`საზოგადოება ექსტრემალურ ვითარებაში, ყოველთვის თავდადებით იცავს სიტყვის თავისუფლებას” - 25 დეკემბერში 2008 - TSU TIMES
ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
პარასკევი, 2016-12-02, 10:45 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 629
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » დეკემბერი » 25 » `საზოგადოება ექსტრემალურ ვითარებაში, ყოველთვის თავდადებით იცავს სიტყვის თავისუფლებას”
`საზოგადოება ექსტრემალურ ვითარებაში, ყოველთვის თავდადებით იცავს სიტყვის თავისუფლებას”
10:11 PM

საქართველოში სიტყვის თავისუფლების ხარისხი იმაზე ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე ეს `ვარდების რევოლუციის” დრომდე არსებობდა. ასეთი დასკვნებს ამყარებს ის გარემოებაც, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები თავიანთ ყოველწლიურ მოხსენებებში, (მაგალითად, `რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”) უკვე ღიად საუბრობენ მოცემულ გარემოებებზე და საქართველოს ნაკლებად დემოკრატიული ქყეყნის ინდექსით აღნიშნავენ. დღეს ხშირად ისმის საზოგადოებრივი უკმაყოფილება ქართველი ჟურნალისტების მიმართ და იმ ტელეკომპანიების მისამართით, ვინც წარსულში ობიექტურობას ინარჩუნებდა. დახურული ინფორმაციისა და ჟურნალისტების შეზღუდული თავისუფლების პირობებში კი, რეალურად საფრთხის ქვეშ დგება როგორც ქართული ჟურნალისტიკა, ასევე საზოგადოების სწორი განვითარების ორიენტირიც. 2008 წელი, ამ მხრივაც, ყველაზე მძიმე და გამოკვეთილი იყო. სად არის გამოსავალი? რა უნდა შეიცვალოს, რომ ხალხს ჟურნალისტური კორპუსის მიმართ ნდობა დაუბრუნდეს? `თსუ თაიმსი” ჟურნალისტ ია ანთაძეს გაესაუბრა.

- ქალბატონო ია, იწურება და ისტორიის კუთვნილება ხდება კიდევ ერთი წელი. როგორც ჟურნალისტი და საზოგადოებრივ პროცესებში აქტიურად ჩართული ადამიანი, როგორ შეაფასებდით მას? რა იყო თქვენთვის ნიშანდობლივი და საგულისხმო?
- ცხადია, საქართველოში მცხოვრები თითოეული ადამიანი 2008 წლის მთავარ მოვლენად შეაფასებს აგვისტოს ხუთდღიან ომს, რომელმაც ბევრი მძიმე შედეგი დატოვა ჩვენს ქვეყანაში: გარდაცვლილი ადამიანები – ქართველები და ოსები, მშვიდობიანი მოსახლეობა და სამხედრო პირები, უფროსები და უმცროსები; დაკარგული ტერიტორიები – ახალგორი, ლიახვის ხეობა, კოდორის ხეობა; საქართველოს ტერიტორიის ნაწილი რუსეთმა აღიარა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და აპირებს, იქ რუსული სამხედრო ბაზები განალაგოს. 2008 წელი ნამდვილად ძალიან მძიმე წელიწადი იყო საქართველოსთვის.
- თქვენ წლის ბოლოს, სულ ახლახანს გამოხვედით ინიციატივით შეიქმნას ერთობლივი დეკლარაცია - `ჟურნალისტის ქარტია,” სადაც მედიის წარმომადგენლები იმ პრინციპების ერთგულებას დაამტკიცებდნენ, რითაც მათ მოღვაწეობას, საზოგადოების თვალში, ნდობის ხარისხის მხრივ, კითხვით-ნიშანი აღარ ექნებოდა. თუ შეგიძლიათ, უფრო კონკრეტული ვიყოთ ამ ინიციატივის დახასიათებისას და გვითხარით, რატომ გახდა საჭირო ასეთი ქარტია მიღებულ ყოფილიყო?
- საქმე ის გახლავთ, რომ კანონი `სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” მეტად ლიბერალურია და ბევრ თავისუფლებას ანიჭებს ჟურნალისტს. ეს არის ძალზედ საჭირო და პროგრესული კანონი, მაგრამ ამ თავისუფლებას ქართველი ჟურნალისტების ნაწილი პროფესიული სტანდარტის უგულებელყოფისთვის იყენებს. ხელისუფლებას არ უყვარს საუბარი სიტყვის თავისუფლებაზე, მაგრამ უყვარს საუბარი იმაზე, რომ ქართველ ჟურნალისტებს პროფესიონალიზმი აკლიათ და რომ ისინი არ იცავენ სტანდარტს თავის საქმიანობაში. ცინიკური ისაა, რომ ჟურნალისტების დიდი ნაწილი სტანდარტს სწორედ იმიტომ არ იცავს, რომ ხელისუფლების პირდაპირ ან ირიბ დაკვეთებს ასრულებს. ამიტომ, რეგიონულმა ჟურნალისტებმა, რომლებიც არ არიან შებოჭილი ხელისუფლების მხრიდან ცენზურით, გადაწყვიტეს, გამოიყენონ კანონის მიერ მინიჭებული თავისუფლება და, პარალელურად, აიღონ ვალდებულებები საზოგადოების წინაშე – რაც სწორედ ქარტიის მეშვეობით იქნება გაფორმებული. საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებები, ცხადია, აამაღლებს ნდობას ქარტიის ხელმომწერი და მისი დამცველი ჟურნალისტების მიმართ.
- ქალბატონო ია, როგორ ფიქრობთ, რამდენად იმუშავებს ახალი მედია-სტანდარტი ჩვენს სინამდვილეში. ხომ არ მოხდება დაკისრებული პასუხისმგებლობის კიდევ ერთხელ მივიწყება? ვინ ან რა იქნება იმის გარანტია, რომ მოქმედი ქარტია სახელმძღვანელო იქნება?
- საქართველოში რამდენჯერმე შეიქმნა ჟურნალისტური ეთიკის კოდექსი, მედიასაბჭოც კი ჩამოყალიბდა, მაგრამ არც ერთმა მექანიზმმა არ იმუშავა. ამას ორი მიზეზი ჰქონდა, რომლებიც ერთმანეთზე გადაჯაჭვულია: სტანდარტს თითქმის ყოველთვის ქმნიდნენ ის ადამიანები, რომლებიც თავად არ იყვნენ ჟურნალისტები და მისი დაცვის მონიტორინგსაც ის ადამიანები აწარმოებდნენ, რომლებიც ჟურნალისტების მხრიდან ცენზორებად აღიქმებოდნენ. ამჯერად ყველაფერი სხვანაირადაა. ქარტიის პრინციპების შემუშავებაში მხოლოდ და მხოლოდ ჟურნალისტები მონაწილეობენ, მონიტორინგსაც თავად გასწევენ, ყველა წესს დაადგენენ და მათ დაცვასაც თავად უზრუნველყოფენ. ამ პროცესში ყველა ჟურნალისტი პირადად მონაწილეობს და არა მედია-ორგანიზაციების გავლით. თუ ქარტია შეიქმნება და ავტორიტეტს მოიპოვებს, საკუთარ თავს ვეტყვით მადლობას. თუ არ გამოვა ეს საქმე – საკუთარ თავს დავაბრალებთ.
- ქალბატონო ია, თქვენ რადიო ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ სიტყვის თავისუფლების ხელყოფის მიზეზები უნდა ვეძიოთ მედია-მფლობელთა ხაზით და ასევე მარეგულირებელი კომისიის პოლიტიკაში. მაშ, სად გადის ჟურნალისტის პასუხისმგებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხი?
- კარგი კითხვაა. ჟურნალისტის პასუხისმგებლობა უშუალო კავშირშია თითოეული ჩვენგანის მიერ პროფესიული მოვალეობის შესრულებასთან. ოღონდ, ნამდვილად არ ვაპირებ, გავკიცხო ჩვენი ის კოლეგები, რომლებსაც არ ახსოვთ საკუთარი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და ახსოვთ მხოლოდ პასუხისმგებლობა მედიამფლობელის წინაშე. საქმე ისაა, რომ ჟურნალისტი სრულიად დაუცველია იმ ერთიანი გუნდის პირისპირ, რომელიც შექმნეს დიდი ტელევიზიების მფლობელებმა და ხელისუფლების ყველაზე გავლენიანმა პირებმა. სამსახურიდან გაშვებულ “ურჩ” ჟურნალისტს არ იცავს არც ხელშეკრულება, არც შრომის კოდექსი და არც სასამართლო... ამ პირობებში, აუცილებელია, ჩვენ ვცადოთ ერთმანეთის დაცვა და ისეთი მექანიზმების ამუშავება, რომლებიც პროფესიული მოვალეობის პირნათლად შესრულებაში დაგვეხმარება.
- ხელისუფლება ამბობს, რომ მედიის თავისუფლებას ქვეყანაში კარგი კანონმდებლობა უდგას გარანტად. სახელდება `სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” 2004 წელს მიღებული კანონი. როგორ ფიქრობთ, მართლაც რამდენად ლიბერალური კანონმდებლობა გვაქვს ამ თვალსაზრისით და გამოდგება თუ არა კარგი საკანონმდებლო ბაზა მიუკერძოებლობის გარანტად?
- კანონი მართლაც შესანიშნავია. ამ კანონის მიღების შემდეგ ჩინოვნიკები ჟურნალისტებს სასამართლოში თითქმის აღარ უჩივიან და, თუ უჩივიან, საქმეებს აგებენ. ამის მაგალითია ჟურნალ `ღია ბოქლომთან” დაკავშირებული სასამართლო დავები. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს კანონი არ კმარა სიტყვის თავისუფლების უზრუნველსაყოფად. ჩინოვნიკებს ძალიან იშვიათად ექმნებათ პრობლემები ჟურნალისტების მხრიდან, რადგან მედია-მფლობელები დაინტერესებულები არიან, ხელისუფლებას ასიამოვნონ. ჟურნალისტები კი იძულებულები არიან, ასიამოვნონ საკუთარი მედია-საშუალების მფლობელს. სწორედ კანონის მიერ ჟურნალისტებისთვის მინიჭებულმა თავისუფლებამ აიძულა ხელისუფლება, ამ თავისუფლების არაფორმალურ კალაპოტში მოსაქცევად მედიამფლობელების შეცვლაზე ეზრუნა ყველა საერთო-ერთოვნულ ტელევიზიაში - `ვარდების რევოლუციის” შემდეგ.  
- ქალბატონო ია, როგორ ფიქრობთ, რამდენად გამოკვეთილია საზოგადოების როლი იყოს თავისუფალი სიტყვის დამცველი, რამდენად ხედავთ პრესპექტივას საზოგადოების ერთიანობამ გავლენა მოახდინოს მედიის დამოუკიდებლობაზე? სად არის პრობლემის დაძლევის გზა?
- საზოგადოებამ იბრძოლა მაშინ, როდესაც გაუჭირდა `რუსთავი 2”-ს და მაშინაც, როცა ნიღბიანი სპეცრაზმელები შევარდნენ `იმედში”. საზოგადოება ექსტრემალურ ვითარებაში ყოველთვის თავდადებით იცავს სიტყვის თავისუფლებას. ის აგრესიაც, რომელსაც ზოგჯერ საზოგადოება ამჟღავნებს კონკრეტული ჟურნალისტების მიმართ, სინამდვილეში, სიტყვის თავისუფლების დაცვას ემსახურება – თუ ზედაპირულად არ შევხედავთ პროცესებს.
- როგორ ფიქრობთ, დღეს ყველაზე მეტად რისი დეფიციტია, როგორც საზოგადოებაში, ასევე ქართულ ჟურნალისტიკაში? ეს დეფიციტი დამახასიათებელია პოსტ-საბჭოთა ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებისთვის თუ ეს მენტალური პრობლემაა?
- მეტად რთული კითხვაა და თითოეული ადამიანი, ალბათ, თავისი საყრდენი წერტილიდან ხედავს ამ კითხვის პასუხს. მე მგონია, რომ დღეს ქართულ საზოგადოებაშიც და ჟურნალისტიკაშიც ყველაზე დიდი პრობლემა თავისუფლების დეფიციტია. თავისუფლებას ვერავინ გაჩუქებს – ეს დაბადებიდან უნდა გქონდეს და თუ ადამიანისთვის თავისუფლება უპირველესი ღირებულება არ არის, ჟურნალისტიკაში ბევრს ვერაფერს მიაღწევს. საბჭოთა პერიოდშიც იყვნენ თავისუფალი ადამიანები და ახლაც არიან. მათთვის შესაბამისი, კომფორტული გარემო კი არც მაშინ იყო და არც ახლაა ჩვენს ქვეყანაში. მაგრამ თავისუფლების სურვილი ბრძოლის ძალას აძლევს ადამიანს. როგორც გურამ რჩეულიშვილმა თქვა: ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში.   
- ვინ არის ჟურნალისტ ია ანთაძისთვის `2008 წლის ადამიანი” და რატომ?
- ბევრი ვიფიქრე, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხი ვერ მოვიფიქრე. ყველაზე მეტად ბარაკ ობამასკენ ვიხრები, რადგან მან ბრძოლის უპრეცედენტო მაგალითი აჩვენა მთელ მსოფლიოს.
- როგორი იყო პირადად თქვენთვის 2008 წელი?
- პირადად ჩემთვის ეს წელი საკმაოდ წარმატებული იყო, რადგან იმ არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელსაც ვხელმძღვანელობ (`სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტე” ჰქვია), საკმაოდ ბევრი რამ გააკეთა საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი და სასარგებლო. ქარტიის ჩამოყალიბების იდეაც ამ საქმიანობის ნაწილია.
- როგორია თქვენი ჟურნალისტური პროგნოზი 2009 წლისთვის. რის შეცვლას ელოდებით ან ისურვებდით მედიის დამოუკიდებლობის თვალსაზრისით?
- დარწმუნებული ვარ, 2009 წელს ქართული მედია გაცილებით უკეთესი იქნება, ვიდრე წინა წლებში იყო. უკვე ყველა პასუხისმგებლობიანი ადამიანი აღიარებს, რომ დაბალანსებული ინფორმაცია გაცილებით ჯობს დაუბალანსებელს, თუნდაც, მწვავეს და კრიტიკულს. ასე რომ, საქართველოში იქნება ტელე-დებატებიც, ნიუსებიც, ახალი ჟურნალ-გაზეთებიც. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებს, გვექნება არჩევანი, რას ვუყუროთ და რა წავიკითხოთ.
- ვიცით, თქვენ ეცნობით, კითხულობთ ჩვენს გაზეთს. როგორია ჩვენი შეფასება და რჩევა? რამდენად აქტიური უნდა იყოს ახალგაზრდობა და ჩართული სამოქალაქო პროცესში.
- მიხარია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე გაზეთი გამოდის. ახალგაზრდული გაზეთები, პირველ რიგში, ჯანსაღი დისკუსიის ადგილი უნდა იყოს. თქვენც გისურვებთ, მკითხველის სულ მეტი ნდობა მოგეპოვებინოთ და ყველა გონიერი, განათლებული სტუდენტი მიგეზიდოთ თქვენს გაზეთთან სათანამშრომლოდ. ეს კარგი იქნება თქვენი გაზეთისთვის, ჩვენი უნივერსიტეტისთვის და, ზოგადად, საზოგადოებისთვის.  
- გმადლობთ.
ნანახია: 335 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2016 ჰოსტერი uCoz