ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
პარასკევი, 2024-05-03, 5:23 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » დეკემბერი » 25 » გიორგი შამათავას დღიურები
გიორგი შამათავას დღიურები
9:59 PM
2008 წელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ცხოვრებისათვის გამოკვეთილი იყო იმ გარემოებითაც, რომ სტუდენტებმა ხელმეორედ აირჩიეს სტუდენტური თვითმმართველობა, ხოლო ახალმა თვითმმართველობამ პრეზიდენტად - იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრი გიორგი შამათავა. დღეს გიორგი შამათავა ჩავლილი ვნებათაღელვით სავსე არჩევნების ღირსეული გამარჯვებულია. მას იცნობენ, პატივს სცემენ, გამორჩეულია რამდენადმე საამისო თვისებებით. ყველაზე მძაფრ და გამოუვალ მომენტშიც შეუძლია კონცენტრაცია და სირთულის დაძლევა. მას, ერთდროულად შეუძლია, იყოს კრიტიკულიც და თვითკრიტიკულიც. თანასწორი ოპონენტი ყველაზე საინტერესო ფიგურედ იკვეთება იმათ შორისაც, ვინც წარსულში თვითმმართველობის თემით სპეკულირებდა ან სამართლიანად შენიშნავდა. დღეს სხვა რეალობაა. სხვა ლიდერი და სხვა გუნდი. მათზე ბევრი ითქვა, დაიწერა და სამომავლოდაც ვისაუბრებთ. `მე მოვედი, მე ვიწყებ,” – შეიძლება ასე დავარქვათ იმ საქმეებს, რომელსაც გიორგი შამათავა გვპირდება. ვნახოთ. ყველაფერი წინაა. დღეს გაზეთს თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის ამპლუა სხვა კუთხით სურს წარმოგიდგინოთ. `თსუ თაიმსმა” მას Dდღიურების დაწერა სთხოვა. როგორია პირველი ქართული სასწავლებლის სტუდენტური საზოგადოების ყველაზე გამოკვეთილი სახის ყოველდღიურობა?! ჩვენ მას სასურველი რესპოდენტის გულწრფელი პასუხები ვუწოდეთ.


8 დეკემბერი, ორშაბათი

  ორშაბათი განსაკუთრებულად დაძაბულია ჩემთვის. 8 დეკემბრის დილას, როგორც ყოველთვის, კვირის მოკლე გეგმა შევიმუშავე, მთელი კვირის განმავლობაში განსახორციელებელ საკითხებზე დავფიქრდი.
  დილით ადრე ადგომა, რომ ზოგადად მოსაწყენია, ალბათ ყველა ვთანხმდებით. საქმე ისაა, რომ ეს ნეტარება ხშირად მერთმევა ხოლმე. დილიდან საქართველოს უზენაეს სასამართლოში ვარ მაგისტრატურის კლინიკის სტაჟირებაზე, საკმაოდ საინტერესოა, თუმცა ორ საათამდე დატვირთულ რეჟიმში ყოფნა გადამღლელი: მოსამართლესთან ხშირი ურთიერთობა; განჩინებების დამუშავება და საბოლოო სამართლებრივი ფორმის მიცემა; საპროცესო სამართალწარმოების მხარეებისთვის გზავნილების შემოწმება და გაგზავნა... რომელი ერთი ჩამოვთვალო აღარც ვიცი... უზენაესი სასამართლოს შემდეგ, მე და ჩემი მეგობარი ირაკლი ხარჯავანიძე მივდივართ კინოთეატრ `ამირანში”, რათა კინოთეატრის ხელმძღვანელობას შევუთანხმდეთ იანვრიდან სტუდენტებისათვის ბილეთების 50%-იანი ფასდაკლებით მიწოდების საკითხზე. მინდა გითხრათ, რომ შეხვედრამ საკმაოდ წარმატებით ჩაიარა. შუადღისას, დამქანცველი AM-ის შემდეგ, ისევ მშობლიურ უნივერსიტეტს ვეწვევი (წლებია იგივე ხდება). ჩემს ვიცე-პრეზიდენტთან ერთად გადავდივარ უნივერსიტეტის GOOD FOOD-ში, მოკრძალებულად ვსადილობთ, მივირთმევთ ერთ ფინჯან ყავას, რათა ფაკულტეტის თავმჯდომარეებთან დაგეგმილი შეხვედრისთვის მოვემზადოთ. 16:00 საათისთვის, უკვე შეხვედრაზე ვარ, კოლეგებმა კონკრეტული დავალებები და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ დარიგება მიიღეს, მოვითათბირეთ და შემდეგი მოქმედებებისათვის შევთანხმდით.
  საღამოს, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გადავავლე თვალი და საინფორმაციო გადაცემას ვუყურებ. მე ისევ უნივერსიტეტში ვარ. დაახლოებით, 7 საათისთვის, ვიხილავთ სტუდენტთა მიერ შემოსულ განცხადებებს და ვმსჯელობთ მათთვის კონკრეტული მიმართულების მიცემაზე. ზედმეტად გადამღლელი დღის შემდეგ, მეგობრები მართებულად მირჩევენ სახლში წასვლას და დასვენებას...


9 დეკემბერი, სამშაბათი

დილის 10 საათიდან ისევ საქართველოს უზენაეს სასამართლოში ვარ, იგივე დატვირთვა, იგივე საკითხები და დატვირთული რეჟიმი დღის 2 საათამდე. უზენაესი სასამართლოს შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მდებარე ქაშუეთის ეკლესიაში მივდივარ, რათა სანთლები ავანთო და უფალს შემწეობა ვთხოვო.
  შუადღეზე თვითმმართველობის ხუთ კაციან დელეგაციასთან ერთად, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში ვარ. მაინტერესებს მაღლივ კორპუსის თვითმმართველობის ახალი ოთახი. ვხვდები ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს. ვესაუბრები მიმდინარე ინიციატივებზე, იდეებსა და კონკრეტულ ღონისძიებებზე. გზად უნივერსიტეტის პირველი კორპუსისკენ მომავლებს, შიმშილის გრძნობის დაკმაყოფილების წრფელი სურვილი გაგვიჩნდა. ვსადილობთ უახლოეს კაფეში.
  ვესწრები ლექციებს უნივერსიტეტის მეორე კორპუსში. ერთ-ერთი ლექციიდან გამოვდივარ და საკუთარ თავს თამბაქოს დაუფლებით დროებითი განტვირთვის უფლებას ვაძლევ...
  ისევ ლექცია 20:15 საათამდე მდე.
  უკვე ღამის ცხრა საათი დაიწყო. მეორე კორპუსის შესასვლელთან ვხვდები მეგობრებს და ვსაუბრობ მათთან სხვადასხვა საინტერესო თემებზე. სიმართლე გითხრათ, ძალიან მეძინება...სახლში მივდივარ... აქ მშობლებთან ერთად ვვახშმობ. მიუხედავად დაღლილობისა, ცოტათი ხნით გადავწყვიტე, ინტერნეტ სამყაროში `შევიარო.” საათს დავხედე და ზუსტად ჩემს მიერ აღნიშნულ დროს აფიქსირებს – თბილისის დროით ახლა 23:56 წუთია. გადავწყვიტე დავიძინო. 01:45 წუთზე სმს-მა გამაღვიძა, თუმცა თვალები ისე მეხუჭება, მისი წაკითხვის თავიც კი აღარ მაქვს...

10 დეკემბერი, ოთხშაბათი

 ისევ უზენაეს სასამართლოში...
 მივიჩქარი უნივერსიტეტისაკენ, სადაც მელოდება ჟურნალისტი, რომელსაც აინტერესებს თვითმმართველობაში მიმდინარე პროცესები და ინტერვიუს იწერს ჩემგან. სხვათა შორის, ინტერვიუს შემდეგ ჟურნალისტის სახის გამომეტყველებიდან გამომდინარე, მეც მცირე თვითკმაყოფილებამ მომიცვა.
 შუადღეზე მე და ჩემი მეგობრები მივდივართ `ბარაქაში,” რათა ბარაქიანად ვისადილოთ. ყოფილი კლასელის მოულოდენლმა შეხვედრამ ფრიად გამახალისა და სკოლის ტკბილი პერიოდი გამახსენა. დანაყრების სემდეგ ისევ უნივერსიტეტში მოვედი. ვემზადები უნივერსიტეტის რექტორთან შესახვედრად...
 საღამოს ვხვდები ერთ არაჩვეულებრივ მანდილოსანს... კინოში წასვლა გადავწყვიტეთ. კინოთეატრ `რუსთაველში” მეცხრე რიგის 22-23 ადგილებზე ვსხედვართ. ფილმის ნახვის შემდეგ მანდილოსანს სახლამდე ვაცილებ. გადავწყვიტე დღის ბოლო ნათესავებთან ერთად გავატარო და ცოტათი მათთან გავხალისდე. სახლში მივდივარ... ისევ ძალიან დაღლილი ვარ... რაღა დაგიმალოთ და ქუჩაში დღიურის შევსებისას ხელებიც გამეყინა. (გიორგის თავისი დღიურები წუთობრივი სიზუსტით ჰქონდა მოწოდებული. როგორც ჩანს, ყოველ მნიშვნელოვან მოქმედებას ჩვენი რესპონდენტი იმწუთიერად აღნუსხავდა-რედ) არა უშავს, `თსუ-თაიმსი” მსხვერპლს მოითხოვს.  
  სახლში ვარ, ვვახშმობ... სამეცადინო დამგროვებია... და მეც აქტიურად ვუცხადებ ბრძოლას წიგნებს.
  ღამის 4-ის 5 წუთია. დიდი დრო გასულა... მემგონი, აჯობებს დავიძინო...



11 დეკემბერი, ხუთშაბათი

 მაღვიძებს ჩემი უახლოესი მეგობრის _ ირაკლი ხარჯავანიძის სულმოუთქმელი და შეუწყვეტელი ზარი... მატყობინებს, რომ ერთ-ერთ მიმდინარე პროექტზე სასწრაფოდაა ხელი მოსაწერი, თუმცა საქმე ისაა, რომ მე ისევ უზენაესში ვარ წასასვლელი. ხელმოწერა დროებით გადაიდო და...
  ისევ უზენაეს სასამართლოში... მოსამართლე მეუბნება, რომ უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის სარჩელია სასამართლოში შემოსული და სწრაფი რეაგირებაა საჭირო.
მოსამართლე მავალებს განვიხილო სარჩელთა დასაშვებობის საკითხი. მეც ჩემს ოთახში მიმაქვს შემოსული საქმეები... როგორც იქნა დავასრულე სარჩელებზე მუშაობა... საჯარო ბიბლიოთეკაში ვიმყოფები, რათა მოვიპოვო შესაბამისი აქტები, რომელიც უზნაესში სახელმძღვანელოდ მესაჭიროება. ოპერასთან ვხვდები თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტ ირაკლი სამხარაძეს და მივდივართ თბილისის მერიაში, ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებაში, რათა მოვამზადოთ მერიისა და თვითმმართველობის კარგა ხნის ჩაფიქრებული ერთობლივი პროექტი, რომელიც გულისხმობს იანვრის ბოლოდან გარკვეული რაოდენობის სტუდენტთა წარმოუდგენლად შეღავათიან ფასში გუდაურში მათი წეეკ-ენდ-ების გატარებას. მინდა აქვე აღვნიშნო, რომ ინფორმაცია ექსკლუზიურად თსუ-თაიმსის კუთვნილებაა, ამიტომ გაგიმართლათ კიდეც... მე, ირაკლი და მერიის თანამშრომლები ვსადილობთ მერიის სასადილოში.
  ყოველკვირეულ შეხვედრაზე ვარ ჩემს მოადგილეებთან ერთად დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან, რათა კიდევ ერთხელ კონკრეტულად ვესაუბრო სამომავლო საახალწლო ღონისძიებებზე: “ქორალის” კონცერტი, გოდერძი ჩოხელისადმი მიძღვნილი საღამო, ჰერეთიდან მოწვეული ანსამბლის ღონისძიება, მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წარმოდგენა, საახალწლო საღამო კლუბ “Nიგჰტ Oფფიცე”-ში... შეხვედრა დასრულდა და გადავწყვიტე დღეს ადრე წავიდე სახლში, მინდა რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალსა და ღონისძიებაზე დავფიქრდე.
  სახლშიც მოვედი. ისევ სამეცადინო მაქვს, თანაც რომ გადავხედე საკმაოდ ბევრიც...



12 დეკემბერი, პარასკევი

  ათის ათ წუთზე გამეღვიძა. ახლა გადავხედე ჩემს დღიურს და აღმოვაჩინე, რომ წუხელ დაძინების დროის მითითება დამვიწყნია... ისე, დაახლოებით 24:00 საათისთვის დავიძინე, თუ სწორად მახსოვს.
  ისევ უზენაესი სასამართლო და სამართლებრივი ლაბირინთები....
  შუადღეზე სტუდენტური თვითმმართველობის ათკაციან დელეგაციასთან ერთად ტელეკომპანია `მზეში” ვიმყოფებით, სადაც სტუმრად ვართ მიწვეულნი “დიდი პერსპექტივა”-ს ჩაწერაზე. როგორც შემატყობინეს, გადაცემის მეორე ბლოკში მიწვეულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ხოლო მესამეში, რაღა დაგიმალოთ და, თქვენი მონამორჩილი _ თვითმმართველობის პრეზიდენტი.  უნივერსიტეტში 5 საათისთვის მოვედით. ვნაყრდები პირველი კორპუსის ეზოში მდებარე GOOD FOOD-ში, თქვენ წარმოიდგინეთ და,  თვითმმართველობის ათ კაციან იმავე დელეგაციასთან ერთად. შემდეგ მოვდივარ თვითმმართველობაში და ხელმოსაწერად მახვედრებენ ჩვენს მიერ მოწონებულ რამდენიმე განცხადებას. დღის ბოლოს, მეგობრებთან ერთად მივდივარ საბილიარდო `ოლიმპიკში,” (სიამოვნებით ვითამაშებდი `თსუ-თაიმსის” რედკოლეგიასთან ერთადაც) (სიამოვნებით- რედ)  გამოვედით საბილიარდოდან და მიუხედავად იმისა, რომ მომავალი შაბათი-კვირაც ძალიან დატვირთული მაქვს, მაინც გადავწყვიტე ჩემს კოლეგებთან ერთად რესტორან `კოლხეთში” წასვლა და მცირეოდენი ალკოჰოლის მიღება. უკვე კოლხეთში ვართ, დავსხედით მაგიდასთან და რაღა დაგიმალოთ და ახლაც მომიწია დღიურის დროებით გვერდზე გადადება...


13 დეკემბერი, შაბათი

 მაღვიძარა მაღვიძებს და ნაბუხუსევზე ისედაც მძიმე ხასიათს უფრო მიმძიმემბს. მირეკავს  ირაკლი ხარჯავანიძე და მაცნობებს თავსუფლების მოედანზე დილის სიცივით გაყინული ირაკლი სამხარაძის შესახებ. თქვენ წარმოიდგენეთ, მხოლოდ ახლა გამახსენდა რომ 08:45 წუთზე უნდა შევხვედროდი მათ. 09:15 წუთზე შერატონ მეტეხი პალასისკენ დავიძარით. დღეს ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმია, რომელზედაც სტუდენტური თვითმმართველობაცაა მიწვეული. ფორუმის გახსნა და დასაწყისი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ასევე სიანტერესოდ ჩაიარა მთელმა დღემ, რომელიც ფორუმზე გავატარე. გავიცანით უამრავი ჩვენი თანამოაზრე და მომავალი კოლეგა, ახალგაზრდა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან აქტიური დიალოგი და პრობლემებზე მსჯელობა განსაკუთრებით აქტუალურ საკითხად მიმაჩნია. შესვებაზე ვართ სადილზე... დღის მეორე ნაწილზე სტუდენტური თვითმმართველობა პრეზენტაციას ვაკეთებთ.
 19:00 საათი -  დღის დახურვა, მსუბუქ ვახშამს ვესწრებით.
 20:00 საათი - მეც ხომ მაქვს უფლება, რომ პირადი ურთიერთობით დავკავდე?! (ეს ინფორმაცია საიდუმლოა!!! არავითარი დღიური) (იცინის-რედ.)


14 დეკემბერი, კვირა
   
ამ დღისთვის თითქმის ორი თვეა ვემზადებით. ,თსუ-ის პირველი კორპუსის ეზოში სტუდენტებმა შეკრება დილიდან დაიწყეს. საეკლესიო მსვლელობისთვის ვემზადებით, დღეს უწმიდეს აყსაყდრებიდან 31-ე წლისთავია, სრულიად სტუდენტობა მზადაა მსველობით შეხვდეს ამ დღეს და პირადად მიულოცოს პატრიარქს ეს თარიღი. გმირთა მოედნიდან დავიძარით. პირველი საათისთვის სამების საკათედრო ტაძარსაც მივუახლოვდით. ღმერთს მადლობა, ყოველივემ მშვიდობიანად ჩაიარა.
  14:00 საათი - დავიძარი მეტეხისკენ; ორდღიან ფორუმში მონაწილეობამ ვერ ვიტყვი, რომ გადამღალა, თუმცა დაღლილობას მაინც ვგრძნობ. მეორე დღეც ისეთივე საინტერესო აღმოჩნდა, როგორც პირველი. დღეს უფრო მეტი შესაძლებლობა მოგვეცა ახალგაზრდა ინიციატორებს, რომ უკეთ გავცნობოდით ერთმანეთის აქტივობებს. ჯერ კიდევ ძალიან ბევრია ქართულ ახალგაზრდულ სექტორებში გასაკეთებელი, თუმცა მთავარია, რომ ძვრები დაწყებულია, ჩვენც ხომ მუდამ მზადა ვართ მომავალი საქმიანობისთვის?! 4 სააათისთვის ვიმყოფები სამუშაო ჯგუფების პრეზენტაციაზე. საინტერესო დისკუსიებია. ფორუმი ალა-ფურშეტით დამთავრდა. ვესაუბრები სხვადასხვა ორგანიზეციების წარმომადგენლებს.
 21:00 საათი - ისევ პირადულით დავკავდები ერთ-ერთ კაფეში, თქვენი ნებართვით... (ანუ უკვე მიხვდით, რომ დღიურს ისევ გვერდით ვდებ)
  ეს კვირა შეიძლება ითქვას, საკმაოდ ორიგინალური და საინტერესო აღმოჩნდა... არ გამოვრიცხავ, რომ ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საკუთარი განწყობაც კი გახლდათ, თუნდაც ის ფაქტი, რომ ამ კვირის განმავლობაში `თსუ თაიმსმა” ერთგვარი დღიურის წარმოება დამავალა... ამდენი ერთმანეთის მსგავსი დატვირთული კვირეებისაგან განსხვავებით,  დღიურის წარმოებამ და დეტალებზე დაფიქრებამ, ცოტა არ იყოს, გამახალისა კიდეც...

ნანახია: 1695 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz