ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნები, რომელიც 5 ოქტომბერს
გაიმართება, საზოგადოების მხრიდან დიდ ინტერეს იწვევს. ახალგაზრდა
მკვლევარი კახი ყურაშვილი თავის ერთ-ერთ წერილში სამართლიანად აღნიშნავს,
რომ მრავალი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზის გამო საქართველოს არ გააჩნია
თვითმმართველობის დიდი ტრადიცია. მიუხედავად გარკვეული ისტორიული
გამოცდილებისა (1919-1921, 1991-1994) თვითმმართველობის ხანგრძლივი ვაკუუმი
საქართველოს სინამდვილეა. საქართველოში თვითმმართველობის ინსტიტუტმა
ფუნქციონირება დაიწყო მხოლოდ 1998 წლის 15 ნოემბრის ადგილობრივი
არჩევნების შემდეგ საქართველოს კონსტიტუცის ძალით და მის შესაბამისად
შექმნილი საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე და განაგრძობს ფუნქციონირებას
2002 წლის 2 ივნისის ადგილობრივი არჩევნების საფუძველზე. ამდენად, 2006
წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც ამ ისტორიული
გამოცდილების ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს. მთელი ამ ხნის მანძილზე
ცვალებად ხასიათს ატარებდა საარჩევნო სისტემაც, რომელიც ქვეყნის
პოლიტიკური რეალიების გამოძახილს წარმოადგენდა. "ვარდების რევოლუცის"
შემდეგ მთელი აუცილებლობით დადგა საკითხი შეცვლილიყო და უფრო დემოკრატიული
სახე მიეღო მოქმედ საარჩევნო კოდექსს, საზოგადოებრივი განწყობის მთავარ
სურვილს წარმოადგენდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მერებისა და
გამგებლების პირდაპირი წესით არჩევის საკითხი და სხვა. 2006 წლის 5
ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის კი ყოველი
თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს საარჩევნო სისტემა ასე გამოიყურება:
საკრებულოს არჩევნები ტარდება პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო
სისტემის საფუძველზე. საკრებულო შედგება 15 მანდატისაგან (10 მაჟორიტარული
და 5 პროპორციული) ქალაქი დაყოფილია ხუთ ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქად.
ქალაქის საკრებულოს არჩევნებისას ამომრჩეველს აქვს ერთი ხმის უფლება
პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე და ერთი ხმის უფლებაც
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე. საარჩევნო ოლქში არჩეულად
ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს
სხვებზე მეტ ხმას. 10 პროცენტული მანდატი გადანაწილდება მხოლოდ საარჩევნო
სუბიექტებს (პარტია/ბლოკი) შორის, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით
მიღებს ხმების არანაკლებ 5%. რაც შეხება თბილისს, აქ განსხვაებული
საკანონმდებლო მიდგომა არსებობს. თბილისი დაიყო 10 მრავალმანდატიან
საარჩევნო ოლქად, რომლის თვითმმართველი საკრებულოც 37 მანდატისაგან (25
მაჟორიტარული და 12 პროპორციული) შედგება. აქედან, საარჩევნო ოლქში
არჩეულად ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც არჩევნებში 1 პარტიად/1
ბლოკად მონაწილეობდნენ და მიიღეს სხვებზე მეტი ხმა. ამასთანავე, 12
პროპორციული მანდატი გადანაწილდება მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტებს
(პარტია/ბლოკი) შორის, რომელთაც მთელი თბილისის მასშტაბით მიიღეს ხმების
არანაკლებ 4%.
საქართველოში ჩასატარებელი
ადგილობრივი თვითმმართევლობის არჩევნებს განსაკუთრებული ყურადღებით
აკვირდება საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციები. მათ შორის,
საზოგადოებრივად ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ქართული არასამთავრობო
ორგანიზაციაც "ახალი თაობა-ახალი ინიციატივა" რომელიც 2003 წლის
ნოემბრიდან ახალგაზრდული ორგანიზაციების მიერ დაფუძნდა და რომლის მიზანსაც
ახალგაზრდული საქმიანობის, არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისა და NATO-სა
და ევროპის კავშირში ინტეგრაცის პროცესის ხელშეწყობა წარმოადგენს. 2006
წლის საგაზაფხულო სესიაზე საქართველოს პარლამენტმა გაითვალისწინა
აღნიშნული ორგანიზაცის წინადადება საარჩევნო კოდექსში, კერძოდ ის, რომ
ამომრჩევლის სხვა მონაცემებთან ერთად, საჯაროდ უნდა იყოს მითითებული მის
ამ სიაში რეგისტრაციის თარიღი. (ეს დამატება აადვილებს დაკვირვებას იმაზე,
თუ რომელი ამომრჩეველი როდის და რატომ შევიდა ამომრჩეველთა სიაში)
გამარტივდა საარჩევნო პროცედურები, ყველა საარჩევნო უბანი აღიჭურვილ იქნა ასლების გადამღები აპარატით,
საარჩევნო კომისის წევრებს, რომლებიც არჩევნების დღეს რეგისტრატორების
ფუნქციას შეასრულებენ, სხვადასხვა ნომრის მქონე ბეჭდები ექნებათ, რაც
დარღვეის შემთხვევაში გააადვილებს დამრღვევის ვინაობის გამოვლენას და სხვა.
საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან სწორედ "ახალი თაობა – ახალი
ინიციატივა" წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მრავალრიცხოვან სადამკვირვებლო
მისიას 2006 წლის 5 ოქტომბრის არჩევნებზეც. საარჩევნო დღეს აღნიშნული
ორგანიზაციდან 2500 ადამიანი გაუწევს კონტროლს. სადამკვირვებლო მისის
უმრავლესობას სტუდენტური, ახალგაზრდული ნაკადი წარმოადგენს. ორგანიზაციის
მხრიდან დედაქალაქში დაწყებულია საარჩევნო საინფორმაციო კამპანია, რომლის
ფარგლებშიც მოსახლეობისათვის ხდება არჩევნებში მონაწილეობის მოწოდება,
საარჩევნო პროცედურების განმარტება და სხვა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,
ორგანიზაცია "ახალი თაობა – ახალი ინიციატივა" არჩევნების დღეს მოახდენს არჩევნების შედეგების პარალელურ
დათვლას. როგორც ორგანიზაცის ხელმძღვანელები აცხადებენ, 2006 წლის 5
ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისათვის ა/ო "ახალი თაობა – ახალი
ინიციატივა" ყველაზე ობიექტურ მონაცემს და შედეგს შესთავაზებს
საზოგადოებას, რომლის ხარისხიც საზოგადოებრივი განწობის შესაბამის იქნება.
სადამკვირვებლო მისიას უკვე დაურიგდათ სპეციალური სამუშაო რვეულები,
რომელიც არჩევნების დღეს ქრონოლოგიურად შეივსება. არჩევნების დღეს "ახალი
თაობა – ახალი ინიციატივის" ეგიდით დაკვირდება თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო
უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტისა და კურსის სტუდენტებიც.
სადამკვირვებლო მისიისათვის ორგანიზაცის ოფისში ტრეინინგები უკვე დასრულდა.
|