ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ორშაბათი, 2024-04-29, 8:21 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » დეკემბერი » 23 » `მართალია, მძიმე წელი იყო, მაგრამ ამით არ მთავრდება ჩვენი ერის ისტორია, არც ჩვენ ვიწყებთ ჩვენს ისტორიას და არც ჩვენით დამთავრდება”
`მართალია, მძიმე წელი იყო, მაგრამ ამით არ მთავრდება ჩვენი ერის ისტორია, არც ჩვენ ვიწყებთ ჩვენს ისტორიას და არც ჩვენით დამთავრდება”
3:52 PM
- მამა მიქაელ, კიდევ ერთი წელი ხდება ისტორიის კუთვნილება. 2008 წელი ბევრი მძიმე ფაქტებით იყო გამორჩეული ჩვენს ყოფაში. აგვისტოს მოვლენებმა ყველაზე დიდი დაღი დაამჩნია ჩვენს საზოგადოებას. როგორ შეაფასებდა ქართული მართლმადიდებლური ეკლესია 2008 წელს?
   სავსებით ვეთანხმები თქვენს შეფასებას, მართლაც ძალიან მძიმე და მტკივნეული კვალი დაამჩნია, როგორც ჩვენ საზოგადოებას, ასევე ჩვენს ეკლესიას, რადგანაც ეკლესია არის საზოგადოების ნაწილი და ორივე ერთად დიდი და ძლიერი ორგანიზმია. ეკლესიისა და საზოგადოების გამიჯვნა, რა თქმა უნდა, არასწორი იქნება. ეს ტკივილი ისეთივე მწვავე იყო ეკლესიისათვის, როგორც თითოეული ქართველისათვის.
 სამწუხაროდ, ურთულესი და უმძიმესი წელი იყო და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის რომ ასეთი რამე აღარ განმეორდეს.
- როგორი იყო 2008 წელი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისათვის. რას გამოყოფდით ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად მიმდინარე წლიდან ჩვენი ეკლესიის საქმიანობაში?
- ჩვენი ერის ცხოვრებაში, 2008 წელი, სამწუხაროდ განსაკუთრებული იყო, უმეტეს წილად უარყოფით ასპექტში. თუმცა, რანაირი წარმატებული წელიც არ უნდა ყოფილიყო, აგვისტოს თვეში მომხდარ ტრაგედიას, ვერანაირი პოზიტიური მოვლენა ვერ გადაფარავდა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენდა სამწუხაროდ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ცნობიერად აისახება და საზოგადოებისათვის, ალბათ, დარჩება მოუშუშებელ იარად, რომელიც დიდხანს გაჰყვება.
- ეს წელი განსაკუთრებულად მძიმე აღმოჩნდა ჩვენი პატრიაქისთვის, უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ისათვის. ჯერ იყო რუსეთ-საქართველოს ომი, სადაც პატრიარქის პოზიციამ ერს მხნეობა და რწმენა შეუნარჩუნა. პატრიარქი თავად რუსი გენერლების მოულოდნელადაც, თავად ჩაბრძანდა ნიქოზში და ქართველი ჯარისკაცების გადმოსვენება ითავა. შემდეგ უწმიდესს  ოპერაცია გაუკეთდა. მრევლს განსაკუთრებულად აინტერესებს ამ უკანასკნელის დეტალები. გვითხარით, როგორ გრძბობს თავს უწმიდესობა. შეაფასეთ რუსი აგრესორების წინაშე მდგარი ჩვენი პატრიარქის ნაბიჯი...
- მისი უწმიდესობისათვის, როგორც ერის მამისათვის, ძალიან მტკივნეული იყო ეს ყველაფერი, რადგანაც ეკლესიის მეთაური არის ჩვენი ერის სულიერი მოძღვარი და ის ყველაზე უფრო მეტად განიცდის და ტკივა ნებისმიერი უარყოფითი მოვლენა, რაც ხდება საქართველოში.
 Pპატრიარქის დამოკიდებულება ამ საკითხების მიმართ, იყო სრულიად ადეკვატური, ყოველ წუთს და ყოველ წამს იგი იღებდა ობიექტურ ინფორმაციას. მისმა კეთილშობილმა და შორსმჭვრეტელმა გონებამ ამ საკითხისადმი დამოკიდებულება შეუცვალა ხალხს, რადგანაც ჩვენს საზოგადოებაში სახეზე იყო აშკარა პესიმიზმისა და სასოწარკვეთის სიმპტომები.
პატრიარქმა თავისი მკვეთრი პოზიცია დააფიქსირა, როდესაც იგი ჩაბრძანდა გორში და ნიქოზში, ეს იყო მართლაც ყველაზე გაბედული ნაბიჯი, რადგანაც იყო დიდი საფრთხე და ამ საშიშროების პროგნზირება არავის არ შეეძლო. მისი უწმიდესობა, რისკის მაღალი ფაქტორის ზღვარზე ჩავიდა კონფლიქტის ზონაში.  მაშინ გახსოვთ თქვენ, რომ იქ ჩასვლას ჩიტიც კი ვერ ბედავდა, რუსი აგრესორების გამო. პატრიარქმა გამოიყენა თავისი ავტორიტეტული კონტაქტები, რომლებიც მას აკავშირებდა რუსეთის ეკლესიასთან და როდესაც მიიღო ნებართვა რუსი გენერლებისგან, დაუყონებლივ ჩავედით გორის რაიონსა და ნიქოზში, სადაც ქართველი ჯარისკაცების ცხედრებით მოფენილი ველი ვიხილეთ და ეს ყველაფერი პატრიარქმა საკუთარი თვალით ნახა და, როგორც ერის მამამთავარს, მტკივნეულ დაღად დააჩნდა და ეს ცხოვლად აისახა მის ჯანმრთელობაზეც.
მე ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო მძიმე ოპერაცია, როგორც პრესაში და მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელდა, სხვათა შორის ამას სამედიცინო ენაზე ოპერაციაც არ ჰქვია. ისე მინდა გარკვეული სიცხადე შევიტანო: მისი უწმიდესობა არ წასულა გერმანიაში კონკრეტულად გულის სამკურნალოდ, ის ზოგადად გამოკვლევებისთვის იყო წასული. კომპლექსური გამოკვლევების ფონზე მას ჩაუტარდა გულის კვალიფიციური გამოკვლევა და იქ აღმოჩნდა, რომ მას სისხლძარღვების შევიწროება ჰქონდა. დღეს პატრიარქი კარგად გრძნობს თავს. როგორც თქვენ ნახეთ, მან მოსკოვშიც კი შეძლო ჩასვლა.
ვთვლი, რომ დღესდღეობით მისი უწმიდესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას დანიშნული აქვს დიეტა, იღებს კომპეტენტური ექიმების მიერ გამოწერილ პრეპარატებს და 6 თვეში კვლავ გაემგზავრება გერმანიის კლინიკაში საკონსულტაციოდ.
- დღეს რუსული აგრესიის შესახებ არამარტო ქართული საზოგადოება საუბრობს, არამედ უცხოური მედიაც მკაცრად წერს. როგორ ფიქრობთ, შეიძლებოდა ქართულ სახელმწიფოს ომი თავიდან აეცილებინა? როგორ ხედავთ, ჩვენი დაკარგული მიწა-წყლის დაბრუნება კიდევ გართულდა თუ განუსაზღვრელი ვადით გახარნგრძლივდა?
- ამ საკითხზე, რომ შეიძლებოდა თუ არა ომის თავიდან აცილება და მოვლენების ცოტა სხვაგვარად განვითარება, ჩემი სუბიექტური აზრი თუ გაინტერესებთ, მე გეტყვით, რომ ამისი რესურსი ყოველთვის არსებობდა და უბრალოდ მას ბრძნული გამოყენება უნდოდა. ეს ყველაფერი ნაკლებად იქნა გამოყენებული, იმისათვის რომ შეიარაღებული კონფლიქტი აგვეცილებინა. ხელისუფლება ხშირად ამბობს იმას, რომ სიტუაცია ისე იყო დაძაბული, რომ უკვე დიალოგი  აღარ შეიძლებოდა. მე ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას, რომ ყველაფერი ამოწურული იყო და მხოლოდ ერთი გამოსავალი – ომიღა იყო დარჩენილი, მით უმეტეს რომ ჩვენ ამ ბრძოლაში განწირულები ვიყავით.
თუმცა, ახლა ამაზე ლაპარაკი დაგვიანებულია, ახლა ჩვენ საშინელი ფაქტის წინაშე ვდგავართ, უნდა მოვნახოთ საკუთარ თავში ძალა იმისა, რომ რაღაცნაირად, ღვთის წყალობით, განეიტრალდეს სიტუაცია და დათბეს ურთიერთობები.
ეს ვითარება, სამწუხაროდ, გადაწყდა მხოლოდ პოლიტიკურად და ამიტომაც მძიმე შედეგებით დამთავრდა საქართველოსთვის.
იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი პატრიარქის ვიზიტმა რუსეთის ფედერაციაში, იმედის სხივი შემოიტანა ჩვენი ერების ურთიერთობის აღდგენის პერსპექტივაში.
პირადად ჩემმა თაობამ, ძნელად გადაიტანა ეს კონფლიქტი, რადგანაც ჩვენ რუსებთან ერთად მეგობრულად ვიზრდებოდით და ვერც კი წარმოგვედგინა, რომ ოდესღაც ჩვენს შორის ომი შეიძლებოდა მომხდარიყო. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სიტუაციას არ უნდა შევეგუოთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ძველი ურთიერთობები აღგდეს.
ალბათ, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ხელისუფლება ბევრ რამეს გადასინჯავს და გააანალიზებს, შეიძლება ბევრ რამეზეც ინანოს, რომ შეიძლებოდა ეს საკითხი სხვაგვარად გადაწყვეტილიყო.
ვფიქრობ, რომ პატრიარქის განცხადება, რომელიც მან გააკეთა აეროპორტში, გვაძლევს იმედის საფუძველს, რომ ვითარება უნდა განიმუხტოს.
რუსეთის ფედერაციასთან უნდა აღდგეს ყოველგვარი კავშირები, იმიტომ რომ ჩვენ არ ვირჩევთ მეზობლებს, მეზობლები არიან გვინდა თუ არა ეს.
ვეცადოთ, რაც შეიძლება მეტი პოზიტივი შევიტანოთ ერთმორწმუნე რუსეთთან ურთიერთობაში.
- გვაინტერესებს, რა მდგომარეობაა ღვთისმსახურების მხრივ კოდორის ხეობაში? ვრცელდება თუ არა დღესდღეობით იქ ქართული ეკლესიის იურისდიქცია?
სიტუაცია კოდორის ხეობაში არის პრაქტიკულად იგივე, როგორიც იყო. ჩვენი სასულიერო პირები  აგრძელებენ ღვთისმსახურებას, მაგრამ ვერ ვიტყვით,  რომ მათი იქ ყოფნა სანატრელია. იქ არიან აფხაზი სეპარატისტები, რომლებიც გარკვეულ პრობლემებს უქმნიან ქართველ ღვთისმსახურებს, მაგრამ კონკრეტულად რა ხასიათისაა ეს პრობლემები, ისინი ამაზე არ საუბრობენ. ისინი არიან იქ მხოლოდ ერთი ჭეშმარიტი მისიისათვის – ილოცონ უფლისადმი, ჩვენი ერის ხსნისათვის და ასეთი კურთხევა აქვთ მათ მიცემული ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ დანიელისაგან. კოდორის ხეობაში მყოფი მამები საკმაოდ შორს დგანან პოლიტიკისგან და ღვთისათვის სათნოდ ითმენენ იმ განსაცდელს, რაც იქ მათ არაერთხელ გამოუცდიათ.
- მინდა შეგეკითხოთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივებზე. როცა სახელმწიფომ დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა, ორ ერს შორის ჩატეხილი ხიდის გამნთელებას ისევ ქართული ეკლესია ცდილობს. თქვენ იცით, ჩვენი პატრიარქი იმედიანად შეხვდა შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტთან. როგორ გესახებათ კონფლიქტის მოგვარებაში ეკლესიათა როლი?
- მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მაქსიმალურად ამომწურავი პასუხი უკვე გაგეცით, თუმცა დავამატებ, რომ უნდა შევეცადოთ მეგობრული თუ არა, საქმიანი ურთიერთობა მაინც აღვადგინოთ რუსეთთან, რადგანაც რუსეთი არის ძლიერი სახელმწიფო, რომელსაც დიდი გავლენა აქვს მსოფლიო არენაზე.
ჩვენ ვნახეთ, რომ ევროპელი პარტნიორებიც გვირჩევენ, რომ კვლავ აღვადგინოთ ურთიერთობა რუსეთთან, ისინი გრძნობენ რუსეთის სახელმწიფოსთან ურთიერთობის აუცილებლობას.
- მინდა გკითხოთ რუსული ეკლესიის სამომავლო დამოკიდებულებაზე საქართველოსთან მიმართებაში. საყოველთაოდ ცნობილია, რომ რუსულმა ეკლესიამ პატრიარქ ალექსი II მეთაურობით, მხარი არ დაუჭირა ქართული მიწების ანექსიას. როგორ ფიქრობთ, შეიცვლება თუ არა არსებული დამოკიდებულება მას შემდეგ, რაც რუსეთის სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდი, უახლოეს მომავალში, ახალ პატრიარქს აირჩევს?
- რაც შეეხება რუსეთის ეკლესიასთან სამომავლო ურთიერთობებს, ალბათ ჩვენ საზოგადოებას კარგად ენიშნა ის ფაქტი, რომ რუსეთის ეკლესიის პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტი კირილი, თავად ეახლა ჩვენ პატრიარქს აეროპორტში. ეს სიგნალია იმისა, რომ მან სათანადოდ შეაფასა რუსეთის ეკლესიის ბოლოდროინდელი პოზიცია ქართული მიწების ანექსიასთან დაკავშირებით.
როდესაც საპატრიარქოში გავიგეთ ის ფაქტი, რომ რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მკვეთრად განსხვავებული პოზიცია დაიჭირა ქართული მიწების ანექსიისადმი, პატრიარქმა აღნიშნა, რომ ეს იყო რუსეთის ეკლესიის მიერ გამოხატული სწორი და სამართლიანი პოზიცია, რადგანაც ეკლესიებს არეგულირებს სხვა ლიბერალური მექანიზმი, ეკლესია არ ემორჩილება პოლიტიკურ ამინდს.
- 2008 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაარსებიდან 90 წელი შეუსრულდა. გთხოვთ, ამ თარიღის თაობაზეც გვითხრათ თქვენი დამოკიდებულება.
- რა თქმა უნდა, ვუერთდები მთელი ქართული საზოგადოების განწყობას უნივერსიტეტის როლისა და ფუნქციის შესახებ. ეს არის ჩვენი ერის ცოდნის ბეღელი, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა ყოველთვის, თუმცა დღეს საზოდადოებაში აშკარა იმედგცრუებაა, უნივერსიტეტის რაღაც ფუნქციების დაკარგვასთან დაკავშირებით. ეს საკითხი ჩვენ ძალიან გვაწუხებს. პატრიარქს ხშირად უთქვამს, რომ უნივერსიტეტს ყოველთვის დიადი მისია ჰქონდა დაკისრებული ჩვენი ერის კულტურულ განვითარებასა და სრულყოფაში.
ვფიქრობ, რომ ეს გარდამავალი პერიოდი დამთავრდება, ვნებათაღელვა ჩაცხრება და მთელი საზოგადოება დაირაზმება უნივერსიტეტის გარშემო. ამ კერის მოშლა იქნება მთელი ერის ტრაგედია და ჩვენმა საზოგადოებამ ეს არ უნდა დაუშვას და ვფიქრობ, რომ თუ რაიმე შეცდომები იყო დაშვებული ამ საკითხთან მიმართებაში, ხელისუფლების მხრიდან, დავაზუსტებდი, განათლების სამინისტროს მხრიდან ეს დამოკიდებულებები უნდა შეიცვალოს და უნივერსიტეტს უნდა დარჩეს ის ფუნქცია, რომელიც მას მუდმივად ჰქონდა თითქმის მთელი საუკუნის მანძილზე.
უნივერსიტეტი უნდა დარჩეს ჩვენი ეროვნული ცნობიერების და ცოდნის ციტადელად, რომელსაც არანაირი ბიწი არ უნდა შეეხოს.
უნივერსიტეტსა და საპატრიარქოს შორის ყოველთვის არსებობდა მჭიდრო კავშირი და ეს კონტაქტი არც ახლა უნდა დაირღვეს, პირიქით, უნდა განვამტკიცოთ და სტუდენტობამ აქტიურად უნდა ითანამშრომლოს საპატრიარქოსთან.
- ჩვენ, ახალგაზრდები, განსაკუთრებული ყურადღებით ვუსმენთ ჩვენი პატრიარქის ყველა დარიგებას, ინიციატივას. გამორჩეული იყო პატრიარქის წლევანდელი ეპისტოლეები. როგორ ფიქრობთ, საზოგადოება, რომლის ყველზე აქტიურ ნაწილს სწორედ, რომ ახალგაზრდობა წარმოვადგენთ, ჩვენი ქყვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების პირობებში, რა პასუხეიმგებლობა გვმართებს, რომ რწმენაში სიმტკიცე და სიძლიერე შევინარჩუნოთ?
- ჩვენი ერის მომავალი, სიამაყე, საუკეთესო ნაწილი, ხართ თქვენ ახალგაზრდა თაობა, მე მინდა დაგლოცოთ და მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი. გისურვებთ წარმატებებს სწავლაში, არ იზარმაცოთ. ხშირად მესმის, რომ სწავლების დონემ იკლო უმაღლეს სასწავლებლებში. სტუდენტებო, დაუმტკიცეთ ხალხს, რომ ეს მცდარი მოსაზრებაა. ბევრი იმუშავეთ საკუთარ თავზე, იარეთ ბიბლიოთეკებში, იკითხეთ წიგნები, ბევრი იმეცადინეთ და ეს ყველაფერი უნაყოფოდ არ ჩაივლის. ცხოვრება ბევრ გამოწვევებს ამზადებს, ბევრი პრობლემები შეგხვდებათ წინ, რომელთა დაჯაბვნაც გაუნათლებელ ადამიანს არ ძალუძს, სწორედ ამიტომ, სანამ დრო გაქვთ შეეცადეთ მაქსიმალურად დახარჯოთ თქვენი ენერგია სწავლაში.
ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი ერისათვის დამახასიათებელი ცოდნა და რელიგიურობა ყოველთვის სათანადო სიმაღლეზე გვედგას.
- მოდის კიდევ ერთი ახალი წელი. დაგვლოცეთ, მამა მიქაელ...
- ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ! კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, მრავალს დაესწარით.
მართალია, მძიმე წელი იყო, მაგრამ ამით არ მთავრდება ჩვენი ერის ისტორია, არც ჩვენ ვიწყებთ ჩვენს ისტორიას და არც ჩვენით დამთავრდება.
უფალი, წყალობის თვალით გადმოხედავს ჩვენს ქვეყანას, თუ შესაბამისი მოწოდების სიმაღლეზე აღმოვჩნდებით და არ დავკარგავთ ღვთის მფარველობის იმედს. უფალი აქამდეც გვწყალობდა ქართველებს და არც ახლა მიგვატოვებს თავის შვილებს.
უფალს ებარებოდეთ!
ნანახია: 871 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz