მთავარი » 2008»აპრილი»14 » პორტუგალიაში მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრება გამოავლინეს
პორტუგალიაში მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრება გამოავლინეს
4:59 PM
სამყაროს
ახალი შვიდი საოცრების გამოვლენის იდეა ხელოვნებათმცოდნესა და მოგზაურ
ბერნარდ ვებერს ეკუთვნის, რომელის ინიციატივას – მსოფლიო საზოგადოებისთვის
ცნობილი ყოფილიყო ალტერნატიული ახალი შვიდი საოცრების შესახებ, სულ
ახლახანს, პორტუგალის ქალაქ ლისაბონში მოუწია ახდენა. ბერნარდ ვებერმა
მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრების გამოვლენის თხოვნით საზოგადოებას
ინტერნეტსაიტით მიმართა. არჩევა დაეფუძნა ერთადერთ პირობას – ობიექტი 2000
წლამდე უნდა ყოფილიყო. თითქმის ერთწლიან ამ წამოწყებას, რომელსაც
მხარდაჭერა იუნესკომაც გამოუცხადა, პლანეტის 100 მილიონი ადამიანი
გამოეხმაურა. სულ შეთავაზებული იყო ამოსარჩევი 200 ობიექტი, აქედან ჟიურიმ
21 ფინალისტი გამოყო, ხოლო საბოლოოდ, შვიდი გამარჯვებულიც გამოვლინდა.
ახალი შესანიშნავი შვიდეული ასე გადანაწილდა: 1. ჩინეთის დიდი კედელი;
(ჩინეთი); 2. ჩიჩენ-იცა; (მექსიკა); 3. მაჩუ-პიკჩუ; (პერუ); 4. კოლიზეუმი;
(რომი, იტალია); 5. თაჯ-მაჰალის მავზოლეუმი; (ინდოეთი); 6. ქალაქი პეტრა;
(იორდანია) და 7. ქრისტეს ქანდაკება რიოში (ბრაზილია)
ჩინეთის დიდი კედელი დღესაც ჩინეთის სიმბოლო და მისი სახელოვანი წარსულის
გამომხატველია, რომლის მშენებლობაც ქ-მდე III საუკუნეში დაიწყო იმპერატორ
ცინ შიჰუანდის მმართველობის დროს, რომელიც ჩინეთის გამაერთიანებელი იყო.
კედლის მშენებლობაში მილიონი ადამიანი მონაწილეობდა, რომლის დანიშნულებაც
ჩინური ცივილიზაციისა და მოსახლეობის დაცვა იყო. მექსიკური ჩიჩენ-იცა
იუკატანის ნახევარკუნძულზე მაიას ტომის ცივილიზაციის ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი VII საუკუნის კულტურული ცენტრია. აქ აღმოჩენილმა ბურთის
სათამაშო ყველაზე დიდმა მოედანმა ხაზი გაუსვა, რომ მექსიკა ფეხბურთის
სამშობლოა. მაჩუ-პიკჩუს `ინკების დაკარგულ ქალაქსაც” უწოდებენ, რომელიც
1440 წელს დაარსდა, მაგრამ ისტორიიდან ცნობილია, რომ 1532 წელს ქალაქი
მოსახლეობამ გაუგებარი მიზეზით დატოვა. მაჩუ-პიკჩუ 1911 წელს ამერიკელმა
მეცნიერმა ხაირე ბინგჰემმა აღმოაჩინა. იტალიის მშვენებას წარმაოდგენს
ამფიტეატრი კოლიზიუმი, რომელიც რომის იმპერიის ცოცხალი მატიანეა. აქ
იმართებოდა გლადიატორთა შერკინებანი, ასევე სადამსჯელო წარმოდგენები.
სიყვარულის სიმბოლოდ ითვლება თაჯ-მაჰალის მავზოლეუმი ინდოეთში, რომლის
მშენებლობაც 22 წელი გაგრძელდა. ის იმპერატორმა შაჰ-ჯაჰანმა საყვარელი
მეუღლის საპატივცემულოდ ააშენა. დედოფალი ახალგაზრდა - 36 წლის ასაკში
გარდაიცვალა, 1658 წელს კი შაჰ-ჯაჰანი მისმა ვაჟიშვილმა ტახტიდან ჩამოაგდო
და დაატყვევა. იმპერატორს ანდერძი შეუსრულეს და საყვარელი მეუღლის გვერდით
დაკრძალეს. კლდეში გამოკვეთილი ბიბლიური ქალაქი პეტრა ნაბათის სამეფოს
დედაქალაქი იყო, რომლის სასახლეები, ტაძრები და ანტიკური თეატრი
ასწლეულების განმავლობაში იქმნებოდა, ხოლო რაც შეეხება 30-მეტრიან ქრისტეს
ქანდაკებას რიოში, მისი აღმართვის იდეა XIX საუკუნეში პორტუგალიის
პრინცესა იზაბელს ეკუთვნის. ქანდაკება კორკოვადოს მთაზეა აღმართული და
ქრისტიანობის წარმოჩენას ისახავს მიზნად.
აი, ასეთია პორტუგალიის ქალაქ ლისაბონში სულ ახლახანს გამოვლენილი
მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრების დასახელებებიც და მათი მოკლე ისტორიაც.
პორტუგალიაში ამ მოვლენის აღსანიშნავად მომღერალი ჯენიფერ ლოპესიც კი
ჩავიდა და მოვლენისადმი მიძღვნილი სპეციალური სიმღერაც შეასრულა.
რამდენად საგულისხმო იქნება ისტორიკოსებისთვის მოცემული მასალა, ამას მომავალი გვიჩვენებს.