოგადოებას უთხრან, რომ რამდენი ადამიანი გამოუშვიათ ციხიდან. ამიტომაც, ამ ამნისტიის მიმართ ძალიან დიდია უნდობლობა. ჩვენ მოვითხოვთ კონკრეტული ადამიანების სიებს, თუ ვის ეხებათ ამნისტია. როცა ქვეყანაში არ არსებობს სამართლიანი სასამართლო, ვინ უნდა აგოს პასუხი – პატიმრებმა, ვინც ციხეებში სასჯელს იხდის თუ იმ ხელისფლებამ, რომელმაც `ვარდების რევოლუციამდე” არსებული სასამრთლო დამოუკიდებლობაც ხელყო?! მიგვაჩნია, რომ რეალური ამნისტია უნდა შეეხოთ ისეთ დამნაშავეებს, ვინც სასჯელს იხდის ნარკოტიკებისათვის, იარაღის ჩადებისთვის, ცრუ მოწმეებს. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ დედებს. უპირობოდ უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. მინდა გითხრათ, რომ ცნობილია პოლიტპატიმართა სია, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებმა ოფიციალურად გადასცეს სასჯელაღსრულებით დეპარტამენტს. დღეს, პატიმართა რაოდენობა 25000 ათას აღემატება. შედარებისთვის: სომხეთში 100000 მოსახლეზე დაახლოებით 104 პატიმარი მოდის, აზრებაიჯანში – 202, თურქეთში 12, დანიასა და იტალიაში – 67-67, მოლდოვაში, რუმინეთსა უნგრეთში 150-150. ამას ემატება განსაკუთრებით მძიმე ვითარება ჩვენს საპყრობილეებში. ჩვენ ვიტხოვთ, რომ ამნისტიით გათვალისწინებული შეღავათები შეეხოს რეალურ მუხლებსაც. მათგან მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულებს სასჯელის დარჩენილი ვადა გაუნახევრდეთ და რეალურად ამოქმედდეს ვადამდე-პირობით გათავისუფლების ინსტიტუტი. ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ დემოკრატია და ადამიანის უფლებების დაცვა მსხვერპლს მოითხოვს. სახელმწიფომ უნდა აიღოს ამის პასუხისმგებლობა. ხელისუფლებამ უნდა გათავისუფლოს უდანაშაულო ადამიანები და მიხედოს თავის პოლიტიკას, რომელიც ასეთ უდანაშაულო ადამიანებთან არის დაკავშირებული. 



ნანახია: 476 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2016 ჰოსტერი uCoz