ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
კვირა, 2024-04-28, 10:30 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2009 » იანვარი » 19 » სოციალური პასუხისმგებლობა საბანკო ჭრილში
სოციალური პასუხისმგებლობა საბანკო ჭრილში
8:16 PM

დღეს აქტიურად მიდის მსჯელობა და საუბარი ბანკებსა და მათ მიერ შემოთავაზებული პროდუქტების დადებით და უარყოფით მხარეებზე, მათ პოპულარობაზე საქართველოსა და მთელს მსოფლიოში. თუმცა უნდა გაესვას ხაზი იმ ფაქტს, რომ თანამედროვე მსოფლიოში, საბანკო სისტემა, სულ უფრო ნაკლებად კისრულობს სოციალურ ვალდებულებებს. ჩვენ უნდა გავაანალიზოთ ის, რომ სოციალური პასუხისმგებლობა მხოლოდ ხეების დარგვასა და სხვა სახის აქციებში არ გამოიხატება. თავისთავად ეს აქციები ძალზედ კარგია, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ხშირად არ ხდება კლიენტთა ინტერესების გათვალისწინება. თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომელიც შოტლანდიის სამეფო ბანკსა და მის კლიენტს შორის მოხდა. ვინც საქმის კურსში არაა და არ უნახავს `ბი-ბი-სის” დოკუმენტური ფილმი ამ საკითხთან დაკავშირებით, მათთვის განვმარტავ, რომ შოტლანდიის სამეფო ბანკის უპასუხისმგებლო საკრედიტო პოლიტიკამ, რომელიც მიმართული იყო მხოლოდ მაქსიმალური მოგების მიღებისაკენ, გამოიწვია მისი კლიენტის დიდ ვალებში გადავარდნა და საბოლოო ჯამში ეს ამბავი დასრულდა კლიენტის თვითმკვლელობით. ეს არ არის ერთადერთი ფაქტი და მსგავს ფაქტებს ადგილი აქვს მთელს ფინანსურ მსოფლიოში, თუმცა, საბედნიეროდ, ყველა შემთხვევა საბედისწეროდ არ მთავრდება.
მე სხვადასხვა ქართულ ბანკებთან ურთიერთობისას გავეცანი მოსაზრებებს, რომ ზოგიერთი საბანკო პროდუქტით სარგებლობისათვის ქართული საზოგადოება ამ ეტაპზე მზად არ არის. მაგალითისთვის მოვიყვანოთ `პროკრედიტ-ბანკი,” რომელსაც ამ ეტაპზე არ აქვს საკრედიტო ბარათები, იპოთეკური სესხები და განვადება. მათ, ვინც არ იცნობს ამ ბანკის ორგანიზაციულ მისიას, ეს ფაქტი შეიძლება ახსნას მათი კაპიტალის სიმცირით, მაგრამ რეალურად `პროკრედიტში” თვლიან, რომ უბრალო კლიენტს არ შეუძლია საბანკო ოპერაციათა სირთულის ბოლომდე შეცნობა, ზოგიერთ შემთხვევაში კი, უბრალოდ არ სურთ ყველა მოსალოდნელი ფინანსური შედეგის გაგება. ამ შეხედულების დასამტკიცებლად, `პროკედიტ-ბანკის” თანამშრომლებს მოჰყავთ ერთი მარტივი დებულება, განვადება-ცდუნებას, რომელსაც მე იმ დონემდე ვეთანხმები, რომ თავისუფლად შემიძლია ვუწოდო მარტივი საბანკო აქსიომა. სწორედ მსგავსმა მიდგომამ გამიჩინა კითხვა: სოციალური პასუხისმგებლობა კომპრომისია თუ აუცილებლობა?! თუ ორივე ერთად.
  ფინანსური თვალსაზრისით, სოციალური პასუხისმგებლობის აღების დროს, როგორც წესი, ბანკს უმცირდება შემოსავლები, თუმცა ეკონომიკა იმითაა საინტერესო, რომ არ წარმოადგენს სრულად ემპირიულ მეცნიერებას და სწორედ ამიტომაც სოციალური პასუხისმგებლობის აღების დროსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს საინტერესო შედეგს. კონკრეტულად კი იმას, რომ სოციუმზე ზრუნვას ზოგჯერ ფინანსური მოგების მოტანაც შეუძლია. აქ აუცილებლად უნდა დასახელდეს ის ფაქტი, რომ `პროკრედიტ-ბანკი” იყო ერთადერთი ბანკი, რომელსაც მსოფლიო კრიზისის დროს, აქტივები გაეზარდა. რომ გავარკვიოთ, თუ რამ გამოიწვია ეს, უნდა გავაანალიზოთ საბანკო სისტემის ფუნქციონირება საქართველოში. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს სესხების გაცემის სიმარტივე. ეს ფაქტი მჭიდროდაა დაკავშირებული სამშენებლო ბიზნესთან, იმ ბიზნესთან, რომელმაც XXI საუკუნეში დაიწყო ე.წ. `ჰაერით ვაჭრობა”, ანუ ისინი ყიდდნენ ბინის IX სართულს, მაშინ როცა საძირკველიც კი არ იყო მზად. ამ დროს ვერ ხდებოდა მომავალი ღირებულების სწორად შეფასება და საბოლოო ჯამში რთულდებოდა ბანკისათვის კრედიტის დაბრუნება. საბოლოო ჯამში, სამშენებლო ბიზნესი გაიყინა და დაუგროვდათ გადასახადელი კრედიტი 0,5 მილიარდი დოლარის ოდენობით. (სწორედ ესაა ის ფაქტი, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ მსოფლიო ფინანსური კრიზისის გარეშეც კი საქართველოში იქნებოდა საკმაოდ მწვავე საბანკო კრიზისი, უბრალოდ მსოფლიო ფინანსურმა მოვლენებმა დააჩქარეს პროცესები) Aანუ ფაქტობრივად მოხდა “სასესხო პაკეტის” აფეთქება და რადგანაც ეს “სასესხო პაკეტი” `პროკრედიტ-ბანკს” არ ჰქონდა, ამიტომაც მათ ეს ზარალი არ უნახავთ. შესაბამისად, არც კრედიტის მოზიდვა გასჭირვებიათ და ჯამში შეძლეს კაპიტალის გაზრდა.
თუ ვსაუბრობთ სოციალურ პასუხისმგებლობებზე, მაშინ უნდა გაესვას ხაზი ბანკებისადმი ნდობის ხარისხს. ფაქტია, რომ საქართველოში ოდნავი ფინანსური სირთულის დროსაც კი, ბანკებიდან ფიზიკურ პირთა უმრავლესობას გააქვს თანხა. ამის დასტურია ის, რომ აგვისტოს თვის მონაცემებით, კომერციული ბანკებიდან მოსახლეობამ და იურიდიულმა პირებმა ჯამში 400 მილიონი ლარი გაიტანეს, მთლიანობაში კი კომერციული ბანკების აქტივები, აგვისტოს თვეში, 700 მილიონი ლარით შემცირდა. თავისთავად ეს ფაქტი ძალზედ ბევრის მანიშნებელია და ბევრი ბანკისათვის იმის ნიშნადაც კი უნდა იქცეს, რომ როგორმე მოახერხონ და შემოიღონ ცნება `ანაბრების დაზღვევა”, თორემ “მწარე ქართული გამოცდილება ფულის შემნახველ სალაროებთან და ობლიგაციებთან დაკავშირებით” არასოდეს არ მისცემს ქართველ მომხმარებელს იმის საშუალებას, რომ ფინანსური სირთულის დროს, ბანკიდან აქტივი არ გაიტანოს.
ამასთანავე, ჩვენ კარგად უნდა გავაანალიზოთ ის, რომ სესხის, იპოთეკის ან განვადების პირობებში, მომხმარებელი მუდმივად იმყოფება მინუსში, რაც მას უქმნის პრობლემებს ფსიქოლოგიური კუთხით. ჩვენს მიერ გამოკითხულთა შორის, ისინი ვისაც აქვთ აღებული სეხი, ან სარგებლობენ განვადებით, მოუთმენლად ელიან იმ დღეს, როდესაც შეძლებენ სესხის დაფარვას. უფრო მეტიც, ზოგიერთმა მათგანმა ბანკის თანამშრომელთა თვალწინ დაჭრა ის ბარათი, რომლითაც იღებდა კრედიტს. 
  ბოლოსთვის, მინდა დავაზუსტო, რომ მიუხედავად ჩემი ტენდენციურობისა, უარყოფითი მხარეების მიმართ, მე მცდელობაც კი არ მაქვს იმისა, რომ ვთქვა თითქოს საბანკო სისტემა იყოს რაღაც ემპირიულად უარყოფითი, მე არც იმას ვცდილობ მოგიწოდოთ, რომ ბანკთან ახლოსაც არ ჩაიაროთ, მე უბრალოდ, როგორც ეკონომისტი, გვერდიდან ვაფასებ სისტემას, მის კონკრეტულ პროდუქტებს და გამოვყოფ იმ ფაქტორებს, რომელთაც შეუძლიათ ფინანსური მოუხერხებლობა შეუქმნან ეკონომიკურ სუბიექტებს, იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ გააანალიზებენ ყველა იმ ხილულ თუ ფარულ შედეგს, რაც თან ახლავს საბანკო ოპერაციებს. მე ვთვლი, რომ ბანკებმა გაამარტივეს ცხოვრება, გაგვხადეს ფინანსურად უფრო ელასტიური და საკუთარ თავში უფრო დარწმუნებულები. უბრალოდ, მე ბანკებს ვხედავ, როგორც სოციუმის ნაწილს და მსურს, რომ მათ ისწავლონ იმ ენაზე საუბარი, რომელიც გასაგები იქნება ყველა ჩვეულებრივი კლიენტისათვის.




ნანახია: 1267 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2009  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz