ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
პარასკევი, 2017-10-20, 2:24 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 539
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » დეკემბერი » 25 » `აფხაზმა ბიჭმა მობილური ტელეფონი ჩართო და იქ შენახული ქართული ხალხური სიმღერა მოგვასმენინა...”
`აფხაზმა ბიჭმა მობილური ტელეფონი ჩართო და იქ შენახული ქართული ხალხური სიმღერა მოგვასმენინა...”
9:41 PM
 ოთხი თვეა, რაც ვილნიუსში (ლიტვა) სასწავლებლად ჩამოვედი, `თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა” და `ვილნიუსის უნივერსიტეტს” შორის არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ჩატარებული გასაუბრების შედეგად აღმოვჩნდი გამარჯვებულ სტუდენტებს შორის. რა შემძინა უცხოურმა გარემომ? თითოეული ქვეყნის კულტურა ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველია, ასახავს ერის ისტორიას, ამიტომ სხვადასხვა ეროვნების სტუდენტებთან ურთიერთობა გაძლევს საშუალებას, თვალნათლივ დაინახო ის, რაც მე-8 კლასის გეოგრაფიის წიგნში ამოგიკითხავს და ბუნდოვნად წარმოგიდგენია. გარდა ამისა, უკეთ ეცნობი საკუთარ თავს, სწავლობ, როგორ გაუმკლავდე სირთულეებს მარტო, მეგობრებისა და ოჯახის წევრების თანადგომის გარეშე, სხვა გზა უბრალოდ არ გრჩება... ნელ-ნელა ეჩვევი ოთახის მეგობრის რადიკალურად განსხვავებულ მუსიკალურ გემოვნებას და ხვდები, რომ  ენერგო რესურსების არაგონივრულ ფლანგვაზე მობუზღუნე გერმანელ ტიმსა და სიცივით შეწუხებულ, ანთებულ გაზქურასთან მოკალათებულ ქართველ სოფოს უკვე რაღაც აერთიანებთ: საერთო საცხოვრებელი საერთო პრობლემებით.
  სიმართლე გითხრათ, ვიდრე აქ ჩამოვიდოდი და სწავლას დავიწყებდი, ვფიქრობდი, რომ რადიკალურად განსხვავებულ სისტემასთან მომიწევდა შეხება, თუმცა მალე მივხვდი, რომ საქართველოში, კონკრეტულად კი თსუ-ში, ამჟამად არსებული სწავლების დონე არაფრით ჩამოუვარდება ევროპულს. ერთადერთი განსხვავება, რასაც თვალნათლივ ვხედავ, სტუდენტების თავისუფალი აზროვნების, ახალი ინიციატივების, იდეების მაქსიმალური მხარდაჭერაა. შეფასების უცნაური, მკაცრი სისტემა თავდაპირველად საგონებელში გაგდებს, თუმცა მალვე ხვდები, რომ ყველა საგანში `გაფრიადების” ქართული ტრადიცია უფრო უცნაურია...
  ჩვენი უნივერსიტეტი მეტ ყურადღებას უნდა უთმობდეს საერთაშორისო პროექტებზე ქართველი სტუდენტების წარმოდგენას, ისეთი როგორიცაა საერთაშორისო იმიტირებული პროცესები. `ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტში” ამ მხრივ ძალზედ აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, ლექტორები თავად არიან ჩართული სტუდენტების მომზადებაში (დაფინანსებაზე აღარაფერს ვამბობ), რის შედეგადაც, ერთის მხრივ, საკუთარი უნივრსიტეტის სახელს წარმოადგენენ საერთაშორისო არენაზე, მეორეს მხრივ კი, სტუდენტების სახით იღებენ კვალიფიციურ სპეციალისტებს, რომლებიც, მომავალში ქვეყნისთვის არა-ერთი სასარგებლო საქმის გაკთებას შეძლებენ.
  როგორია ჩემი ერთი სალექციო დღე? ქართველებისგან განსხვავებით, ლიტველები სამუშაო დღეს გაცილებით ადრე იწყებენ... ვხვდები, რომ ოჯახის წევრების მაღვიძარით ჩანაცვლება მომიწევს, რას ვიზამთ, ასეთია სტუდენტური ცხოვრება... 6.15 წთ-ზე იწყება გრძელი, დატვირთული და საოცრად ცივი დღე. თბილად ვიცვამ, ვდგები გაჩერებაზე, ავდივარ ავტობუსში და ერთი სული მაქვს, როდის მივუახოვდებით უნივერსიტეტს. რატომ? იმიტომ, რომ იქ თბილა. ვაკეთებ პრეზენტაციას სიტყვის თავისუფლებაზე ცენტრალურ დ აღმოსავლეთ ევროპაში და რატომღაც მაინც ომზე მეკითხებიან... უნივერსიტეტის კაფეტერია ოჯახურ გარემოს მახსენებს, ვცდილობ, მშობლიური ხაჭაპური ადგილობრივ `მაქსიმაში” ნაყიდი ყველიანი პურით ჩავანაცვლო... ბიბლიოთეკაში თვალი საინტერესო წიგნებისკენ გამირბის, თუმცა წინ გამოცდებია და ჯერჯერობით ისევ საგნებით უნდა შემოიფარგლო, იანვარი ხომ წინაა... პარასკევს საღამოს ახალ მეგობრებთან ერთად ვატარებ. ახალი მეგობრებთან, რომლებიც  მათთვის აქამდე უცნობი ქართული ბგერბის წარმოთქმას ცდილობენ დიდი მონდომებით.
  ვცდილობთ, თავისუფალი დრო, რომელიც ამ ეტაპზე გამოცდების მოახლოების გამო ძალიან შემცირდა, მაქსიმალურად საინტერესოდ გავატაროთ. ციგურებზე სრიალში დაოსტატებისა და ლიტვური ტრადიციული კერძების დაგემოვნების შემდეგ, ჯერი კორეულ კერძებზე მიდგა. ვცდილობ, კორექტულობის ფარგლებში დავაზუსტო კორეელ კონ-ჰასთან ნაციონალური კერძის შემადგენლობა (განსაკუთრებით ხორცის წარმომავლობა იპყრობს ჩემს ყურადღებას). დღითიდღე უფრო ვრწმუნდები, რომ ქართველებისა და ბასკებს ერთ დროს ნათესაური კავშირი მართლაც გვქონდა--ესპანელები ჩვენი საუკეთესო მეგობრები და არაპუნქტუალობისა თუ ხმაურის გამო მიღებული საყვედურების გამზიარებლები გახდნენ.
   საქართველოს მიმართ მართლაც დიდ ინტერესს იჩენენ არამარტო სტუდენტები ევროპის, ამერიკის თუ აზიის ქვეყნებიდან, არამედ ადგილობრივი მოსახლეობა. ვერ აგიღწერთ, როგორ ეცვლება ლიტველს გამომეტყველება მას შემდეგ, რაც გაიგებს ჩვენ წარმომავლობას. საოცარი სითბო მოდის მათგან. მეორეს მხრივ, გვიწევს საკუთარ კონფლიქტურ რეგიონებზე პრეზენტაციების გაკეთება და სტუდენტებისთვის საკმაოდ მწვავე შეკითხვებზე პასუხის გაცემა. რთულია აუხსნა ჯოშუას, რატომ არ გვინდა დავთმოთ კონფლიქტური რეგიონები და, ერთხელ და სამუდამოდ მშვიდად ვიცხოვროთ_ის ხომ კანადელია, ალბათ გაუჭირდება ჩაწვდეს ეროვნულობის იდეას. სტუდენტების ყურადღება საქართველოსკენაა მიმართული, აქტიურად ეცნობიან ქართულ ახალ ამბებს,  ევროვიზიაზე ქართველი ბავშვების წარმატებული გამოსვლისა და გამარჯვების შესახებ თავადაც ლიტველების მოლოცვის შემდეგ შევიტყვე.
  ამ ახალ წელს ვილნიუსში შევხვდები, საშობაო სამზადისი აქტიურ ფაზაში შევიდა, გუშინ ნაძვის ხის ანთების ცერემონიალზე უამრავი ბედნიერი სახე დავინახე, სამწუხაროდ, ბოლოს, როცა საქართველო დავტოვე (28 აგვისტო), სიხარულის თუ ბედნიერების გარდა, ყველაფერი ჩანდა ქართველების თვალებში... რამდენიმე დღის წინ შემთხვევით აფხაზ ბიჭს შევხვდი, რომელიც საახალწლო დღეების გასატარებლად ჩამოვიდა მეგობართან ლიტვაში, რუსულ საუბარს მოჰკრა ყური და რატომღაც გვკითხა  წარმომავლობა, უცნაური გრძნობა დამეუფლა მასთან საუბრისას, თითქოს უნიკალური შანსი მქონდა მეთქვა რაც მინდოდა, მაგრამ ყველაფერი დამავიწყდა, როდესაც აფხაზმა ბიჭმა მობილური ტელეფონი ჩართო და იქ შენახული ქართული ხალხური სიმღერა მოგვასმენინა...
  ვცდილობ, ბანალური არ ვიყო, მაგრამ მომიწევს_მშვიდობა მინდა ვუსურვო სრულიად საქართველოს, განსაკუთრებით კი აფხაზ და ოს ხალხს!
ნანახია: 416 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2017 ჰოსტერი uCoz