ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
სამშაბათი, 2024-04-23, 7:42 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » ნოემბერი » 26 » სამეწარმეო სამართალი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება
სამეწარმეო სამართალი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება
1:45 PM
საკანონმდებლო ხარვეზების თემის განხილვის საგანია საქართველოს კანონი "მეწარმეთა შესახებ", კერძოდ კანონის ერთ-ერთი ნორმა, კონკრეტულად მუხლი 534 - "აქციათა სავალდებულო მიყიდვა". ამ მუხლში ცვლილება საქართველოს პარლამენტმა 2007 წლის 11 ივლისს შეიტანა, მას შემდეგ რაც საკონსტიტუციო სასამართლომ თითქმის მსგავსი ნორმა ანტიკონსტიტუციურად გამოაცხადა და საკუთარი გადაწყვეტილებით გააუქმა. 
 აღნიშნული ნორმის შესაბამისად, აქციონერს, რომელსაც საკუთრებაში აქვს სააქციო საზოგადოების ხმის უფლების მქონე აქციათა 95%-ზე მეტი, უფლება აქვს გამოისყიდოს სხვა აქციონერთა აქციები სამართლიან ფასად, ანუ მესაკუთრეს, რომელსაც 5%-ზე ნაკლები წილი აქვს ამა თუ იმ საზოგადოებაში საკუთრების იძულებით დათმობა ლეგალურ საფუძველზე უწევს. 
 საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი ამბობს, რომ "საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების საყოველთაო უფლების გაუქმება" ამავდროულად იმავე მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს იმ კონკრეტულ გარემოებებს, რომლის არსებობის შემთხვევაშიც დაიშვება ადამიანის ამ ძირითადი უფლების შეზღუდვა. "აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას და მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით." ესე იგი საკუთრების შეზღუდვისთვის უნდა არსებობდეს გარკვეული წინაპირობები, რომლებიც ვიწროდ არის განსაზღვრული საქართველოს კონსტიტუციაში. განვიხილოთ თითოეული მათგანი და შევადაროთ "მეწარმეთა შესახებ" კანონის სადავო ნორმის ფაქტობრივ გარემოებებს.
 პირველ რიგში, საჭიროა განვსაზღვროთ იდენტურია თუ არა აქციათა საკუთრების უფლება კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებული უფლებით დაცული სფეროსი. ვინაიდან, საკუთრების უფლება მოიცავს ფლობას, სარგებლობასა და განკარგვას ნებისმიერი ქონებრივი თუ არამატერიალური სიკეთისას (და ამ შემთხვევაში აქციები, ანუ ფასიანი ქაღალდები სწორედ არაქონებრივ სიკეთედ გვევლინება), მაშინ მარტივად შეიძლება დავასკვნათ, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმე ზუსტად 21-ე მუხლით დაცულ უზენაეს ღირებულებასთან გვაქვს. კონსტიტუციის თანახმად, აღნიშნული უფლების ჩამორთმევის ფაქტობრივი საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი - აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება. რა შეიძლება მოიაზრებოდეს ამ ცნების ქვეშ?! რა თქმა უნდა, ეს უნდა გავაიგივოთ საჯარო ინტერესთან, რომელიც მოიცავს, როგორც კოლექტიურ (ამა თუ იმ რაიონში გზების გაყვანა) ასევე საყოველთაო (სახელმწიფოებრივი ინტერესი, მაგალითად ნავთობსადენი) სამართლებრივ სიკეთეს, ხოლო აღნიშნული ნორმის შემთხვევაში, ერთი კონკრეტული მაჟორიტარი აქციონერის ინტერესი, რომელიც მიისწრაფვის მოიპოვოს აბსოლუტური მონოპოლია საზოგადოებაში არ შეიძლება განხილულ იქნეს აუციელებელ საზოგადოებრივ საჭიროებად. რაც შეეხება, საკუთრების უფლების ჩამორთმევის ლეგალურ საფუძვლებს, პირველი კომპონენტია კანონით პირდაპირი გათვალისწინებული შემთხვევა - ამ დროს `მეწარმეთა შესახებ" კანონს ვერ მივიღებთ არგუმენტად, რადგან სწორედ ამ ნორმის არაკონსტიტუციურობას ვასაბუთებთ. სასამართლო და საკანონმდებლო პრაქტიკაში მიღებულია, რომ ამ შემთხვევაში ხელმძღვანელობენ ორგანული კანონით - `აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების უფლების ჩამორთმევის შესახებ", რომელშიც ძალიან მკაფიოდ და კონკრეტულადაა მოცემული ყველა ის საფუძველი (ფაქტობრივი) რომელთა არსებობისასაც დაიშვება ამ უფლების ჩამორთმევა ან შეზღუდვა და ადვილი მისახვედრია, რომ ამ ვრცელ ჩამონათვალში არაფერია ნათქვამი დომინიონი აქციონერის ინტერესებზე, იმდენად რამდენადაც ამ უკანასკნელის საზგადოებრივ საჭიროებასთან გაიგივების არანაირი ბაზისს არ ვხვდებით. რაც შეეხება უფლებით დაცულ სფეროში ინტერვენციის კონსტიტუციურ-სამართლებრივი გამართლების უმთავრეს კომპონენტს, სასამართლოს გადაწყვეტილებას - არც ეს უკანასკნელი გავქვს სახეზე. მართალია მუხლის შემდეგი პუნქტი ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად, ხოლო ამ ნორმატიულ აქტში კი მითითებულია მხოლოდ იმაზე, რომ სასამართლომ უნდა დანიშნოს ექსპერტი-შემფასებელი, რომელიც დაადგენს `სამართლიან" ფასს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს იგი გადაწყვეტილებას აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე, ანუ ნორმაში მითითებული არაა შეიძლება თუ არა სასამართლომ არ დააკმაყოფილოს მაჟორიტარი აქციონერის მიმართვა, ხოლო თუ ვიმსჯელებთ მომთხოვნითი ხასიათის ტერმინებით, როგორიცაა `უნდა", `დააკამყოფილოს" ა.შ. მაშინ ადვილად დავასკვნით, რომ სასამართლოს როლი ამ შემთხვევაში მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს და მის კლასიკური გაგებით "სამართლიანობის დამდგენი" ორგანოს ფუნქციას კარგავს. 
  აღსანიშნავია, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებამდე `მეწარმეთა შესახებ" კანონში იყო ნორმა, რომელშიც სასამართლო საერთოდ ნახსენები არც კი იყო, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ ძირითად საფუძვლად გამოიყენა ნორმის ანტიკონსტიტუციურად ცნობისა და გაუქმებისათვის, თუმცა მეტნაკლებად მოდიფიცირებულ მუხლში, რომელშიც სასამართლო მოხსენებულია, მხოლოდ მის პროცედურულ საკითხებზეა ყურადღება გამახვილებული და შესაბამისად მატერიალური კანონდმებლობის არანაირი საფუძველი მითითებული არაა.
 ამ კანონპროექტის ავტორები მსგავსი სახის ცვლილებებს საბაზრო ეკონომიკის მოქნილობისა და ეფექტურობის არგუმენტებით ამყარებენ, თუმცა რამდენად მართალნიც არ უნდა იყვნენ ისინი, პირველ რიგში საჭიროა მოქმედებდნენ მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში, ვინაიდან კანონით "ნორმატიული აქტების" შესახებ კონსტიტუცია არის ის უზენაესი კანონი, რომელსაც უნდა შეესაბამოდეს სხვა ყველა კანონი თუ კანონქვემდებარე აქტი. ჩვენ შემთხვევაში კი ამ პრინციპის ცალსახა დარღვევა გვაქვს სახეზე - და კონსტიტუციით აღიარებული უკანონობის ლეგალური დაკანონება ხდება, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ქართული საკანონმდებლო ტექნიკის დიდ ხარვეზებზე, რაც აუცილებლად საჭიროებს გამოსწორებას, რათა მოსახლეობა იყოს მაქსიმალურად დაცული და ყველასთვის წინასწარ და მკაფიოდ იყოს განსაზღვრული განსახორციელებელი ქმედების შესაძლო სამართლებრივი შედეგი.


ნანახია: 1879 | დაამატა: admin | რეიტინგი: 3.8/4 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz