ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ოთხშაბათი, 2024-04-24, 10:04 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2009 » იანვარი » 19 » ხალხთა თვითგამორკვევა და სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის პრინციპი
ხალხთა თვითგამორკვევა და სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის პრინციპი
8:15 PM
მსოფლიოში გახშირებული ტერიტორიული დავების ფონზე, საერთაშორისო სამართალში ამჟამად ძალზედ აქტუალურია საკითხი ხალხთა თვითგამორკვევის უფლებისა და სახელმწიფო ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის პრინციპთა თანაარსებობის შესახებ. სხვადასხვა სახის ტერიტორიულ კონფლიქტთა მხარეები, როგორც წესი აპელირებენ მათთვის მომგებიან პრინციპზე. სეცესიონისტური მოძრაობათა ლიდერები – ხალხთა თვითგამორკვევის უფლებას იშველიებენ, ხოლო სახელმწიფოს ცენტრალური ხელისუფლება ეყრდნობა – სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის პრინციპს, ყოველივე ამან ობიექტურად წარმოშვა კითხვა – ხალხთა თვითგამორკვევის უფლების რეალიზაცია ტერიტორიული გამოყოფის გზით, მოდის თუ არა წინააღმდეგობაში. სახელმწიფო ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის პრინციპთან? საერთაშორისო სამართლის დოქტრინაში აღნიშნული საკითხებისადმი არაერთგვაროვანი მიდგომაა, თუ მეცნიერთა ერთი ნაწილი მკაფიოდ აღნიშნავს, რომ ამ პრინციპთა შორის აშკარა შეუსაბამობაა და წინააღმდეგობები ჭარბობს. მეორე ნაწილი საპირისპიროდ გამორიცხავს მათ პოზიციას და ხაზს უსვამს, რომ ისინი ერთად თანაარსებობენ, იმისათვის, რომ ფართოდ წარმოვაჩინოთ ეს თემა, მასთან დაკავშირებული ყველა არსებითი პრობლემებით უპირველეს ყოვლისა აუციელებლია განისაზრვროს ორი ძირითადი საკითხი. პირველი – არც ერთი საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპია არ უნდა განვიხილოთ ლოკალიზებულად, სხვა პრინციპებთან თანაარსებობის გარეშე, რადგან ისინი ერთ მთლიანობას წარმოადგენენ და მეორე – საერთაშორისო სამართლის პრინციპი არ უნდა წარმოიდგინოთ, როგორც ერთგვარი მყარი და მოუქნელი ჩარჩო, რომლის შეკუმშვა, შევსება თუ გაფართოება არ იყოს შესაძლებელი. არამედ პირიქით საერთაშორისო სამართლის პრინციპები წარმოადგენენ იმ მოქნილ მექანიზმს, რომლებიც საერთაშორისო სამართლის ღირებულებათ საერთო სისტემაში ეფექტურად ლავირებენ და ავსებენ ერთმანეთს. 
საერთაშორისო სამართალში ხალხთა თვითგამორკვევის უფლება გულისხმობს ხალხის უფლება თავად განსაზღვროს თავისი პოლიტიკური სტატუსი და თავადაც უზრუნველყოს თავისი ეკონომიკური, სოციალური, კულტურული განვითარება, ხოლო რაც შეეხება სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის პრინციპს, მისი შინაარსი ჩამოყალიბდა გაეროს წესდებაზე დაყრდნობით, შემუშავებულ ეუთოს 1975 წლის დასკვნითი აქტით, რომლითაც სახელმწიფოებმა იკისრეს ვალდებულება პატივისცემით მოეკიდონ თითოეული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამის შესაბამისად, ისინი თავს იკავებენ ყოველგვარი მოქმედებებისაგან, რომლებიც შეუთავსებელია გაეროს წესდების მიზნებთან და პრინციპებთან და მიმართულია ყოველი მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის, პოლიტიკური დამოუკიდებლობის ან ერთიანობის წინააღმდეგ. არ მიმართავენ ძალით დამუქრებას ან ძალის გამოყენებას სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის ხელში ჩასაგდებად, მის გადაქცევას სამხედრო ოკუპაციის ობიექტად, მისი ნაწილის მიერთებას. აგრეთვე, დაუშვებელია სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე სეპარატისტული რეჟიმების მხარდაჭერა, რომელიც ლახავს ამ სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას, ზღუდავს მისი სუვერენიტეტის მოქმედების არეს. ასეთივე მართლსაწინააღმდეგო ქმედებად ითვლება დემოკრატიული სახელმწიფოს ამა თუ იმ რეგიონში სეპარატისტულად განწყობილი ეროვნული უმცირესობათა ლიდერების სურვილი – ცენტრალური ხელისუფლების ნების იგნორირებით, შექმნან ,,დამოუკიდებელი სახელმწიფო,” რაც ხშირად შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზრდება, თუმცა სახელმწიფო ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის პრინციპი არ კრძალავს საზღვრების ნებაყოფილობით და არა ძალადობრივ შეცვლას. 
ამგვარად, სახელმწიფო ტერიტორიული მთლიანობა შეიძლება დარღვეული იქნას გარედან სხვა სახელმწიფოების მიერ ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით, ან შიგნიდან სეპარატისტული ძალების მიერ. შესაბამისად, თვითგამორკვევის უფლებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დამოკიდებულება სწორედ ამ ორი მიმართულების მიხედვით უნდა გავყოთ ხალხთა თვითგამორკვევის უფლება უპირველეს ყოვლისა გულისხმობს იმას, რომ არავის, გარედან ძალის გამოყენებით და ხალხის აზრის იგნორირებით არ შეუძლია შეცვალოს სახელმწიფოს პოლიტიკური სტატუსი, ეს ფაქტობრივად იგივეა, რაც სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის პრინციპი, რომელიც იცავს სახელმწიფოს, მის საზოგადოებას საგარეო ჩარევისაგან. ამდენად ამ შემთხვევაში, ხალხთა თვითგამორკვევა არათუ არ ეწინააღმდეგება ტერიტორიული ხელშეუხებლობის პრინციპს, არამედ ისინი, ფაქტობრივად, ერთდაიგივეს ამტკიცებენ. უფრო რთულადაა საქმე, როცა სახელმწიფოს ტერიტორიულ ფარგლებში, ხალხთა თვითგამორკვევის რეალიზაციის საფუძველზე, ცალკეული რეგიონი გამოეყოფა სახელმწიფოს. ირღვევა თუ არა ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობა? ამაზე პასუხის გასაცემად უნდა განისაზღვროს რეალურად სახეზე გვაქვს თუ არა თვითგამორკვევა. თვითგამორკვევის რეალიზება გულისხმობს შესაბამისი სუბიექტის მიერ, სათანადო პირობების არსებობისას, განსაზღვრული მეთოდებითა და ფორმითა ამ უფლების განხორციელებას. იმისათვის, რომ რეალიზებული იქნას თვითგამორკვევა სეცესიის ფორმით, აუცილებელი პირობაა, რომ ცალკეულ ხალხს სახელმწიფოს ტერიტორიულ ფარგლებში არ ეძლეოდეს თავისი თავისი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და განვითარების შესაძლებლობა, მათ მიმართ ხორციელდებოდეს დისკრიმინაციული პოლიტიკა, თუ ასეთ დროს ცალკეული რეგიონის ტერიტორიული გამოყოფა არის შედეგი ლეგიტიმური და მშვიდობიანი პროცესის, რომელიც წარმოადგენდა მოსახლეობის თავისუფალ არჩევანს _ თვითგამორკვევა შემდგარია და ის არ მოდის წინააღმდეგობაში სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან, რადგან ასეთ პირობებში სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა აღარ გამოდის მთავარი ღირებულების _ საზოგადოების კეთილდღეობის, ადამიანის უფლებების დაცვის საშუალებად არამედ პირიქით ცალკეული ხალხის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული პოლიტიკის მექანიზმად იქცევა. რის გამოც საერთაშორისო სამართალი უპირატესობას ანიჭებს ხალხთა თვითგამორკვევის უფლებას, რომლის რეალიზაცია აღმოფხვრის ამ სამართლებრივ ნონსესს. თუმცა ტერიტორიის გამოყოფის შემდეგ, სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა დარჩენილ საზღვრებში, კვლავ ხელუხლებელია და დაცვას ექვემდებარება. თუ საქმე გვაქვს ,,იმიტირებულ თვითგამორკვევასთან” _ როცა ერთი ხალხის ე.წ. ,,თვითგამორკვევა” ხორციელდება სხვა ხალხების უფლებათა შელახვით, თვითგამორკვევის კრიტერიუმების დარღვევით, ანექსიისა და აგრესიული სეპარატიზმის გასამართლებლად, ბუნებრივია, ასეთ დროს, სახეზეა ფიქცია და არა რეალური თვითგამორკვევა. შესაბამისად, საუბარი თვითგამორკვევისა და ტერიტორიული მთლიანობის კოლიზიაზე შეუძლებელია, რადგან თვითგამორკვევა არ განხორციელებულა. მაგალითად, შეიძლება მოვიყვანოთ აფხაზეთის პრობლემა, სადაც წარმოაჩენენ ხოლმე, რომ თითქოსდა ეს იყო აფხაზი ხალხის თვითგამორკვევა. ქართული პოზიციიდან კი საპირწონედ უყენებენ საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის ხელშეუხებლობას, რაც არ არის მართებული, რადგან მას სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი კი არა, თავად ხალხთა თვითგამორკვევის უფლება უნდა დავუპირისპიროთ, რომელზეც ასე რიგად აპელირებენ სეპარატისტები. აფხაზეთში თვითგამორკვევა კი არ განხორციელებულა, არამედ ის დაირღვა. დაირღვა იმ რამოდენიმე ასეული ათასი ადამიანის თვითგამორკვევის უფლება, რომლებმაც ჯერ კიდევ 1991 წელს რეფერენდუმით განსაზღვრეს აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსი, როგორც განუყოფელი ნაწილი ერთიანი და დამოუკიდებელი საქართველოსი და სწორედ ამ ნიშნით მათ მიმართ განხორციელებული იქნა ეთნიკური წმენდა, ისინი გამოძევებული იქნენ თავიანთი საცხოვრებლიდან. ერთი ხალხის უფლებების მასობრივი და უხეში შელახვის ხარჯზე სხვა ხალხი ვერ განახორციელებს თვითგამორკვევას და ის ვერცერთ შემთხვევაში ვერ მიიჩნევა მის რეალიზაციის ფორმად. აფხაზეთის საკითხთან მიმართებაში, თვითგამორკვევისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთა დაპირისპირება შეუსაბამოა, რადგან თვითგამორკვევის კომპონიენტი აქ არ ფიგურირებს.  
 დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ როცა სახეზეა არა მოჩვენებითი, ნორმების დარღვევით განხორციელებული არამედ რეალური სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული თვითგამორკვევა, ის შეუსაბამობაში სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან არ მოდის. საერთაშორისო სამართლის პრინციპები წარმოადგენენ ერთ მთლიანობას, რომლებიც არათუ არ ეწინააღმდეგებიან არამედ ავსებენ კიდეც ერთმანეთის არასრულყოფილებით გამოწვეულ ხარვეზებს და ეს მათი ყველაზე უფრო დიდი უპირატესობაა.

სტატია დამუშავებულია საერთაშორისო სამართლის ნორმატიული და თეორიული მასალის საფუძველზე და დამოწმებულია საერთაშორისო სამართლის სპეციალისტების მიერ.


ნანახია: 3630 | დაამატა: admin | რეიტინგი: 4.7/9 |
სულ კომენტარები: 1
1 dato  
0
ამ სტატიაში ძალიან საინტერესოდ და ახლებურადაა დანახული თვითგამორკვევისა და სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთა საკითხები. კარგი იქნება ამ თემაზე დისკუსიის გამართვა.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2009  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz