ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ორშაბათი, 2024-04-29, 8:30 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » დეკემბერი » 25 » ცნობილი უნივერსიტეტელები 2008 წელს აჯამებს
ცნობილი უნივერსიტეტელები 2008 წელს აჯამებს
10:12 PM

დავით რეკვავა, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი, `საპატრიარქოსთან ურთიერთობის ცენტრის~ თავმჯდომარე:

- 2008 წელი, პირადად ჩემთვის, ღვთის წყალობით, ნორმალურად მიმდინარეობს. ეს წელი გამორჩეული იყო იმით, რომ იდეა საპატრიარქოსთან ურთიერთობის ცენტრის ჩამოყალიბების შესახებ, ამ წელს, ჩემს მეგობრებთან ერთად, რეალობად ვაქციე. წარმატებულად მიმაჩნია ჩემი სტუდენტური ცხოვრება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2008 წელი საზოგადოებრივი აქტიურობისთვის ისეთი მნიშვნელოვანი არ იყო, რომ რაიმე კონკრეტულად გამოვყო და აღვნიშნო, ხოლო რაც შეეხება ღირსსახსოვარ მოვლენას, ეს იყო უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ორგანიზებულ ჯაჭვში მონაწილეობა და ქართველი ხალხისათვის ლოცვანების დარიგება. მიმაჩნია, რომ `2008 წლის ადამიანი” ჩვენი პატრიარქია რადგანაც დღეს მისი ლოცვა-ვედრებით ცოცხლობს საქართველო.
  ჩემთვის საახალწლო ტრადიცია არის ძალზედ უბრალო და ჩვეულებრივი. ახალ წელს, ყოველთვის, 14 იანვარს ვხვდები, როგორც წესი, ოჯახთან ერთად, მაგრამ 2009 წელს, სავარაუდოდ, მეგობრებთან ერთად აღვნიშნავ. გამორჩეულად რომელიმე ახალი წელი არ მახსოვს, მაგრამ მაინც დამამახსოვრდა 2008 წლის შობა, როდესაც მეგობრების დახმარებით, ორგანიზება გავუწიე `ალილოს~. ეს იყო ულამაზესი დღე და ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ, როგორც სტუდენტები, ასევე მოსწავლეები. 2009 წელი, ალბათ არა მარტო ჩემთვის, არამედ ნებისმიერი მართლმადიდებელი ქართველისათვის, მინდა იყოს ბედნიერებითა და სიხარულით აღსავსე, ჩემი საახალწლო სურვილია 2009 წელს გაბრწყინდეს და გამთლიანდეს საქართველო, გაძლიერდეს ქართველი ხალხი, როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად.

დიმიტრი გეგენავა,
თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის III კურსი, მოძრაობა `სტუდენტური კვაზი სასამართლოს” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.

- 2008 წელი ჩემთვის, ისევე როგორც საქართველოს მაცხოვრებელთა უმრავლესობისთვის, ძალიან დაძაბული და დამთრგუნველი გამოდგა. აგვისტოს მოვლენების შემდეგ, ვფიქრობ, მიზეზი ახსნას არ საჭიროებს, თუმცა ბევრი კარგი რამ გადამხდა კიდევაც. მაგალითად, გამოვეცი ჩემი ლექსების პირველი კრებული, ასევე დავიწყე მუშაობა რამდენიმე სამეცნიერო თემაზე და ალბათ, ყოველივე ეს თავის შედეგებს შემდეგ წელს გამოიღებს. რაც შეეხება საზოგადოებრივ აქტიურობას, 2008 წელი ნამდვილად სასიამოვნოდ დატვირთული და აქტიური გამოდგა, ვინაიდან `სტუდენტურმა კვაზი სასამართლომ” განახორციელა ბევრი სტუდენტთათვის მნიშვნელოვანი პროექტი, აღსანიშნავია, ინტელექტუალური თამაშის `რა?სად?როდის?~ ორი სეზონი, ასევე დებატების ჩემპიონატი, ორივე პროექტში ჩართულიყო საერთო ჯამში 350-ზე მეტი სტუდენტი, 7-ზე მეტი უმაღლესი სასწავლებლიდან, ასევე მოვაწყვეთ შემოქმედ სტუდენტ-იურისტთა საღამო - `ავტოგრაფი~, რამდენიმე ექსკურსია, ასევე ბანკეტი. მონაწილეობა მივიღე პროექტ `ნაფიც მსაჯულში~ ერთ-ერთ ორგანიზატორად, რაც ნამდვილად დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, მით უმეტეს პროექტმა უდიდესი მოწონება და აღიარება დაიმსახურა.
  ჩემი აზრით, `2008 წლის ადამიანის~ ტიტულს ბუბა კიკაბიძე იმსახურებს, თან 70 წელი უსრულდება, ამ მართლაც ლეგენდარულ ხელოვანს, რომელმაც ნამდვილად სამოქალაქო გმირობა ჩაიდინა რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში, მხარში დაუდგა ქართულ საზოგადოებას, საჯაროდ გააკრიტიკა, როგორც რუსეთი, ისე მისი მეობარი რუსი ხელოვანები, უარი თქვა რუსეთის პრეზიდენტის ორდენზე და ა.შ.
  ახალ წელს, ყოველთვის ჩემს ოჯახთან ერთად ვხვდები, რადგანაც, მიმაჩნია, რომ ეს სწორედ საოჯახო დღესასწაულია და განსაკუთრებულ სიყვარულს იმსახურებს ჩემი მხრიდან. ერთი ტრადიცია გვაქვს ოჯახში – მეკვლე ვარ, პირველი მე ვდგამ ზღურბლზე ნაბიჯს და ოჯახის წევრებს ვულოცავ დღესასწაულის დადგომას. ყველაზე დასამახსოვრებელი, ალბათ, 2007 წლის ახალი წლის შემობრძანება იყო, რადგანაც ჩემი პირველი ახალი წელი იყო სტუდენტის რანგში, ერთგვარად, ახალი წლით ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო. ამიტომაც ყოველთვის გამახსენდება.
  ყველას ვუსურვებ ბედნიერ და რაც მთავარია, მშვიდობიან ახალ წელს. საქართველოს გამთლიანების, აღორძინებისა და წინსვლის წელი ყოფილიყოს. ძალიან ბევრის მოლოდინი მაქვს, როგორც პირადი, ისე ჩვენი ორგანიზაციის ცხოვრებაში.  ბევრი საინტერესო პროექტი იგეგმება და ნამდვილად აქტიური წელი იქნება სტუდენტური მოღვაწეობის თვალსაზრისით. სტუდენტური კვაზი სასამართლო შემოგთავაზებთ შემოქმედებით საღამოებს, დებატებს, ჩემპიონატებს რამდენიმე ინტელექტუალურ თამაშში, იმიტირებულ სასამართლო პროცესებს, რომელთაგან რამდენიმე უკვე შედგა შიდა ორგანიზაციულ სფეროში, გამოფენებს, საქველმოქმედო აქციებს. მაისში კი ორგანიზაციის 2 წლის იუბილისადმი მიძღვნილი რამდენიმე კვირიანი ღონისძიებების განხორციელება იგეგმება. მოკლედ, წინ ძალზედ აქტიური წელი გველოდება.


გიორგი ხუნწარია,
თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსი, სტუდენტური მოძრაობა `თავისუფალ სტუდენტთა უნივერსიტეტის” თავმჯდომარე

ეს წელი, ჩემთვის რამდენიმე აუხდენელი სურვილის წელი იყო, მაგრამ იმედი მაქვს, 2009 წელს ყველა მათგანს ავიხდენ. წლის ყველაზე დასამახსოვრებელი პერიოდი ზაფხული იყო, დღემდე ძალიან განვიცდი აგვისტოს მოვლენებს. ამასთანავე, თუკი უნივერსიტეტის ცხოვრებას მივუბრუნდებით, 2008 წელს, ყველამ იცის, რომ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. ამ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, სტუდენტთა გარკვეულმა ჯგუფა ჩამოვაყალიბეთ ორგანიზაცია `თავისუფალ სტუდენტთა უნივერსიტეტი," რომლის მიზანიც არჩევნებში მონაწილეობის მიღება იყო. მართალია, `თსუ”-მ ვერ გაიმარჯავა, ალბათ ყველაფერთან ერთად, ამის მთავარი მიზეზიც ჩვენი გამოუცდელობა და მენეჯმენტის თითქმის არარსებობა იყო, მიამჩნია, რომ ვერ მოხერხდა ძირითადი იდეების და მიზნების სტუდენტებისთვის ბოლომდე მიტანა, მაგრამ გარკვეული გამოცდილება შევიძინეთ, რაც უდავოდ მისასალმებელია და მომავლის იმედს გვიტოვებს. ამ კუთხით, ჩემი საზოგადოებრივი აქტიურობისთვის, ეს წელი, მაინც დადებითად უნდა ჩაითვალოს.
 ვფიქრობ, რომ `წლის ადამიანის” ტიტულს უპირობოდ იმსახურებს ჩვენი პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე. ის, რომ დღეს საქართველოში უამრავი ტაძარი იხსნება, მრევლი მრავლდება, ეროვნული თვითშეგნება მატულობს, ეს პატრიარქის დამსახურებაა. ბედნიერი ვარ, რომ ჯანმრთელადაა..
  ახალ წელს, ტრადიციულად, ყოვლთვის ოჯახში - მშობლებთან და და-ძმასათან ვხვდებოდი, მაგრამ წელს ამ ტრადიციის დარღვევა მომიწევს. მეგობრებმა გადავწყვიტეთ სადმე შევიკრიბოთ და ერთად აღვნიშნოთ. საახალწლოდ განსაკუთრებული რიტუალი და მისია არ მაკისრია. ჩემები უკეთ ასრულებენ ყველა რიტუალს. გამორჩეულად არც ერთი ახალი წელი არ მახსენდება. საერთოდაც, ჩემთვის შობა უფრო მნიშვნელოვანი დღესასწაულია, ვიდრე ახალი წელი. მინდა 2009 წელი ძალიან ლამაზი, მშვენიერი, სიყვარულით სავსე იყოს ყველასთვის. ის განწყობა, რაც ახალი წლის ღამეს ყველა ოჯახშია, მთელი წლის მანძილზე გაგვყოლოდეს.  


კოტე ჩოკორაია, იურიდიული ფაკულტეტი, IV კურსი, ახალგაზრდული მოძრაობა ,,პირველების” თავმჯდომარე

2008 წელი ნამდვილად საინტერესო იყო, გამორჩეული, როგორც პირად ცხოვრებაში, ისე საქმიანობაში. 2008 წელი გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩვენი მოძრაობის განვითარებისათვის. ,,პირველები” გარდაიქმნა არასამთავრობო ორგანიზაციად. განხორციელდა სერიოზული პროექტები. ორგანიზაციის წევრები, აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით, მუშაობდნენ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში. ვადგენდით კრიტერიუმებს, რის საფუძველზეც უნდა დახმარებოდნენ ლტოლვილებს. აქტიურად ვმონაწილეობდით დევნილთა დახმარების პროექტებში. მეგობრებთან ერთად, აქტიურად ჩავერთეთ ქართულ-აფხაზურ ახალგაზრდულ დიალოგში. სულ ახლახანს, 6-14 დეკემბრის შუალედში, ლონდონში, ,,პირველების” წევრი ანა ქოჩუა და თქვენი მონა მორჩილი, ვმონაწილეობდით ქართულ-აფხაზურ ახალგაზრდულ შეხვედრაზე. პირადად ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო და საინტერესო იყო ამ პროცესებში ჩართულობა. გარდა ამისა, წელს ქალაქ თბილისის მერიასთან ერთად, გავმართეთ საქველმოქმედო აქცია შარდენის ქუჩაზე. თანხა აგვისტოს მოვლენების შედეგად დაზარალებულ ადამიანებს მოხმარდა.
  2008 წელს გამიჭირდება კონკრეტული პიროვნების დასახელება, რომელიც ჩემთვის `წლის ადამიანი” შეიძლება იყოს. ალბათ, ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომელიც ამერიკის ისტორიაში პირველი ფერადკანიანი პრეზიდენტია.
  ყოველ ახალ წელს ოჯახში ვხვდები. ეს მაინც ოჯახური ტრადიციაა. განსაკუთრებული რიტუალი არ მახსენდება. ბავშვობიდან მიყვარდა წინასაახალწლო სამზადისი და მოლოდინი ახალი წლის და ახალი ცხოვრების. განსაკუთრებით დამამახსოვრდა უნივერსიტეტში ჩაბარების წელი. მე ყოველთვის მინდოდა იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლა. 12 საათზე ჩავიფიქრე და ამიხდა კიდეც. სხვა ბევრი რამეც ამსრულებია. ამ 2009 წლის დამდეგს, რა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა მშვიდობას ქვეყანაში. საკუთარ თავს და ჩვენს არასამთავრობო ორგანიზაციას ვუსურვებ კიდევ მეტ აქტიურობას, წარმატებებს და საინტერესო ახალგაზრდულ აქციებს.


სალომე ქავთარაძე
თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

200    8 წელს დებითად შევაფასებდი. პირადად ჩემთვის, შეიძლება ითქვას, საკმაოდ წარმატებული წელი იყო. თუ, რა თქმა უნდა, არ ჩავთვლით აგვისტოს მოვლენებს, რომელიც ქვეყანამ საკმაოდ რთულად გადაიტანა. ჩემთვის 2008 წელს სრულიად ახალი ცხოვრება დაიწყო და ამ ცხოვრებას სტუდენტური თვითმმართველობა ჰქვია. ახლა საზოგადოებრივად აქტიურობა პირდაპირი მოვალეობაა ჩემთვის. იყო ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი, მაგრამ 3 მათგანს გამოვყოფდი განსაკუთრებით. ესაა პირველი სექტემბრის ჯაჭვი, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა და გულგრილი არც ერთი მოქალაქე არ დაუტოვებია, ძალიან ამაღელვებელი სიტუაცია სუფევდა ყველგან ამ დღეს. ეს იყო ნატოს გენერალურ მდივან იაპ დე ჰოოპ სხეფერთან შეხვედრა, რადგან ამ შეხვედრაზე ძალიან ბევრ საინტერესო კითხვას გაეცა პასუხი და რაც მთავარია ბატონმა სხეფერმა დაინახა, რომ სტუდენტებსაც სტკივათ და განიცდიან ქვეყნის სატკივარს და მესამე ჩემი და ჩემი 4 მეგობრის ვიზიტი გერმანიაში, ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის შეხვედრებზე, სადაც ასე, რომ ვთქვათ, `სტუდენტური მაპ-I” მივიღეთ..
მე `2008 წლის ადამიანის” წოდებას ბიძინა ივანიშვილს მივანიჭებდი, რადგან ამ ადამიანმა იკისრა ის დიდი ტვირთი, რასაც უნივერსიტეტის განახლება და მისი ახალ სივრცეში ინტეგრაცია ჰქვია.
    ახალ წელს, უკვე 19 წელია, აუცილებლად ოჯახთან ერთად ვხვდები. ეს      გარკვეულწილად ტრადიციაა ჩემი ოჯახისათვის. წელს ჯერ არ გადაამიწყვეტია სად და როგორ შევხვდები ახალ წელს. ვფიქრობ, უკვე ვარ იმდენად დიდი, რომ ოჯახს გარეთ, მეგობრებთან ერთად შევხვდე ახალ 2009 წელს. ვნახოთ ჯერ კიდევ მოვიფიქრებ. განსაკუთრებულად ის ახალი წელი მახსენდება, როდესაც რატომღაც არ დაველოდე  12 საათის შესრულებას და პროტესტის ნიშნად დავიძინე, ჩემთვის გაურკვეველი მიზეზების გამო და წარმოიდგინეთ, არც საახალწლო ხმაურმა არ იმოქმედა ჩემზე. Mმერე მართალი გული დამწდა ასეთ საქცილზე, მაგრამ უკვე გვიანი იყო.
  ისევე როგორც ნებისმიერი ახალი წლისაგან, 2009 წლისგანაც ყოველივე საუკეთესოს ველი. პირველ რიგში, მინდა ეს სასიკეთო ცვლილებები საქართველოს შეეხოს, რადგან ყველამ კარგად დავინახეთ, რომ ქვეყნის გასაჭირი თითოეული მოქალაქის გასაჭირია. Aამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობას, წარმატებებს, როგორც კარიერულს, ასევე პირადს ვუსურვებდი როგორც ჩემ თავს, ისევე ყველას. იმედია ყველაფერი კარგად იქნება. ვულოცავ ყველა მკითხველს დამდეგ ახალ წელს, ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ!!!


თეონა ლავრელაშვილი,
თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, II კურსი, სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, სტუდენტური სამეცნიერო ჟურნალ `პირველი სიტყვის“ რედაქტორი

 2008 წელს, საკამოდ დადებითად შევაფასებდი, რადგან კარიერული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი პროგრესი მქონდა. ძალიან საინტერესოდ მიმაჩნია მოულოდნელად ჩემი საფრანგეთში გამგზავრება, პარიზის მონახულება და მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ ევროკომისის პრეზიდენტთან და ვიცე-პრეზიდენტთან კერძო საუბრები. რას გამოყოფდით ყველაზე ღისრსახსოვარს 2008 წლის აქტუალური მოვლენებიდან, რომელშიც მონაწილეობდი? ვაღიარებ, არ ვყოვილფარ მონაწილე, რადგანაც თავად განვახორციელე უამრავი პროექტი, როგორც უნივერსიტეტში, აგრეთვე მის ფარგლებს გარეთ. თუმცა თუკი მსოფლიოს მასშტაბით ვიმსჯელებთ, გამოვყოფდი ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის საერთაშორისო სესიებზე დასწრებას, როგორც უკრაინაში, აგრეთვე საფრანგეთში. ვიმედოვნებ, ახალ წელს მაინც ვიქნები სახლში და ჩემს ოჯახთან ერთად, შეხვდები 2009 წელს. საახალწლოდ განსაკუთრებული მისია, როგორც ასეთი, ალბათ არ მაქვს, თუმცა წინასწარ ვერ ვისაუბრებ, შესაძლოა, მოულოდნელად კვლავ რაიმემ იჩინოს თავი... განსაკუთრებული რიტუალიც არ მაქვს. ყველაზე მეტად დამამახსოვრდა 2002 წელი, რადგანაც ჩემი ძამიკო დაიბადა. 2009 წელი მინდა იყოს მშვიდობიანი, წარმატებული და ჯანმრთელობის მომტანი თითოეული ჩვენგანისათვის.



თაკო კაკაბაძე,
თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი, ორგანიზაცია `სტუდენტური წინააღმდეგობის მოძრაობის” თავმჯდომარე
 
2008 წელს მქონდა ბევრი სიხარულიც და ძალიან დიდი ტკივილიც. ყველა ქართველისთვის ეს წელი მძიმე მოსაგონრად  დარჩება უაზრო, დანაშაულებრივი ომის გამო. მიმდინარე წლიდან, ამაზე დიდი შთაბეჭდილება, მგონი, არც ერთ ფაქტს არ დაუტოვებია. როცა რაღაც ძალიან მიხაროდა, მერე ამეკვიატებოდა ხოლმე ოთარ ჭილაძის ფრაზა: `შენ როგორ უნდა გეძინოს მშვიდად, როცა მე ვწევარ სისხლის გუბესში...." 2008 წელი იმდენად უცნაური იყო, მოვლენების ემოციურად განცდასაც ვერ ვასწრებდი, არამც თუ გაანალიზებას. საკუთარი თვალით ვნახე ნოემბერი, ორი  ე.წ.  არჩევნები. საკუთარი თვალით ნანახს ვამბობ და არა სხვის მონაყოლს ან კიდევ ტელევიზიით მონასმენსა და გაგონილს. ხშირად მიფიქრია, რომ ყველამ გამორთოს ტელევიზორი, იქნებ დასრულდეს ეს კოშმარი-მეთქი. ეს წელი ჩვენი მოძრაობისთვისაც მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ მოვაწყეთ კონფერენცია საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე, ასევე გავმართეთ საჯარო დისკუსია აგვისტოს მოვლენების თემაზე, რომლეზეც, რატომღაც, თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა ცინიკურად დაწერა, რომ მკევთრად ოპოზიციური იყოო და 80-კაციანი აუდიტორია მცირედად მოეჩვენა.
  თქვენ გაინტერესებთ ვინ იყო ჩემთვის `2008 წლის ადამიანი?” გააჩნია დადებითს გულისხმობთ თუ უარყოფითს...ნერონიც იყო თავისი და არა მარტო თავისი საუკუნის ადამიანი. 2008 წლის ადამიანი ჩემთვის უწმიდესი ილია II, რომელიც ერთადერთია ამ დაშლილ ქვეყანას, რომ აერთიანებს. საქართველოს ნერონი კი უდავოდ პრეზიდენტია. ძნელია მოასწრო იმდენი უბედურება, რაც მან 2003-დან მოახერხა.
 ამ ახალ წელსაც, ტრადიციულად, ოჯახში ვხვდები, შემდეგ მეგობრებთან ერთად ვათენებ. განსაკუთრებული რიტუალია ისაა, რომ ჩემი უზარმაზარი ნაგაზია მეკვლე (სროლის ეშინია და კართან ატუზული სახლში შემოგვყავს) მახსოვს, ბავშვობაში ნაბდიანმა, ჩოხა-ახალუხიანმა, ორმეტრიანმა თოვლის ბაბუამ დარეკა ზარი, შემომეხვია და ხელში ამიტაცა (მშობლებს ეგონათ, სიურპრიზი გამიკეთეს). შიშისაგან ისე ვტიროდი, საჩუქრებითაც ვერ დამაწყნარეს. თოვლის ბაბუა საჩქაროდ გაისტუმრეს.
 2009 წელს მინდა ბევრი სიხარული-მარტო ჩემთვის არა-ჩემ გარშემო ყველასათვის. მინდა შევიძინო ადამიანები და არ დავკარგო. ზოგი სურვილი, შემიძლია ზუსტად გითხრათ, რომ ვიცი, ამიხდება. აი როცა ამის დრო დადგება - გაგიმხელთ.


თინათინ ნიბლოშვილი
თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი, ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია `სამართლიანი მომავლის” თანადამფუძნებელი

  2008 წელი, ჩემთვის ძალიან წარმატებული, საინტერესო და მრავალფეროვანი იყო. ამ წელს მე აღმოაჩინე, რომ მყავს ყველაზე ერთგული მეგობრები. Mმგონი ამით ყველაფერი ნათქვამია. (ჩემი უსაყარლესი ადამიანი, ასეთი მეგობარია თქვენი გაზეთის ხელმძღვანელი აჩიკო კაიკაციშვილი, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს და რომელიც არის ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი და რომლისგანაც ყოველთვის ვგრძნობ უდიდეს თანადგომას.) დღეს ერთგული მეგობრობის პრობლემა ძალიან სერიოზულია. 2008 წელს, ჩემთვის, გამოცდის წელიწადაც მოვიხსენიებ. ხდებოდა კარგიც და ცუდიც. ამ წელს დაარსდა არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი მომავალი” რომელმაც საუნუვერსიტეტო ცხოვრებაში, დიდი წვლილი შეიტანა. პირველ რიგში, სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები დაგვაახლოვა. დღეს ჩემი თანაგუნდელები ჩემი უახლოესი მეგობრები არიან, რამაც ჩვენი მუშაობა ძალიან გააადვილა და საინტერესო გახადა. ჩვენმა ორგანიზაციამ რამდენიმე სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობას და მედიის დამოუკიდებლობას ეხებოდა. აქტიურები ვიყავით იმ ეროვნულ საპროტესტო გამოსვლებში, რომელიც ამ წელს ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა. `სამართლიანი მომავალი” კოალიციაში შევიდა მოზრაობა `ევროპული არჩევანი საქართველოსთვის.” ჩვენ ერთობლივი ძალებით განვაგრძობთ საზოგადოებრივ საქმიანობას.
  პირადად ჩემთვის, 2008 `წლის ადამიანის” ტიტულს იმსახურებს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. მისი უწმიდესობა არის ჩემთვის ყველაფერი. ამ ძნელბედობის ჟამს, მან შეძლო ერის მხნეობა და ერთიანობა. აბა წარმოვიდგინოთ ჩვენი ყოფა და დღევანდელობა. რომ არა პატრიარქის გონიერება და ძალა, რომელიც თითოეულ ქართველში ცხოვრების აზრს დევს, ჩვენ ალბათ სასოწარკვეთილებამდე მივიდოდით. ამიტომაც დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა მინდა ვუსურვო მას.
A ყოველ ახალ წელს, ტრადიციულად, მეგობრების წრეში ვხვდები. ჩემი განსაკუთრებული მისია ის არის, რომ ჩემს გარშემო ყველა ადამიანი მიყვარდეს და ყველას ვუყვარდე. სამწუხაროდ, დღევანდელ ცხოვრებაში ასე არ ხდება, მაგრამ მაინც ვცდილობ. რაც შეეხება ტრადიციას,  ყოველ ახალ წელს ვწერ სამ სურვილს, ვაგდებ ხურჯინში და საგულდაგულოდ ვინახავ შემდეგ წლამდე. შემდეგ წინა წლის სურვილებს ვხსნი და ვკითხულობ. ზოგი სურვილი მიხდება, ზოგიც-არა, მაგრამ მთავარია გწამდეს. ყველაზე მეტად ის წელი მახსენდება, როდესაც შევხვდი ბაკურიანში, სასტუმროში შუქი ჩაქრა და სანთლის შუქზე მოგვიწია ახალი წლის შეხვედრა ყველანი ბუხართან ვისხედით და ვმღეროდით, გარეთ თოვდა, გავედით და თოვლზე სანთლებით გული დავხატეთ. ეს იყო ყველაზე რომანტიული ახალი წელი. შემდეგ ეტლით მთელი ბაკურიანი შემოვიარეთ, სიმღერით. ყველანი დალეულნი ვიყავით, გამთენიისას კი ისევ ყველამ ბუხართან დაიძინა. ახალი წელი ჩემთვის თოვლთან, ბუხართან და სანთლებთან ასოცირდება. მინდა 2009 წელი იყოს სიყვარუით სავსე, რადგან მინდა ყველამ გაიგოს, რომ მხოლოდ სიყვარული გადაგვარჩენს. ბედნიერია ადამიანი, რომელსაც სიყვარულის ნიჭი აქვს.

ნანახია: 1187 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz