`თვითმმართველობა ყველაფერს გააკეთებს სტუდენტური ინტერესების გასათვალისწინებლად” - 25 დეკემბერში 2008 - TSU TIMES
ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
კვირა, 2016-12-11, 4:48 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 537
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » დეკემბერი » 25 » `თვითმმართველობა ყველაფერს გააკეთებს სტუდენტური ინტერესების გასათვალისწინებლად”
`თვითმმართველობა ყველაფერს გააკეთებს სტუდენტური ინტერესების გასათვალისწინებლად”
10:07 PM

თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა საქმიანობით წელს აჯამებს. როგორი იყო განვლილი წელი მათთვის? რა იქნება სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები? `თსუ თაიმსს” ესაუბრება თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, იურიდიული ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი ირაკლი სამხარაძე

- ირაკლი, როგორ შეაფასებდით თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის მუშაობას 2008 წლის განმავლობაში? რა გაკეთდა სტუდენტური საზოგადოებისთვის ამ მხნის მანძილზე საინტერესო და რისი გაკეთება ვერ მოასწარით?
- ჩვენ, როგორც მეორე მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტური საქმინაობის წინამძღოლობა 2008 წლის გაზაფხულიდან დაგვევალა. აქედან გამომდინარე ცალსახაა, რომ  ვერ ვისაუბრებ მთლიანად 2008 წლის შესახებ, თუმცა მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ აღნიშნული პერიოდი მეტად ნაყოფიერი გამოდგა ზოგადად საუნივერსიტეტო საზოგადოებაში, შესაბამისად ჩვენს საქმიანობაშიც. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ურთულესი ზაფხულის გადატანა მოგვიწია. ავადმოსაგონარი აგვისტოს სისასტიკე გარკვეულწილად სტუდენტურ ურთიერთობებზეც აისახა, თუმცა მთავარია ის, რომ  ჩვენ შევძელით უმძიმესი პერიოდის დაძლევა და ჩვეული აქტივობით შევუდექით საქმიანობას. ცხადია, ამ ვითარებაში სტუდენტური თვითმმართვეობის უმთავრეს პრიორიტეტადაც ლტოლვილთა და იძულებით გადასახლებულთა ჩვენეული დახმარება წარმოადგენდა. ჩვენი არჩევვიდან დღემდე ერთ-ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენდა თვითმმართველობის მმართველობითი ორგანობის საბოლოო დალაგება, საკადრო წინაპირობების შექმნა, რაც ამ ეტაპზე შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ დასრულებულია. უკვე საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მთელი დატვირთვით მუშაობს  ყველა რგოლი. გარდა ამისა, ჩვენ ამ ხნის მანძილზე საკმაოდ ბევრი სტუდენტური ინიციატივის ხელშემწყობად წარმოვჩინდით, გაიმართა რამდენიმე სტუდენტური ღონისძიება, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. საფუძველი ჩაეყარა ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის დაარსებას საქართველოში და ა. შ. ბუნებრივია, ეს ყველაფერი არ გვაძლევს თვითკმაყოფილების საშუალებას, გასაკეთებელი ძალზე ბევრია, მიზნები საკმაოდ მრავალფეროვანი და ყოვლისმომცველი, ახალ პროექტებსა და აქტივობებს სულ ახლო მომავალში უნდა ველოდოთ.
- როგორ ფიქრობთ, სტუდენტების მხრიდან რამდენად გამოიწვია დაინტერესება ახალმა თვითმმართველობამ, რომელიც თქვენი სახით 2008 წლის გაზაფხულზე აირჩა და რით შეიძლება განსხვავდებოდეს თვითმმართველობის ურთიერთობის ხარისხი მესამე პირებთან დამოკიდებულებისას წარსული პრაქტიკისგან?
- ვფიქრობ, რომ მაღალი ინტერესი და მოლოდინი ახალი თვითმმართველობის მიმართ, ჯერ კიდევ არ განელებულა, რაც მუშაობის სურვილს გვიძლიერებს. ამის მიზეზად ამ თვითმმართველობის პროექტებს მივიჩნევ. ჩვენ უახლოეს მომავალში ვგეგმავთ საუნივერსიტეტო მასშტაბით სოციოლოგიური გამოკითხვის ჩატარებას, რის შემდეგაც უფრო ნათელი წარმოდგენა შეგვექმნება სტუდენტთა შეხედულებებისადმი ჩვენს მიმართ, თუ რას მოითხოვენ ისინი დამატებით და რა სურთ მომავალში. რაც შეეხება ახალი თვითმმართველობის ურთიერთობის ხარისხის განსხვავებას პირველი მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობისაგან, უნდა აღვნიშნო, რომ განსხვავება ნამდვილად შეინიშნება და იგი უმთვარესად გაპირობებულია გამოცდილების გაზრდაში. ვფიქრობ, ჩვენი უპირატესობა გამოცდილების თვალსაზრისით, ამ საკითხში, აშკარად გამოიხატება. საქმე ისაა, რომ ჩაგვბარდა შეძლებისდაგვარად სისტემურად გამართული ორგანიზაცია.
- როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო, რომ სტუდენტური თვითმმართველობები უფრო მეტად იყვნენ აქტიურები სტუდენტური პრობლემების მოგვარებაში, მათი უფლებების დაცვაში. როგორი მდგომარეობა გვქონდა ამ მხრივ 2008 წელს თსუ-ის სტუდენტურ თვითმმართველობასთან მიმართებაში?
- ჩვენი მოღვაწეობის უმთავრეს პრიორიტეტად იმთავითვე სტუდენტთა უფლებების დაცვას მივიჩნევდით. გვსურს უფრო აქტიური ზომები მივიღოთ ამ მხრივ. გვაქვს შესაბამისი მონახაზიც, ერთგვარი ესკიზი, რომელთა შესახებაც მოგვიანებით გეცნობებათ. სტუდენტთა აქტიურობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ მივცემთ თითოეულ სტუდენტს შესაძლებლობლობას, საკუთარი უნარის რეალიზება სხვადასხვა ფორმით მოახდინოს. ყოველი გამორჩეული იდეა ძალზე პოზიტიურად იქნება შეფასებული და რეალიზებული.
- თქვენ როგორ უყურებთ საკითხს, როცა პოლიტიკური პროცესების მიმართ, გამოკვეთილად აქტიურია თსუ-ის სტუდენტური ჯგუფები. რა პოზიცია უჭირავს თვითმმართველობას პოლიტიკური პროცესების მიმართ?
- უდავოა, სტუდენტობა საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფენას და  მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. ჩვენი ვალია უმთავრესად ორიენტირებულნი ვიყოთ უმაღლესი განათლების მიღებასა და ჯანსაღ სტუდენტურ აქტივობებში მონაწილეობაზე. რაოდენ ტრივიალურად და ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს სტუდენტური თვითმმართველობა არაპოლიტიკური ორგანიზაციის ნაირსახეობაა, რომელიც სტუდენტთა კეთილდღეობისთვისაა მოწოდებული. ხოლო თუკი ჩვენ, სტუდენტები და არა მხოლოდ სტუდენტური თვითმმართველობის დელეგატები, ვერ ვართ გულგრილნი ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ, (თუნდაც ისეთის, როგორიც რუსული აგრესიაა ქართული სახელმწიფოს მიმართ) იგი არ უნდა შეფასდეს, როგორც ჩვენი პოლიტიკური აქტივობა ან სურვილი ვიყოთ პოლიტიზირებულები. ეს, უწინარესად, გაგებულ უნდა იყოს მხოლოდ ახალგაზრდულ ემოციად, რომელიც გამოხატულება პოულობს ჩვენს სტუდენტურ ქმედებებში. ვერ ვიყტვი, რომ ჩვენი მხრიდან ნიჰილისტურ დამოკიდებულებას აქვს ადგილი თსუ-ის სხვადასხვა აქტიური სტუდენტური ჯგუფების მიმართ, რომლებიც არ არიან ინერტულები პოლიტიკური პროცესების მიმართ, თუმცა ჩვენი ორიენტირია სტუდენტური თვითმმართველობის მიზნების განხორციელება. მათ კი არაფერი  აქვთ საერთო ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებასთან.
- დაასახელეთ პრიორიტეტები, რომელიც თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობსთვის სახელმძღვანელო იქნება სტუდენტური საქმიანობის განხორციელებისას? რას სთავაზობთ თსუ-ის სტუდენტებს 2009 წლისთვის? რა პროექტებით იქნება მუშაობა გააქტიურებული?
- ჩვენს უმთვარეს მიზნებს მომავალი წლისათვისაც შემდეგი სახელმძღვანელო იდეები წარმოადგენს: დახმარება გავუწიოთ სტუდენტებს სწავლის პერიოდში, პროფესიული უნარ-ჩვევებისა და კონკურენტუნარიან პროფესიონალად ჩამოყალიბებაში; შევქმნათ ოპტიმალური პირობები სტუდენტთა დასვენების, შრომითი მოღვაწეობის ან სხვა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, გავამრავალფეროვნოთ სტუდენტური ცხოვრება. რაც მთავარია, შემიძლია თავისუფლად განვაცხადო, რომ ჩვენი მოღვაწეობის პირობებში, თითოეული სტუდენტის უფლება და კანონიერი ინტერესი იქნება მაქსიმალურად დაცული და უზრუნველყოფილი. მომავალი წლიდან, სტუდენტებს უამრავი ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტი ელოდება. ჩვენ შევეცდებით, რომ ამ პროცესებში ჩაერთოს რიცხობრივ-აზრობრივად რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა, მოტივირებულნი შინაარსობრივი საქმიანობისათვის საკუთარი უნივერსიტეტისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.
- მოდის ახალი წელიწადი? გეგმავს თუ არა თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა ტრადიციულ კარნავალს და რა საახლაწლო სიურპრიზებს უნდა ველოდოთ?
- თქვენ  შეკითხვაშივე ახსენეთ სიტყვა `სიურპრიზი.” ამიტომ ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხისაგან და დეტალების გაცნობისაგან, თავს შევიკავებ. (იცინის) ახალი წელი ყველას გვახალისებს. ამ ხალისობის უმთავრესი წინაპირობაა სწორედ სიურპრიზის და მოულოდნელობის მდგომარეობაში ყოფნაა. თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ სტუდენტური თვითმმართველობა ემზადება საახალწლო კარნავალისთვის. გარდა ამისა, იგეგმება სხვადასხვა სახის კონცერტებისა და გასართობი ღონისძიებების გამართვა. დამღლელი და ყოველმხრივ დაძაბული წლის ბოლოს, ერთგვარი განტვირთვითი ღონისძიებების კასკადი არ უნდა იყოს ურიგო და მიუღებელი. (იმედია, ბატონი სამხარაძე საუნივერსიტეტო მედიას არ დაივიწყებს მსგავს ღონისძიებებზე მიწვევებისაგან, როგორც ეს წინამორბედებს `გამორჩებდათ” ხოლმე – რედ.)
- როგორი იყო 2008 წელი პირადად თქვენთვის? რას შეცვლიდით, თუკი შესაძლებლობა გექნებოდათ?
- მიმაჩნია, რომ 2008 წელი ძალზე საინტერესო იყო პირადად ჩემთვის. წინ წავიწიე ჩემი Mმთავარი ცხოვრებისეული მიზნის მიღწევაში _ ცოტათი კიდევ გავიღრმავე იურიდიული განათლება, შევიმეცნე უამრავი აუცილებელი და სასარგებლო საკითხი, შევიძინე ბევრი ახალი მეგობარი, კოლეგა; გავიმარჯვე სტუდენტური თვითმმართველობის არჩვენებში, ამირჩიეს ამ ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტად, სულ რამდენიმე კვირის წინ კი, ქალაქ ნიუმბერგში, ქართული დელეგაციის ჩემი უშუალო ხელმძღვანელობით, საქართველო გახდა ევროპის იურისტ ასციაციის წევრი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ აღნიშნული წელი უნაყოფო არ ყოფილა ჩემთვის, ეს ყველაფერი კი ღვთის წყალობისა და ჩემი უახლოესი ადამიანების ხელშეწყობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.
   რას შევცვლიდი? ალბათ არაფერს.. დაე, იყოს ყველაფერი ისე, როგორც უფალმა ინება!
 დასასრულს, მინდა დამდეგი ახალი შობა-წელი მივულოცე სრულიად საქართველოს და სტუდენტურ საზოგადოებას, განსაკუთრებით კი გაზეთ `თსუ-თაიმსს” და მის რედკოლეგიას, ვუსურვო ასეთივე აქტიური და შემოქმედებითი 2009 წელი და, რაც მთავარია, გამოვთქვა მომავალი აქტიური თანამშრომლობის წრფელი სურვილი.
- გმადლობთ!
ნანახია: 318 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2016 ჰოსტერი uCoz