საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია 'Human Rights Watch' პატიმრობის
შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს აკრიტიკებს და განმარტავს, რომ
ცვლილებები ევროპულ კონვენციას და საერთაშორისო სტანდარტებს
ეწინააღმდეგება.
ორგანიზაციამ წერილით უკვე მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და მოითხოვა, უკან გაეტანა ცვლილებების პროექტი.
საგანგაშო ცვლილებები პატიმრობის შესახებ კანონში - ასე აფასებენ 'Human
Rights Watch' -ის წარმომადგენლები ცვლილებებს, რომელიც 'პატიმრობის
შესახებ კანონში' პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო, ხოლო 7 ივნისს
პარლამენტში მისი მეორე მოსმენით განხილვა იგეგმება.
'ცვლილებების პროექტის თანახმად, ის დანაშაული, რომლის გამოც პიროვნებას
შეიძლება შეეფარდოს ადმინისტრაციული სასჯელი, საკმაოდ გაუგებარია, რადგან
გაურკვეველია, რა ითვლება ციხის შინაგანაწესის უხეშ დარღვევად ან ციხის
თანამშრომლის შეურაცხყოფად; ეს უკანასკნელი სუბიექტური და თავისუფალი
ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, - ნათქვამია წერილში.
ორგანიზაცია ასევე რეკომენდაციას აძლევს საქართველოს ხელისუფლებას
კანონპროექტში აისახოს ის დებულება, რომ ადმინისტრაციული სასჯელი
გამოყენებულ იქნას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, მაშინ, როცა ყველა სხვა
სანქცია ამოწურულია ან შეუსაბამოდაა მიჩნეული.
ამ თემაზე პრესკონფერენცია დღეს არასამთავრობო ორგანიზაციამ ყოფილი
პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის გამართა. ნანა კაკაბაძე
აცხადებს, რომ ყველა იმ პირს, ვინც ამ მუხლის შესაბამისად დაისჯება,
უფლება ექნება მიმართოს ევროპის სასამართლოს და გადაწყვეტილებას მის
სასარგებლოდ გამოიტანენ.