ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
შაბათი, 2024-05-11, 8:08 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 14 » კვლავ ევრო-ხელშეკრულებაზე
კვლავ ევრო-ხელშეკრულებაზე
5:00 PM
ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში კვლავ ღიად რჩება ორგანიზაციის მთავარი დოკუმენტის საკითხი. საუბარია, ხელშეკრულების რატიფიცირების ფორმატზე, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფოებში სხვადასხვაგვარად არის დაგეგმილი. ძირითაფი პრობლემაც სწორედ რატიფიცირებას უკავშირდება. ევროკავშირს უკვე აქვს ცუდი გამოცდილება ჩაგდებული კონსტიტუციის სახით და წევრი სახელმწიფოები მაქსიმალურად ცდილობენ, თავი აარიდონ ამ ტიპის წინააღმდეგობას. ქვეყნების უმრავლესობა დოკუმენტის რატიფიცირებას თავიანთ პარლამენტში აპირებს, თუმცა რამდენიმე სახელმწიფო (ირლანდიას უკვე გადაწყვეტილი აქვს) კვლავ გეგმავს ხელშეკრულების საერთო სახალხო რეფერენდუმზე გატანას, რაც დოკუმენტის საბოლოო ბედს საფრთხის ქვეშ აყენებს, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ რეფერენდუმის თავიდან ასაცილებლად სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, მაინც არსებობს გარკვეული დაბრკოლებები, რაც ქვეყნების შიდა კანონმდებლობიდან მომდინარე წინააღმდეგობებთან არის დაკავშირებული.

საფრანგეთი, რომელმაც 2005 წელს ევრო-კონსტიტუცია ჩააგდო, საპარლამენტო გზით აპირებს დოკუმენტის დამტკიცებას, თუმცა სარკოზის მთავრობას შესაძლოა, ქვეყნის შიგნით გარკვეული წინააღმდეგობა შეხვდეს. საუბარია ქვეყნის კანონმდებლობაზე. სანამ დოკუმენტი პარლამენტში გავა, მანამ საფრანგეთს საკუთარ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა მოუწევს, რადგან დღეს არსებული კონსტიტუცია შეიცავს გარკვეულ მითითებებს, რომლებიც 2005 წლის კონსტიტუციისადმი იყო მიმართული. აღნიშნული შენიშვნები საფრანგეთის მაშინდელი პარლამენტის მიერ მანამ იქნა მიღებული, სანამ მოსახლეობა რეფერენდუმზე ევროკავშირის მთავარ დოკუმენტს ჩააგდებდა, მაგრამ სწორედ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა უკავშირდება პრობლემებს. იმისათვის, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდეს, კონგრესის ხმების საერთო რაოდენობის სამი მეხუთედია საჭირო, ამისთვის კი აუცილებელია ოპოზიციის მხარდაჭერა. "სოციალისტები ამჟამად საკმაოდ რთულ სიტუაციაში არიან. თუმცა მათ შეუძლიათ, გარკვეულწილად შური იძიონ ნიკოლა სარკოზიზე და მაქსიმუმი მიიღონ მოლაპარაკებებიდან,” - აცხადებს საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მთავარი ექსპერტი ფილიპ დეფარჟი. მან ასევე დაამატა, რომ სოციალისტებს აქვთ შესაძლებლობა, ზეწოლა მოახდინონ სარკოზიზე, თუმცა, მისი აზრით, ამის განსაზღვრა, პარტიაში ამჟამინდელი სიტუაციის გათვალისწინებით, რთულია. თუ საკონსტიტუციო ცვლილებების შეტანა მოახერხა, მაშინ სარკოზის მთავრობას ალბათ უკვე აღარ გაუჭირდება ევროკავშირის ხელშეკრულების პარლამენტში რატიფიცირება, რადგან ასეთი დოკუმენტის მისაღებად უბრალო უმრავლესობაც საკმარისია.

რაც შეეხება ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებს, მათი უმრავლესობის საკანონმდებლო ორგანოებში ხელშეკრულების მისაღებად საჭიროა სამი მეხუთედის ან ორი მესამედის მხარდაჭერა. მაგალითად, ავსტრიისა და ფინეთის პარლამენტები დოკუმენტის მიღებას ორი მესამედით მოახერხებენ. რაც შეეხება პრობლემურ ქვეყნებს, დაბრკოლებები პოლონეთისა და ჩეხეთისგან არის მოსალოდნელი. ვარშავას ჯერ ვერ გადაუწყვეტია, თუ რა პროცედურები უნდა გაიაროს დოკუმენტმა პარლამენტში, მაგრამ პოლონური ოპოზიცია დაჟინებით მოითხოვს დოკუმენტის ხმების სამი მესამედით მიღებას. ეს კი, თუ გავითვალისწინებთ პოლონეთის მმართველი კოალიციის ევროსკეპტიკოსი პარტიის მიერ წინასწარ გაკეთებულ განცხადებას, რომ მხარს არ დაუჭერს დოკუმენტს, საფრთხის ქვეშ დააყენებს აღნიშნული დოკუმენტის ბედს. იყო საუბარი ასევე დოკუმენტის სახალხო რეფერენდუმზე გატანაზე, რაც ალბათ პოლონეთის მაგალითზე გაცილებით რაციონალური იქნებოდა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის მიმართ მოსახლეობის დიდი ნაწილის დამოკიდებულება ცალსახად დადებითია და შესაძლოა დოკუმენტისთვის ნაკლები საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს, ვიდრე მისი საპარლამენტო გზით რატიფიცირება იქნებოდა. თუმცა მაინც, დოკუმენტი ყველა წევრი სახელმწიფოსთვის თანაბრად მისაღები არ არის და მასში ჩადებული პუნქტები შესაძლოა, მისაღები არ აღმოჩნდეს თუნდაც პოლონური მოსახლეობისთვის, რაც დოკუმენტის ჩაგდების საფუძველი გახდება. პოლონეთის და საფრანგეთის მსგავსად საპარლამენტო უმცირესობის მხარდაჭერის მიღება ჩეხეთშიც აუცილებელი გახდება. მაგრამ მაინც, ყველაზე მთავარი პრობლემა სახალხო რეფერენდუმის ჩატარებასთან არის დაკავშირებული. ამ მხრივ ირლანდიის ხელისუფლებამ უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ დოკუმენტის რატიფიცირებას რეფერენდუმის გზით აპირებს და შესაძლოა, იგივე გააკეთონ ნიდერლანდებმა, დიდმა ბრიტანეთმა, ესპანეთმა, დანიამ, პორტუგალიამ და ლუქსემბურგმა. "შესაძლოა, ბევრი რამ დამოკიდებული იყოს იმაზე, თუ ვინ მოახდენს პირველად დოკუმენტის რატიფიცირებას. შესაძლოა იმ სახელმწიფოებმა, რომლებიც რეფერენდუმზე აპირებენ საკითხის გატანას, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრონ დოკუმენტის ბედი,” – განაცხადა ფილიპ დეფარჟმა.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის ამჟამინდელმა ვერსიამ ექსპერტების და ზოგიერთი სახელმწიფოს ლიდერების მხრიდან კრიტიკული შეფასებები დაიმსახურა. ძირითადი არგუმენტია ახალი დოკუმენტის იდენტურობა ძველ კონსტიტუციასთან. იგივეს აღნიშნავს 2004 წლის კონსტიტუციის ავტორი ვალერი ჟისკარ დესტენიც. მისი განცხადებით, დოკუმენტი ძველი კონსტიტუციისგან მხოლოდ კოსმეტიკურად არის სახეცვლილი. ანალოგიური არგუმენტებით ხელმძღვანელობს დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული ოპოზიციაც. მისი წევრები აცხადებენ, რომ ძველი კონსტიტუციის უმთავრესი სადავო საკითხები ახალ დოკუმენტში შეცვლილი არ არის და შესაბამისად, მხარს არ უჭერენ მის რატიფიცირებას. "თუ გორდონ ბრაუნი იტყვის, რომ ეს დოკუმენტი მისი წინამორბედისგან განსხვავებულია, ეს იქნება ყველაზე დიდი ტყუილი ბოლო ათწლეულების განმავლობაში,” – განაცხადა კონსერვატორმა ევროსკეპტიკოსმა ნეილ ობრაიენმა. თუმცა სანამ ბრიტანეთის პრემიერი დოკუმენტთან დაკავშირებით რაიმე კომენტარს გააკეთებს, ბრაუნის მინისტრთა კაბინეტის წევრმა ჯიმ მარფმა განაცხადა, რომ სახალხო რეფერენდუმზე დოკუმენტის გატანის იდეა ნამდვილი აბსურდი იყო. აღნიშნული განცხადება მარფიმ ორშაბათს თემთა პალატაში ვიზიტისას გააკეთა. ანალოგიური კონტექსტი იგრძნობოდა საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ მილიბანდის განცხადებაშიც. "ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ დოკუმენტის მისაღებად არ არის საჭირო საკონსტიტუციო რეფერენდუმის გამართვა,” – აღნიშნა ბრიტანელმა მინისტრმა ბრიუსელში ვიზიტისას.

საბოლოო ჯამში, შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ დოკუმენტის მიღებასთან დაკავშირებით წინ საინტერესო ბატალიებია მოსალოდნელი, თუ გავითვალისწინებთ იმ სირთულეებს, რაც ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესს ახლავს თან.

ინფორმაცია მოტანილია ინტერნეტ-საიტიდან: www.news.ge გამოქვეყნებულია გაზეთ "24 საათში.” სტილი დაცულია.
ნანახია: 960 | დაამატა: admin | რეიტინგი: 2.0/1 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz