მთავარი » 2008»აპრილი»22 » მიხეილ სააკაშვილმა ეთნიკური ძალადობის ფაქტები დაგმო
მიხეილ სააკაშვილმა ეთნიკური ძალადობის ფაქტები დაგმო
2:38 PM
საქართველოს
პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა კონფლიქტურ ზონებში
ეთნიკური ძალადობის ფაქტებზე საერთაშორისო თანამეგობრობის დუმილის გამო.
ასეთი განცახდება დღეს პრეზიდენტმა სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში”
გლობალიზაციისა და ცივილიზაციათა დიალოგის II საერთაშორისო ფორუმის
გახსნისას გააკეთა. მისი თქმით, თუ XXI საუკუნეში საზოგადოება დაუშვებს,
რომ ვიღაცას ეთნიკური ნიშნით სამშობლოში არ აბრუნებენ, ეს ნიშანვს, რომ
მთელი მსოფლიოს საზოგადოებას სერიოზული პრობლემები აქვს. “ორი თვის წინ
გაგრის ცენტრში ქართულენოვანი წიგნები დაწვეს, სად არის საერთაშორისო
თანამეგობრობა და რატომ არ იღებს ამაზე ხმას”, - აღნიშნა საქართველოს
პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველო
მრავალეთნიკური ქვეყანაა და სწორედ ამაშია მისი ძალა. როგორც სააკაშვილმა
მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რამდენიმე წლის წინ მას და მის გუნდს
ოპონენტები უპირისპირდებოდნენ იმ მოტივით, თითქოს სააკაშვილი, ასევე ზურაბ
ჟვანია არ არიან ქართველები და წარმოშობით სომხები და ებრაელები არიან.
“მათთვის, ვისაც ეზიზღება სომეხი საქართველოში, ვიქნები სომეხი, ვინც ვერ
იტანს აზერბაიჯანელს მთავრობაში, ვიქნები აზერბაიჯანელი, სიამოვნებით
ვიქნები ოსი, დიდი პატივით ვიქნები ებრაელი, მაგრამ დავრჩები
100-პროცენტიანი ქართველი”,- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ცივილიზაციათა დიალოგი დღეს საქართველოსთვის
უმნიშვნელოვანესია, რადგან საქართველო თავისი იდენტურობის ხელახლა
აღმოჩენის პროცესშია და ამის მიზეზია ის, რომ მრავალი წლის განმავლობაში
ბევრი რამ საქართველოს ისტორიაში დამახინჯებული იყო.
პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ცივილიზაციათა დიალოგში რელიგიური
ლიდერების როლზე. მისი თქმით, საქართველოს სახელმწიფოებრიობის უწყვეტი
ისტორია სწორედ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას უკავშირდება და
საქართველოს ეკლესიას აქვს დიდი კავშირები სხვადასხვა რელიგიის
წარმომადგენლებთან.
მანვე აღნიშნა, რომ ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის აუცილებელია,
საქართველოში ეკლესიის მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერა არსებობდეს.
სააკაშვილმა აღნიშნა, რომ წელს განსაკუთრებული ზეიმით აღინიშნება
პატრიარქის აღსაყდრების საიუბილეო წელიწადი.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
უწმინდესი და უნეტარესი ილია II. “ყველა ერი უნდა გაურფხილდეს საკუთარ
რელიგიურ, კულტურულ ფასეულობებს და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
გლობალიზაციის პირობებში”,- აღნიშნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.