2008 წელი – ნოვაცია ქართულ კინემატოგრაფიაში - 22 დეკემბერში 2008 - TSU TIMES
ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
კვირა, 2016-12-11, 4:48 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 537
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » დეკემბერი » 22 » 2008 წელი – ნოვაცია ქართულ კინემატოგრაფიაში
2008 წელი – ნოვაცია ქართულ კინემატოგრაფიაში
1:13 PM
2008 წელი ქვეყნისთვის გამორჩეული იყო თითქმის ყველა ასპექტით. არ დარჩენილა სოციალურ-პოლიტიკურ-კულტურული მიმდინარეობის არც-ერთი სფერო, სადაც სიახლე არ ყოფილიყო.
  ქართული კულტურის თითქმის ყველა დარგი მეტნაკლებად მოგებული დარჩა წლევანდელი წლისგან. ამ მხრივ გამონაკლისს არც კინო წარმოადგენდა. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, ქართული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ნაკლებობას ნამდვილად განვიცდიდით ქართველი კინომაყურებელი და წელს ერთბაშად ორი ასეთი ფილმი გამოვიდა კინო-ეკრანებზე, რაც საკმაოდ მოულოდნელად აღვიქვით, რადგან მთელი ამ წლების განმავლობაში, სისტემატურად გვესმოდა, თუ როგორ უჭირს ქართულ კინოს, რაოდენ ძნელია ფინანსების მოძიება და ა.შ. (ერთ-ერთ კომიკურ სერიალში საფლავიც კი გვიჩვენეს ქვაზე ამოტვიფრული ფირის ნაჭრებითა და ეპიტაფიით `ქართული კინო") – ამიტომ მთელ ქართულ საზოგადოებას უკვე საკმაოდ საფუძვლიანად ნიჰილისტური განცდა ჰქონდა დაუფლებული იმისა, რომ ქართული კინო ვეღარასოდეს დაუბრუნდებოდა იმ დიდ მწვერვალებს, რომელსაც მან გასული საუკუნის 60-80-იან წლებში მიაღწია. ამ უარყოფით ფონზე გაიელვა ორმა საკმაოდ მნიშვნელოვანმა (არა იმდენად შინაარსით, არამედ როგორც მოვლენამ) ეროვნულმა კინოსურათმა – კინოსტუდია `დამოუკიდებელი კინოპროექტის" `სამი სახლი" (რეჟისორი ზაზა ურუშაძე) და დამოუკიდებლად შექმნილი ნაწარმოები `იდიოტოკრატია" (რეჟისორი ავთო ვარსიმაშვილი). ჩვენ შევეცდებით განვიხილოთ თითოეული მათგანი და წარმოვაჩინოთ ისინი, როგორც ქართული ეროვნული კინოპროდუქტის ორგანულ ნაწილად.
 "სამი სახლი" – სამ ნოველას აერთიანებს, რომლებიც ერთმანეთთან მისტიური ნახატით არის დაკავშირებული. სამი სულ სხვადასხვა ამბავი, სხვადასხვა პრობლემებითა და მათი გადაჭრის გზებით, მაგრამ მაინც ერთიანი, რადგან სამივე მათგანის პერსონაჟებს რაღაც აკავშირებთ ამ ნახატთან (რომელზეც ორი ბუ საკმაოდ უცნაურად არის გამოსახული). სამი ამბავი სამ სხვადასხვა საუკუნეში ვითარდება და ერთნაირ ცნებებს სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციით გვთავაზობს. პირველ ნოველას მე-19 საუკუნეში გადავყავართ, სადაც ერთი ოჯახის უცნაურ ისტორიას ვიგებთ – უშვილო ცოლ-ქმარი, რომლებიც ბავშვზე ოცნებობენ, ქმრის ძმა, რომლის ცოლიც მშობიარობას გადაყვა და მას არ უნდა ეს დაიჯეროს, ამ ძმის საშველად სპეციალურად ქალაქიდან ჩამოსული ფსიქიატრი (ჟანრი ლოლაშვილის გმირი) საკუთარ მეუღლესა და შვილთან ერთად. კითხვა მარადიული – "როგორ ფიქრობთ, რომც დამაჯეროთ რომ ჩემი ცოლი მართლა არ არსებობს, ეს ჩემთვის უკეთესი იქნება?!" ადამიანის დაუსრულებელი ცხოვრების პრობლემა აქაც გვხვდება, მისი მეუღლე მოკვდა, მაგრამ ის მაინც "არსებობს", შესაბამისად იმის დაჯერება, რაც რეალურად არ არის ადმაიანისთვის უკეთესი არ იქნება. პირველი ნოველის ფინალში შეშლილი ძმა ფსიქიატრს ჩუქნის საკუთარი გარადცვლილი მეუღლის ნახატს და აქედან იწყება ამ უცნაური სურათის უცნაური მოგზაურობა დროში.
  მეორე ეპიზოდი მეოცე საუკუნის შავბნელ ეპოქას, საბჭოთა პერიოდსა და მეორე მსოფლიო ომს ეხება. (მთლიანად ეპიზოდი შავ-თეთრ ფერშია გადაღებული, განსხვავებით პირველი ნაწილისგან, რომელშიც საკმაოდ მაღალი ინტენსივობითაა წარმოდგენილი სამხატვრო რეჟისურის, დეკორატორისა და კოსტიუმების მხატვრის ნამუშევარი) რუსი გენერალი საკუთარ საყვარელთან სექსუალური აქტის დროს დალევს სულს, ამას შეიტყობს გენერლის მეუღლე და გაბოროტებული საყვარელს სიკვდილით ემუქრება. ნახევარ საათიან სცენებში რეჟისორი გვიჩვენებს გაბოროტებული ადამიანის ტრანსფორმაციას სათნოების, შემწყნარებლობისა და პატიებისაკენ. (აქვე აღნიშვნას იმსახურებს ნატო მურვანიძის გმირის მართლაც მომნუსხველი თამაში, რომელიც ნამდვილად გამოირჩევა სხვა პერსონაჟებისგან) აქვე ვხვდებით ერთგვარ რეჟისორულ ირონიას საბჭოთა დროისადმი, რომელიც გამოიხატება პერსონაჟის სიტყვებში "სასწაულიც რომ მოხდეს და კომუნისტები გადავარდნენ, ეს ამბავი მაინც არავის უთხრა." ნოველის ბოლოს ირკვევა, რომ ეს გენერალი სწორედ იმ ფსიქიატრის შვილია, რომელიც წინა ნაწილში ჭკუიდან გადასულ ქვრივს მკურნალობდა. ნახატიც მას მოუტანია საყვარლის სახლში, რომელიც თავის მხრივ მეუღლეს უკან გაატანს სურათს.
  ფილმის ფინალური მესამე ნაწილი თანამედროვე ეპოქაში ვითარდება. აქ შეხვდებით ნარკომანებს, მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს, ჰომოსექსუალისტებსაც კი, მაგრამ თითოეული მათგანი ატარებს ადამიანურობისა და სიკეთის რაღაც გარკვეულ ნიშნებს. მთავარი გმირი საკუთარი შეყვარებულისთვის გადაწყვიტავს ის ნახატი მოიპაროს, რომელიც გოგონას დიდ ბებიას ეკუთვნის თურმე და მისი პატრონი არაფრით ყიდის მას. (ეს სწორედ იმ სურათზეა საუბარი) ამ საქმეში მთავარ პერსონაჟს დახმარებას მისი ნარკომანი ძმაკაცი უწევს, რომელიც მაინცდამაინც იმ დღეს "დაბოლდება", როცა სახლში გასაძარცვად უნდა შევიდნენ, შესაბამისად პატიოსანი შეყვარებული სიყვარულის სახელით მარტო მიდის ამ მნიშვნელოვანი დავალების შესასრულებლად. სახლში შესულს ორი საკამოდ ხანში შესული ჰომოსექსუალისტი დაუხვდება (რომელთაგან ერთ-ერთის როლს ისევ ჟანრი ლოლაშვილი ანსახიერებს) ისინი მღერიან სიმღერას "კარალეთის დღეები", ამასვე მრეროდნენ შეშლილი მეუღლე და მისი ცოლის აჩრდილი ყოველ ღამით. ერთ-ერთი "ცისფერი" სწორედ იმ ფსიქიატრის შვილთაშვილი აღმოჩნდება (იგივე მსახიობი). ამით რეჟისორი ღირებულებათა და ფასეულობათა ინჰერიტიზაციას ახდენს, თუმცა მეტნაკლებად ინტერპრეტირებული ფორმით. საბოლოოდ ნახატი თავისი შემქმნელის შთამომავლებს დაუბრუნდებათ, თუმცა საგულისხმოა ფილმის ფინალური ფრაზა, რომელსაც ნარკმანი წარმოთქვამს ნახატის ხილვისას – "ესაა?!  რასა გავს ტო!"  როგორც რეჟისორი განმარტავს, ეს საფინალო აკორდი არის თვითირონია და ქილიკი მთლიანად ფილმზე, როგორც ბედის მიერ სამ საუკუნემოვლილ ნახატით გამოწვეულ მოვლენათა ჯაჭვზე.
  ფილმი კინოფირზეა გადაღებული და მართლაც საკმაოდ მაღალი ხარისხისაა, მისი ბიუჯეტი 1 მილიონ ლარს შეადგენს და ალბათ ამ მატერიალური და ინტელექტუალური რესურსების სრულად დახარჯვის წყალობით სურათი უკვე მიწვეულია მსოფლიოს ა კლასის ფესტივალზე - ბერლინალეზე, როგორც საკონკურსო ნაშრომი. ფილმი მართლაც საკმაოდ ორიგინალურ და საინტერესო ნაწარმოებს წარმოადგენს და იმედს ვიტოვებთ, რომ საკუთარ სიტყვას ბერლინში ღირსეულად იტყვის.
  რაც შეეხება წლევანდელ მეორე ფილმს, `იდიოტოკრატიას", ის მეტნაკლებად განსხვავებულია ჩემ მიერ ზემოთ განხილული ფილმისაგან, თუნდაც ჟანრით ან ხარისხით. "იდიოტოკრატია" მსუბუქი კომედიაა, რომელიც ამავე სახელწოდების სპექტაკლის ეკრანიზაციას წარმოადგენს და დღევანდელი მმართველობის ფორმის ალბათ ყველაზე კარგ დეფინიციას იძლევა. მთელი ფილმი არის ირონია და ცინიზმი პოლიტიკაზე და პოლიტიკოსებზე, მისი სიუჟეტი აბსურდულ გარემოში ვითარდება და ექსცენტრიული პერსონაჟებითაა სავსე. ფილმში არაა გამოყენებული ორიგინალური მუსიკა და გადაღებაც ძირითადად დახურულ პავილიონში მიმდინარეობს, რაც მისი მხატვრული ღირებულების ხარისხს საკმაოდ ამცირებს, მაგრამ მთლიანობაში ფილმიდან კარგად იკვეთება რეჟისორის ჩანაფიქრი და მთავარი სათქმელი, რომელიც საკმაოდ აქტუალურია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანასა და ნებისმიერ ეპოქაში, განსაკუთრებით კი დღევანდელ დღეს.
  ორივე ფილმის სიუჟეტი განზოგადებულ ადგილზე ხდება, რაც ერთგვარი ნოვაციაა ქართულ კინოში (და რაც ალბათ მანამდეც აკლდა ეროვნულ კინემატოგრაფს) და პოზიტიურად უნდა აღიქმებოდეს, თუმცა საბოლოო სიტყვას მაინც მაყურებელი ამბობს და ამიტომ ჩემი სუბიექტური აზრის მკაფიოდ გამოთქმას ჩვენი ობიექტური გაზეთის ფურცლებიდან ამჟამად მეტნაკლებად მოვერიდები.
ნანახია: 517 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/2 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2016 ჰოსტერი uCoz